პროფესიონალებისთვის

უწყებათშორისი თანამშრომლობა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

თანამშრომლობა პასუხისმგებლობის გაზიარებაა. უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთგაგებაზე, როგორც ცალკეული სპეციალისტების, ისე უწყებების დონეზე. სპეციალისტებმა და სხვადასხვა სამსახურებმა ერთობლივად უნდა დაგეგმონ და მოახდინონ ბავშვისთვის სასარგებლო ღონისძიებების კოორდინირება.

თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფ ბავშვს ეხება. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელიც კი არის სამართალდამცავი, ჯანდაცვის, სოციალური და საგანმანათლებლო სტრუქტურების თანამშრომლობა, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასამთავრობო უწყებები.

სხვადასხვა სამსახურები და სპეციალისტები:

(a) ყურადღებით უნდა იყვნენ ბავშვზე ძალადობის ნიშნების მიმართ;
(b) ყურადღებით უნდა იყვნენ იმ ზიანის მიმართ, რომლის მიყენებაც პოტენციურ მოძალადეებს შეუძლიათ ბავშვისთვის;
(c) მზად უნდა იყვნენ თანამშრომლობისათვის. უნდა გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია, რათა შესაბამისი ღონისძიება დროულად გატარდეს.
(d) უნდა ჩაერთონ ბავშვის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე მიმართულ ქმედებებში;
(e) უნდა განიხილონ შესრულებული სამუშაოების შედეგები;
(f) უნდა ითანამშრომლონ მშობლებთან ან მეურვეებთან, თუ, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს არ უქმნის ბავშვის უსაფრთხოებას.

ნებისმიერი ექიმი, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ბავშვთან, ვალდებულია ამოიცნოს ძალადობისა თუ უგულებელყოფის ნიშნები და მიმართოს შესაბამის პირებს. მედიცინის წარმომადგენელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია ძალადობასთან ბრძოლის ყოველ ეტაპზე. ექიმის ვალდებულებაა:

 ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის ნიშნების ამოცნობა;
 იმ ბავშვების ამოცნობა, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება ან დაცვა;
 ბავშვზე ძალადობაზე ან უგულებელყოფაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ბავშვის გამოკვლევა;
 საფუძვლიანი დიაგნოზის დასმა, დაშვებული ცდომილების ფარგლებში;
 ოჯახის სტრუქტურის ცოდნა და ძალადობის სხვა პოტენციურ მსხვერპლ ბავშვთა ამოცნობა და დახმარება;
 იმ ოჯახების ამოცნობა, როლებსაც ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარება ან კონსულტაცია სჭირდებათ;
 ბავშვთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირების პროცედურების ცოდნა და საჭიროებისამებრ მათთან დაკავშირება.

იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემების წარმომადგენლებმა ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ღონისძიებების წარმატებით განხორციელება შეძლონ, სასურველია ორგანიზაციებში არსებობდნენ სპეციალურად მომზადებული პროფესიონალები, მაგ. ექიმები, ექთნები, ფსიქოლოგები და სხვა, რომლებიც წარმართავენ ძალადობისგან ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ საქმეებს.


როგორ უნდა მოიქცეთ

უნდა:
• მოუსმინოთ და ესაუბროთ ბავშვს;
• მოეკიდოთ სავარაუდო ზიანს ისეთივე ყურადღებით, როგორც ამას იზამდით სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების შემთხვევაში, მაგალითად, როგორიცაა, ტვინის სიმსივნე ან მწვავე ბაქტერიული მენინგიტი;
• დაუკავშირდეთ და ითანამშრომლოთ სხვა სპეციალისტებთან, როგორც სამედიცინო სფეროში, აგრეთვე მის გარეთაც;
• გახსოვდეთ, რომ მთავარი მიზანი არის ბავშვის კეთილდღეობა. არ მისცეთ საშუალება სხვა რაიმე გარემოებებსა და ფაქტორებს, ეს დაგავიწყოთ;
• გახსოვდეთ, რომ, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ იყვნენ ოჯახში მყოფი სხვა ბავშვებიც;
• შეინახოთ მოწესრიგებულად სხვადასხვა ჩანაწერები, იქნება ეს სატელეფონო საუბრები თუ რაიმე სხვა;
• მოიპოვეთ წინა ჩანაწერები;
• მოიძიოთ და გაითვალისწინოთ ბავშვის ოჯახური და სოციალური წარსული;
• დარწმუნდეთ, რომ შემდგომი ღონისძიებები სწორადაა წარმართული.


არ უნდა:
• მიიჩნიოთ, რომ აუცილებელია ძალადობის ზუსტი დიაგნოზის დასმა ბავშვზე ზრუნვის სამსახურებისთვის მისამართავად;
• ჩათვალოთ, რომ თქვენს მაგივრად ვინმე სხვა გამოიჩენს ყურადღებას;
• აწარმოოთ დამოუკიდებელი გამოძიება და არ უნდა შეინახოთ შექმნილი სიტუაცია საიდუმლოდ;
• გაწეროთ ბავშვი საავადმყოფოდან, თუკი არსებობს ეჭვი, რომ ის, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი იყო; თუ, რა თქმა უნდა, არ არსებობს შესაბამისი კანონიერი შეთანხმება;
• ეჩხუბოთ და ღიად დასდოთ ბრალი მშობლებს ბავშვზე ძალადობაში;
• აწარმოოთ გამოკითხვა და გამოკვლევა დამოუკიდებლად, სხვა სპეციალისტის დასწრების გარეშე.


ბავშვი და დახმარება

ბავშვს სჭირდება დახმარება, თუ:
(a) მას არ აქვს ასაკის შესაბამისი განვითარება;
(b) მისი ჯანმრთელობა ან განვითარება სერიოზული საფრთხის ქვეშაა;
(c) არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

შესაძლო პირობები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ ბავშვის განვითარებას:

(d) იზოლირებულობა, გარიყულობა, სიღარიბე;
(e) ძალადობა ოჯახში (მსხვერპლი ან ძალადობის მოწმეობა) - უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვის ემოციურ ჯანმრთელობაზე, ზოგჯერ ფიზიკურზეც;
(f) მშობლის ან მეურვის ფსიქიკური დაავადება - აქვს მრავლობითი ეფექტი; დაკავშირებულია უგულებელყოფასთან, რომელიც ზოგჯერ, შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე სავალალო შედეგების მომტანი გახდეს;
(g) მშობლის გონებრივი შეზღუდულობა ან განათლების დაბალი დონე - დაკავშირებულია უგულებელყოფის რისკებთან, რომელიც ზოგჯერ, შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე სავალალო შედეგების მომტანი გახდეს;
(h) ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის მოხმარება - დაკავშირებული მრავალ საფრთხესთან: ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა, ძალადობის რისკები; უსაფრთხოების რისკები სხვადასხვა სუბსტანციების გავლენის ქვეშ მყოფი მშობლები მანქანის საჭესთან ყოფნის დროს;
(i) ბავშვები ალტერნატიულ ზრუნვაში;
(j) პატიმრობაში ყოფნა, დროებითი განთავსების პირობებში ან საერთო საცხოვრებელში ცხოვრება, მუდმივი საცხოვრისის არქონა.

პროცედურები და მათი შესრულება არ არის საბოლოო მიზანი. ის მხოლოდ საშუალებაა, რომლის გამოყენებითაც ბავშვის მდგომარების გაუმჯობესება უნდა მოხდეს. არცერთი სახელმძღვანელო არ არის ბავშვებთან და ოჯახთან ურთიერთობის ზუსტი რეცეპტი. საკმაოდ რთული და სენსიტიურია ურთიერთობა ოჯახთან და ბავშვთან, როცა საქმე ამ უკანასკნელის კეთილდღეობას ეხება. სწორი მუშაობა გულისხმობს სხვადასხვა სამსახურებისა და სპეციალისტების თანამშრომლობას, მშობლებთან და ბავშვებთან ფაქიზ მუშაობას და ზუსტ პროფესიულ განსჯას.

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N152/ნ - N496 - N45/ნ ერთობლივი ბრძანების თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს.
ექიმები ვალდებულნი არიან, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე მოახდინონ ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობისა და ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთხვევის მართვა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172’6 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი ფიზიკური პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 50 ლარიდან 100 ლარამდე ოდენობით, შესაბამისი დაწესებულების (იურიდიული პირის) დაჯარიმებას 100 ლარიდან 200 ლარამდე ოდენობით.





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ