მშობლებისთვის

თანატოლთა ზეწოლა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

მოზარდები თავიანთი იმიჯის ფორმირებისას ზოგიერთი მათი თანატოლის სტანდარტებზე არიან ორიენტირებულები. საბედნიეროდ, ეს სტანდარტები არაა ისეთი გამომწვევი, რომ მშობლებს, აღმზრდელებს გული წაუვიდეთ. იმავდროულად აუცილებელია, რომ ბავშვებმა საკუთარი მსოფლშეგრძნება გამოიმუშაონ. ახალი გატაცებებსა და მიმართულებებზე აყოლა სხვა არაფერია, თუ არა ხერხი, რომლის მეშვეობითაც მოზარდი საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების ახალი საზღვრების შესახებ აღმოჩენებს აკეთებს - არკვევს, ვინ არის, რას წარმოადგენს, რა შეუძლია და რა არა. კარგია, თუკი მშობლები, აღმზრდელები და სხვა მოზრდილები ძალიან მძაფრად არ რეაგირებენ ამაზე.

ღირსეულად შეაფასეთ თქვენი ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე. მოზარდთა უმრავლესობას სურს ამის შესახებ ახლობელ მოზრდილებთან ლაპარაკი. თქვენს აზრს ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ, თუმცა გარეგნულად ეს შეიძლება არც გამოამჟღავნონ. თქვენი მიზანია, დაეხმაროთ ბავშვს იყოს თავდაჯერებული იმაში, რომ სწორად იქცევა და სხვის აზრს, სურვილს, შეთავაზებას. ბრმად არ აჰყვეს.
თქვენ თვითონ არასოდეს მოქცეულხართ სხვათა ზეგავლენის ქვეშ, როცა გინდოდათ, რომ მიეღეთ ან მოსწონებოდით? აკეთებთ თუ არა ზოგჯერ იმას, რაც არ უნდა გააკეთოთ (აჭარბებთ სიჩქარეს, არასწორად იკვებებით, ბავშვების თანდასწრებით, მეგობრებთან საუბრისას უწმაწურ სიტყვებს ხმარობთ და ა.შ.) და ხომ არ აცხადებთ ასეთ დროს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ამას თითქმის ყველა აკეთებს?

 

როგორ უნდა ველაპარაკოთ:


ასწავლეთ ბავშვებს არ მოექცნენ თანატოლთა ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ნუ დაუწყებთ ჭკუის სწავლებას. რჩევის მიცემა ამგვარად შეგიძლიათ: ”მეგობართა კომპანიის აყოლა ადვილია. გაცილებით ძნელია გააკეთო ის, რაც სწორია მაშინ, როცა ყველა გეუბნება გააკეთო ის, რაც არასწორია”; ”წინააღმდეგობის უნარის გამომუშავებით შენ თავიდან აიცილებ შენთვის საზიანო და სახიფათო ნაბიჯებს, მეტ დამოუკიდებლობას მოიპოვებ და ამდენად, თანატოლთა წრეშიც მეტი ავტორიტეტით ისარგებლებ”.
ბავშვებისთვის შეიძლება სასარგებლო და საინტერესო იყოს მაგალითები თქვენი ცხოვრებიდან. მაგალითად: ”ერთხელ ჩემმა მეგობრებმა სიგარეტი (ალკოჰოლი, ნარკოტიკი) მოიტანეს და გასინჯვა შემომთავაზეს. მე, რა თქმა უნდა, გავსინჯე, მაგრამ თავი უხერხულად და დაძაბულად ვიგრძენი, რადგან იმას ვაკეთებდი, რის გაკეთებაც არ შეიძლებოდა მე გადავაგდე სიგარეტი (გადავღვარე სასმელი). მეგობრები ცოტა ხანს დამცინოდნენ, მერე შეწყვიტეს“.

ასწავლეთ, როგორ თქვას ”არა”. შეგიძლიათ უთხრათ ბავშვს: ”ყოველ ადამიანს აქვს სამი ხელშეუხებელი უფლება: გააკეთოს ის, რაც მისთვის უკეთესია, თავად გააკეთოს არჩევანი და შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. როცა მეგობრები ცდილობენ დაგიყოლიონ გააკეთო ის, რის გაკეთებაც არ გინდა, სახიფათოა ან არ შეიძლება, უთხარი მათ, რომ შენ არ გინდა ამის გაკეთება და რომ ეს შენ არ გაინტერესებს; შემდეგ კი გაეცალე მათ”.

ასწავლეთ ბავშვს ”არა”-ს თქმის ნაბიჯები:
• მტკიცედ დადექი შენს პოზიციაზე, თავს ნუ მოიტყუებ და ნუ მოიგონებ “გასამართლებელ საბუთებს”;
• რამდენჯერმე გაიმეორე შენი “არა”, მიზეზების განმარტებისა და თავის მართლების გარეშე;
• გაცვალეთ ადგილები და თვითონ მოახდინე მოწინააღმდეგეზე ზეწოლა: “რატომ მაძალებ ამის გაკეთებას?”
• უარი თქვი საუბრის გაგრძელებაზე: “ამაზე ლაპარაკი აღარ მსურს”;
• შესთავაზე კომპრომისი ან ალტერნატიული ვარიანტი.

თანაუგრძნეთ ბავშვს მის მისწრაფებაში, თავი ჯგუფის წევრად იგრძნოს. უთხარით რაიმე თანაგრძნობის გამომხატველი. ამგვარად თქვენ ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად ნაბიჯს გადადგამთ:

• ”შენთვის ალბათ მნიშვნელოვანია აკეთო ის, რასაც ყველა შენი თანაკლასელი აკეთებს”.
• “ყოველ ადამიანს უნდა, რომ ის მიღებული იყოს თავის წრეში. მე კარგად ვერ ვიგრძნობ თავს, თუკი ჩემს გარემოცვაში “ვერ ჩავეწერები”.
• “ბავშვებს, რომლებიც თანატოლებს “არას” ეუბნებიან და შეუძლიათ მათ ზეწოლასთან გამკლავება, თავიდან რამდენადმე აკლიათ თავდაჯერებულობა, მაგრამ საბოლოოდ ისინი აცნობიერებენ, რომ სწორად იქცევიან”.

აუხსენით ბავშვს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, როგორ საქციელს ელით მისგან და როგორს - არა. თქვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გინდათ, რომ მათ სიძნელეების დასაძლევად და პრობლემების გადასაჭრელად დახმარებისათვის თქვენ მოგმართონ. აქ თქვენს წინაშე ჩნდება პრობლემა: როგორ მიაწოდოთ თქვენი თვალსაზრისი ისე, რომ ბავშვებმა უარი არ თქვან შესაბამისი მომენტების განსჯაზე:
• “მე ვერ შევძლებდი ჩემი, როგორც მშობლის ან აღმზრდელის მოვალეობის შესრულებას, თუკი გაიძულებდით დაგეჯერებინათ, რომ ალკოჰოლის მიღება - ეს კარგია. ალკოჰოლის მიღება ცუდია. თქვენ ჯერ ძალზე ახალგაზრდები ხართ. მაგრამ მე ასევე ვერ შევძლებდი ჩემი, როგორც მშობლის ან აღმზრდელის მოვალეობის შესრულებას, თუკი გაიძულებდით გშინებოდათ ჩემთვის იმის გამხელა, რომ მეგობართა ზეწოლას გრძნობთ, რომლებიც გაიძულებენ იყოთ ისეთები, როგორიც ყველაა”.
წაახალისეთ დამოუკიდებელი აზროვნება: “სიტუაციაში, როცა მეგობრები შენზე ზეწოლას ახდენენ, ჰკითხე საკუთარ თავს, კანონიერია თუ არა ეს, სამართლიანია თუ არა ეს, ზნეობრივია თუ არა ეს. შემდეგ შენთვის გადაწყვიტე, გინდა თუ არა იყო ერთი იმათგანი, ვინც ასე იქცევა”.

როგორ არ უნდა ველაპარაკოთ:


- ”მე არ მომწონს შენი მეგობრის გარეგნობა”. მოზარდმა, შესაძლოა, ვერ აიტანოს თქვენი ცალსახა მსჯელობები ადამიანის შესახებ მხოლოდ მისი გარეგნობის მიხედვით. დაელაპარაკეთ ბავშვის მეგობარს და შეეცადეთ უკეთ გაიცნოთ ის. თქვენ გაგიჩნდებათ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს ან პირიქით, უარყოფს პირველ შთაბეჭდილებას.
- ”რატომ არის შენთვის აუცილებელი იმის კეთება, რასაც ყველა დანარჩენი აკეთებს?” ჩნდება რისკი, რომ თქვენ გაიმეოროთ ის, რასაც ყველა საუკუნეში ამბობდნენ მშობლები: ”შენი მეგობარი ფანჯრიდან რომ გადახტეს, შენ რა, უკან მიჰყვები?” თქვენი მიზანი ხომ ისაა, რომ ბავშვმა გააცნობიეროს _ მას შეუძლია დარჩეს მეგობრებთან ერთად, მაგრამ დამოუკიდებლად იაზროვნოს. ამგვარი კითხვებით კი თქვენ მხოლოდ ადანაშაულებთ და უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ ბავშვს.
- ”შენ, რა, საკუთარი თავი არ გაბია?” გარდა იმისა, რომ ასეთი ნათქვამი ძალიან მკვეთრი და კრიტიკის შემცველია, ის პარადოქსულიც არის და ნიშნავს შემდეგს: ”თუ შენ ისე იქცევი, როგორც მე გეუბნები, მაშინ შენ საკუთარი თავი გაბია. მაგრამ თუ შენ ისე იქცევი, როგორც შენს მეგობრებს უნდათ, მაშინ შენ საკუთარი თავი არ გაბია.”
- ”ვიღაც-ვიღაცები შენი კლასიდან სიგარეტს ეწევიან? კისერი უტეხიათ, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და, შენზე რომ მსგავსი რამ გავიგო, იმ დღეს სამუდამოდ დაგამახსოვრებინებ, იცოდე!”
მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შეხედულება და პოზიცია, არამედ ისიც, რომ ბავშვის ნდობა მოვიპოვოთ და მისთვის მისაწვდომი ვიყოთ.



 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ