ბავშვებისთვის

დავიცვათ ერთმანეთი ძალადობისგან
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

არასდროს გახდე მოძალადე


ყოველი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ჩვენ დავდივართ სკოლაში, სპორტზე, ცეკვაზე, ვსეირნობთ ქუჩაში, პარკში, ვთამაშობთ ეზოში. ყოველდღე ვხვდებით ბევრ სხვადასხვა ადამიანს. ზოგის ნახვა გვიხარია, ზოგი - რომ არ ვნახოთ, არ შეგვიძლია. ზოგიერთთან შეხვედრა არ გვსიამოვნებს და არ მოგვწონს, ზოგი კიდევ - სულერთია. ყველა ამ ადამიანთან ჩვენ სხვადასხვაგვარად ვიქცევით.

ხანდახან ისე ხდება, რომ ადამიანები ერთმანეთს უნებურად აწყენინებენ ხოლმე. ზოგჯერ კიდევ შეიძლება გვეგონოს, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენება ყველაზე მეტად გამოგვადგება - მაგალითად, ვინმეს დასარწმუნებლად, დასაყოლიებლად, შესაშინებლად.

სინამდვილეში, ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის გაგრძელებას იწვევს. სხვას როგორც მოვექცევით, ისევე მოგვექცევიან სხვები. ბევრი სხვა, უკეთესი გზა არსებობს თავის დასაცავადაც და მიზნის მისაღწევადაც. ერთგულება, ერთმანეთის დახმარება, პატივისცემა, ზრუნვა, დათმობის უნარი თვისებებია, რომლებიც ადამიანს მისთვის საიმედო ბევრ ნაცნობს და მეგობარს შემატებს.

 

რთულ სიტუაციაში მოხვედრისას გახსოვდეს:


• მუშტის მოღერებას - ხელის გაწოდება სჯობს;
• ყვირილს და ღრიალს - ახსნა და მოსმენა სჯობს;
• მტრობას - მეგობრობა სჯობს


თუ გინდა, რომ ძლიერი იყო:


• სხვას დაეხმარე;
• წვრილმანების გამო არ იჩხუბო;
• სხვისი აზრი გაითვალისწინე;
• არ დაარტყა, არ დაამცირო;
• სხვისი წარმატება გიხაროდეს;
• სხვის ნაკლოვანებებს არ დასცინო;
• აპატიე.


გახსოვდეთ!


ბავშვის უფლებაა, იზრდებოდეს და სწავლობდეს მეგობრულ გარემოში. ბავშვზე ძალადობა დანაშაულია. ძალადობის საფრთხის შემთხვევაში მშობლები, მასწავლებლები, ახლობლები და მეგობრები ეხმარებიან ბავშვს.

 თუ ფიქრობ, რომ შენ ან შენს მეგობარს საფრთხე გემუქრებათ!
 თუ შენზე ძალადობენ: გჩაგრავენ, გცემენ, დაგცინიან, უხეშად გექცევიან!
 თუ მეგობარმა გაგიმხილა, რომ ძალადობასთან გამკლავებაში დახმარება სჭირდება!

 

თუ ვინმე ისე გექცევა, რომ თავს ცუდად გრძნობ!


 თქვი `არა!~ - ხმამაღლა და მტკიცედ.
 წადი უსაფრთხო ადგილზე, სხვა ადამიანებთან.
 მოუყევი შენთვის სანდო ადამიანებს.

იმოქმედე! დაარღვიე დუმილი!
ამის შესახებ მოუყევი შენთვის სანდო ადამიანს - მშობელს, მასწავლებელს, უფროს მეგობარს, დას ან ძმას.

ტელეფონის ნომრები, რომელთა ცოდნა გამოგადგება ძალადობისგან თავის დასაცავად:
112 - გადაუდებელი დახმარების ცენტრი
116 111 - ბავშვთა დახმარების ხაზი

გაიგე უფრო მეტი, მიჰყევი ბმულს

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ