ბავშვებისთვის

ბავშვზე ძალადობა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ზოგჯერ ადამიანები ვერ ახერხებენ მათ შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტი ჩხუბში და ძალადობაში გადაიზრდება. ბავშვზე ძალადობად ითვლება, როდესაც მას ემუქრებიან, აშინებენ, რაიმეს აბრალებენ. ასევე, ძალადობაა ხელის კვრა, თმის მოქაჩვა, ყურისა წვევა, ხელით ან რაიმე საგნით დარტყმა და ყველა ის საქციელი, რაც ტკივილს, შიშს და სევდას იწვევს.

ადამიანს, რომელიც ძალადობს მეორე ადამიანზე, მოძალადეს უწოდებენ. მოძალადე შეიძლება იყოს როგორც ზრდასრული ადამიანი, ასევე ბავშვი. მოძალადე შეიძლება ბავშვისთვის უცნობი ან ნაცნობი ადამიანი იყოს.

რა ითვლება ბავშვზე ძალადობად?

ძალადობაა, როცა რამდენიმე ბავშვი ჩაგრავს სხვა ბავშვს, მაგალითად: დამამცირებელ მეტსახელს არქმევს, დასცინის, ნივთებს ართმევს ან უფუჭებს, ცემს, ინტერნეტით ჭორებს და შეურაცხმყოფელ ფოტოებს უვრცელებს. ხშირად ისეთი ბავშვი იჩაგრება, რომელიც რაღაცით განსხვავდება სხვებისგან. ის შეიძლება იყოს სხვებზე მაღალი ან დაბალი, მსუქანი ან გამხდარი, სწავლობდეს ძალიან კარგად ან ძალიან ცუდად, უჭირდეს მეტყველება, ურთიერთობა, სიარული ან ეტლით გადაადგილდებოდეს. ბავშვის მიერ ბავშვის ჩაგვრა ყოველთვის გაუმართლებელია.

მშობლები ზოგჯერ სჯიან შვილებს „ცუდი“ საქციელისთვის, როგორიცაა, მაგალითად: სახლში დაგვიანებით მისვლა, წიგნის დაკარგვა, დაბალი ნიშნის მიღება, ტყუილის თქმა, ჭურჭლის გატეხვა და სხვა. ბავშვის დასჯა არ შეიძლება ცემით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

ბავშვზე ძალადობად ითვლება ისიც, როდესაც მოზრდილები ოჯახში ან სკოლაში ბავშვის თანდასწრებით ჩხუბობენ. არის შემთხვევები, როცა უფროსები ამბობენ, რომ მათი ჩხუბის მიზეზი ბავშვის ცუდი საქციელია. ეს არასწორია! ჩხუბს და ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს არასდროს არის ბავშვის ბრალი.

რა ზიანს აყენებს ბავშვს ძალადობა?

ძალადობა ყოველთვის ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას. ძალადობის შედეგად შეიძლება მივიღოთ ხელის, ფეხის მოტეხილობები, ჭრილობები, დამწვრობა, თავის ტვინი დაზიანება დასხვა. იმ ბავშვებს, რომლებმაც ძალადობა განიცადეს, უჭირთ სწავლა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ხშირად არიან მოწყენილები, გაბრაზებულები ან შეშინებულები.

სად შეიძლება მოხდეს ძალადობა?

ბავშვზე ძალადობა შეიძლება სხვადასხვა გარემოში მოხდეს. ასეთი ადგილებია: ქუჩა,ეზო, ოჯახი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული და გასართობი ცენტრები და სხვა. ბავშვზე ძალადობა შეიძლება მოხდეს თითქმის ყველა გარემოში, სადაც ბავშვი იმყოფება.

ძალადობა ნაკლებად ემუქრებათ ბავშვებს, რომელთაც:  

  • ჰყავთ მზრუნველი ოჯახისწევრები, დადიან სკოლაში და საბავშვო ბაღში,
  • სადაც ისინი დაცულად გრძნობენ თავს;
  • ჰყავთ მეგობრები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ მათ.

ბავშვი უნდა იზრდებოდეს მეგობრულ, მშვიდ და ძალადობისგან დაცულ გარემოში. ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ზრუნავს ბავშვზე და მის უსაფრთხოებაზე. ძალადობის საფრთხის შემთხვევაში, მშობლები, მასწავლებლები, ახლობლები და მეგობრები ეხმარებიან ბავშვს. ძალადობის აცილების და დახმარების მოძიების სხვა და სხვა გზები და საშუალებები არსებობს.

 

გაიგე უფრო მეტი, მიჰყევი ბმულს 

 

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ.