ბავშვებისთვის

შეხება და საიდუმლო
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

კარგი და ცუდი შეხება


ადამიანები ხშირად ხელით ეხებიან ერთმანეთს. შეხება ეხმარება ადამიანს, თავი დაცულად იგრძნოს. შეხება გაგრძნობინებს, რომ მნიშვნელოვანი ხარ და ვინმეს უყვარხარ - მაგალითად, როცა დედა გულში გიკრავს ან თავზე ხელს გისვამს. მშობლები ან მზრუნველები ეხებიან ბავშვს, როდესაც ბავშვის სისუფთავეზე ზრუნავენ - აბანავებენ, ჭრილობას უმუშავებენ, ტანსაცმელს უცვლიან. ასეთ შეხებას კარგ შეხებას უწოდებენ.

ცუდი შეხება უსიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეული და შეურაცხმყოფელია. ცუდი შეხების მაგალითებია: ხელის კვრა, ყურის აწევა, მხრის გაკვრა, პანღურის ამორტყმა და სხვა. ცუდ შეხებად ითვლება, როდესაც სხეულის იმ ნაწილებს ეხებიან, რომელიც საცვლებით არის დაფარული. სხეულის ამ ნაწილებზე შეხება შეიძლება მხოლოდ სისუფთავის დაცვის ან მკურნალობის დროს.

 

საიდუმლო

ბავშვებს, ისე როგორც დიდებს, აქვთ საიდუმლოებები. როგორც შეხება, საიდუმლოც შეიძლება იყოს კარგი და ცუდი. კარგი საიდუმლოს მაგალითია: დედას უყიდეთ საჩუქარი და მის დაბადების დღემდე საიდუმლოდ ინახავთ. მშობლებთან ერთად გადაწყვიტეთ, რომ სოფლად მცხოვრებ ბებოს ესტუმროთ და გაახაროთ. ბებოს წინასწარ არ ეუბნებით, რადგან გინდათ, რომ სიურპრიზი მოუწყოთ.


ცუდი საიდუმლო შეიძლება იყოს ისეთი რამ, რისი მოყოლისაც გრცხვენია ან მისი გამხელა ვინმემ სასტიკად აგიკრძალა. მაგალითად: შენმა მეგობარმა რაიმე ნივთი ან ფული მოიპარა; კლასელმა კლასელი ცემა და შენ ამის შესახებ იცი; ვინმე ისეთ ადგილას შეგეხო, რომ დაიძაბე და თავი უცნაურად იგრძენი.
ცუდი საიდუმლოებები ადამიანს მძიმე ტვირთად აწევს და აწუხებს. ცუდი საიდუმლო შეიძლება საშიში, საზიანო იყოს და საფრთხე შეუქმნას ბავშვს. საფრთხის არიდება შესაძლებელია, თუ დაიცავ უსაფრთხოების წესებს.


გაიგე უფრო მეტი, მიჰყევი ბმულს 

 

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ.