მშობლებისთვის

სექსუალური ძალადობა: როგორ გავაფრთხილოთ ბავშვი ამის შესახებ?
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ძალიან ხშირად სექსუალური დევნის შემთხვევები მანამდე ხდება, სანამ მშობელი ან აღმზრდელი ბავშვებს ამ ფაქტის შესაძლებლობას აუხსნის. ამიტომ მიზანშეწონილია ბავშვთან ადამიანის სექსულურობის ძირითად მომენტებზე საუბარი მანამ, სანამ გამოთქმა “სექსუალური ძალადობის საფრთხე” მისთვის რაიმეს მთქმელი გახდება. ცხადია, ამ თემაზე საუბრისას ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი სიტყვები ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ.

შემდეგ აუცილებელია ავუხსნათ, თუ როგორი შეხება ითვლება დაუშვებლად, სახიფათოდ, ანუ როგორი შეხებისას შეიძლება იგრძნოს ბავშვმა თავი უხერხულად, და როგორ განასხვავოს ისინი სასურველი, უსაფრთხო შეხებისაგან (ჩახუტება, მოძრავი თამაშებისას შეხება, ექიმთან გასინჯვა და სხვა). ამასთან შეეცადეთ არ დააფრთხოთ ბავშვი. თქვენ უბრალოდ უნდა აუხსნათ, რომ გარკვეული შეხებები დაუშვებელია და რომ უცხოებს უფლება არა აქვთ ბავშვებს შეეხონ იქ, სადაც მოესურვებათ.

კარგი იდეაა მოვუყვანოთ ბავშვს მაგალითები, სად და როგორ შეიძლება შეხვდნენ მოძალადეს: უცნობი ადამიანი მანქანაში, მამაკაცი, რომელიც ბავშვებს შოკოლადს, ნაყინს სთავაზობს; ვინმე, ვინც ბავშვს ყურადღებას მიაქცევს, შემდეგ კი “ექიმობანას” თამაშს შესთავაზებს; ვინმე, ვინც ბავშვს დახმარებას სთხოვს, ვთქვათ, დაკარგული ძაღლის მოსაძებნად; ვინმე, ვინც რეჟისორად ან მსახიობად გაეცნობა ბავშვს და ფილმისათვის სასინჯი ფოტოების გადაღებას შესთავაზებს და სხვა. შეახსენეთ ბავშვებს, რომ მოძალადეები ხშირად კეთილმოსურნე ადამიანებად წარმოსდგებიან და ცდილობენ ბავშვების მოტყუებას სხვადასხვა საჩუქრებითა და მათთან დროის გატარებით. გარდა ამისა, კარგი იქნება როლური თამაშების ჩატარება, სადაც შეიძლება გათამაშდეს, თუ როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ გავერიდოთ მას.

 

როგორ უნდა ველაპარაკოთ:


• “სხეულის ნაწილებს, რომლებსაც შენ საცვლით იფარავ, ინტიმური ნაწილები ეწოდება. ჩვენ მათ ასე იმიტომ ვუწოდებთ, რომ ისინი არავინ უნდა დაინახოს მშობლისა და ექიმის გარდა. ამიტომაცაა, რომ შენ ვერასოდეს ხედავ ქუჩაში ადამიანებს უტანსაცმლოდ”.
• “ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთ ადამიანს უნდა ინტიმურ ადგილებზე შეგეხოს. მათ შეიძლება მოუნდეთ დუნდულებზე ან პენისზე (ვაგინაზე) შეგეხონ. არავისა აქვს ამის გაკეთების უფლება, თუ ის არ არის ექიმი, რომელსაც მე მიგანდე. თუ ვინმეს მოუნდება შეგეხოს ინტიმურ ადგილებზე, შენ შეგიძლია დაიყვირო ან ძალიან ხმამაღლა უთხრა “არა” და გაიქცე. შენ ყოველთვის შეგიძლია მომიყვე მე მომხდარის შესახებ”
• “არავისა აქვს შენს ინტიმურ ადგილებზე არათუ შეხების, არამედ ყურების უფლებაც. ამიტომაც ვუწოდებთ ჩვენ მათ ინტიმურს”.
• “ხდება ხოლმე, რომ ადამიანები, რომლებსაც უნდათ შეგეხონ ინტიმურ ადგილებზე, ჯერ ცდილობენ გაჩვენონ ფოტოები, რომლებზეც ადამიანები ტანსაცმლის გარეშე არიან გადაღებულნი. შენ, შესაძლოა, ამან დაგაინტერესოს, მაგრამ ასეთი ადამიანის ნდობა არ შეიძლება.”

ყველაფერი ზემოთქმული - ეს სწავლების ფორმაა. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვი ამაზე ძალიან მძაფრად რეაგირებს, უთანაგრძნეთ მას: “მე მგონი, შენ შეშფოთდი... შენ განიცდი, რომ ასეთი რამ შეიძლება შეგემთხვეს?” წაახალისეთ, რომ ბავშვმა შეკითხვებით მოგმართოთ: ”თუ შენ თვლი, რომ მსგავსი რამ უკვე შეგმთხვევია ან ვინმე გეხება იქ, სადაც არ შეიძლება, შენ აუცილებლად უნდა მომიყვე ამის შესახებ. შენ არასოდეს უნდა ჩათვალო ამაში თავი დამნაშავედ და არ უნდა შეინახო ეს საიდუმლოდ. ყველაზე კარგი იქნება, რომ დამელაპარაკო ამასთან დაკავშირებით”. 

არ შემოიფარგლოთ ერთჯერადი საუბრით. ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაში შეახსენეთ ბავშვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვას ”არა”, თუკი ვინმეს მოუნდება არაუსაფრთხოდ შეეხოს მას: ”გახსოვს, მე გელაპარაკებოდი ცუდ ადამიანებზე, რომლებსაც სურთ ბავშვებს ინტიმურ ადგილებზე შეეხონ. ახლა ტელევიზორში გადმოსცეს, რომ ერთი ადამიანი ამგვარი საქციელისთვის დააპატიმრეს. რას ფიქრობ ამის შესახებ?”

კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ? თუ ბავშვისთვის აშკარაა, რომ თქვენ გიმძიმთ ამ თემაზე საუბარი, მაშინ უთხარით: ”ეს ჩემთვის რთული თემაა, იმიტომ რომ მე მიჭირს ვიფიქრო ადამიანზე, რომელსაც შენთვის ზიანის მოყენება უნდა”. თუ თქვენ ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომლისთვისაც უხერხულია სექსის თემაზე საუბარი, იცოდეთ, რომ ბავშვი კარგად დაფიქრდება, სანამ ამის შესახებ მეორედაც დაგელაპარაკებათ.

დაამშვიდეთ ბავშვი. ”მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაცავად. ბავშვების უმრავლესობა არ არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, ზოგჯერ ასეთი რამ მაინც ხდება”. შეახსენეთ ბავშვს, რომ ასეთი რამ შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა გვერდით თქვენ არ ეყოლებით და ამიტომ მზად უნდა იყოს თქვას ”არა” და გაიქცეს, თუნდაც ეს ადამიანი ერთი იმათგანი იყოს, ვისაც იგი ენდობა.

 

როგორ არ უნდა ველაპარაკოთ:


• არ არის საჭირო, ბავშვებს ნათლად ავუღწეროთ, რაში მდგომარეობს სქესობრივი აქტი.
• ”თუ ვინმე შენთან ძალიან მეგობრულადაა, აუცილებლად მითხარი ამის შესახებ”. ასეთი გამოთქმა ძალზე ბუნდოვანია და თქვენს ინტერესებს ნაკლებად ასახავს. ბავშვები ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ. ამიტომ იყავით კონკრეტულები და აზრი ნათლად გამოხატეთ.
• ”უფრთხილდი უცნობებს”. სექსუალურ მოძალადეთა უმრავლესობა - ეს ადამიანებია, რომლებსაც თქვენი ბავშვები იცნობენ. გარდა ამისა, ბავშვები ხედავენ, რომ თვითონ თქვენ ბევრ უცნობ ადამიანთან კარგი დამოკიდებულება გაქვთ (ავტობუსში თანამგზავრებთან, მაღაზიის რიგში თქვენთან ერთად მდგომებთან, ქუჩაში გამვლელებთან, რომლებიც რაღაცას გეკითხებიან და სხვა). ამან ბავშვი შეიძლება დააბნიოს.

 



 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ