ბავშვებისთვის

კონფლიქტი და კონფლიქტის მართვა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ბავშვები ხშირად ერთად აკეთებენ რაიმეს - თამაშობენ, მეცადინეობენ, ცეკვავენ, ფილმს უყურებენ, მუსიკას უსმენენ და სხვა. მათ, ერთსა და იმავე საგანთან ან ამბავთან დაკავშირებით, მსგავსი ან განსხვავებული აზრები აქვთ. მაგალითად, ზოგიერთისთვის ფეხბურთი უფრო კარგი სპორტია, ვიდრე ჭადრაკი. ზოგ ბავშვს ფანქრებით ხატვა მოსწონს, ზოგს - საღებავებით. ყველას აზრი მნიშვნელოვანი და პატივსაცემია.

როდესაც რაიმეს ერთად გაკეთებას ვაპირებთ, მნიშვნელოვანია, ყველას აზრი მოვისმინოთ, გავითვალისწინოთ და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ. ეს კი მსჯელობის და დათმობის შედეგად არის შესაძლებელი.

ზოგჯერ განსხვავებულ აზრებს და სურვილებს გაბრაზება და ცხარე კამათი მოსდევს - ამას კონფლიქტს უწოდებენ. კონფლიქტი შეიძლება ჩხუბშიც გადაიზარდოს და მას ყვირილი, ხელის კვრა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა, ერთმანეთის-თვის შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვეს. საბოლოოდ, ყველა ზარალდება - შეთანხმება ვერ ხერხდება, ადამიანებს გულისტკენა, წყენა, შიში, სევდა ეუფლებათ. კონფლიქტმა და ჩხუბმა, შესაძლოა, მეგობარიც დაგვაკარგვინოს.

კონფლიქტის და ჩხუბის თავიდან აცილება და საერთო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. ამისათვის ეცადე:


• ამოიცნო, თუ რას შეიძლება გრძნობდეს და ფიქრობდეს ადამიანი;
• მოუსმინე, რას გთავაზობს;
• ეცადე აკონტროლო შენი გრძნობები;
• თუ ფიქრობ, რომ ბრაზდები, მართე ბრაზი.
• დაფიქრდი, იქნებ შემოთავაზებული წინადადება შენთვისაც საინტერესოა.

 

გახსოვდეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ ერევიან საკუთარ გრძნობებს და არ იციან საკუთარი ბრაზის მართვა, კონფლიქტის და ჩხუბის მონაწილეები ხდებიან. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა ადამიანის სიძლიერეზე მიუთითებს და არა სისუსტეზე.

გაიგე უფრო მეტი, მიჰყევი ბმულს 

 

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ