მშობლებისთვის

ბავშვის აღზრდა: რას ნიშნავს პოზიტიური აღზრდა და კარგი მშობლობა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს ურთიერთობის როგორც დადებით ასპექტებს, როგორიცაა მოწონება, შექება, წახალისება, ასევე - უარყოფითსაც: საყვედური, აკრძალვა, დასჯა. წახალისება და დასჯა აღმზრდელობითი პროცესის ერთგვარი ბერკეტებია.

რას ნიშნავს პოზიტიური აღზრდა? ეს არის მეთოდები და მიდგომები, რომლებიც კარგად მუშაობს ნებისმიერ ბავშვთან, განურჩევლად მისი ასაკისა, ტემპერამენტისა, ხასიათისა თუ გამოცდილებისა. პოზიტიური აღზრდა დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ბავშვზე ზემოქმედების ყველაზე მართებული საშუალება არის წახალისება. ეს შეიძლება იყოს მოწონება, შექება, ნდობის გამოხატვა და სხვა. წახალისება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დასჯა, რადგან ის ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, თუ რომელი ქცევაა სასურველი, მაშინ როცა დასჯა მხოლოდ იმას განსაზღვრავს, თუ რომელი ქცევაა არასასურველი.

დასჯა არის ნებისმიერი საყვედური, გაფრთხილება, დაგმობა, აკრძალვა, რომელთა დანიშნულებაა ბავშვის ქცევის კორექცია განსაზღვრულ რთულ სიტუაციებში, ანუ მაშინ, როცაა ის ცუდად იქცევა. სამწუხაროდ, უმეტესად ასე ხდება: როცა ბავშვი კარგად იქცევა, უფროსები მას ყურადღებას არ ვაქცევთ, ხოლო როცა ის ცუდად იქცევა - ვსჯით.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დასჯა არ აღკვეთს დაუშვებელ ქცევას. უბრალოდ, ბავშვი თავის “დანაშაულში” უფრო ფრთხილი ხდება. ის უკეთ შლის კვალს, ადგილზე მისი წასწრება თითქმის შეუძლებელია ხოლმე. როცა ბავშვს სჯიან, ის ცდილობს უფრო ფრთხილი იყოს, და არა - უფრო პასუხისმგებელი. ამიტომ, თუ კარგი მშობლობა გსურთ:

• შეეცადეთ, ყოველთვის წაახალისოთ კარგი ქცევა, სწრაფად და ხშირად - ღიმილით, სიტყვით, ხელის ალერსიანი შეხებით, ჩახუტებით, - როცა ის მონდომებით რეცხავს თავის თეფშს, შეხსენების გარეშე ამზადებს გაკვეთილებს, სიხარულით ეთამაშება უმცროს ძმას ან დას და სხვა. შეაქეთ, როცა რაიმე კარგად გამოუვა და თქვენი სიხარულიც გამოხატეთ.

• წაახალისეთ ბავშვის დამოუკიდებლობა. მიეცით მას სამყაროს შეცნობის, აღმოჩენების გაკეთების საშუალება. ამასთან, შეუთავსეთ ბავშვის დამოუკიდებლობა მის შესაძლებლობებს. ასევე, ერთმანეთთან შეათავსეთ თქვენი მხრიდან დახმარების უზრუნველყოფა და დამოუკიდებლობის წახალისება.

• ასაკის შესაბამისად, შვილთან თქვენი სიყვარული ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც გამოხატეთ: ხელში აიყვანეთ, მიიხუტეთ, მოეფერეთ, ალერსიანად მიმართეთ. ბავშვისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

• ეცადეთ, შექება ყოველთვის გაცილებით სჭარბობდეს საყვედურებს.

როგორ დავსაჯოთ სწორად? უწინარესად, დასჯა არ უნდა ვნებდეს ჯანმრთელობას, არც ფიზიკურს, არც ფსიქიკურს. ბავშვის დასჯისას დარწმუნდით, რომ მან იცის, რისთვის ისჯება. ნებისმიერი დასჯისას ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის უწინდებურად უყვართ. ასევე, ნებისმიერი დასჯისას ბავშვს არ უნდა შეეზღუდოს მისი ბიოლოგიური თუ ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. არ დასაჯოთ ბავშვი:

• ჭამის დროს, ძილის წინ;

• მაშინვე ფიზიკური ან სულიერი ტრავმის შემდეგ, როგორიცაა, მაგალითად, წაქცევა, თანატოლთან ჩხუბი, ცუდი ნიშანი სკოლაში, ნებისმიერი წარუმატებლობა.

• როცა ავადაა ან მთლად არ გამოჯანმრთელებულ აავადმყოფობის შემდეგ;

• როცა რაღაც არ გამოსდის - როცა ნამდვილად ცდილობს და ვერ უმკლავდება შიშს, სიზარმაცეს,მოუსვენრობას, უყურადღებობას, ნებისმიერ სირთულეს;

• როცა ბავშვის საქციელის შინაგანი მოტივები თქვენთვის გაუგებარია;

• როცა თავად ვერ ხართ ხასიათზე - დაიღალეთ, გაწყენინეს, გაღიზიანებული ბრძანდებით.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის ცალკეული ცუდი ქცევა არ ნიშნავს მის პიროვნულ „სიცუდეს”.

რატომ უნდა ვთქვათ უარი ბავშვის ფიზიკურ დასჯაზე და რა საფრთხეები ახლავს მას? ალბათ ხშირად გაგიგონიათ - „მე მშობლები მცემდნენ, მაგრამ ცუდი ვარ?“, „ცემის გარეშე ბავშვები უკონტროლოები ხდებიან“ - კიდევ მრავალი ფართოდ გავრცელებული ფრაზა არსებობს, რომელიც ბავშვის ცემას ამართლებს. ბევრი მშობელი თვლის, რომ ცემა არის ბავშვის აღზრდის მნიშვნელოვანი „ინსტრუმენტი“.
სიმართლე კი ერთია - ფიზიკური დასჯა მშობლებისგან საჭიროებს ყველაზე ნაკლებ ჭკუას და უნარებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა აღმზრდელობითი ზომა.
ხშირად მშობლები წამორტყმას, ყურის აწევას, თმის მოქაჩვას და ა.შ არ თვლიან ცემად, ფიზიკურ დასჯად, თუმცა ემოციური და ქცევითი თვალსაზრისით, მსგავს ქმედებას იგივე შედეგი მოჰყვება. ბავშვის ფიზიკურ დასჯას გარკვეული საფრთხეები ახლავს:

• ბავშვები ტკივილთან ერთად გრძნობენ წყენას, სიბრაზეს და იღებენ ემოციურ ტრავმას; მოგვიანებით ეს აუცილებლად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე.

• ბავშვის ცემით, წამოთაქებით, მას ასწავლით, რომ თქვენი ეშინოდეს; ბავშვები ითვისებენ ამ მოდელს და თავად სცემენ სხვა ბავშვებს, მოგვიანებით საკუთარ შვილებს.

• ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები სწავლობენ როგორ აიცილონ ცემა, სწავლობენ ტყუილის თქმას და განცდების დამალვას, რაც ის არ არის, რისი წახალისება მშობელს სურდა.

• ფიზიკური დასჯით ბავშვმა შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღოს, რისი გამოსწრებაც ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია.
დასჯაც და წახალისებაც ერთ საბოლოო მიზანს უნდა ემსახურებოდეს - შვილის კეთილდღეობას! ერთიც და მეორეც მშობლიური სიყვარულით და ზრუნვით უნდა იყოს ნაკარნახევი.

გვჯერა, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს შვილს და ყველა სხვა ბავშვს ლამაზი, მშვიდობიანი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ.

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რჩევებისა და დახმარების მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში ან დაგვირეკოთ ბავშვთა დახმარების ხაზზე 116 111

 



 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ