პროფესიონალებისთვის

ბავშვთა პორნოგრაფია
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

სიტყვა „პორნოგრაფია“ წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან „pronographos“, რაც „მეძავის წერილს“ ნიშნავდა. მოგვიანებით, ამ სიტყვის ვარიაცია ფრანგულ ენაში გაჩნდა, როგორც „pornographie“, თუმცა ინგლისურ ენაში მე-19 საუკუნემდე არ გავრცელებულა. 1864 წელს სიტყვა „პორნოგრაფია“ პირველად განიმარტა უებსტერის დიდ ლექსიკონში, როგორც პომპეის ორგიებთან დაკავშირებული დეკორატიული მხატვრობა. ამ სიტყვის „პორნოგრაფია“ მნიშვნელობა მრავალი წლის განმავლობაში იცვლებოდა და მისი დღევანდელი განსაზღვრება უწინდელისაგან მკვეთრად განსხვავებულია.

ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, ბავშვთა პორნოგრაფიას შემდეგნაირად განმარტავს: „ბავშვთა პორნოგრაფია ნიშნავს ბავშვის, რომელიც ასრულებს რეალურ, ან სიმულირებულ აშკარა სექსუალური ხასიათის მოქმედებას, გამოსახვას ნებისმიერი საშუალებით ან ნებისმიერი სახით, ან ბავშვის სასქესო ორგანოების ნებისმიერი ფორმით გამოსახვას, ძირითადად სექსუალური მიზნებისათვის“. ბავშვთა პორნოგრაფია მოიცავს ფოტოსურათებს, თვალსაჩინო და აუდიო წარმოდგენას, წერილობით აღწერას, მოთხრობებს, დაწერილ პასაჟებს, ანიმაციებს და სხვა. ის შეიძლება ვრცელდებოდეს ჟურნალების, წიგნების, ნახატების, ფილმების, ვიდეოკასეტების, მობილური ტელეფონების და კომპიუტერული დისკების ან ფაილების მეშვეობით.
ბავშვთა პორნოგრაფია დღეს ასევე მოიხსენიება, როგორც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა. პროფესიონალთა დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ამ სახელწოდებას ანიჭებს, რადგან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა შეიძლება იყოს ტექსტები, გამოსახულებები, სექსუალური ხასიათის ქმედებებში ჩართული ბავშვების აუდიო და ვიდეოჩანაწერები, ბავშვის სასქესო ორგანოების გამოსახულებები ან ბავშვის იმიტირებული გამოსახულებები, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით შექმნილი მასალა. ტერმინი “მასალა“ ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე მხოლოდ „პორნოგრაფია“ და მოიცავს ტექსტებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და მულტფილმებსაც კი. პროფესიონალთა აზრით, ტერმინის „ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სცენების შემცველი მასალა“ გამოყენება უმჯობესია იმიტომაც, რომ ტერმინი „პორნოგრაფია“ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ბავშვები თავად თანხმდებიან მონაწილეობა მიიღონ ძალადობის სერიოზულ სცენებში, რომელთა დემონსტრირებაც ხდება.

არსებობს ბავშვთა პორნოგრაფიის 2 ძირითადი კატეგორია:
1) ვუალიზებული (შენიღბული) პორნოგრაფია, რომელიც სექსუალურ ურთიერთობებს არ გამოსახავს აშკარად, მაგრამ იყენებს ბავშვების გაშიშვლებულ და მაცდუნებელ გამოსახულებებს;
2) ღია პორნოგრაფია, რომელიც ღიად ასახავს სექსუალურ ურთიერთობებში ჩართულ ბავშვებს.

ბავშვების გამოყენება ნებისმიერი სახის პორნოგრაფიის წარრმოებაში სექსუალურ ექსპლუატაციად ითვლება.

ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი პროდუქცია მანამდეც არსებობდა, სანამ ინტერნეტი პოპულარული გახდებოდა. თუმცა, 90-იანი წლების დასაწყისიდან, მსოფლიო ელექტრონული ქსელის შექმნამ და გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბავშვთა პორნოგრაფიასთან, მის წარმოებასთან, გავრცელებასთან და ფლობასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის ზრდას. 2000 წლისათვის, რიგ ქვეყნებში პოლიციამ დააკავა ადამიანები, რომლებსაც დაგროვებული ჰქონდათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ასეულ ათასობით გამოსახულება. ამგვარი „შთამბეჭდავი“კოლექციის შექმნა შესაძლებელი გახდა იმ სიიოლის წყალობით, რომლითაც ეს მასალები ცირკულირებენ კიბერსივრცეში. დღესდღეობით ინტერნეტში არსებობს სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი ათობით ათასი ბავშვის ერთ მილიონზე მეტი გამოსახულება. ცნობილია, რომ 2000-2011 წლების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის მოცულობა, რომელიც ქსელში ბრუნავს, პოლიცია ადგენს „ახალი“ ბავშვების სულ უფრო მეტ რაოდენობას, რომლებიც ადრე არ ფიგურირებდნენ მათ მონაცემთა ბაზებში. ამას გარდა, იზრდება ბავშვის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობის შემცველი გამოსახულებებისა და ძალიან პატარა ბავშვების გამოსახულებების რაოდენობა.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი გამოსახულებების წარმოება და გავრცელება მსხვილ დანაშაულებრივ ბიზნესს წარმოადგენს, რომლის ღირებულება წელიწადში მილიარდობით დოლარით ფასდება. ამ ბიზნესის ყოველწლიური მოცულობა სხვადასხვა შეფასებით შეადგენს 3-დან 20 მილიარდ დოლარს (ეს რიცხვი მოყვანილია აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემთა თანახმად). იმავე მონაცემებით, აღნიშნული მასალის 55% იქმნება აშშ-ში, ხოლო 23% - რუსეთში, დანარჩენი - სხვა ქვეყნებში. ამასთან, აშშ და რუსეთი ის ძირითადი ქვეყნებია, სადაც ამგვარი საიტები იქმნება. „უფასო წვდომის“ საიტების უმრავლესობა გამოვლენილი იქნა ინტერნეტ-პროვაიდერებთან რუსეთში, აშშ-ში, ესპანეთში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი დიდი რაოდენობის მასალა ასევე ვრცელდება ვიდეო-ფორმატით ადგილობრივ ბაზრებზე.

ვინ შეიძლება გახდეს ბავშვთა პორნოგრაფიის მსხვერპლი? ბავშვთა პორნოგრაფიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი! თუმცა, ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან დიდ დროს ატარებენ ქუჩაში, ისევე როგორც ბავშვები, რომლებიც იძულებით ეწევიან პროსტიტუციას, ან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ბავშვები, პორნოგრაფიის წარმოებაში გამოყენების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამ ჯგუფში ასევე შედიან ბავშვები დისფუნქციური და ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან. პორნოდამნაშავეთათვის გაცილებით ადვილია პატარა ბავშვებთან მუშაობა. პატარებს მაინცდამაინც არ ესმით მუშაობის დანიშნულება, ისინი ხშირად სათამაშოებით პოზირებენ. სხვა შემთხვევებში მათ ჯერ უბრალოდ შიშვლებს უღებენ; შემდეგ სწრაფად გადადიან მთელი სცენების გადაღებაზე, რომლებიც ისეა დადგმული, რომ სექსუალურ აქტს ჰგავს; ბოლოს კი, არცთუ იშვიათად, “თამაშდება” ნამდვილი სექსუალური აქტები.

როგორ ვრცელდება ბავშვთა პორნოგრაფია? თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტის განვითარება ბავშვების ექსპლუატატორთათვის და პორნოგრაფიის მოყვარულთათვის მეტ კომერციულ შესაძლებლობებს იძლევა, და აგრეთვე, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ქსელების განვითარებას უწყობს ხელს. დღეისათვის, ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოება და გავრცელება ხშირად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა (ისტ) და ინტერნეტის მეშვეობით ხდება. ბავშვთა პორნოგრაფიის გასაზიარებლად და გასავრცელებლად, ბავშვთა პორნოგრაფიის მოყვარულები იყენებენ ფაილების გაზიარების ქსელებს, სიახლეების გაზიარების ჯგუფებს, თანასწორთა სისტემებს (peer-2-peer systems) და სხვა ტექნოლოგიებს. ინფორმაციული ტექნოლოგიები ასევე უწყობენ ხელს კომერციულ მყიდველთა ჯგუფების, სექს-ტურისტების, პედოფილების და ბავშვებით მოვაჭრეთა მიერ ბავშვების ორგანიზებულ სექსუალურ ექსპლუატაციას და ბავშვებზე ძალადობას. ბავშვების სექს-ექსპლუატატორები იყენებენ მობილურ ტელეფონებს და ერთვებიან ჩათებსა თუ ინტერნეტ-ურთიერთობის სხვა ადგილებში, იმისთვის, რომ შეიტყუონ და გადაიბირონ და ბავშვები, შემდეგ კი მათი ექსპლუატაცია მოახდინონ. ამდენად, ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციული ტექნოლოგიებით სარგებლობენ, ასევე იმყოფებიან სექსუალური ექსპლუატაციის რისკის ქვეშ.

როგორ ხდება პორნოგრაფიის მეშვეობით ბავშვების ექსპლუატაცია? პორნოგრაფიის მეშვეობით ბავშვთა ექსპლუატაცია მრავალი საშუალებით ხდება. პორნოგრაფიის საწარმოებლად, ბავშვები შეიძლება მოატყუონ ან აიძულონ სექსუალური ქმედებები განახორციელონ, ან გამოსახულებები შეიძლება გაკეთებული იყოს ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის პროცესში, მისი ინფორმირების გარეშე. ამგვარი გამოსახულებები შემდგომში ვრცელდება, იყიდება ან რაიმეზე იცვლება. ამას გარდა, ისინი, ვინც იყენებენ და/ან ფლობენ ბავშვების პორნოგრაფიულ გამოსახულებებს, ამ ბავშვების ექსპლუატაციას აგრძელებენ: ბავშვების გამოსახულებებზე მოთხოვნადობა ამგვარი მასალის წარმოების სტიმულს ამყარებს. ასევე, ჩვეულებრივ, პორნოგრაფიის შემქმნელები თავიანთ პროდუქციას ამგვარი მასალის შექმნაში მონაწილე ბავშვების იძულების, დაშინების ან დაშანტაჟებისთვის იყენებენ.
ვინ მონაწილეობს ინტერნეტით ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებასა და გავრცელებაში? ბავშვთა პორნოგრაფიაში ხშირად მაფია, მსხვილი დანაშაულებრივი სინდიკატები არიან ჩართულები. თუმცა დღესდღეობით ახალი სერიოზული საფრთხის წყაროდ იქცა რევოლუცია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ციფრული ფოტო- და ვიდეოკამერების, კომპიუტერების, სკანერების, სხვა აპარატურისა და კავშირის საშუალებათა გაიაფება, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის კატასტროფული ზრდა ბავშვთა პორნოგრაფიის ფართოდ გავრცელებისათვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, როგორიცაა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპა და დსთ-ს ქვეყნები, ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებასა და გავრცელებაში. გარდა ამისა, როდესაც გამომძიებლები ახერხებენ იმ ბავშვების მიგნებას, რომელთა გამოსახულებები გამოყენებულია პორნოგრაფიულ პროდუქციაში, მათი ექსპლუატატორი ყველაზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ოჯახის წევრი ან ბავშვის ოჯახის ახლობელი ადამიანი, ზოგჯერ - მეურვე.

როგორია ინტერნეტ-მოძალადის მოქმედების სქემა? სქემა, რომლის მიხედვითაც ინტერნეტ-მოძალადეები ახალი მსხვერპლის ძიებაში მოქმედებენ, მარტივია. დამნაშავეები შედიან საბავშვო ონ-ლინე ფორუმებზე, იქ ეცნობიან ბავშვებს. ცოტა ხნის საუბრისა და ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვების შემდეგ დამნაშავე “რეალში” შეხვედრაზე უთანხმდება ბავშვს – საბაბი აბსოლუტურად სხვადასხვა შეიძლება იყოს. “მსხვერპლის” სტიმულირებისათვის სთავაზობენ ფულს ან სხვა ჯილდოს. ამ ანკესზე განსაკუთრებით იოლად ეგებიან ბავშვები ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან და მოზარდები, რომელთაც “ჯიბის ფული” არ ჰყოფნით. ზოგჯერ საზღაურად ნარკოტიკებს სთავაზობენ. როცა ბავშვი “მახეში გაებმება”, – ხდება შეხვედრა “რეალში” და ფოტოვიდეოგადაღება. ამას გარდა, დამნაშავის მსხვერპლად ბავშვი შეიძლება ვებ-კამერის მეშვეობით იქცეს.
მაგალითად, Yahoo!-ს რამდენიმე ჩატი იმის გამო დაიხურა, რომ მათ აქტიურად იყენებდნენ პედოფილები. ვებ-კამერის მეშვეობით ისინი მოზარდებს ჩატებში თავიანთ ფოტოებს უგზავნიდნენ, რომლებზეც შიშვლები იყვნენ გადაღებულნი.
როგორია პორნობიზნესში ბავშვების მონაწილეობის შედეგები? შეიძლება ითქვას, რომ პორნოიდუსტრიაში ბავშვების მონაწილეობის შედეგები სავალალოა. კლინიკურ დაკვირვებათა მონაცემების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც პორნოფილმებში მონაწილეობდნენ, საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც ნივთს, უსულო საგანს, რომლის გაყიდვა შეიძლება. პორნოგრაფიაში ჩათრეული ბავშვები შემდგომში ხშირად ცვლიან ამ საქმიანობას ნარკოტიკებით, პროსტიტუციით. მოწიფულ ასაკში მათ ხშირად აქვთ სექსუალური პრობლემები; და რაც ყველაზე უარესია, ბავშვები, რომლებმაც სექსუალური ექსპლუატაცია განიცადეს, მოზრდილობაში ხშირად იგივეს აკეთებენ სხვა ბავშვებთან.

როგორ შეიძლება ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიასთან ბრძოლა?

ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ინტერნეტი – ეს ღია საინფორმაციო გლობალური ქსელია, რომელიც ფაქტობრივად არ ეკუთვნის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას. თითოეული ქვეყანა ბავშვთა პორნოგრაფიისა და პედოფილიის პრობლემას “მსოფლიო ქსელში” ისე ებრძვის, როგორც შეუძლია. საიდუმლო არაა, რომ “ტრადიციულ” მოძალადეებთან ბრძოლა გაცილებით ადვილია, ვიდრე “ვირტუალურებთან”. მაღალი ტექნოლოგიების წყალობით, დამნაშავეები იოლად ახერხებენ ბავშვების ჩათრევას პორნოინდუსტრიაში. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბავშვები შეიძლება ისე იქცნენ მსხვერპლად, რომ ვერც გააცნობიერონ მოზრდილების ქმედებათა დანაშაულებრივი ხასიათი. ამიტომ არის აუცილებელი დანაშაულის ამ სახესთან ბრძოლა. მისი ობიექტი ხომ ყველაზე ღირებულია – მთლიანად კაცობრიობის ჯანსაღი სოციალური განვითარება.
ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიასა და პედოფილიასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა მისი საკანინმდებლო განსაზღვრა, მასთან ბრძოლის ახალი, ეფექტური სისტემების შემუშავება.
მაგალითად, შვედეთში ინტერნეტ-მომხმარებელთა ჯგუფმა შექმნა ქსელურ პორნოგრაფიასთან ბრძოლის ორგანიზაცია. სპეციალურად ამისათვის მათ შექმნეს საიტიwww.getsomerial.com, რომელზეც მოუწოდეს თავიანთ სტუმრებს შეექმნათ ინტერნეტში ფიქტიური პორნოგვერდები მაპროვოცირებელი სახელწოდებებით, როგორც, მაგალითად, www.getsomerial.com, www.hot-girlshugary.com და ა.შ. სინამდვილეში ამ საიტებზე პორნოგრაფია არ არის. პირიქით, ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს მასალები, რომლებშიც არცხვენენ საიტზე ბავშვთა პორნოგრაფიისათვის (და არა მარტო ბავშვთა) შემოსულ ადამიანებს. საიტის ავტორთა თქმით, “მთავარი მიზანია – აიძულონ პორნოს მოყვარულები გაიგონ, რომ მათ მცდარი გზა აირჩიეს”.
იმისათვის, რომ სქემამ იმუშაოს, საიტის ადმინისტრატორებმა ფიქტიური გვერდები განათავსეს მსხვილ საძიებო სისტემებში, მაგალითად, Yahoo-ში. საქმე იმაშია, რომ ქსელური გახრწნილების მოყვარულები მათთვის საინტერესო საიტებს ეძებენ “სიტყვა-გასაღებებით” (მაგალითად, “მოსწავლეები”, “18 წლამდე გოგონები”).
თუმცა, ბავშვთა პორნოგრაფიასთან ბრძოლა ყოველთვის ასეთი მშვიდობიანი გზით როდი წარმოებს. მაგალითად, ხორვატიაში ჩატარდა ფართომასშტაბური საპოლიციო აქცია “განსაწმენდელი”. ის ქვეყანაში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ქსელის ლიკვიდაციისაკენ იყო მიმართული. ხორვატმა სამართალდამცავებმა 50 სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, სადაც როგორც ვარაუდობდნენ, პორნოგრაფიული პროდუქცია უნდა ყოფილიყო. კონფისკაცია გაუკეთდა 50 კომპიუტერს, 3 ათასზე მეტ კომპაქ-დისკს, თითქმის 1,5 ათას დისკეტას, 150-ზე მეტ ვიდეოკასეტას.
ეს იყო ევროპაში ჩატარებული ყველაზე მსხვილი აქცია. მისი ჩატარების საბაბი იმ ბავშვების აღმოჩენა გახდა, რომლებსაც გადაღებებისათვის იყენებდნენ.
უკანასკნელი 5 წლის მანძილზე შემუშავდა და განხორციელდა ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან ბრძოლის ასობით პროგრამა. ინფორმაციული ბაზა მნიშვნელოვნად გამდიდრდა, თანამშრომლობა გაფართოვდა.
ქვეყნის მთავრობები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდი და გაეროს სხვა ინსტიტუტები შეთანხმდნენ გლობალურ თანამშრომლობაზე ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოქმედების გეგმა გულისხმობს კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას, აღმკვეთ ღონისძიებათა გაძლიერებას, დაცვის როლის გაზრდას, დაზარალებულთა რეაბილიტაციაზე ზრუნვას, აგრეთვე ამ ბრძოლაში ახალგაზრდობის ჩართვას.
ბევრ ქვეყანაში, ბავშვთა პორნოგრაფიასთან მიმართებაში, ეფექტური კანონმდებლობა აქამდე არ არსებობს. ამგვარი იურიდიული ვაკუუმი სახიფათო ცარიელ ადგილს ქმნის, რაც დაუსჯელობის ფაქტორით ძლიერდება და ბავშვებს ძალადობის რისკის წინაშე აყენებს. ამასთან, ყოველ ქვეყანაში, სექსუალურ ურთიერთობებზე თანხმობის ასაკის მისეული განსაზღვრა არსებობს. ბევრ ქვეყანაში ეს ასაკი განსხვავდება ბავშვთა პორნოგრაფიის კანონმდებლობაში მითითებული ასაკისგან, რამაც, შესაძლოა, ბავშვთა პორნოგრაფიის კანონმდებლობის გამოყენებაში სიძნელეები წარმოქმნას.

 

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ