ბავშვებისთვის

უსაფრთხოების წესები
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

არსებობს ბავშვზე ძალადობის საფრთხის არიდების მნიშვნელოვანი წესები, რომლებსაც ხშირად უსაფრთხოების წესებს უწოდებენ. ამ წესების დაცვა დაგეხმარება, რომ საეჭვო სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს წესებია:

• ვინმესთან ერთად წასასვლელად, ყოველთვის ითხოვე ნებართვა მშობლებისაგან, მასწავლებლისგან ან იმ ადამიანისაგან, ვინც შენზე ზრუნავს და შენს უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს;

• მოერიდე უცხო ქუჩებს, შენობებს, პარკებს და სხვა უცხო ადგილებს; უკითხავად არც მარტო და არც მეგობრებთან ერთად არსად წახვიდე;

• ტელეფონით ან ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრაზე უარი თქვი. შენ მას ვერ ხედავ. მისთვის ადვილია, რომ სასურველ და საინტერესო ადამიანად, ბავშვადაც კი მოგაჩვენოს თავი; როდესაც სახლში მარტო ხარ, კარი მხოლოდ ოჯახის წევრებს გაუღე. სხვებისთვის კარის გაღება შეიძლება სახიფათო იყოს შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის.

• ყოველთვის გახსოვდეს შეხების წესი: შენი სხეულის იმ ნაწილებზე შეხება, რომლებსაც საცვალი ფარავს, შეუძლიათ მხოლოდ მშობელს ან ექიმს, სისუფთავის დაცვის ან მკურნალობის მიზნით.

 

ყოველთვის დაიცავი „7 არას წესი“:

არ დაელაპარაკო უცნობებს და არ შემოუშვა ისინი სახლში;
არ შეხვიდე მათთან ერთად ლიფტსა და სადარბაზოში;
არ ჩაუჯდე უცნობებს მანქანაში;
არ შეყოვნდე ქუჩაში სკოლის შემდეგ, განსაკუთრებით შებინდებისას;
არ უთხრა უცნობს შენი ტელეფონის ნომერი და მისამართი;
არ შეხვდე ტელეფონით ან ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს;
არ გამოართვა საჩუქარი უცნობს.

საფრთხის აცილებაში დაგეხმარება სიტყვა „არა“, თუ მისი წარმოთქმა თავისუფლად და დამაჯერებლად შეგიძლია. მაგალითად, თუ უცნობი გთხოვს, წაყვე სასეირნოდ, უპასუხე: „არა“!

თუ სკოლიდან წასაყვანად უცნობმა მოგაკითხა, მშობლებს კი წინასწარ არ გაუფრთხილებიხარ, უპასუხე: „არა“!

თუკი უცნობი უბრალოდ გთხოვს, რომ გაჰყვე და აჩვენო საჭირო ქუჩა ან დაეხმარო ჩანთის წაღებაში, მაინც უთხარი „არა“!

 

როგორ უნდა მოიქცე, თუკი უფროსი ადამიანი შენს დარწმუნებას ცდილობს?


ზოგჯერ შეიძლება უფროსმა ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს შენს „არას“ და დაჟინებით ეცადოს შენს დარწმუნებას. მაგალითად, ის გეუბნება: „მე შენ უკვე დიდი მეგონე, შენ კი თურმე მშობლებს უნდა დაეკითხო?!“ ასეთ ადამიანს მაშინვე უნდა გაერიდო. ხოლო სახლში მისვლისას აუცილებლად მოუყევი მომხდარის შე-სახებ მშობლებს, ოჯახის უფროს წევრებს.

 

როგორ ვთქვათ „არა“

მაგალითად, თუ უცნობი საჩუქარს გთავაზობს, უპასუხე:

• „არა! მე თქვენ არ გიცნობთ! წავალ, დედას ვეტყვი!“.
• „არას“ თქმის შემდეგ მაშინვე გაეცალე.
• აუცილებლად მოუყევი უფროსს ამ ამბის შესახებ!

 

გახსოვდეს! თუ არ გინდა, რომ ვინმე შეგეხოს, ყოველთვის შეგიძლია უთხრა მას:

• `არა, ნუ აკეთებ ამას“ ან „მე არ მინდა, რომ ეს გააკეთო“.
• „არას“ თქმის შემდეგ მაშინვე გაეცალე.
• აუცილებლად მოუყევი უფროსს ამ ამბის შესახებ!

გაიგე უფრო მეტი, მიჰყევი ბმულს  

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ