მიმდინარეობს გვერდის განახლება

რესურსები

მშობლებისთვის, პროფესიონალებისთვის

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

მშობლებისთვის, პროფესიონალებისთვის

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, და მათი თავიდან აცილებისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო.

ძირითადი რისკები

1. ზედამხედველობის ნაკლებობა ან უყურადღებობა
o უფროსების არასაკმარისი რაოდენობა ბავშვებთან შედარებით
o კვალიფიკაციის არმქონე ან შეუმოწმებელი პერსონალი
o ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების (ჯანმრთელობის, ემოციური, ქცევითი) უგულებელყოფა

2. ფიზიკური ძალადობა
o მკაცრი და არაგონივრული დასჯის მეთოდები
o არაუსაფრთხო გარემო (შეუმოწმებელი სათამაშო სივრცეები, დაუცველი სპორტული აქტივობები)

3. სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია

o პერსონალსა და ბავშვებს შორის შეუფერებელი ურთიერთობები
o კონფიდენციალურობის დარღვევა საძინებლებსა და სააბაზანოებში
o თანატოლების მხრიდან ძალადობა პერსონალის შეუმჩნევლად

4. ბულინგი და თანატოლთა ძალადობა

o სიტყვიერი, ემოციური ან ფიზიკური ბულინგი
o გარიყვა ან დამცირება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის, ან ეთნიკური წარმომავლობის გამო.

5. ონლაინ რისკები (ტექნოლოგიით აღჭურვილ ბანაკებში)

o კიბერბულინგი
o შეუფერებელი კონტენტის წვდომა
o ონლაინ გრუმინგი ან სექსთორშენი (სექსუალური დევნა, გამოძალვა)

6. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები

o გაუწყლოება, მზით გამოწვეული დამწვრობა, გადახურება
o ალერგიები, ინფექციები, დაუმუშავებელი ტრავმები
o პირველი დახმარების ცოდნის ნაკლებობა

პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები

ბავშვთა დაცვის პოლიტიკა და პროცედურები
ბანაკს უნდა ჰქონდეს შემუშავებული ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პოლიტიკა და ძალადობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეტყობინების მკაფიო, ბავშვის საჭიროებაზე მორგებული პროცედურები. ბავშვთა დაცვის პოლიტიკას უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს, როგორც პერსონალი, ისე მშობლები და ბავშვები.

ბანაკის თანამშრომლები, ასევე, უნდა იყვნენ ინფორმირებულები კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობაზე. ბანაკი იცავს ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომას ძალადობის მიმართ და ყველა შეტყობინებას სერიოზულად ეკიდება. მთავარი კომპონენტებს, რომელსაც ზოგადად ბავშვთა დაცვის პოლიტიკა და პროცედურები მოიცავს, შეადგენს:
• ბავშვებთან ქცევის კოდექსი
• ყველა თანამშრომლის წარსულის გადამოწმება და რეკომენდაციების შეგროვება
• ბავშვთა დაცვის შესახებ სავალდებულო ტრენინგები
• ბავშვების უსაფრთხო ზედამხედველობა ყველა აქტივობის დროს
• ძალადობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების მკაფიო პროცედურები
• მნიშვნელოვანია ანონიმური შეტყობინების სისტემების დანერგვა
• ბავშვების გაძლიერება, რომ იცოდნენ საკუთარი უფლებები და არ შეუშინდნენ საუბარს
• ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, შექმნას უსაფრთხო და პოზიტიური გარემო ბანაკში.

სასურველია ბანაკში ფსიქოლოგის ყოლა, როგორც გამოვლენილ ძალადობის შემთხვევების, ისევე, სხვა არასასურველი მდგომარეობების დროს ბავშვთა მხარდასაჭერად. ასევე, მნიშვნელოვანია ნდობით აღჭურვილი პირის, ან ბავშვთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა.

პერსონალის შერჩევა და მომზადება
პერსონალს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბავშვთა ბანაკის ყოველდღიურ საქმიანობასა და წარმატებაში. ისინი პირდაპირ პასუხს აგებენ კონკრეტულ ჯგუფში ან ასაკობრივ სექციაში მყოფი ბავშვების მოვლაზე, ზედამხედველობასა და აქტიურ ჩართულობაზე, მათი უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დადებითი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ყველა თანამშრომელმა (მათ შორის მოხალისეებმა და დროებითმა პერსონალმა) უნდა გაიაროს წინასწარი შემოწმება:
• ნასამართლობაზე – ცნობა უნდა იყოს მიღებული კანდიდატის საცხოვრებელი ქვეყნიდან, და საჭიროების შემთხვევაში იმ ქვეყნებისგანაც, სადაც მას მუშაობისა ან ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა.
• სქესობრივი დანაშაულის რეგისტრის შემოწმება – საჭიროა გადამოწმდეს ეროვნულ დონეზე; თუ არ არსებობს შესაბამისი რეესტრი, აუცილებელია გადამოწმება სამართალდამცავ ორგანოებთან.
• რეკომენდაციების შემოწმება – აუცილებელია მინიმუმ ორი რეკომენდაცია წინა დამსაქმებლებისგან ან იმ ინსტიტუტებისგან, რომლებიც ბავშვებთან მუშაობდნენ. რეკომენდაციებში უნდა შედიოდეს კითხვები ბავშვებთან მიმართებით კანდიდატის ქცევის შესახებ – იყო თუ არა რაიმე არასასურველი ინციდენტები ამასთან დაკავშირებით.

კანდიდატებმა უნდა გაიარონ სავალდებულო ტრენინგი ბავშვთა უსაფრთხოებაზე, პირველად სამედიცინო დახმარებასა და ინკლუზიურ მიდგომებზე. ტრენინგი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
• ბავშვზე ძალადობის ნიშნების ამოცნობა (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური ძალადობა, უგულებელყოფა)
• შესაფერისი და შეუფერებელი ქცევა (ფიზიკური შეხება, კომუნიკაცია, დისციპლინა)
• ძალადობის შემთხვევის შეტყობინების/რეფერირების პროცედურები (ვისთან და როგორ უნდა მოხდეს საეჭვო შემთხვევების შესახებ შეტყობინება)
• პროფესიული ეთიკა და პროფესიული საზღვრების დაცვა
• ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება – როგორ ვუპასუხოთ ბავშვის მხრიდან ძალადობის გამხელას

ყველა თანამშრომელმა უნდა წაიკითხოს და მოაწეროს ხელი ბანაკის ბავშვთა დაცვის პოლიტიკას და დაადასტუროს, რომ იცნობს და ეთანხმება ძალადობის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას, შეტყობინების ვალდებულებებსა და ეთიკის კოდექსს.

ბავშვებთან სამუშაოდ არ უნდა დაიშვას ის, ვისაც აქვს:
• ბავშვზე ძალადობის გამოცდილება ან ძალადობრივი ქცევა წარსულში
• რეკომენდაციებში არსებობს დაუდგენელი ან საყურადღებო ინფორმაცია
• უარს ამბობს გადამოწმებაზე ან ტრენინგების გავლაზე

უსაფრთხო გარემო

ფიზიკური გარემო, სადაც ბავშვთა ბანაკები იმართება, უნდა იყოს უსაფრთხო. ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ნიშნავს რისკების შემცირებასა და ისეთი ფიზიკური სივრცის უზრუნველყოფას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების კეთილდღეობას. ძირითადი კომპონენტებია:

• უსაფრთხო ინფრასტრუქტურა: შენობები, საძინებლები, სველი წერტილები და სამზარეულოები უნდა იყოს მტკიცე, სუფთა და მავნე ფაქტორებისგან დაცული (მაგ. ღია სადენები, ბასრი საგნები).
• დაცული საზღვრები: ბანაკის ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი ან მკაფიოდ მონიშნული, რათა ბავშვებმა არ დატოვონ ადგილი და ვიზიტორებზე კონტროლი განხორციელდეს.
• დაშვებული პირების მონიტორინგი: ბავშვებთან დაშვებული უნდა იყვნენ მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე პერსონალი ან სტუმრები. აუცილებელია მოსვლის/გასვლის რეგისტრაცია.
• გადაუდებელი შემთხვევებისთვის მზადყოფნა: ბანაკში უნდა იყოს სახანძრო მაშველები, პირველადი დახმარების კომპლექტი, ევაკუაციის გეგმა და გადამზადებული პერსონალი.
• ბავშვებზე მორგებული დიზაინი: სივრცეები უნდა იყოს ასაკზე მორგებული – მოიცავდეს სათამაშო ზონებს, დასასვენებელ ადგილებსა და ბავშვებისთვის ადაპტირებულ ტუალეტებს.
• პირადი სივრცის დაცვა: გოგოებისა და ბიჭებისთვის ცალკე და უსაფრთხო სველი წერტილები; პერსონალს არ უნდა ჰქონდეს ძილის ან ჰიგიენის საერთო სივრცე ბავშვებთან.

უსაფრთხო და კონფიდენციალურობის პრინციპებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა, ბავშვის ასაკთან შესაბამისი ზედამხედველობის უზრუნველყოფა და ყველა აქტივობის მონიტორინგი წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს მნიშვნელოვან კომპონენტებს.

ბავშვებთან კომუნიკაცია – ძირითადი პრინციპები

ბავშვთა ბანაკებში ეფექტური კომუნიკაცია ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ბავშვების ემოციურ კეთილდღეობას. პერსონალმა უნდა დაიცვას შემდეგი ძირითადი პრინციპები:
• ბავშვებთან საუბრისას გამოიყენეთ გასაგები, ასაკისთვის შესაფერისი ენა. ისაუბრეთ მათი ასაკსა და განვითარების დონის შესაბამისი მარტივი ენით.
• იყავით მარტივად მისადგომი და მოეპყარით პატივისცემით. შეინარჩუნეთ თბილი ტონი, მოუსმინეთ ყურადღებით და აგრძნობინეთ ბავშვებს, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია.
• შეინარჩუნეთ შესაბამისი საზღვრები. თავიდან აიცილეთ ზედმეტად პირადი საუბრები ან ემოციური დამოკიდებულება. ურთიერთობა უნდა იყოს პროფესიული და ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული.
• წაახალისეთ თვითგამოხატვა. შექმენით უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრები, გაგიზიარონ პრობლემების ან დისკომფორტის შესახებ.
• უპასუხეთ მხარდაჭერით. თუ ბავშვი გაგიზიარებთ რაიმე შემაშფოთებელს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მიუდექით პასუხისმგებლობით და მიჰყევით ბანაკის ბავშვთა დაცვის წესებსა და ანგარიშგების პროცედურებს.
• არ გამოიყენოთ დამამცირებელი ან მკაცრი ენა. კომუნიკაცია არ უნდა შეიცავდეს ყვირილს, მუქარას, სარკაზმს ან საჯარო დამცირებას.

მშობლების ჩართულობა და ინფორმირება

მშობლების ჩართულობა აუცილებელია ბავშვების უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და ნდობისთვის. ბანაკმა უნდა უზრუნველყოს:

• ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ბანაკის დაწყებამდე – მშობლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ბანაკის ყოველდღიური რეჟიმის, უსაფრთხოების ზომების, პერსონალის პასუხისმგებლობების, გადაუდებელი კონტაქტებისა და წესების შესახებ.
• ღია კომუნიკაციის უზრუნველყოფა – მშობლებს რეგულარულად უნდა მიეწოდოთ განახლებები ელექტრონული ფოსტით, შეტყობინებით ან ზარით ბანაკის აქტივობების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
• ინფორმირებული თანხმობის მიღება – მშობლებისგან საჭიროა თანხმობის ფორმების ხელმოწერა ბანაკში მონაწილეობის, სამედიცინო დახმარების, ფოტოების გადაღებისა და ექსკურსიებში მონაწილეობისთვის.
• ორიენტირებული კომუნიკაციის წახალისება – შეიქმნას სივრცე, სადაც მშობლებს შეუძლიათ კითხვების დასმა, შეშფოთების გამოხატვა ან მათი შვილის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება.
• ინციდენტების შესახებ დროული ინფორმირება – მშობლები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სერიოზული შემთხვევების, ქცევითი დარღვევების ან ბავშვთა დაცვის საკითხების შესახებ.

მშობლების ასეთი ჩართულობა ხელს უწყობს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას ყველა ბავშვისთვის.
დაუშვებელია მშობლის პირდაპირი ინტერაქცია სხვა ბავშვთან პრობლემის განხილვის, საყვედურის, დასჯისა თუ დაშინების მიზნით. მსგავსი ინციდენტები წარმოადგენს ბავშვის უსაფრთხოების დარღვევას და მათი პრევენცია ბანაკის ხელმძღვანელობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა.


ბავშვთა განათლება და ცნობიერების ამაღლება

საბავშვო ბანაკებში აუცილებელია გააქტიურდეს ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პატივისცემა, თანხმობა, უსაფრთხოება და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, რათა ბანაკის გარემო იყოს უსაფრთხო, მხარდამჭერი და ინკლუზიური. ქვემოთ მოცემულია ძირითადი ასპექტები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

1. პატივისცემის შესახებ ცნობიერების ამაღლება
• ბანაკის წესებში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ბავშვებსა და პერსონალს ერთმანეთის მიმართ აუცილებელია ჰქონდეთ პატივისცემა და კეთილგანწყობა.
• პატივისცემის არსის გაცნობიერებისთვის შესაძლებელია ყოველდღიური აქტივობებისა და ჯგუფური დისკუსიების გამოყენება – მაგალითად, ემპათიასა და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული თამაშები, ზღაპრები ან როლური თამაშები.
• ბანაკის პერსონალი თავად უნდა აჩვენებდეს პატივისცემის მაგალითს სიტყვით, ტონითა და ქცევით.

2. თანხმობის მნიშვნელობის სწავლება
• ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ თანხმობა აუცილებელია სხეულებრივ შეხებასთან და პირად სივრცესთან დაკავშირებით (მაგ.: ჩახუტება, ხელის დაჭერა).
• უნდა გამოიყენოთ ასაკთან შესაბამისი ენა, რათა აუხსნათ, რომ „არა“-ს თქმა ნებადართულია და რომ საკუთარი სხეული მათ ეკუთვნით.
• უნდა განმტკიცდეს ისიც, რომ თანხმობა აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვი-პერსონალს შორის, არამედ თანატოლებს შორის ურთიერთობაშიც.

3. უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლება
• ჩატარდეს გაცნობითი სესიები ბავშვებისთვის პირად უსაფრთხოებაზე: რა არის მისაღები და მიუღებელი ქცევა, როგორ დაიცვან პირადი საზღვრები და ვის უნდა მიმართონ საჭიროების შემთხვევაში.
• ბანაკის ტერიტორიაზე ხილულად უნდა განთავსდეს ბავშვებისთვის მარტივად გასაგები უსაფრთხოების წესები.
• უზრუნველყოფილი უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და გასაგები მექანიზმები, რომ ბავშვებმა შეძლონ წუხილების გაზიარება ნდობით აღჭურვილ თანამშრომელთან.

4. ზომები ბულინგის წინააღმდეგ
• ბანაკს უნდა ჰქონდეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ბულინგთან მიმართებით, იქნება ეს სიტყვიერი, ფიზიკური, სოციალური თუ ონლაინ.
• პერსონალი უნდა იყოს გადამზადებული ბულინგის ადრეული ნიშნების ამოსაცნობად და დროული რეაგირებისთვის.
• ჩატარდეს გუნდური თამაშები, „მეგობრის სისტემის“ დანერგვა და სხვა ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს თანატოლთა მხარდაჭერასა და ჩართულობას.

5. ბავშვების ჩართულობა
• ბავშვები თავად უნდა ჩაერთონ ბანაკის „ღირებულებების სისტემის“ ან ერთობლივი შეთანხმების შექმნაში, რათა გაიზარდოს მათ მიერ წესების პატივისცემა.
• შეიძლება ჩატარდეს ინტერაქტიული და შემოქმედებითი აქტივობები (მაგ.: პოსტერების, სიმღერების, სცენების შექმნა), რომლებიც ეხება სიკეთეს, პირად საზღვრებს და თანატოლების დაცვას.
ამ ღირებულებების წინ წამოწევა ბანაკის დაწყებისთანავე ხელს უწყობს პატივისცემის, პასუხისმგებლობისა და გამძლეობის კულტურის გაძლიერებას, რაც აუცილებელია ბანაკებში ბავშვთა დაცვისა და ემოციური განვითარებისათვის.

ინკლუზიური მიდგომა

ინკლუზიური ბანაკი გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყოველი ბავშვი გრძნობს თავს მიღებულად, უსაფრთხოდ და დაფასებულად. ინკლუზიური მიდგომა პატივს სცემს სხვაობებს უნარებში, ენაში, ეთნიკურ კუთვნილებაში, გენდერში, რელიგიასა და სოციალურ წარმომავლობაში.
უპირველეს ყოვლისა, ბანაკის პერსონალი უნდა გადიოდეს ტრენინგს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის საკითხებზე. ტრენინგი უნდა მოიცავდეს შეზღუდული შესაძლებლობების, კულტურული მგრძნობელობისა და გენდერულად მგრძნობიარე ქცევის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პერსონალმა უნდა იცოდეს, როგორ დაუპირისპირდეს სტერეოტიპებს და წაახალისოს მიმღებლობა ბავშვებს შორის.

1. ადაპტაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის:
• ფიზიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (რემპები, ადაპტირებული ტუალეტები, საცხოვრებელი).
• შესაბამისი ადაპტაციები, როგორიცაა ვიზუალური დახმარებები, სენსორული ზონები ან თანმხლები პირები.
• ინკლუზიური თამაშები და აქტივობების გამოიყენება, რომლებიც ადაპტირდება ყველა უნარისთვის.

2. სოციალური ჩართულობა და თანატოლების მხარდაჭერა:
• დანერგეთ „მეგობრის სისტემა“, რათა ჩაკეტილი ან მარტოსული ბავშვები უკეთ ინტეგრირდნენ.
• წაახალისეთ გუნდური აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ემპათიასა და ურთიერთდახმარებას.
• ყურადღება მიაქციეთ ჯგუფურ დინამიკას, რათა თავიდან იქნას აცილებული გარიყვაც და დაცინვაც.

3. ინკლუზიური კომუნიკაცია
• საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყავით მასალები რამდენიმე ენაზე.
• გამოიყენეთ ვიზუალური მინიშნებები და მარტივი ინსტრუქციები.
• შექმენით გარემო, სადაც ყველა ბავშვი შეძლებს თავის გამოხატვას და მოყოლას.

4. მშობლების ჩართულობა

• მშობლებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გაგებისთვის (კულტურული, ჯანმრთელობის, ქცევითი).
• პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ რელიგიური ან კულტურული პრაქტიკისადმი (მაგ. კვებითი შეზღუდვები, ჩაცმულობა, ლოცვის დრო).
• ჩართეთ ოჯახები ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებაში.

5. დისკრიმინაციისგან დაცვის პოლიტიკა
• ბანაკს უნდა ჰქონდეს მკაფიო არადისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც იცავს ბავშვებს რასის, გენდერის, შესაძლებლობების, რელიგიის და სხვა ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციისგან.
• ნებისმიერი ფორმის ბულინგი, შევიწროება ან გარიყვა დაუყოვნებლივ უნდა იქნას განხილული.
ინკლუზიური ბანაკის გარემო ხელს უწყობს პატივისცემას, ემოციურ უსაფრთხოებასა და სრულ ჩართულობას, რაც ეხმარება ბავშვებს მეგობრობის, თავდაჯერებულობისა და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში – იმის მიუხედავად, ვინ არიან ისინი.


გადაუდებელი სიტუაციების მართვა

ბავშვთა ბანაკებში უსაფრთხო გარემოს შექმნა გულისხმობს მზადყოფნას, რეაგირებასა და გადაუდებელი სიტუაციების ეფექტიან მართვას. გადაუდებელი სიტუაციების მართვა უზრუნველყოფს ბავშვებისა და პერსონალის დაცვას და დროულად მიღებულ სწორ გადაწყვეტილებებს.

1. გადაუდებელი სიტუაციების მართვის გეგმები
• ყველა ბანაკს უნდა ჰქონდეს დაწერილი გეგმა, რომელიც მოიცავს შემდეგ შემთხვევებს: ხანძარი, ცუდი ამინდი, დაკარგული ბავშვი, სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევა, უცხო პირის გამოჩენა და სხვ.
• ბანაკის ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს ევაკუაციის მარშრუტები, უსაფრთხო ადგილები და გამოსასვლელები.

2. პერსონალის გადამზადება და სავარჯიშოები
• პერსონალი გადამზადებული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე:
o პირველადი დახმარება და გულისა და სუნთქვის რეანიმაცია
o ხანძრის მართვა
o დაკარგული ბავშვის ძიების პროცედურები
o ჯგუფის უსაფრთხო ევაკუაცია
• რეგულარულად უნდა ტარდებოდეს სავარჯიშოები (მაგ., ხანძრის დროს ევაკუაცია) როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

3. ზედამხედველობა და კომუნიკაცია
• ბანაკში უნდა არსებობდეს მკაფიო კომუნიკაციის არხები (მაგ., რადიოკავშირის მოწყობილობები, მობილური ტელეფონები).
• პერსონალს უნდა ჰქონდეს დაყოფილი როლები გადაუდებელ სიტუაციებში (მაგ., პასუხისმგებელი პირველ დახმარებაზე, ბავშვების გადათვლაზე, სამსახურებთან დაკავშირებაზე).
• ბავშვების სრული სია (ჯანმრთელობის მდგომარეობის და საგანგებო კონტაქტების ჩათვლით) უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

4. სამედიცინო მზადყოფნა
ბანაკს უნდა ჰქონდეს:
• პირველადი დახმარების ყუთი ყველა სექტორში
• დანიშნული პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ ტრენინგი დაზიანებებსა და მედიკამენტებზე
• ბავშვების გადაუდებელი კონტაქტები

ასევე, ბანაკს უნდა ჰქონდეს კავშირი სამედიცინო დაწესებულებებთან და სამაშველო სამსახურებთან.

5. ბავშვების მშობლებთან გაერთიანება და ინფორმირება
ბანაკს უნდა ჰქონდეს პროცედურები:
• ბავშვების მშობლებთან უსაფრთხო გაერთიანებისთვის გადაუდებელი სიტუაციების დროს ან შემდეგ
•მშობლებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდებისთვის ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე ან უსაფრთხოების საკითხზე

6. უსაფრთხოება ბავშვებისთვის შეზღუდული შესაძლებლობებით
• საგანგებო გეგმა უნდა მოიცავდეს ბავშვებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებს (მაგ., გადაადგილების დახმარება, სენსორული მგრძნობელობის გათვალისწინება).
• საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია “ბადი სისტემის” (პასუხისმგებელი თანატოლი ან პერსონალის წევრი, რომელიც დაეხმარება მას ბანაკში ორიენტირებასა და უსაფრთხოებაში) დანერგვა, რათა ბავშვი ყოველთვის იყოს ზედამხედველობის ქვეშ.

ეფექტიანი გადაუდებელი სიტუაციების მართვა ხელს უწყობს მშობლების ნდობის გაძლიერებას, ბავშვების უსაფრთხოებისა და ფსიქო-ემოციური კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ბანაკის პროფესიონალურ რეაგირებას კრიზისულ ვითარებაში.

დასკვნისათვის:
ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებასა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას.
მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, და მათი თავიდან აცილებისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო.
ბავშვთა დაცვა უნდა იყოს ინტეგრირებული ბავშვთა ბანაკების ყველა კომპონენტში, როგორც ბანაკის დაგეგმვის, ისე მისი განხორციელების ყველა ეტაპზე. ამისთვის აუცილებელია სისტემური და პროაქტიული მიდგომა.
უსაფრთხო, ინკლუზიური და ზედამხედველობით უზრუნველყოფილი ბანაკი, უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებას და კეთილდღეობას.

გადახედეთ მსგავს რესურსებს

ბავშვთა დაცვა ბანაკებში

ბავშვთა დაცვა ბანაკებში სპორტული თუ შემეცნებითი ბანაკები საუკეთესო შესაძლებლობაა ბავშვებისთვის. ისინი ხელს უწყობენ სოციალიზაციას, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გართობას და დასვენებას. მიუხედავად მრავალი სიკეთისა, არსებობს ბავშვთა დაცვის გარკვეული რისკები, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, და მათი თავიდან აცილებისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო. ძირითადი რისკები 1. ზედამხედველობის ნაკლებობა ან […]

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელსაც დღეს ჩვენი მსოფლიო განიცდის. ტემპერატურის მატება, ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობები, ქარიშხლები და ტყის ხანძრები და სხვა, არღვევს ადამიანების ნორმალური ცხოვრების რიტმს. ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან და ვითარდებიან, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამ ცვლილებების მიმართ, მაშინ როცა თავად ყველაზე ნაკლებად […]

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების  შესახებ  გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის  საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს  ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის  გაუმჯობესებას  და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი  მიდგომების  და  აზროვნების   გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ  მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და  თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის  ასკის ბავშვებისთვის   ბავშვების აღმასრულებელი  ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად.  უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ  წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები  შეიძლება უფრო დამოუკიდებლები  იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის თამაშები ავარჯიშებს  ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების უნარებს, ხელს უწყობს სხვადასხვა გზით ამ  უნარების გამოყენებას. 5-7 წლის  ასაკში ბავშვები იწყებენ ისეთი თამაშებით სიამოვნებას, რომლებსაც აქვთ წესები, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა დონის ინტერესებითა და უნარებით. ვინაიდან ამ უნარების განვითარების საყურადღებო ასპექტია მუდმივი გამოწვევის არსებობა, მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისთვის აირჩიოთ თამაშები, […]