გენდერი და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ უთანასწორობას. კვლევები აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ორივე ჯგუფისთვის მძიმეა, გოგონებსა და ბიჭებს განსხვავებული გამოცდილება და რეაქციები აქვთ. განსხვავებულია რისკები, სერვისებზე წვდომა და მოკლე თუ გრძელვადიანი გავლენები. კულტურულ ნორმებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც თითოეულ კონტექსტში უნიკალურია, ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ.
რა გავლენას ახდენს გენდერული უთანასწორობა გოგონებზე
გოგონებზე სექსუალური ძალადობა ფესვგადგმულია პატრიარქალურ ნორმებში, რომლებიც ამართლებს მამაკაცის „უფლებას“, ამკვიდრებს ძალადობას და გოგონებს ხშირად საკუთრებად აღიქვამს. გოგონები შეიძლება უფრო მეტად გახდნენ ძალადობის მსხვერპლი, თუ:
- მათ გარემოში არსებობს დისკრიმინაციული გენდერული ნორმები;
- აქვთ შეზღუდული წვდომა რესურსებზე ან აკრძალული აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთება;
- ძალადობა გამოიყენება „სტატუს-კვოს“ შესანარჩუნებლად (მაგალითად, ადრეული ქორწინება, პარტნიორის ძალადობა);
- ასაკთან ერთად იზრდება სექსუალური ძალადობის და სხვა სახის გენდერული ძალადობის რისკი;
- მშობლები ან საზოგადოება ადანაშაულებს მათ და აიძულებენ მიიღონ მავნე „გადაწყვეტილებები“ (მაგალითად, მოძალადეზე დაქორწინება);
- სკოლაში ხვდებიან ძალადობას (მასწავლებლების ან სხვა პირის მხრიდან), არსებობს საშიშროება, რომ გოგონებმა ადრე შეწყვიტონ სწავლა სექსუალური ძალადობის რეალური ან აღქმული საფრთხეების გამო;
- აქვთ რეპროდუქციული შედეგები, როგორიცაა ორსულობა, რასაც ზოგ შემთხვევაში მოჰყვება იძულებითი ქორწინება ან საზოგადოებიდან გარიყვის მაღალი რისკი.
რატომ არ ამხელენ გოგონები ძალადობის ფაქტებს
გოგონები ხშირად ვერ ან არ ამბობენ ძალადობის შესახებ, რადგან:
- ეშინიათ სტიგმისა და დადანაშაულების;
- განიცდიან განმეორებითი ძალადობის რისკს;
- აქვთ გადაადგილების შეზღუდვები (საჭიროებენ ნებართვას ან თანმხლებ პირს);
- ოჯახის წევრები ხშირად მალავენ ფაქტს სირცხვილის ან „ღირებულების“ დაცვის მიზნით.
თუ მოზარდი გოგონა მიმართავს დახმარებას, ხშირად მხოლოდ ზრდასრულ ქალებზე მორგებულ რეპროდუქციულ სერვისს იღებს, რაც მის საჭიროებებს ვერ პასუხობს. ამას ემატება მავნე დამოკიდებულებები მომსახურების მომწოდებლებისგან. შედეგად, ბევრი გოგონა და მათი ოჯახი საერთოდ აღარ მიმართავს დახმარებისთვის.
რეკომენდაციები პროფესიონალებისთვის
სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ:
- გოგონების სექსუალური ძალადობის რისკი ასაკთან ერთად იზრდება;
- სექსუალურ ძალადობას ხშირად ერწყმის გენდერული ძალადობის სხვა ფორმები;
- გოგონებს ურჩევნიათ ქალ სპეციალისტებთან საუბარი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული;
- არსებობს როგორც შინაგანი ბარიერები (შიში, სირცხვილი), ასევე გარე ბარიერები (სტიგმა, გადაადგილების შეზღუდვა, ავტონომიის ნაკლებობა);
- ხშირია დამატებითი საფრთხეები - იძულებითი ქორწინება, ფიზიკური დასჯა ან სოციალური იზოლაცია, თუ ფაქტი გახმაურდება.
გენდერული ასპექტები რომლებიც გავლენას ახდენენ ბიჭებზე
ბიჭების სექსუალური ძალადობის გამოცდილებაზე გავლენას შეიძლება ახდენდეს:
- საკუთარი თავის „ნაკლებად მამაკაცურად“ აღქმა (ემასკულაცია);
- შიში, რომ უმწეობის შეგრძნება მას არასრულფასოვნად აქცევს;
- შიში, რომ მიაწერენ მამაკაცების მიმართ სექსუალურ ინტერესს (ჰომოსექსუალობას);
- რწმენა, რომ ბიჭებისთვის ნებისმიერი სექსუალური გამოცდილება მისაღებია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე ქალია. როგორც თავად ბიჭები, ასევე მომსახურების მიმწოდებლები შეიძლება ამ ძალადობას ნაკლებად საზიანოდ ან თუნდაც ნეიტრალურ/პოზიტიურ გამოცდილებად მიიჩნევდნენ.
- გენდერული ნორმები, რომლებიც ხაზს უსვამს მამაკაცთა და ბიჭების დამოუკიდებლობასა და „სიძლიერეს“, რაც ბიჭებს ხელს უშლის დახმარების ძიებაში, მათ შორის სექსუალური ძალადობის ან ექსპლუატაციის შემთხვევაშიც.
ამ მიზეზების გამო, ბიჭები, განსაკუთრებით კი მოზარდები, ნაკლებად მიდრეკილნი არიან გაამხილონ ან ისაუბრონ ძალადობის გამოცდილებაზე. მომსახურების მიმწოდებლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მავნე რწმენებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ბიჭის მზადყოფნაზე, გაამხილოს სექსუალური ძალადობის გამოცდილება. მათ უნდა:
- აღიარონ, რომ ბიჭებიც შეიძლება გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი;
- გაითვალისწინონ, რომ ბიჭების მიმართ სექსუალურ ძალადობას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს; კონფლიქტის პირობებში ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს სასქესო ორგანოების დაზიანებას, დასახიჩრებით დაშინებას (მაგ. კასტრაციით ან პენისის ამპუტაციით) ან სხვების გაუპატიურების იძულებას.
- გააცნობიერონ, რომ სექსუალური ძალადობა არ იწვევს ჰომოსექსუალობას; ამასთან ისიც, რომ არსებული სტიგმა და მცდარი რწმენები სექსუალური ძალადობის შედეგებზე, ართულებს ბიჭებისთვის ძალადობის გამჟღავნებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე ზრდასრული მამაკაცია.
- გაითვალისწინონ, რომ ბიჭებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სერვისის მიმწოდებლის სქესი - ქალი თუ კაცი სპეციალისტი.
- აღიარონ, რომ დახმარებაზე წვდომას შეიძლება ჰქონდეს როგორც შინაგანი (ინდივიდუალური), ისე გარე (სოციალური) ბარიერები - მაგალითად, - ჰომოსექსუალად მიჩნევის შიში, ასევე მსხვერპლობასა და „კაცურობასთან“ დაკავშირებული პრობლემები;
- მიიღონ, რომ სექსუალური ძალადობისგან დაზარალებულ ბიჭებს ზუსტად იგივე საჭიროებები აქვთ, რაც გოგონებს - იგრძნონ უსაფრთხოება, ზრუნვა, ნდობა, მხარდაჭერა და წახალისება, და დარწმუნდნენ, რომ დახმარების ძიება ან ძალადობის აღიარება სწორია.
ბავშვის ასაკი და განვითარების დონე, ასევე მისი გენდერი და იდენტობის სხვა ნიშნები, განსაზღვრავს როგორც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკს, ისე სერვისებზე წვდომის შესაძლებლობას. მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გოგონები და ბიჭები განსხვავებულად რეაგირებენ სექსუალურ ძალადობაზე სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით — მათ შორის ასაკის, განვითარების ეტაპისა და კულტურული კონტექსტის.
გოგონებისა და ბიჭების ასაკის მატებასთან ერთად, გენდერული ნორმებისა და მოლოდინების ზეგავლენა უფრო ძლიერდება. მოზარდები გაცილებით მეტად აცნობიერებენ გენდერულ ნორმებს, ქცევის წესებსა და დამოკიდებულებებს. ამიტომაც, მოზარდობის პერიოდში ძალადობის გავლენა, ნიშნები და სიმპტომები, განსაკუთრებით ემოციური და ქცევითი, მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს გენდერებს შორის. ნებისმიერ ასაკში, ფიზიკური, ემოციური ან ქცევითი ცვლილებების მოულოდნელი გამოვლენა შეიძლება სექსუალური ძალადობის ნიშანი იყოს.
მნიშვნელოვანია, სექსუალური ძალადობის შესახებ ბავშვის მიერ გაკეთებულ განცხადებას ყოველთვის დაუჯერონ, მიუხედავად იმისა, რას ამჩნევენ გარეგნულად. ზოგიერთი ნიშანი, განსაკუთრებით ემოციური და ქცევითი, შეიძლება გამოვლინდეს ძალადობის შემდეგ თვეების ან წლების განმავლობაში. მაგალითად, ნიშნები შეიძლება გამოჩნდეს მოგვიანებით სტრესული პერიოდისას - საყვარელი ადამიანის დაკარგვის, სხვა მძიმე გამოცდილების შემდეგ, ან ინტიმურ ურთიერთობებში შესვლისას.