მშობლებისთვის

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სტრესთან გამკლავებაში
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ბავშვზე მატრავმირებელი მოვლენების ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს, პირველ რიგში, მშობლების, ბავშვის უახლოესი გარემოცვის გავლენით. თუ ბავშვი გარემომცველთაგან სიყვარულს, ყურადღებას, მხარდაჭერას გრძნობს, მასზე სტრესული სიტუაციის გავლენა მცირდება; და პირიქით, უარყოფითი ეფექტი გაძლიერდება, თუ ბავშვი ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც ადამიანები ბავშვისა და ერთმანეთის მიმართ უყურადღებონი ან უხეშები არიან.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მზრუნველი, მოსიყვარულე ოჯახი ჯერ კიდევ არაა საკმარისი პირობა იმისათვის, რომ ბავშვს ტრავმის დაძლევაში დავეხმაროთ. თუ მშობლები ან ბავშვზე მზრუნველი ადამიანები გადატანილი ტრავმის შესახებ რეგულარული საუბრისათვის მზად არ არიან, ტრავმის ზეგავლენის შემცირება გაძნელდება და დროში გახანგრძლივდება.

მშობლებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ მატრავმირებელ მოვლენებზე საუბარმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტრავმა მიაყენოს ბავშვს. ბავშვებს სჭირდებათ, რომ მათთან ერთად განიხილონ, (დახატონ ან გაითამაშონ კიდეც) გადატანილი უსიამოვნო მოვლენები.

გახსოვდეთ, ბავშვის რეაქციას და საერთოდ, მის მდგომარეობას უმთავრესად განსაზღვრავს ის, თუ როგორ რეაგირებენ მშობლები გადატანილ ტრავმაზე.

ბავშვებში სტრესის, დარდის, ემოციური დაძაბულობის ნიშნებია:
• აგრესიულობა;
• ძილის პრობლემები (დაძინების სიძნელე, მოუსვენარი ძილი, ძილში წამოყვირებები, ტირილი);
• ღამის კოშმარები;
• ჭირვეულობა, უმიზეზო ტირილი;
• ღამით შარდის შეუკავებლობა;
• სისუსტე, მოთენთილობა;
• უდროო დროს ჭამა ან ძილი;
• სომატური ჩივილები _ მუცლის, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პირღებინება, გულისრევის შეგრძნება და სხვა;
• სკოლაში მოსწრების გაუარესება;
• თამაშები ძირითადად შემოიფარგლება ომობანას თამაშით;
• მშობელთან განშორების შიში;
• მუდმივად მომხდარზე საუბარი ან ფიქრი;
• სხვა ნიშნები, რომლებიც ადრე მისთვის არ იყო დამახასიათებელი.
ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არ იყოს იმდენად თვალშისაცემი:
• ბავშვი შეიძლება უფრო ჩუმი გახდეს, განცალკევდეს. შეიძლება უფრო მეტს კითხულობდეს ან წერდეს, ვიდრე საერთოდ;
• მოზარდი შეიძლება ჩამოშორდეს მეგობრებს, აღარ ხვდებოდეს მათ ისე ხშირად, როგორც ადრე.

ეს ნიშნები შეიძლება ადვილად გამოგეპაროთ, რადგან თქვენ შესაძლოა მოგეწონოთ კიდეც ბავშვის ქცევა (“დაჭკვიანდა, სულ სახლშია და კითხულობს”, “ადრე ძალიან ხმაურიანი იყო, ახლა ისე ჩუმადაა, მის ყოფნას ვერც გაიგებ” და სხვა).

ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს როგორც მწვავე ნიშნები მსუბუქი სტრესის შემდეგ, ასევე ნაკლებადმწვავე ნიშნები ძლიერი სტრესის შემდეგ. ნუ იმსჯელებთ ემოციური

ზემოქმედების შესახებ მხოლოდ სტრესული სიტუაციის სერიოზულობის მიხედვით.

ზოგიერთი ნიშანი დამოკიდებულია ასაკზე.

• 5 წლამდე ასაკის ბავშვები მაინცდამაინც არ ავლენენ დარდს, წუხილს, რადგანაც ისინი ვერ ახერხებენ კრიზისული სიტუაციის გააზრებას.
• 6-11 წლამდე ასაკის ბავშვები კონკრეტულ შიშებს ავლენენ (სიკვდილის მარტო დარჩენის, სიბნელის, ხმაურის, ახლობელი ადამიანის დაკარგვის და სხვა შიშები);
• მოზარდებს (11-17წ.) უფრო კარგად აქვთ გააზრებული პრობლემა, მაგრამ მათთვის დამახასიათებელია შიშების გაზვიადება. კონკრეტული შიში ძლიერ გავლენას ახდენს მათ ფიქრებზე, ქცევაზე. მათთან საჭიროა დარწმუნებითი საუბრის ჩატარება.

თუ თქვენი შვილების რეაქცია მეტისმეტად გადაჭარბებულად გეჩვენებათ, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართეთ.
რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემს შვილებს დავეხმარო?

• ესაუბრეთ!!! ბავშვებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ესაუბროთ მათ გრძნობებზე. საუბრის თავისებურება ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება ბევრი რამ არც ჰქონდეს სათქმელი. დაწყებითი კლასების ბავშვები უფრო კარგი მოსაუბრენი არიან. მოზარდები საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ. ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს. ნუ ეცდებით, ჭკუა დაარიგოთ. ის ხომ თავის განცდებს, ფიქრებს გიზიარებთ.
• უბიძგეთ ნორმალური თამაშებისა და ურთიერთობების დამყარებისაკენ. თქვენმა შვილებმა შეიძლება მეტი დაინტერესება გამოხატონ ომობანას თამაშის მიმართ. ეს ნუ შეგაშფოთებთ. ბავშვები ასე ცდილობენ დაძლიონ ომით გამოწვეული შფოთვა და ის თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარონ;
• მიეცით ბავშვს საშუალება, ილაპარაკოს იმაზე, რის თქმაც სურს. წაახალისეთ გახსნილობისაკენ: “როცა მოგინდება, შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მოხდა”;
• ხელი შეუწყვეთ, რომ გამოხატოს თავისი მღელვარება, როგორც შეუძლია (ლაპარაკი, ხატვა, დღიურის წერა, ცეკვა და სხვა);
• მაქსიმალურად ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ბავშვი გრძნობს, როცა თქვენ შეწუხებული, აღელვებული ან დადარდიანებული ხართ. რაც უფრო შეწუხებული იქნებით თქვენ, მით უფრო შეწუხებული იქნება თქვენი შვილი. ამიტომ ეცადეთ, თავი აკონტროლოთ.
• თუ ბავშვს ტელევიზორში ომის ამსახველი სცენების ყურება სურს, მიეცით საშუალება, უყუროს, მაგრამ თქვენც იქვე იყავით, რათა დაეხმაროთ და აუხსნათ, რა ხდება ტელევიზორში;
• შთაუნერგეთ თქვენს ბავშვს უსაფრთხოების გრძნობა. უთხარით, აჩვენეთ, აგრძნობინეთ თქვენს შვილს, რომ თქვენც და ოჯახის სხვა წევრებიც ყველაფერს აკეთებთ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ ცუდი არაფერი მოხდება, მაგრამ ყოველთვის ხაზი გაუსვით იმ მომენტს, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ მან თავი საიმედოდ და უსაფრთხოდ იგრძნოს და რაც არ უნდა მოხდეს, მას მზრუნველობა არ მოაკლდება. ბავშვს ეს მტკიცედ უნდა სწამდეს.

როგორ უნდა ველაპარაკოთ? საუბრის შინაარსი და თქვენი ახსნა-განმარტებები ბავშვის ასაკსა და მის თავისებურებებზე იქნება დამოკიდებული: 

• 5-6 წლის ბავშვი ხშირად მიტოვების შიშს ავლენს. მეტად მნიშვნელოვანია აუხსნათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მას მზრუნველობა არ მოაკლდება.
• 6-11 წლის ბავშვი სიკვდილის, სისასტიკის პერსონიფიცირებას ახდენს (მას სიკვდილი, ნგრევა, სისასტიკე იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის სახით წარმოუდგენია, ვინც ეს ჩაიდინა - მტრის ჯარისკაცი, ყაჩაღი და სხვა). ბავშვს ეშინია, რომ ის, ვინც ეს ჩაიდინა, დაბრუნდება მისი ან მისი საყვარელი ადამიანების მოსაკლავად. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დარწმუნება უსაფრთხოებაში.
• მოზარდს შეიძლება დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეს. ის თავს “დიდად” თვლის და მიაჩნია, რომ ოჯახი, სამშობლო უნდა დაიცვას. მოზარდს სიბრაზე იპყრობს და სიბრაზეზე ბუნებრივი რეაქცია ვინმეს მოკვლის სურვილი შეიძლება იყოს. საჭიროა მშვიდად ესაუბროთ მას მისი გრძნობების, განცდების, აგრესიის, ცრურწმენების შესახებ. “მოდი, ვილაპარაკოთ იმაზე, რას ფიქრობ, რას გრძნობ”.

თუ ბავშვი სიკვდილზე ლაპარაკობს და სიკვდილის შიშს ავლენს, ესაუბრეთ მას ამ თემაზე. მოზარდებთან თამამად შეიძლება სიკვდილის თემაზე საუბარი, მაგრამ პატარა ბავშვს არასაჭირო დეტალებით ნუ გადატვირთავთ.

თუ ბავშვს გაუჩნდა სიმპტომები, რომლებიც თქვენ გაშფოთებთ (შარდის შეუკავებლობა, კოშმარები, თქვენი დაკარგვის შიში და სხვა), დაამშვიდეთ იგი, უთხარით, რომ ეს ყველაფერი ნორმალური და ბუნებრივია: “ბავშვები, რომლებმაც იგივე გადაიტანეს, რაც შენ, მერე ხშირად ისველებენ საწოლში ან ვერ იძინებენ შიშისაგან, ან რაღაცების ეშინიათ. ეს ყველაფერი მალე გაგივლის”.

ხშირად შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ რაც მოხდა, ის უკვე დამთავრდა და ახლა ის უსაფრთხოდაა: “ახლა შენთან ყველაფერი რიგზეა. მე შენს გვერდით ვარ და შენ უსაფრთხოდ ხარ. რაც მოხდა, საშინელებაა, მაგრამ ეს დამთავრდა. საუბრისას ნუ გამოიყენებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “ეს არასოდეს განმეორდება” ან “ყველაფერი კარგად იქნება”. ყოველთვის გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებს თქვენი ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად.

ყურადღება! არ გამოგრჩეთ დარდის, სტრესის ნიშნები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ნიშნები იმდენად მწვავეა, რომ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ცხოვრებაზე.
თუ თქვენი შვილი მაინც მეტისმეტად აღელვებული გეჩვენებათ, დახმარებისათვის სპეციალისტს მიმართეთ.

 



 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ