ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი თემაზე: ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - ბავშვის ინტერვიურება და შეფასება

ტრენინგი თემაზე: ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - ბავშვის ინტერვიურება და შეფასება

ტრენინგის მეორე ეტაპი ბათუმის ზუგდიდის და თბილისის ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლებისთვის, თემაზე “ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - ბავშვის ინტერვიურება და შეფასება”

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ბათუმის, ზუგდიდის და თბილისის ბავშვთა და მოზარდთა ადვოკატირების ცენტრების თანამშრომელთა ცოდნის და უნარების გაღრმავებას, რომ მათ შეძლონ კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა და მომსახურების გაწევა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 17-19 მაისს, ბათუმში გაიმართა მრავალსაფეხურიანი ტრენინგის მეორე ეტაპი, რომელზეც ცენტრების ახალმა თანამშრომლებმა მიიღეს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელი ცოდნა შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე: ძალადობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა და  სტრესი, მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები, ძალადობის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებთან ურთიერთობის და მათი გამოკითხვის თავისებურებები, ბავშვის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების ამსახველი დოკუმენტის (დასკვნის)  მომზადება სასამართლო პროცესისთვის და ა.შ.

ტრენინგში, ასევე მონაწილეობა მიიღეს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და იურიდიული ფაკულტეტების შერჩეულმა მაგისტრანტებმა და ადვოკატმა  სამეგრელოს რეგიონიდან, რომლებიც, პროექტის ფარგლებში თანამშრომლობენ ბათუმის და ზუგდიდის ადვოკატირების ცენტრებთან.

პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში მუშაობს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი - თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში, რომლებიც ემსახურებიან ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს.                 

      საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს  რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარი” - სთან, „სთეფ ფორვარდი“ - სთან და International Child Catholic Bureau (BICE) - სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

იხილეთ ფოტოები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon