საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ექიმთა ჯგუფის მიერ 1999 წელს დაარსდა და მიზნად იმ ადამიანთა დახმარება დაისახა, რომელთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ იდგა. დაფუძნების პირველივე წლებიდან, ფონდის მთავარ მიმართულებას საქართველოში ბავშვისადმი ღირსეული მოპყრობის სტანდარტების დამკვიდრება წარმოადგენს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საკითხებს.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი დაფუძნების დღიდანვე ადვოკატირებას უწევს საქართველოში ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სფეროს განვითარებას. ფონდი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოში ბავშვზე ძალადობის საკითხისადმი ტაბუს მოხსნა მიეძღვნა, რაც რთული, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდა – დისკუსია საქართველოში ბავშვზე ძალადობის არსებობის შესახებ, მართალია მტკივნეული, მაგრამ მაინც დაიწყო პროფესიულ საზოგადოებებში.
2002 წელს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა საქართველოში პირველი, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურება დააფუძნა „ბავშვთა დახმარების ცენტრის“ სახელწოდებით და ამ მომსახურებას დღემდე აწვდის ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ, ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციისთვის (ISPCAN) საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მულტიდისციპლინარულ ჯგუფს ჯილდო გადასცა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის.
ბავშვები და ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფონდის პროგრამების მომზადებასა და განხორციელების პროცესში – თანატოლთა განათლება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება ბავშვზე ძალადობის საკითხებზე მათი აქტიური მონაწილეობით ხორციელდება. 2010 წელს ბავშვებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #13 – ის შემუშავებაში, რომელიც ძალადობისგან ბავშვთა დაცვას ეძღვნება.
ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, თავად დაიცვან საკუთარი უფლებები, თუ ამ შესაძლებლობას უფროსები არ შეუზღუდავენ. 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა დააფუძნა ბავშვთა დახმარების ხაზი ევროპული საერთაშორისო ნომრით 116 111, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ და მოიძიონ დახმარება, როდესაც სჭირდებათ.
ფონდმა ინიცირება გაუწია და შემდეგ, 2007 – 2008 წლებში, განახორციელა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები „საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა“ და „ეროვნული კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ“. კვლევების შედეგებმა ხელი შეუწყვეს საქართველოში ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საკითხების ასახვას ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სახელმწიფო სამოქმედო გეგმებში. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა 2010 წელს, როდესაც ბავშვთა დაცვის (რეფერირების) პროცედურები ოფიციალურად დამტკიცდა. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ცოდნამ და გამოცდილებამ ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მართვის მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული თანამშრომლობის შესახებ ასახვა ჰპოვა ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი დიდ ძალისხმევას ახმარს იმ პროფესიონალთა ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან ან პროფესიული საქმიანობის ფარგლებში შეხება აქვთ ბავშვებთან. თავისი არსებობის განმავლობაში, ფონდმა ბავშვზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის ამოცნობის და მასზე რეაგირების საკითხებში მოამზადა ასობით პროფესიონალი – სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ადვოკატი, პოლიციელი, ექიმი, მედდა, მასწავლებელი, აღმზრდელი და სხვა.
ფონდმა შეიმუშავა და გამოსცა ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების და მართვის გზამკვლევები მედდებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ექიმებისთვის და სამართალდამცავი სისტემის პროფესიონალთათვის და ხელი შეუწყო საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვზე ძალადობის საკითხების სწავლების დანერგვას მომავალი ექიმების, ფსიქოლოგების, პედაგოგების, სოციალური მუშაკების და სამართალდამცავთათვის.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა, ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის დაკითხვა გამოკითხვის მეთოდოლოგიის შემუშავებით, მისი პუბლიკაციით და ამ მეთოდოლოგიის გამოყენებაში სამართალდამცავი სფეროს წარმომადგენელთა ტრენინგებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის მდგომარეობა სამართალწარმოების პროცესში.
ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის დაკითხვა – გამოკითხვის მეთოდოლოგია გამოიცა 2014 წელს და მას საფუძვლად დაედო აშშ-ს ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის ბავშვის დაკითხვა-გამოკითხვის სტრუქტურული მეთოდი – NICHD პროტოკოლი. ქართული ვერსიის შემუშავება-ადაპტირება განხორციელდა ორიგინალური ვერსიის ავტორთა ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ადვოკატირების პროცესში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი იყენებს საერთაშორისო აუდიტორიას და ინსტრუმენტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს ალტერნატიული ანგარიშების მომზადებასა და წარდგენაში. არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი ქსელის და კოალიციის წევრი.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ეს ვებგვერდი ძალადობისგან ბავშვთა დაცვას ეძღვნება და ეს ისტორიაც ამავე სფეროში ფონდის გამოცდილების მოკლე მიმოხილვაა. ფონდს აქვს წარმატებული გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ საქმიანობებში და იგი ისევე, როგორც ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამა, ფონდის დაფუძნებიდან იწყება
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ადამიანის ჯანმრთელობის უფლების დაცვას. ფონდს სწამს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტით, რაც მას განვითარების, თვითრეალიზაციის და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
ძალადობისგან ბავშვთა დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ძალადობისგან ბავშვთა დაცვა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის პრიორიტეტული მიმართულებაა. ფონდი იცავს ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, განვითარების და თანასწორობის უფლებებს. ზრუნავს, რომ ბავშვი იზრდებოდეს ოჯახურ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, მისი ღირსების და ავტონომიის დაცვით. მხარდაჭერას აფუძნებს ბავშვის ძლიერ მხარეებზე და განუხრელად იცავს პრინციპს „არ ავნო“. პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში, ხელს უწყობს ბავშვების და ახალგაზრდების მონაწილეობას და ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს.
ფონდს სწამს, რომ ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ისეთ სამყაროში, სადაც მას ღირსეულად ეპყრობიან, მის აზრს ითვალისწინებენ, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.
ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველა ბავშვი იზრდება და ვითარდება ოჯახურ და მშვიდობიან გარემოში, რომელიც ისმენს და ითვალისწინებს ბავშვის აზრს, და სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია:
უკეთ გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები
პროექტების კოორდინატორი
ადამიანის უფლებათა თეორიისა და პრაქტიკის მაგისტრი
ბავშვთა დაცვის რეგიონალური წარმომადგენელი
ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი
ოფისის ასისტენტი
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის თანადამფუძნებელი, პროფესიით პედიატრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი და გაიარა კლინიკური ორდინატურა პედიატრიის სამეცნიერო – კვლევით ინტიტუტში. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და განხორციელდა 40 -ზე მეტი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სიტემის განვითარებაში. მონაწილეობს ფონდის მიერ მომზადებული რეკომენდაციების, კვლევების, სახელმძღვანელოების და სხვა პუბლიკაციების შექმნაში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ფლობს ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ადამიანის უფლებების თეორიასა და პრაქტიკაში. აქვს ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. მონაწილეობს ფონდის მიერ განხორციელებულ კვლევებში, ბავშვის უფლებათა მონიტორინგსა და შედეგების ანალიზში, ალტერნატიული ანგარიშების მომზადებაში და სხვა.
პედიატრი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. გაიარა კლინიკური ორდინატურა პედიატრიის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში. აქვს ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. კონსულტირებას უწევს პროფესიონალებს, მშობლებს და ატარებს ტრენინგებს ბავშვის განვითარების, ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში. მონაწილეობს ფონდის მიერ მომზადებული რეკომენდაციების, კვლევების, სახელმძღვანელოების და სხვა პუბლიკაციების შექმნაში.
ექიმი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. არის სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი, ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. ატარებს ტრენინგებს ბავშვთა დაცვის სფეროს სპეციალისტებისა და მშობლებისთვის, ბავშვზე ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მონაწილეობს ფონდის მიერ მომზადებული რეკომენდაციების, კვლევების, სახელმძღვანელოების და სხვა პუბლიკაციების შექმნაში.
იურისტი, სამართლის მაგისტრი. აქვს ბავშვთა დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
კონსულტირებას უწევს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს, ატარებს ტრენინგებს ბავშვთა დაცვის სფეროს სპეციალისტებისა და მშობლებისთვის ბავშვზე ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე. მონაწილეობს საკანონმდებლო ინიციატივების და რეფორმების განხორციელების ხელშემწყობ სამუშაო ჯგუფებში. არის ფონდის მიერ მომზადებული პუბლიკაციების და გზამკვლევების თანაავტორი.
არის ბავშვთა დაცვის პროგრამის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში. კონსულტირებას უწევს ძალადობის და უგულებელყოფის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, მშობლებს და ბავშვთა დაცვის სფეროში ჩართულ პროფესიონალებს. აქვს ბავშვთა დაცვის და სოციალური დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ჩართულია ფონდის მიერ მომზადებული სატრენინგო მოდულების, საგანმანათლებლო მასალების მომზადებასა და ტრენინგის წარმართვის პროცესებში.
დაამთავრა საერო ინსტიტუტი „გაენათი“ -ის ინგლისური სექტორი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განხრით. სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო კურსები საგადასახადო კოდექსის სიახლეებზე, ფინანსური აღრიცხვის საფუძვლებსა და ფინანსების მართვაზე. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსები, პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სასწავლო პროგრამის საფეხურები საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებში, ფინანსურ აღრიცხვასა და მართვაში.
თამარ ბაბაკიშვილი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში 2009 წლიდან მუშაობს.