საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ჩვენ შესახებ

ბავშვზე ძალადობა გლობალური პრობლემაა და იგი ბავშვის ფუნდამენტური უფლების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ძალადობა ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას, აფერხებს მის ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას, ხელს უშლის მისი სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ეს პრობლემა, როგორც წინააღმდეგობრივი და ტაბუდადებული, ყოველ ქვეყანასა და ყოველ ისტორიულ პერიოდში არსებობდა. უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ადამიანის უფლებების, კანონმდებლობის, ჯანმრთელობისა და სასამართლო მედიცინის მრავალმხრივი განვითარების შედეგად, ბავშვზე ძალადობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის უფრო თვალხილული გახდა, თუმცა ამ სფეროში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სისტემა შემდგომ განვითარებას და სრულყოფას საჭიროებს საქართველოშიც.

მოზრდილთა - მშობლების, პროფესიონალების და ზოგადად, სახელმწიფოს ვალია უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხო აღზრდა-განვითარება. ბავშვზე ძალადობის პრობლემის გადაჭრა ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ძალადობაგანცდილი ბავშვის დახმარებას გულისხმობს. უსაფრთხო გარემოს შექმნა, სამართლიანობის აღდგენა ბავშვს ძალადობით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში ეხმარება და ხელს უწყობს მის რეაბილიტაციას.

"საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს" სწამს, რომ ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ისეთ სამყაროში, სადაც მას ღირსეულად ეპყრობიან, მის აზრს ითვალისწინებენ, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ფონდის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
პროფესიონალთა ცოდნის და უნარების განვითარება
ბავშვის და ოჯახის საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურება
ბავშვების და ახალგაზრდების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის და მომსახურების განვითარების ხელშეწყობა. 

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon