ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები

ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები

2017 წლის 3 თებერვალს, გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტმა გამოსცა „დასკვნითი მოსაზრებები“ (რეკომენდაციები), რასაც წინ უძღვოდა საქართველოს მიერ კომიტეტში წარდგენილი ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების შესახებ მე-4 პერიოდული ანგარიში და 2017 წლის 25 იანვარს სახელმწიფო დელეგაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის 74-ე სესიაზე მოსმენა. სახელმწიფო ანგარიშის გარდა, ბავშვის უფლებათა კომიტეტში ალტერნატიული ანგარიშები წარადგინეს: „საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“, ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორმა და საქართველოს სახალხო დამცველმა.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა, როგორც „საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“ წევრმა, დიდი წვლილი შეიტანა კოალიციის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ ანგარიშში ბავშვზე ძალადობის, ბავშვის სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალურ ძალადობის და ამ უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების კუთხით.

ბავშვის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა საქართველოს სახელმწიფოს მიერ მე - 4 პერიოდული და დამატებით საკითხებზე ანგარიშების წარდგენა და გამოხატა მადლიერება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მაღალი რანგის და მულტისექტორული დელეგაციასთან კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაზე. კომიტეტმა ასევე შეაქო საქართველოს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯების განხორციელებისთვის.

კომიტეტმა ხაზი გაუსვა ბავშვის უფლებების განუყოფელობას და ურთიერთდამოკიდებულებას, ასევე დასკვნითი მოსაზრებებში ასახულ ყველა რეკომენდაციის მნიშვნელობას, თუცა მოუწოდა საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობასა და გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმისკენ შემდეგ სფეროებში: ბავშვის ფიზიკური დასჯა1 და ბავშვზე ძალადობა, ბავშვის სექსუალური ექსპლოატაცია და სექსუალური ძალადობა, ოჯახური გარემო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ჯანდაცვა და ჯანდაცვის მომსახურება, იძულებით გადაადგილებული ბავშვები. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების დანერგვას.

 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი აფასებს კომიტეტის მიერ რეკომენდაციებში ნათლად ასახულ ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და იმედოვნებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მეშვეობით შესაძლებელი გახდება, რომ ბავშვზე ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვა ვაქციოთ რეალობად! 


ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული „დასკვნითი მოსაზრებების“ სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRC/C/GEO/CO/4&Lang=En

 

 

 

 

 


1 ბავშვის სხეულებრივი, ანუ შედარებით მსუბუქი სახის ფიზიკური დასჯა, მაგალითად: ბავშვის დარტყმა (მირტყმა, „წატყაპუნება“) ხელით ან რაიმე საგნით (მათრახი, ჯოხი, ქამარი, ფეხსაცმლის, ხის კოვზი, და ა.შ., რაც ბავშვში იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან დისკომფორტს.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon