ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ექიმების,  ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელების და პრაქტიკოსების მონაწილეობით

სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ექიმების, ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელების და პრაქტიკოსების მონაწილეობით

       ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელების და გადაწყვეტილების მიმღები პირების ცოდნის ამაღლებას იმ მიზნით, რომ მათ დაიცვან და მხარდაჭერა აღმოუჩინონ კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს და შესაბამისად მოახდინონ ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება და პრევენცია.

        სწორედ ამ მიზნით 2018 წლის 23-25 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ორგანიზებით და პარტნიორი ორგანიზაცია BICE-ს ხელშეწყობით გაიმართა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელების და თბილისის, ზუგდიდის და ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლებისთვის. ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო ექიმებისთვის და ბავშვთა დაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაუმჯობესება ბავშვზე ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების საკითხებში; საფრანგეთის ბავშვთა დაცვის სიტემის მოწყობის, მასში ჯანდაცვის სექტორის ჩართულობის, მულტიდისციპლინური და მულტი-სექტორული მუშაობის გაცნობა.

       სამუშაო ვიზიტი მოიცავდა ორლეანის „La Source Hospital“ -ის მონახულებას. აღნიშნული ჰოსპიტალის ბაზაზე ფუნქციონირებს ბავშვთა განყოფილება რომელიც სპეციალიზირდება ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიურ/სამედიცინო შეფასებასა და ექსპერტიზაში. მონაწილეები, ასევე გაეცნენ ვერსალის სამედიცინო-სასამართლო განყოფილების მუშაობას, მათ ფუნქციებს და მთავარ პასუხისმგებლობებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან მუშაობისას. Buttes-Chaumont - ის ცენტრში ვიზიტისას, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემსჯელათ საფრანგეთის და საქართველოს ბავშვთა რეფერირების სისტემების მსგავსებებსა და განსხვავებებზე. ცენტრში ვიზიტისას განსაკუთრებით საინტერესო ოყო მათი გამოცდილება ჯგუფური ოჯახის თერაპიის მიმართულებით. სამუშაო ვიზიტმა აჩვენა თუ რამდენად ეფექტურია ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მასზე მორგებულ გარემოში ინტრევიურება, სამედიცინო შემოწმება და შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, როდესაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა ის მომსახურება რაც შესაძლოა დასჭირდეს მსხვერპლ ბავშვს.

        სამუშაო ვიზიტს წინ უძღვოდა ამავე პროექტის ფარგლებში ფრანგი ექსპერტის მიერ  2017 წლის 4-6 დეკემბერს ჩატარებული ტრენინგი თემაზე  „ბავშვზე ძალადობის იდენტიფიცირება“ (იხილეთ ვრცლად).

      საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და ბავშვის საერთაშორისო კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო დახმარების ხაზი (Child Helpline International (CHI)).

იხილეთ ფოტოები


გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon