მშობლებისთვის

შიშები და შფოთვა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ღამის შიშები

სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებულია სიბნელისა და საწოლის ქვეშ ან კარადაში დამალული “ურჩხულების” შიში. თუ ბავშვი ამ ასაკიდან გამოვიდა, მაგრამ უცებ ისევ ეწყება შიშები, მშობელმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. აქ შეიძლება იყოს როგორც მარტივი მიზეზები (ბავშვმა საშინელებათა ჟანრის ფილმი ნახა), ასევე უფრო ღრმა საშიშროებები (შესაძლოა, ცოტა ხნის წინ რომელიმე ნათესავი გარდაიცვალა და ბავშვს ეშინია, რომ მასთან მოჩვენება მოვა).

განმეორებადი კოშმარები, განსაკუთრებით თუ ისინი რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდება, - იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს რაღაც აწუხებს. ხომ არ არის სახეზე სტრესული ფაქტორები, ისეთები, როგორიცაა ახალი სკოლა, ოჯახის წევრის სერიოზული ავადმყოფობა ან ოჯახური კონფლიქტები? ბავშვთან ამგვარი მომენტების განხილვა შეიძლება დაეხმაროს მას კოშმარებისგან გათავისუფლებაში.
ზოგჯერ სასარგებლოა ნება მივცეთ ბავშვს, ერთი ღამით იქ დაწვეს, სადაც მას სურს. მომდევნო ღამეს ბევრი ბავშვი უკვე მშვიდად იძინებს.

როგორ უნდა ველაპარაკოთ

თანაუგრძნეთ, ასწავლეთ და დაამშვიდეთ:

• “ასეთი რამ ბავშვების უმეტესობას აწუხებს, მაგრამ მალე ისინი იწყებენ იმის გაგებას, რომ თუ რაიმე კარგზე დაიწყებენ ფიქრს, ბოლოს და ბოლოს ხელახლა დაძინებას შეძლებენ”.
• „კოშმარებს შეუძლიათ ძალიან შეაშინონ ადამიანი და თუმცა ისინი რეალურები არ არიან, მაინც ნამდვილი გვგონია. კოშმარები ყველას ესიზმრება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველა სწავლობს მათი ნახვის მერე დაძინებას”.
• “ღამით ძალიან შეშინებული იყავი. იქნებ შენ რაიმე გაწუხებს?”

მოელაპარაკეთ:

• “შენ ღამით დაძინება გეშინია. წუხელ შენ ჩვენთან ერთად გეძინა. დღეს შენს საწოლში დაიძინებ. თუ გინდა, ცოტა ხანი შენთან ვიქნები, ან კარს უკან დავდგები. როგორ ფიქრობ, რა სჯობს, რომ შენთვის გავაკეთო?”
• “შენ კოშმარი გესიზმრა. სიზმრები ზოგჯერ საშიშებია, მაგრამ მათ შენთვის ზიანის მოყენება არ შეუძლიათ. მე ცოტა ხანს დავჯდები შენთან და შენ ნახავ, რომ უკეთესად გახდები”.
ბავშვების უმეტესობას შველის, როცა მშობელი შიშთან გამკლავებას თანდათანობით ასწავლის. მაგალითად, თუ ბავშვს მშობლის გარეშე დასაძინებლად დაწოლა ეშინია, პირველ ღამეს რომელიმე მშობელი შეიძლება მასთან ერთად დაწვეს. მომდევნო ღამეს მშობელს შეუძლია ცოტა ხანი ჩამოჯდეს ბავშვის საწოლთან და მერე ცოტა ხანი კართან დაელოდოს. შემდეგ – მშობელი ცოტა ხანი კართან დგება, შემდეგ ცოტა ხანი გადის და მერე ისევ ბრუნდება და ასე შემდეგ.

 

როგორ არ უნდა ველაპარაკოთ:

• „უკვე გვიანი ღამეა. რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ მოჩვენებები არ არსებობენ?”
• “შენ მამაცი უნდა იყო”.

ძირითადი წესი: თუკი მშობლების შეხედულებები განსხვავებულია, მაგალითად, ერთი მშობელი მზადაა არ მოშორდეს ბავშვს, მეორე კი თვლის, რომ ბავშვმა თავისით უნდა დაძლიოს შიშები, ასსეტ შემთხვევაში შიში შეიძლება მყარად შენარჩუნდეს. მშობლებმა უნდა შეათანხმონ ერთმანეთთან მოქმედების გეგმა, რომელიც მოიცავს ბავშვის დამშვიდებასაც, მხარდაჭერასაც და მზაობასაც, რომ გარკვეულ შიშებს ბავშვი დამოუკიდებლად დაძლევს.


უბედურების ან ტრავმის შიში

ამგვარი შიში შეიძლება გამოვლინდეს მშობელთან განშორების შფოთვის სახით, ან დაძინების შიშის სახით, ან ბავშვს შეიძლება ეშინოდეს, რომ ოჯახის კეთილდღეობა დაინგრევა, მას ან ოჯახის წევრს რამე მოუვა და სხვა. რიგ შემთხვევებში ეს შფოთვა დროებითია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ძლიერ შიშში გადაიზარდოს და ბავშვმა უარი თქვას, მაგალითად, სკოლაში სიარულზე, ქუჩაში გასვლაზე.

ამ დროს ბავშვს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ სკოლაში არ იაროს, რადგან შემდგომში შიშების დაძლევა კიდევ უფრო გაუჭირდება. ის ჩამორჩება სწავლაში, დაკარგავს მეგობრებთან კონტაქტს.

ხომ არ აქვს რომელიმე მშობელს დეპრესია? ზოგიერთი ბავშვი თავის თავზე იღებს მშობლის დაცვას, მასზე ზრუნვას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ არაა საჭირო მუდმივად მშობლის გვერდით ყოფნა იმისთვის, რომ მშობელს ყველაფერი კარგად ჰქონდეს. უეცრად გაჩენილი ძლიერი შფოთვა აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ. შესაძლოა, ბავშვზე ძალადობა განხორციელდა.


როგორ უნდა ველაპარაკოთ:

• აღმოუჩინეთ მხარდაჭერა, მაგრამ ნუ აჰყვებით შიშებს: “მე მესმის, რომ შენ გეშინია, მაგრამ სახლში დარჩენას არ ვაპირებ. მე ვიცი, რომ ცოტა ხანში უკეთ გახდები.”. ბავშვებმა უნდა ისწავლოს თავიანთ შიშებთან გამკლავება.
• “დღეს შაბათია და მე სამსახურში არ მივდივარ. მე ცოტა ხნით გავალ და ნახევარ საათში დავბრუნდები. მე მინდა, რომ შენ უთხრა შენს თავს: ყველაფერი კარგად იქნება”, მერე კი რაიმეთი დაკავდე. მე დავბრუნდები სახლში და მერე ისევ წავალ, ცოტა უფრო მეტი ხნით”.
• „იმ დღეებში, როცა შენ არ წუხარ, რას ეუბნები შენს თავს, რომ არ გეშინოდეს?” გამოავლინეთ ბავშვის უნარი, გაუმკლავდეს შიშებს, რომელიც მან, შესაძლოა, უკვე გამოიმუშავა.
• “დღეს შენ სკოლაში წახვალ, მაგრამ შეგიძლია დამირეკო სამსახურში ერთხელ”.
• „ბოლო სამი დღეა, შენ მირეკავდი სამსახურში. დღეს გამოვტოვოთ ტელეფონით დარეკვა. მე მგონია, რომ შენ შეძლებ ამის გაკეთებას”.
• „შენ იცი, რომ ჩვენი ძაღლი ზოგჯერ რაღაც ხმების გაგონებაზე ყეფს, რადგან ჰგონია, რომ მას ემუქრებიან? აი, ასე, შენს ორგანიზმშიც არის რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს რომ ასევე “იყეფო” და წუხდე ისეთი რაღაცების გამო, რაც სინამდვილეში პრობლემა არაა. შენ უნდა ასწავლო შენს ტვინს, რომ არ იყოს ასეთი განგაშის მდგომარეობაში”.
• „დღეს შენ წუხდი ჩემ გამო, მაგრამ მერე შენ შენს თავს უთხარი, რომ მე ყველაფერი კარგად მექნებოდა. ყოჩაღ!”

როგორ არ უნდა ველაპარაკოთ:

• “თუ ახლავე არ მიალაგებ შენს მაგიდას, საღამოს სახლში არ მოვალ, იცოდე!” (არასოდეს დაემუქროთ ბავშვებს, რომ მიატოვებთ მათ, როცა მათგან კარგად მოქცევას მოითხოვთ. მგრძნობიარე და მოუსვენარი ბავშვი ამან შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანოს).
• “ჩურჩუტო, რა სულელი ხარ!” – ნუ უგულებელყოფთ ბავშვის გრძნობებს. თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ ბავშვი იმაში, რომ მისი შიში უსაფუძვლოა, მაგრამ არ გაქვთ მისი კრიტიკის უფლება.
• “სინამდვილეში მე მიხარია, რომ დღეს შენ სახლში დარჩი. შენთან ერთად მე ყოველთვის უფრო კარგად ვარ. – ნუ წაახალისებთ ბავშვის შიშებს.
• “თუ შენ არ გაჩერდები, ახლავე დავუძახებ ექიმს”. – სპეციალისტის კონსულტაცია საჭიროა, როცა პრობლემა არ იხსნება, მაგრამ არასოდეს გააკეთოთ ისე, რომ ბავშვმა ექიმის გამოძახება სასჯელად ან თავისი შიშების დადასტურებად ჩათვალოს.
• “მუცელი გტკივა? კარგი, დღეს შეგიძლია სახლში ჩემთან ერთად დარჩე“. – ბავშვები ზოგჯერ იგონებენ ამ მიზეზბს. ნუ მისცემთ მათ საშუალებას, რომ თქვენით მანიპულირება მოახდინონ.

 



 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ