მშობლებისთვის

მშობელთა კონფლიქტების ზემოქმედება ბავშვზე
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

სამყარო ყოველი ჩვენგანისთვის სხვადასხვაა, მით უმეტეს, ბავშვებისა და დიდებისათვის. თქვენ და თქვენი შვილები სამყაროს საკმაოდ განსხვავებულად აღიქვამთ, მაგრამ აქცევთ კი ამას ყურადღებას?


რა ვიცით ჩვენ ბავშვზე მშობელთა კონფლიქტების ზემოქმედების შესახებ? სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ. პოპულარული ლიტერატურის გადახედვით ვგებულობთ, რომ ოჯახური ჩხუბი და აყალმაყალი ბავშვს ნერვიულს, აგრესიულს, მტირალას, გაუგონარს ხდის. თუ მშობლები გამუდმებით ჩხუბობენ, ყვირიან, ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვისგან კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ. ესაა და ეს, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი ცოდნაა და მეტი არაფერი.


რა ხდება, მაგალითად, როცა ოჯახი გარეგნულად ‘წესიერია”, სხვათათვის მისაბაძიც კი, მათი ბავშვი კი გაბოროტებული და უბედური პატარა ადამიანია. რაშია საქმე? ჩვეული ცნობიერება ჩიხიდან გამოსავალს ქუჩის, სკოლის, მემკვიდრეობითობის მავნე ზეგავლენაში ეძებს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ საქმე თვით ოჯახშია. არაა გამორიცხული, რომ ოჯახში, რომელსაც გარემომცველები აფასებენ, როგორც ‘სამაგალითოს’, ცოლი და ქმარი, უბრალოდ, ვერ იტანდნენ ერთმანეთს და მათ შორის “პრაქტიკული გამყინვარების ზონა” იყოს.


ზოგი მშობელი თვლის, რომ ბავშვის გამო, მისი კეთილდღეობისათვის ყველა ღონე უნდა იხმაროს ოჯახის შესანარჩუნებლად, თავი შეიკავოს განქორწინებისგან. ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. დიახ, ბევრ განქორწინებულ ოჯახში გამოვლენილია ბავშვის ნევროტულობის, გაღიზიანებულობის ზრდა, ემოციური და ქცევითი პრობლემები, მაგრამ მოზარდი არსების უბედურებათა ერთადერთ მიზეზად მშობელთა განქორწინების ჩათვლა, თეორიულადაც და ცხოვრებისეულადაც, გაუმართლებელია. საქმე იმაშია, რომ ჩხუბი, ხშირი უთანხმოებები მშობლებს შორის გაცილებით დამღუპველად მოქმედებს ბავშვზე, ვიდრე თვით განქორწინება და ერთ-ერთ მშობელთან შემდგომი ცხოვრება.


აღსანიშნავია ისიც, რომ ერთმანეთის მიმართ მშობლების ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად ბავშვზე “ჯავრის ამოყრის” მიზეზი ხდება. ბავშვი “განტევების ვაცად” იქცევა. ეს იმიტომ ხდება, რომ კონფლიქტებში გამოცდილმა მშობლებმა კარგად იციან: ერთმანეთზე პირდაპირი შეტევით, თავდასხმით დაძაბულობა უფრო მოიმატებს და ნამდვილი სკანდალი იფეთქებს: ჭურჭლის მსხვრევით, გინებით, კარების ჯახუნით და ასე შემდეგ. ამდენად, ამგვარი სტრატეგიით ორივე მშობელი წაგებული დარჩება. ამიტომ ისინი მომგებიან გზას ეძებენ და პოულობენ კიდეც: ბავშვი! ის ვერც “ხურდას დაგიბრუნებს” და თან ყოველთვის შეგიძლია რაიმეზე აუხირდე: ფეხსაცმელები დაყარა, ტანსაცმელზე სუფი დაიღვარა; საერთოდაც, რაღაც სხვანაირად იყურება…


ბავშვი გრძნობს მშობლის უკმაყოფილებას და თანდათან თავს ან ცუდ, უსარგებლო ადამიანად აღიქვამს, ან თავდაცვის რეაქცია უვითარდება. პირველ შემთხვევაში ბავშვები საკუთარ თავში იკეტებიან, გულჩახვეულები ხდებიან. მეორე შემთხვევაში კი თავდაცვის საუკეთესო საშუალებად ბავშვები თავდასხმას ირჩევენ და ემზადებიან კიდეც ამისათვის. ხატოვნად რომ ვთქვათ, “ბრჭყალებს იზრდიან”, “იკბინებიან”, ჩხუბობენ, აგრესიულად იქცევიან.


ზემოთ თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ თუ ორივე მშობელი უკმაყოფილოა ქორწინებით, ისინი სასწრაფოდ უნდა გასცილდნენ ერთმანეთს. განქორწინება, შეიძლება, ყველაზე მარტივი, მაგრამ ნამდვილად არა საუკეთესო ვარიანტია. ჯერ ერთი, ოჯახის დანგრევა ტრავმას აყენებს არა მარტო ცოლ-ქმარს, არამედ ბავშვსაც. მეორეც, გაღიზიანება და უკმაყოფილება განქორწინების შემდეგ კი არ ქრება, არამედ პირიქით – მარტოობის სიმძიმე უფრო ამძაფრებს ამ გრძნობებს და ჯოხი ისევ და ისევ ბავშვზე ტყდება. ამიტომ განქორწინებამდე მშობლებს სერიოზული დაფიქრება და ყველა შესაძლო პიროვნული რესურსის მოძიება მართებთ.


ოჯახის რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ კონფლიქტი ან უბრალოდ, ერთი ადამიანის ცუდი განწყობილება მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანის მიერ განიცდებოდეს. ცნობილია, რომ ახალშობილიც კი ნერვიულობს, თუ მისი დედა რაიმეს გამო შფოთავს. ჩვილი, რომელმაც არც ლაპარაკი იცის და არც სახის გამომეტყველების მნიშვნელობა, აფიქსირებს დედის მდგომარეობას. ბავშვი შეიძლება ვერ აცნობიერებდეს, რატომ ჩხუბობენ მშობლები, მაგრამ ის აუცილებლად გრძნობს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და გაუცნობიერებლად ეძებს ემოციური დაძაბულობის მოსახსნელ გზებს.


ზოგიერთი ბავშვი ავად გახდომისას მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მის საწოლთან მშობლები დროებით ივიწყებენ ჩხუბს, უკმაყოფილებებს. მათ შვილისადმი ზრუნვა და ყურადღება აერთიანებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავადმყოფობა ბავშვისათვის სასურველი ხდება, ბავშვი ავადმყოფობაში “სარგებლობას” ხედავს.


შემდგომში ის ავად გახდომით არაცნობიერად ცდილობს ერთიანობის სასიამოვნო განცდის აღდგენას. რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით გრიპს ან ფილტვების ანთებას ვერ დაიმართებ. ავადმყოფობის, როგორც მშობელთა გამაერთიანებელი ხერხის გაჩენა ცნობიერი პროცესი არაა და ამასთან, ეხება იმ დაავადებებს, რომელთა წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს ფსიქოლოგიური ფაქტორი. ამგვარი დაავადებები არც ისე ცოტაა (არაფერს ვამბობთ მშობელთა კონფლიქტების “წყალობით” გაჩენილ სუფთა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, როგორიცაა ლოგონევროზი, დეპრესიული მდგომარეობები, შფოთვითი აშლილობები და სხვა.) მაგალითად, ბავშვმა შეიძლება “გამოიმუშავოს” ბრონქიალური ასთმა, როგორც მშობელთა ზრუნვისა და ყურადღების მოპოვების საშუალება.


ცხადია, ბავშვი…ამ გზით მიზნის მიღწევას ცდილობს – მისთვის შემაშფოთებელი მშობელთა კონფლიქტის აღკვეთა სურს. ასეთი ქცევა მას ოჯახში ფსიქოლოგიური ატმოსფეროს ნორმალიზაციისათვის სჭირდება. რა თქმა უნდა, ამგვარი საშუალება არც გარემომცველთათვისაა სასიამოვნო და არც ბავშვისთვის – სასარგებლო, მაგრამ ბავშვი მშობელთა ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სხვა გზას ვერ პოულობს.

 

 


რით შეიძლება დავეხმაროთ ასეთ ბავშვს?


მშობლების მიერ თავიანთი ურთიერთობის ნორმალიზებით; ფსიქოლოგის ჩარევით, რომელიც დაეხმარება ბავშვს არსებული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში:


ა) შეამცირებს მისი ზოგადი შფოთვისა და აგზნების დონეებს;
ბ) ფსიქოლოგიურ თამაშებში აჩვენებს ბავშვს იმ ხერხებს, რომელთა დახმარებითაც ის სიტუაციასთან გამკლავებას საკუთარი უსუსურობის დემონსტრირების გარეშე შეძლებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი, მისთვისაც შეუმჩნევლად, სხვადასხვა დაავადებათა ტყვეობაში აღმოჩნდება: შეიძლება ღამღამობით ჩაისველოს (ენურეზი); თავის ტკივილები, სულის ხუთვა, ღებინება, დეპრესია, შფოთვა, შიშები დაეწყოს.
ბავშვს ოჯახში სიხარული და სიყვარული მოაქვს. უეჭველია, მას ორივე მშობელი სჭირდება – მოსიყვარულე დედა და მამა.

გახსოვდეთ:
ბავშვის ემოციური მდგომარეობის დარღვევა, მისი “ცუდი” საქციელი და ზოგჯერ ავადმყოფობაც კი, როგორც წესი, სხვა ოჯახურ “სნეულებათა” შედეგია. ოჯახური, ცოლ-ქმრული და თითოეული მშობლის პრობლემები მხოლოდ მათი პირადი საქმე როდია, არამედ, პირველ რიგში, შვილის პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

 



მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ