ძალადობა ყველგან შეიძლება მოხდეს, მათ შორის ინტერნეტ სივრცეშიც

ძალადობა ყველგან შეიძლება მოხდეს, მათ შორის ინტერნეტ სივრცეშიც.

თამაშები, ვიდეოების ყურება, მეგობრებთან ონლაინ საუბარი სახალისო და საინტერესოა, მაგრამ ზოგჯერ ინტერნეტი სახიფათო ხდება.

აქ ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ ურთიერთობს სინამდვილეში შენთან - მეგობარი თუ ცუდი განზრახვების მქონე ადამიანი; ასევე - ვინ დაათვალიერებს და როგორ გამოიყენებს შენ მიერ დადებულ ფოტოებს, ვინ წაიკითხავს და როგორ ისარგებლებს შენი გაზიარებული ამბებით და ასე შემდეგ.

✔️ თუ გაითვალისწინებ წესებს, შენ შეძლებ საფრთხეებისთვის თავის არიდებას.


გაითვალისწინე წესები, აირიდე საფრთხე!

  • არ გასცე შენს შესახებ პირადი ინფორმაცია. არ გახადო საჯარო ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის შენი სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, მეგობრების თუ ოჯახის წევრების სახელები და გვარები. ამ მონაცემების ნახვა ყველას შეუძლია, ამით შეიძლება ქურდებმა და თაღლითებმა ისარგებლონ არამარტო ვირტუალურ, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. შესაძლოა ვიღაცამ ეს ინფორმაცია იმისთვის გამოიყენოს, რომ შენ გიპოვოს. საიტებზე სჯობს ზედმეტსახელით დარეგისტრირდე.
  • მხოლოდ იმ ადამიანებს ესაუბრე, რომლებსაც პირადად იცნობ. სოციალური მედიის გამოყენებისას შენი პროფილი დახურული გქონდეს უცხო ადამიანებისთვის და მხოლოდ ისინი დაიმატე, ვისაც რეალობაში იცნობ. სანამ უცხო ადამიანს დაელაპარაკები, შენს მშობლებთან შეათანხმე.
  • კარგად დაფიქრდი სანამ პირად მასალას ინტერნეტში განათავსებ ან ვინმეს გაუგზავნი. ისეთი ფოტოების ან ვიდეოების გამოქვეყნებით/გაგზავნით, სადაც სხეულის ნაწილები ჩანს, შესაძლოა პოლიციასთან პრობლემები შეგექმნას. პრობლემები იმ შემთხვევაშიც შეიძლება შეიქმნას თუ ვინმეს ინტერნეტით დაჩაგრავ ან ვინმესთვის ზიანის მიყენებაზე ისაუბრებ.
  • კარგად დაფიქრდი, სანამ ონლაინ სივრცეში რამეს განათავსებ. მზად ხარ უამბო ეს ამბავი ყველას? გახსოვდეს, რომ როდესაც ქსელში ინფორმაციას, ფოტოებს ან ნებისმიერ სხვა მასალას განათავსებ, მას უკვე ვეღარასდროს გააქრობ ინტერნეტიდან და ხელს ვერ შეუშლი სხვა ადამიანებს მის გამოყენებაში.
  • თუ ინტერნეტ-თამაშის დროს სხვა მოთამაშე უწესოდ იქცევა ან დისკომფორტს გიქმნის, დაბლოკე ის შენი მოთამაშეების სიაში. შეგიძლია, მის შესახებ თამაშის მოდერატორსაც აცნობო.
  • არ აყვე ადამიანს, რომელიც ონლაინ სივრცეში შენს დაშინებას ცდილობს. არ მიაქციო ყურადღება, არ უპასუხო - თუ ის პასუხს ვერ მიიღებს, მოწყინდება და თავს დაგანებებს. ასევე შეგიძლია ასეთი ადამიანი დაბლოკო.
  • შეინახე მტკიცებულებები, ამან შეიძლება გააადვილოს იმ ადამიანის პოვნა, ვინც შენ დაშინებას ცდილობდა. მტკიცებულების სახით შეინახე ტექსტები, ელექტრონული წერილები, ონლაინ საუბრები ან ხმოვანი ფოსტა.
  • ყურადღებას ნუ მიაქცევ სხვა მომხმარებლების ცუდ ქცევას, თავი აარიდე უსიამოვნო საუბრებს და უცნაურ საიტებს. როგორც რეალურ ცხოვრებაში, ინტერნეტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო აგრესიულად და შეურაცხმყოფლად იქცევიან სხვების მიმართ ან მავნე მასალის გავრცელებას ცდილობენ. როგორც წესი, უმჯობესია ასეთ მომხმარებლებს საერთოდ არ მიაქციო ყურადღებაა და შემდეგ დაბლოკო.

Share: Facebook icon Youtube icon Linkedin icon