ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან

ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს „გესმოდეთ ჩვენი“ - ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან. ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

     18 ნოემბერი ბავშვთა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის ევროპის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა. ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების გაძლიერება, რომ მათ შეძლონ ონლაინ სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის ამოცნობა და შესაბამისი დახმარების მოძიება; ასევე, ბავშვების ცნობიერების ამაღლება ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 12-დან 18 წლამდე 70-ზე მეტი ბავშვი, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.

     შეხვედრას თავად საერთაშორისო აკადემია ლოგოსი • Logos International Academy - ის მოსწავლეები უძღვებოდნენ. ბავშვებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რომლებიც ბავშვთა ონლაინ სექსუალურ ექსპლუატაციას, ძალადობას და ზოგადად, სექსუალური ძალადობის პრევენციას ეძღვნებოდა. ბავშვებმა ყურადღება გაამახვილეს ონლაინ და ოფლაინ სივრცეში არსებულ საფრთხეებზე, რომლებიც ერთი შეხედვით, უხილავია. მათ, თემაზე სასაუბროდ სხვადასხვა მეთოდი აირჩიეს: გააკეთეს ვიდეო მიმართვა ბავშვებისთვის და ზოგადად საზოგადებისთვის, შექმნეს კომიქსი ბავშვის ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგინეს მოხსენებები და თანატოლებს გააცნეს ლანსაროტეს კონვენცია, ასევე ისაუბრეს სახელმწიფოში განსახორციელებელ ცვლილებებზე.

     შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს წარმომადგენლებმა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო დისკუსიას, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და გაეგოთ ქვეყანაში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მათი უფლებების და უსაფრთხოების დაცვას.


შეხვედრის ფოტოები:
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon