მშობლებისთვის

მშობელთა ქცევის გავლენა ბავშვზე
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

გარემომცველი სოციალური მიკროსამყარო, ოჯახური ატმოსფერო, მშობლებთან დამოკიდებულება _ ყველაფერი ეს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იქცევიან მისი მშობლები. ოჯახის რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ კონფლიქტი ან უბრალოდ, ერთი ადამიანის ცუდი განწყობილება მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანის მიერ განიცდებოდეს. ცნობილია, რომ ახალშობილიც კი ნერვიულობს, თუ მისი დედა რაიმეს გამო შფოთავს.


აღზრდის დეფექტები, ქრონიკული ფსიქიკური ტრავმატიზაცია, უსამართლობა, წყენა, სისასტიკე, მშობელთა განხეთქილებები თუ ეგოიზმი _ ყველაფერი ეს ბავშვის ხასიათის დეფორმაციას, ნევროტულობას, გაღიზიანებულობის ზრდას, ემოციურ და ქცევით პრობლემებს იწვევს. მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე ადამიანი შორეულ ბავშვობაში მომხდარ მოვლენათა შთაბეჭდილებების ქვეშ რჩება. ამდენად, ოჯახური, ცოლ-ქმრული და თითოეული მშობლის პრობლემები მხოლოდ მათი პირადი საქმე როდია, არამედ, პირველ რიგში, შვილის პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორებია.


მშობელთა კონფლიქტური ქცევების ‘წყალობით’ ხშირად ჩნდება ე. წ. ფსიქოსომატური დაავადებები, ანუ ისეთი დაავადებები, რომელთა წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს ფსიქოლოგიური ფაქტორი: თავის ტკივილები, ღებინება, კუჭის წყლული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ენურეზი, ბრონქული ასთმა და სხვა. ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა ლოგონევროზი, დეპრესიული მდგომარეობები, ფობიები (შიშები), შფოთვითი აშლილობები, ქცევითი დარღვევები და სხვა.


ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში არსებობს ასეთი ტერმინი _ “იდენტიფიკაცია”, რაც ნიშნავს საკუთარი თავის სხვა ადამიანთან მიმსგავსებას, გაიგივებას. განვითარების ბუნებრივი პროცესი გულისხმობს, რომ ბავშვი ყოველთვის ცდილობს დაემსგავსოს, მიბაძოს დედას ან მამას.


იდენტიფიკაცია სწორედ მშობელთა დამოკიდებულების მიხედვით ვლინდება ან ირღვევა. თუ ერთ-ერთი მშობელი ბავშვის თავის მხარეზე გადაბირებას ცდილობს ან გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მეორე მშობლის მაგივრობასაც გასწევს, ამგვარ პოზიციას სასიკეთო არაფერი მოჰყვება არც ბავშვისთვის და არც მშობლისთვის. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა მეუღლესთან განქორწინებული ერთ-ერთი მშობელი გამუდმებით ჩააგონებს თავის შვილს, რომ “მამა ცუდია”, ბავშვი გრძნობათა ქაოსს განიცდის. დედის შეგონებების წყალობით ბავშვს ხასიათი რადიკალურად ეცვლება, გაღიზიანებული, ჭირვეული და აგრესიული ხდება.


როცა მშობლებს ერთიანობის გაცდა არა აქვთ, როცა არ გააჩნიათ საერთო შეხედულებები და მომავლის გეგმები, ისინი ორ მოწინააღმდეგე ბანაკად - ცოლად და ქმრად იქცევიან. ბავშვი, როგორც “სამხედრო კავშირის” წევრი, დილემის წინაშე დგება - ვისთან იყოს?


მშობელი, რომელიც ბავშვისათვის ბრძოლაში, მის გადაბირებაში მეტ ძალისხმევას იჩენს, როგორც წესი, ამით თავისი სიმართლის ილუზორულ დასაბუთებას ახდენს: “რახან ბავშვი ჩემკენაა, ესე იგი, მე მართალი ვარ”; ამას გარდა, “მებრძოლმა” მშობელმა იცის, რომ ბავშვის “გაერთიანება” ერთ-ერთი მშობლის ბანაკში ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმაა მეორისათვის. ასე იქცევა ბავშვი ოჯახური ბრძოლის იარაღად და მისი მფლობელი ყველა საშუალებით ცდილობს ამ ეფექტური იარაღის თავის სარგებლობაში შენარჩუნებას.


ამგვარი ბანაკების არსებობა აიძულებს ბავშვს რომელიმე მხარე დაიჭიროს: ან “დედის დამცველის”, ან “მამაკაცთა უფლებებისათვის მებრძოლის”. ეს სიტუაცია არა მარტო გარეგნულადაა რთული, არამედ, პირველ რიგში, შინაგანადაა პრობლემატური. ბავშვი გამუდმებით განიცდის შფოთვას, შიშს, ეჭვს, რომ ის რაღაცას ისე არ აკეთებს და ამისთვის ოდესმე დაისჯება, რამაც შეიძლება პატარა ადამიანი სერიოზულ ნევროტულ დარღვევებამდე მიიყვანოს.


გარდა ამისა, ოჯახური განხეთქილება, “დაჯგუფებათა” წარმოქმნა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ბავშვის სქესობრივი იდენტიფიკაციის პროცესზეც, ამახინჯებს ბავშვის მიერ მამაკაცის ან ქალის როლის აღქმას.


საქმე იმაშია, რომ დედა და მამა ადამიანის ცხოვრების დასაწყისში სქესთა ძირითად მოდელებს წარმოადგენენ. სქესთა როლების გააზრება დედასთან და მამასთან ბავშვის დამოკიდებულების მიხედვით ხდება. შემდგომში, უკვე ზრდასრული ადამიანის საპირისპირო სქესისადმი დამოკიდებულებასაც არაცნობიერად სწორედ მშობლებთან ბავშვობისდროინდელი ურთიერთობები განსაზღვრავენ. სიტუაცია, როცა ბავშვი “ოჯახური დაჯგუფების” წევრი ხდება, დამღუპველად მოქმედებს ქალებსა და მამაკაცებს შორის მომავალ ურთიერთობებზე. აქ ორი ვარიანტია: ყოფილი ბავშვი ზრდასრულ ასაკში ან საკუთარ სქესობრივ როლს ვერ ითვისებს, ან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დამყარება უძნელდება. თუმცა, უმეტესწილად, ორივე ვარიანტია მოსალოდნელი.


მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა “ბანაკად” ერთიანდებიან დედა და ვაჟიშვილი მამის წინააღმდეგ, ირღვევა საპირისპირო სქესისადმი დამოკიდებულება. დედასა და ვაჟიშვილს შორის მჭიდრო ემოციური ურთიერთობები მყარდება, რომლებშიც ეროტიული ელფერი იგრძნობა. ამ დროს ბავშვს, ჯერ ერთი, აგრესია აქვს თავისივე მშობლის მიმართ. მეორეც, მას სტანჯავს დანაშაულის გრძნობა, რადგან არაცნობიერად ხვდება, რომ თავისი მოკავშირის მეუღლის ადგილი დაიკავა. ამიტომ ბავშვი ძლიერად ეჯაჭვება საპირისპირო სქესის მშობელს, როგორც დამცველს, სიყვარულის ობიექტს და ამ დროს ეშინია მეორე მშობლის, სძულს ის.


შემდეგში, უკვე ზრდასრული ვაჟი უზარმაზარ სიძნელეებს განიცდის იმის გამო, რომ ვერ ახერხებს ძალზე ახლო კავშირების დარღვევას საპირისპირო სქესის მშობელთან, ტრაგიკულად განიცდის “მფარველი” მშობლის მეორე ქორწინებას. ახლო მეგობარს ან ცხოვრების თანამგზავრსაც ამგვარ “სამხედრო ბანაკში” აღზრდილი შვილები დედის ხატის მიხედვით არჩევენ და მუდმივად, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მას ადარებენ. ხშირად ასეთი კავშირი მარცხისათვის არის განწირული.

რით შეიძლება დავეხმაროთ ასეთ ბავშვს?


მშობლებთან ფსიქოლოგის მუშაობით, თავიანთი ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით (თუ ეს შესაძლებელია);

ბავშვთან ფსიქოლოგის მუშაობით, რომელიც დაეხმარება ბავშვს არსებული პრობლემების დაძლევაში:

ა) შეამცირებს მისი ზოგადი შფოთვისა და აგზნების დონეებს;
ბ) ასწავლის ბავშვს იმ ხერხებს, რომელთა დახმარებითაც ის ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი მშობლების მიმართ სწორი, ჯანსაღი დამოკიდებულების დამყარებას, სიტუაციის ობიექტურ შეფასებას და ოჯახურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს.



 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ