მშობლებისთვის

ოჯახის წევრის სიკვდილი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ზოგიერთ ბავშვს ბოლომდე არ ესმის, რომ სიკვდილი საბოლოოა. ამიტომ გვიხდება არაერთხელ შევახსენიოთ, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანი მოკვდა და აღარ დაბრუნდება.

მწუხარების გადატანას ბავშვები იმ ადამიანებისგან სწავლობენ, რომლებიც მათზე ზრუნავენ. თუ დიდები მდუმარედ იტანენ თავიანთ დარდს და განცდებს არ გამოხატავენ, ბავშვები ითვისებენ, რომ გრძნობების გამოხატვა და კითხვების დასმა დაუშვებელია. ამიტომაც ისინი ერთგვარად მარტოობაში გლოვობენ.

გახსოვდეთ, რომ ბავშვები ახდენენ ემოციების გამოხატვას ან საკუთარ თავში ჩაკეტვას, თუკი გარდაცვლილი მათთვის ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ისინი შეიძლება უფრო ხშირად ჩაერთონ ჩხუბებში, კამათებში, ნაკლებად კეთილსინდისიერად მოეკიდონ სკოლის გაკვეთილებს ან უარი თქვან მათთვის ადრე საინტერესო საქმიანობებზე.

თუკი სიკვდილი მოულოდნელი ან ძალადობრივი იყო, ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ კოშმარული სიზმრები ან აღენიშნებოდეთ სტრესის შედეგად გამოწვეული სხვა უფრო ძლიერი გამოვლინებები. აღდგენით პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

• რიტუალები - სამძიმარი, პანაშვიდის გადახდა, მოხსენიების დღეები, სანთლის დანთება და ლოცვები ეხმარება ბავშვებს, უკეთ გააცნობიერონ რეალობა, რომ ახლობელი ადამიანი ნამდვილად მოკვდა. ეს ასევე განიცდება, როგორც გარკვეული ვალის მოხდა და ზრუნვა.
• მოგონებები - ბავშვთან ერთად დაათვალიერეთ ფოტოები. და თუმცა თავიდან ეს მტკივნეულია, სასიამოვნო მოგონებები აღდგენის პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელია, რომელიც ძალას მატებს ადამიანს დანაკარგთან გამკლავებაში. ბავშვს შეიძლება ყოველთვის მოენატროს გარდაცვლილი ადამიანი, მაგრამ დროსთან ერთად ისინი აღარ იტირებენ მისი მოგონებისას და გაღიმებას დაიწყებენ.

სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ გლოვისა და დარდის პერიოდის ხანგრძლივობა ყველასათვის ერთნაირი არაა. მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ბავშვი კარგად ცხოვრობს, მას დასევდიანების ბევრი მომენტი ექნება, განსაკუთრებით პირველი წლის განმავლობაში. დღესასწაულებმა, დაბადების დღეებმა, სხვა ბავშვების ახლობლების დანახვამ ეს დარდი და სევდა შეიძლება უფრო დაამძიმოს.


როგორ უნდა ველაპარაკოთ


იყავით გულახდილი, მაგრამ მგრძნობიარე. თქვენი სხეულის ენამ ბავშვს უნდა გადასცეს, რომ ბავშვის რეაქციას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ასეთი სიტყვებით უთხარით: ”მე ძალიან სამწუხარო ამბავი მაქვს. გუშინ დილით შენი დედიკო მოკვდა.” არ იხმაროთ სიტყვები: გარდაიცვალა, სული დალია, ზეცაში წავიდა და სხვა.

თუ ბავშვს კითხვები ექნება, პატიოსნად და გულახდილად უპასუხეთ. მძიმე, შემზარავი დეტალები გამოტოვეთ: ”გახსოვს, დედა რომ ავად იყო და მკურნალობდნენ? მერე მას მდგომარეობა გაურთულდა. მისი ავადმყოფობის სამკურნალო წამლები ჯერ არ გამოუგონიათ. მისი ავადმყოფობა რჩება უმეტესად, მაგრამ დედა მძიმედ იყო ავად; ძალიან გვიან მიხვდა, რომ ავად იყო, იმდენად, რომ წამლებმა ვერ უშველეს და ის მოკვდა”. არ ახსენოთ საავადმყოფო, ექიმები, რათა მან არ დაკარგოს ექიმების და სამედიცინო დაწესებულებების ნდობა და მათი სახით ბავშვს „მტრის ხატი“ არ ჩამოუყალიბდეს.

ბავშვებს შეიძლება გაუჩნდეთ შიში თქვენი, ოჯახის სხვა წევრის, საკუთარი უსაფრთხოების გამო. თუ ბავშვი შეგეკითხებათ, მოკვდება თუ არა თვითონ, ან ოჯახის რომელიმე წევრი, ან თქვენ, - ის უნდა დავამშვიდოთ შემდეგნაირად: ”ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი კვდება. მაგრამ ადამიანების უმეტესობა ღრმა სიბერემდე ცოცხლობს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დიდხანს არ მოვკვდე, შენც გასწავლი, როგორ უნდა გაუფრთხილდე შენს თავს, შენს ჯანმრთელობას, რომ დიდხანს, სიბერემდე იცოცხლო, იქამდე, სანამ ბევრი შვილი და შვილიშვილები და იმათი შვილები გეყოლება.”

ზოგიერთი თქვენზე მონდობილი ბავშვი დაიწყებს მეტისმეტად წუხილს თქვენ გამო, მაგალითად, როცა გაცივდებით, რამე აგტივდებათ, ან ცუდ ამინდში სადმე მანქანით გაემგზავრებით. გამოხატეთ თანაგრძნობა, შემდეგ კი დაამშვიდეთ, რომ ყოველთვის ზრუნავთ თქვენს თავზე. ”მე მგონია, შენ გაღელვებს, რო მე შეიძლება მოვკვდე, ისევე, როგორც დედა. შენ ეს ფიქრები გაშინებენ , მაგრამ შენ და სხვა ბავშვები, კიდევ სხვა ახლობელი ადამიანები ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის. ამიტომაც შენ უნდა იცოდე, რომ მე ძალიან კარგად ვზრუნავ ჩემს თავზე. ძალიან ფრთხილად ვარ და თავს ვუვლი”.

დაამშვიდეთ ბავშვი, შეახსენეთ სხვა მომენტები, როცა ისინი დარდობდნენ, წუხდნენ, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა: ”გახსოვს, ორი თვის წინ შენ რომ დარდობდი, როცა მე სიცხე მქონდა და წამლებს ვსვამდი? მაგრამ მე მოვრჩი, ხომ ასეა?”

აცნობეთ თქვენი განცდების შესახებ, როცა ხედავთ, რომ ბავშვი დარდობს, მაგრამ თქვენ არაფერს გეუბნებათ: ”სხვა ბავშვებს დედები აკითხავენ. დედაშენი კი შენთან არაა. მეც ვწუხვარ ამის გამო და ვდარდობ”.

რელიგიურ შეხედულებებზე გაამახვილეთ ყურადღება. მათ შვება მოაქვთ: ”მე ვიცი, რომ დედა ახლა ღმერთთანაა. მე ნამდვილად მჯერა, რომ ის ახლა გვიყურებს. უბრალოდ, მას არ შეუძლია დაგველაპარაკოს. ყოველთვის, როცა მისთვის ვლოცულობთ, მას ჩვენი ესმის. ის მოკვდა, მაგრამ შენ ისევ უყვარხარ”.

პატარა ბავშვების უმეტესობას არ შეუძლია პანაშვიდებზე და დაკრძალვაზე დასწრება. ჰკითხეთ ბავშვს სურს თუ არა დაესწროს პანაშვიდს, დაკრძალვას, გაითვალისწინეთ მისი აზრი და თვითონ გადაწყვიტეთ, დაასწროთ თუ არა ამ რიტუალებს. თუ ბავშვს ის აშინებს, რომ იქ მიცვალებულს ნახავს, აუხსენით, რომ დაკრძალვებზე ძირითადად დიდები ესწრებიან, ბავშვებისთვის კი სავალდებულო არაა დაკრძალვაზე წასვლა. შესაძლოა, სასარგებლო იყოს ბავშვებთან გარკვეული რიტუალის შესრულება: ერთად წაიკითხოთ ლოცვები, ცაში საჰაერო ბუშტი გაუშვათ, ან დაწეროთ მიცვალებულის სახელზე მოკლე წერილი და შემდეგ ეს წერილი დაწვათ.

თუკი თქვენი ბავშვი დაკრძალვაზე დასწრებას აპირებს, აუხსენით, რა შეიძლება ნახოს იქ: ”შეიძლება ის ისე არ გამოიყურებოდეს, როგორიც შენ გახსოვს, იმიტომ რომ როცა ადამიანი კვდება, ის გარეგნულად ცოტათი იცვლება. იქ შეიძლება ვინმემ კუბოსთან ხმამაღლა იტიროს, ლოცვა წაიკითხოს, თუ შენც მოგინდება, შეგიძლია ასევე მოიქცე”. გააფრთხილეთ ბავშვი, რამდენი ხანი შეიძლება მოუხდეს იქ ყოფნა.
თუკი თქვენი ბავშვი ერთი თვის შემდეგაც იმას ხედავს, რომ თქვენ ისევ დარდობთ ან ტირით, თავი ისე არ მოაჩვენოთ, თითქოს კარგად ხართ: ”მე დედაზე ვფიქრობდი და უცებ ძალიან დავსევდიანდი. ზოგჯერ მე ის ძალიან მენატრება.”

როგორ არ უნდა ველაპარაკოთ

• „მე ვიცი, როგორც ხარ, მაგრამ დედას ენდომებოდა, რომ მხიარულად ყოფილიყავი (ან საჭმელი ბოლომდე გეჭამა)”
ნებისმიერი შენიშვნა, რომ ბავშვი ასეთ ხასიათზე არ უნდა იყოს, მასში, სულ ცოტა, შეცბუნებას გამოიწვევს. უარეს შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება დამნაშავედ ჩათვალოს თავი იმის გამო, რომ ისე არ იქცევა, როგორც ენდომებოდა მიცვალებულს. აჯობებს ვუთხრათ: ”დედა ხვდება, რომ შენ ახლა დარდობ. მას ესმის, რომ შენ ჭამა არ გინდა. ეს მეც მესმის. მაგრამ მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დედა ელოდება იმ დღეს, როცა შენი დარდი ჩაცხრება და შენ უფრო გამხიარულდები. დედამ იცის, რომ ამისთვის შენ დრო გჭირდება”.
• ”დედა ახლა არაჩვეულებრივ მოგზაურობაში წავიდა, სადაც ოდესმე ყოველი ადამიანი წავა”; ”დედამ სამუდამოს დაიძინა”.
8-9 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით ესმით. სიტყვების ”მკვდარი” ან ”მოკვდა”-ს ნაცვლად სხვა სიტყვების გამოყენებით თქვენ შეიძლება ბავშვი დააბნიოთ. მას შეიძლება აღარასოდეს მოუნდეს მოგზაურობა ან დაძინების შიში გაუჩნდეს.
• ”დედა მას შემდეგ მოკვდა, რაც ის საავადმყოფოში წაიყვანეს”. ”დედა უბედური შემთხვევის შედეგად მოკვდა”.
ბავშვები ზოგჯერ საავადმყოფოებში, ავარიებში ხვდებიან და ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარ შემთხვევებს ყოველთვის სიკვდილი მოჰყვება. პირიქით, თქვენმა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის უბედური შემთხვევა ძალიან სერიოზული იყო, ტრავმები და საავადმყოფოში დაწოლა ჩვეულებრივ სიკვდილით არ მთავრდება.
• ”დედა ავად იყო და იმიტომ მოკვდა”
ბავშვებიც ხდებიან ავად. აუხსენით ბავშვს, რომ დედა მძიმედ იყო ავად და რომ წამლებმა, რომლებიც ჩვეულებრივ შველის, მას არ უშველეს, რადგან მისი დაავადება ძალიან მძიმე და სერიოზული იყო.
• ”ნუ ნერვიულობ, მე არასოდეს მოვკვდები”.

აჯობებს უთხრათ, რომ თქვენ ღრმა სიბერემდე სიკვდილს არ აპირებთ. თუკი ბავშვი შეგეკითხებათ, რა მოუვიდოდა მას, დედაც და მამაც რომ მომკვდარიყვნენ, აუხსენით, რომ მანამდე მოუძებნიდით მას კარგ მზრუნველს. ამავე დროს დაამშვიდეთ, რომ არ ფიქრობთ, ეს ასე მოხდეს.

• ”უკვე 2 წელი გავიდა, რაც დედა მოკვდა. ყველა დამშვიდდა, დაწყნარდა, შენ აქამდე რატომ დარდობ და ნერვიულობ?”

დავიწყების საუკეთესო საშუალება - გახსენებაა. რაც არ უნდა ურთიერთგამომრიცხავად ჟღერდეს ეს, ადამიანები უკეთ გადალახავენ დანაკარგის სიმძიმეს, როცა მათ აქვთ თავისუფლება გაიხსენონ გარდაცვლილი და იდარდონ მასზე. აჯობებს, თუკი გამოხატავთ თანაგრძნობას. შეიძლება მისი სევდა გამოწვეული იყოს იმით, რომ მის მეგობარს ნათესავი მოუკვდა. მრავალი მიზეზი არსებობს. ამიტომ აჯობებს, თუკი პირიქით ეტყვით: ”ეს ნორმალურია, როცა ზოგჯერ სევდიანი ხდები. რა მოხდა ამჟამად ისეთი, რამაც აგანერვიულა?”

ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სულიერი წონასწორობის აღდგენა დროს მოითხოვს. ბავშვებში ამგვარი აღდგენა უფრო სწრაფად ხდება, როცა მასზე მზრუნველ ადამიანებს შეუძლიათ მისი მხარდაჭერა, მისი საჭიროებების დაკმაყოფილება, როცა მათ იციან, როგორ დაამშვიდონ ბავშვი, აგრეთვე როცა ისინი ყოველთვის მზად არიან, მოუსმინონ ბავშვს.



 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ