მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები

მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები

მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები 
ოთხშაბათს, 17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ადვოკატირება „ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები“. 
ათეულობით წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა და მათი ჩვენება სამართალდამცავთათვის „სუსტ მტკიცებულებას“ წარმოადგენს. თანამედროვე მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ეს შეხედულება რადიკალურად შეიცვალა. დადგინდა, რომ ბავშვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დამოკიდებულია არა იმდენად ბავშვის ასაკზე, რამდენადაც გამომკითხველის პროფესიონალიზმზე - უნარზე, განაწყოს ბავშვი სასაუბროდ, მისცეს მას თავისუფალი თხრობის საშუალება, მოუსმინოს, მართებულად ფორმულირებული კითხვები დაუსვას. ამასთან, უნდა მოხდეს ბავშვის განვითარების ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პროფესიონალი უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას და უნარებს იმ თანამედროვე მეთოდების გამოყენებისთვის, რომლებიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. 
საჯარო ლექციას უძღვებოდა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ბავშვთა დაცვის ექსპერტი, ექსპერტ-კონსულტანტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში - ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე. ლექციას ესწრებოდნენ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები (მასწავლებლები, სპეც. მასწავლებლები, უბნის ინსპექტორი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკები, პედიატრები, იურისტ-ადვოკატები) და იურიდიული და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. ლექცია დასრულდა საინტერესო დისკუსიით. გამოითქვა სურვილი და უნივერსიტეტის მხრიდან მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს ბავშვთან და ახალგაზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აქტუალურ თემებზე მსგავსი ფორმატის შეხვედრები. 
ლექცია ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში და უკავშირდებოდა ბავშვთა დახმარების ხაზის (ჰელპლაინის) საერთაშორისო დღეს - 17 მაისს. საქართველოში მოქმედებს ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111. ის ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი. 
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და International Child Catholic Bureau (BICE) - სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline International. 

ღონისძიების ორგანიზატორები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“. 
საკონტაქტო პირები: მარიამ მასხულია, პროექტის კოორდინატორი (ელ-ფოსტა: m_maskhulia@phmdf.ge, ), დავით ხუჭუა, მომსახურების მენეჯერი (ელ-ფოსტა: d_khuchua@phf.org.ge, ).

იხილეთ ფოტოები
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon