ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე

ლტოლვილთა საერთაშორისო დღე

დღეს 80 მილიონამდე კაცი, ქალი და ბავშვი ძალით არის აყრილი ფუძეებიდან და იძულებით გადაადგილებული პირის ან ლტოლვილის სახელს ატარებს. საქართველოში დაახლოებით 1500 ლტოლვილი და 259 247 იძულებით გადაადგილებული პირია გამოდევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღის ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი (PHF), საქართველოს დახმარების კომიტეტი (GEOCOR) და ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია (APBC) სოლიდარობას ვუცხადებთ მსოფლიოს ყველა ლტოლვილს, მხარში ვუდგავართ საქართველოში მცხოვრებ დევნილებს და ქედს ვიხრით მათი მოთმინების, სულიერი სიმტკიცის და გამბედაობის წინაშე, რამაც მათ ცხოვრების ხელახლა დაწყება შეაძლებინა , ათასი შეზღუდვის, გაჭირვების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის მიუხედავად, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას: შევცვალოთ წესები, გამოვიჩინოთ მეტი ჰუმანურობა, მეტი თანაგრძნობა, მეტი ჩართულობა, მეტი მხარდაჭერა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა” ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი (PHF), საქართველოს დახმარების კომიტეტი (GEOCOR) და ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია (APBC) ვეხმარებით კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გალის მოსახლეობას და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოში, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ ისარგებლონ ადეკვატური, ხარისხიანი და შეღავათიანი ჯანდაცვის მომსახურებით და დაცული იქნას მათი ჯანმრთელობის უფლება.

წელს კოვიდ -19 პანდემიამ დამატებით საფრთხე შეუქმნა ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხორციელდება პანდემიის კრიზისის დაძლევაზე მიმართული აქტივობები. 2020 წლის იანვრიდან დღემდე პროექტის ფარგლებში 250 დევნილმა მიიღო სამედიცინო მომსახურება და 30 ჯანდაცვის მუშაკმა აიმაღლა პროფესიული ცოდნა საგანგებოდ მომზადებული ჯანდაცვის ტრენინგების საშუალებით. პროექტის ბოლოს 3000 დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული პირი მიიღებს ადექვატურ სამედიცინო დახმარებას. ექიმებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს გაუუმჯობესდებათ შესაძლებლობები, რომ უკეთ დაიცვან დევნილების და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები.

დღეს ჩვენ დევნილების გვერდით ვართ. ერთად, ჩვენ შევძლებთ ცვლილებას - უკეთესი გავხადოთ სამყარო.

განცხადების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon