პროფესიონალებისთვის

ბავშვთან ურთიერთობა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

 

დაინტერესდით ბავშვით, მისი სიტყვით და ქცევით.

ძალადობა განცდილ ბავშვთან ურთიერთობა პროფესიონალის სპეციალურ უნარებს, განსაკუთრებით ფაქიზ მიდგომებს, განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს არა მხოლოდ ბავშვზე განხორციელებული ძალადობის გამოვლენის სირთულის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ბავშვზე ძალადობის შემთხვევები ხშირად დამალულია და ძალადობის ფაქტების გამოვლენა, როგორც წესი, მწვავე რეაქციებს იწვევს. მსგავსი სირთულეები განსაკუთრებით თავს იჩენს მაშინ, თუ ძალადობა ოჯახში ხდება, ან თუ საქმე გვაქვს ბავშვზე სექსუალურ ძალადობასთან.

ხშირად ექიმი-პედიატრი არის პირველი, ვისაც შეუძლია ივარაუდოს, რომ ბავშვზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა. ამიტომ პედიატრის ამოცანაა, სწორად და დროულად გადაწყვიტოს ეს საკითხი.

ექიმის მიერ ბავშვის დეტალური გამოკითხვა მიზანშეწონილი არაა და არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეს სამართალდამცავი ორგანოებისა და ბავშვის უფლებათა დაცვის შესაბამისი სამსახურების საქმეა.

  • იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ბავშვზე ძალადობა ოჯახში ხდება ან როდესაც ექიმი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ბავშვი სახლში მკაცრად დასაჯონ ექიმთან მისი გულახდილობის გამო, ბავშვის დაცვისთვის საჭირო ზომების გასატარებლად სასურველია, რომ მშობლებთან გასაუბრებამდე ინფორმაცია მიეწოდოს შესაბამის ინსტანციებს. ექიმის უპირველესი საზრუნავი ბავშვის ჯანმრთელობაა და არა მისი, როგორც პაციენტის შენარჩუნება.
  • ძალადობაზე ეჭვის დადასტურების სტადიაზე არ არის აუცილებელი, ექიმმა აიძულოს ბავშვი, აღწეროს მომხდარის ყველა დეტალი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს პოსტტრავმული აშლილობის სიმპტომები, რაც საზიანო იქნება ბავშვისთვის. როცა ძალადობის მსხვერპლი ბავშვი რამდენჯერმე ყვება ისტორიას, ეს შეიძლება ახალ მოგონებათა „მოზღვავებისა“ და მისი განმეორებითი ტრავმირების მიზეზი გახდეს.
  • ექიმის როლი მდგომარეობს არა მხოლოდ გულისხმიერ დამოკიდებულებაში ბავშვის ჩივილების, მონათხრობის, მისი გასინჯვის მიმართ, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაშიც. წამოჭრილი ეჭვების გასარკვევად ექიმი ვალდებულია გაესაუბროს ბავშვს. 

როგორ წარვმართოთ ბავშვთან საუბარი
  • პირველ რიგში, არ შეჰპირდეთ ბავშვს იმას, რასაც თქვენ არ გააკეთებთ. ხშირად ბავშვები მზად არიან რაიმე მოყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი შეჰპირდება, რომ ბავშვის მონათხრობს საიდუმლოდ შეინახავს.
  • მეორე, საშუალება მიეცით ბავშვს, რომ მისთვის გასაგებ ენაზე ისაუბროს. ამასთან, თქვენც გამოიყენეთ მისი ლექსიკა. ხშირად ბავშვები ჟესტების ენაზე გადმოსცემენ გარკვეულ ინფორმაციას, რაც ასევე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. 
მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა ბავშვთან ურთიერთობისას ბავშვისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო შექმნას. რასაკვირველია, ექიმმა არ უნდა მოუწყოს ბავშვს „დაკითხვა“ მომხდარის ყველა დეტალის გასარკვევად და მშობლების კომენტარების მართებულობის დასაზუსტებლად.
  • ბავშვთან გასაუბრება უმჯობესია დაიწყოთ მისი გაცნობით და საუბრით იმის შესახებ, რის კეთება უყვარს ყველაზე მეტად, ვისთან ერთად ცხოვრობს, მეგობრებისა და ბაღის/სკოლის შესახებ მოყოლით და სხვა. სექსუალურ ძალადობაზე ეჭვის შემთხვევაში, კითხვები დიდი სიფრთხილით უნდა დაისვას, ამ საკითხში ექიმის უფლებამოსილების ჩარჩოების გათვალისწინებით, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გათვალისწინებით.

ურთიერთობის დამყარებისთვის საუბარი დაახლოებით 10 წუთი შეიძლება გაგრძელდეს, რომლის დროსაც ექიმი იღებს ინფორმაციას ბავშვის პიროვნების, მისი ოჯახის, მეგობრების, ინტერესების შესახებ. ყველაფერ ამას ექიმი იგებს ისე, რომ ბავშვს არაფერს ეკითხება ტრავმის შესახებ. ეს ასევე აჩვენებს ბავშვს, რომ ექიმი ინტერესდება მისით, როგორც პიროვნებით და არა მხოლოდ როგორც ძალადობის მსხვერპლით. ამგვარი ინტერესი დაეხმარება ბავშვს, რომ ექიმის მიმართ ნდობა გაუჩნდეს.

შეკითხვების ფორმები
არსებობს შეკითხვების შემდეგი ფორმები:
ღია მიმართვები - ღია მიმართვებზე, ბავშვები, ჩვეულებრივ, ერთ ან ორზე მეტი სიტყვით რეაგირებენ. ამგვარი მიმართვები ბავშვს თავისუფალი თხრობის საშუალებას აძლევს. არსებობს ორი მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც ნებისმიერმა გამომკითხველმა ხშირად უნდა გამოიყენოს: „მითხარი...“, მომიყევი...“. ამ სიტყვების მეშვეობით ბავშვს საუბრისთვის, თხრობისთვის ვიწვევთ.
დამაზუსტებელი/შემავსებელი მიმართვები - დასაწყისში, ღია მიმართვების პასუხად, ბავშვმა თავისუფალი თხრობით შეიძლება ინფორმაციის გარკვეული ნაწილი გადმოსცეს. ხშირად ეს არ იქნება სრული, ამიტომაც შესავსებად გამოიყენება შემდეგი მიმართვები:
o „უფრო მეტი მომიყევი/მითხარი...“
o „შემდეგ რა მოხდა.“
o „განაგრძე“.
დამაზუსტებელი/შემავსებელი მიმართვების გამოყენება შეიძლება მაშინ, როდესაც თავისუფალი თხრობისას ბავშვი ახსენებს ვინმეს/რაიმეს. მაგალითად, „მომიყევი, რა მოხდა, როდესაც შენ სავარძელში იჯექი“ (თუ ბავშვმა უკვე ახსენა, რომ ის სავარძელში იჯდა), ან „შენ თქვი, რომ ის ფეხზე შეგეხო... მომიყევი უფრო მეტი ამის შესახებ“.

• პირდაპირი შეკითხვები - ამ კატეგორიას მიეკუთვნება შეკითხვები, რომლებიც იწყება კითხვითი სახელებით:
1. რა
2. ვინ
3. სად
4. როდის
5. როგორ
6. რატომ
• დახურული შეკითხვები - „კი/არა“ - შეკითხვები, რომლებზეც ბავშვმა „კი“ ან „არა“ უნდა უპასუხოს, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ჯერ ერთი, დახურული შეკითხვით ბავშვს ინფორმაცია მიეწოდება გამომკითხველის მიერ. მაგალითად, „იმ კაცმა თქვა რამე?“ ეს შეკითხვა წარმოშობს აზრს, რომ კაცს, შესაძლოა, რაღაც ეთქვა.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების უმეტესობას მზაობა აქვს, რომ აუცილებლად პასუხი გასცეს ამგვარ შეკითხვებზე, მაშინაც კი, როცა პასუხი არ იციან. ამასთან, ბევრი ბავშვი მიდრეკილია დათანხმებისკენ და „კი“ პასუხების გაცემისკენ. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დახურულ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში მომდევნო შეკითხვა ღია მიმართვის ფორმით იყოს ჩამოყალიბებული: „მითხარი, რა თქვა კაცმა“.

• შეკითხვები პასუხების ვარიანტებით - ეს არის შეკითხვები, რომლებზე პასუხის გასაცემად ბავშვს ვთავაზობთ ვარიანტებს, რომელთაგან მან პასუხი უნდა ამოირჩიოს. ამ შემთხვევაშიც მცდარი პასუხის მიღების მაღალი რისკი არსებობს და ამიტომ ამ ტიპის შეკითხვების დასმა დასაშვებია მხოლოდ ღია მიმართვების გამოყენების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს შეიძლება არ მოუნდეს თქვას, რომ არ იცის და შეთავაზებულ ვარიანტთაგან რომელიმე აირჩიოს. ბავშვებს ასევე მიდრეკილება აქვთ, რომ აირჩიონ პირველი ან ბოლო ვარიანტი.

• ჩამაგონებელი/მიმანიშნებელი შეკითხვები - ჩამაგონებელი/მიმანიშნებელი შეკითხვების გამოყენებისას გამომკითხველი ასახელებს დეტალს, მოვლენას ან ქმედებას, რომელიც ბავშვს არ უხსენებია და მის დადასტურებას ან უარყოფას მოითხოვს, რითაც ზემოქმედებას ახდენს ბავშვზე. მაგალითად, „ის შეგეხო სხეულის რომელიმე ნაწილზე?“ ან „ის სხეულზე შეგეხო, ხომ ასეა?“

ეცადეთ, გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი ღია ტიპის მიმართვა და მაქსიმალურად აარიდეთ თავი სხვა ტიპის შეკითხვებს.

ბავშვთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელი ფაქტორები

ბავშვთან საუბრისას გახსოვდეთ:
• გამოიჩინეთ ყურადღება და თანაგრძნობა;
• გამოიყენეთ მოკლე შეკითხვები და წინადადებები;
• გამოიყენეთ მარტივი და ბავშვისთვის გასაგები გრამატიკული კონსტრუქციები. მაგალითად, ბევრ ბავშვს არ ესმის აბსტრაქტული ცნებები, სიტყვების გადატანითი მნიშვნელობები, ორმაგი უარყოფის შემცველი წინადადებები და სხვა;
• არ გამოიყენოთ პროფესიული ტერმინები;
• სასქესო ორგანოებს ის სახელები უწოდეთ, რასაც ბავშვი უწოდებს მათ;
• შეეცადეთ ნაკლებად იხმაროთ ნაცვალსახელები;
• თუ ბავშვი არ საუბრობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუსვით პირდაპირი შეკითხვები: ვინ, რა სად, როდის, როგორ...
• განსაკუთრებით შეიკავეთ თავი დახურული კითხვებისგან, ანუ იმ კითხვებისგან, რომლებზე პასუხები შეიძლება იყოს მხოლოდ „კი“ ან „არა“;
• არ გამოიყენოთ ჩამაგონებელი/მიმანიშნებელი კითხვები;
• “რატომ” - კითხვისგან თავი შეიკავეთ 2 ძირითადი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამგვარ შეკითხვებზე ბავშვმა უმეტესწილად პასუხი არ იცის; ამას გარდა, „რატომ“ შეკითხვები ფარულ დადანაშაულებას შეიცავს („რატომ არ დაუძახე დედას?“ - ბავშვი აღიქვამს, რომ მას რაღაცაში ადანაშაულებენ.
• ყველაზე მთავარი დეტალები და ფაქტები, უმჯობესია, ჩაიწეროთ მაშინვე, საუბრის შემდეგ.

ბავშვთან საუბრისას გაითვალისწინეთ:
• ბავშვს ყურადღება რომ არ გაეფანტოს, ოთახში სათამაშოების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, ამასთან, გარემო არ უნდა აღიქმებოდეს ბავშვის მიერ, როგორც ოფიციალური.
• საუბრისას ოთახში არ იმყოფებოდნენ გარეშე პირები, არ რეკავდეს ტელეფონი.
• საუბრისას ოთახში ბავშვის მშობლების ყოფნა სასურველი არაა, რადგან ისინი შეიძლება ჩაერიონ თქვენს ურთიერთობაში ან ზეგავლენა მოახდინონ ბავშვის პასუხებზე. თუმცა, 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად ეშინიათ მშობლის გარეშე დარჩენა. ასეთ შემთხვევებში ორგვარად შეგიძლიათ მოიქცეთ:
1. შეიძლება ნება დართოთ მშობელს, დაესწროს თქვენს საუბარს, მაგრამ ის ბავშვის ზურგსუკან უნდა დასვათ და შეუთანხმდეთ, რომ არ ჩაერიოს ბავშვთან თქვენს საუბარში;
2. შეიძლება სთხოვოთ მშობელს, გვერდით ოთახში დაგელოდოთ და უთხარით ბავშვს ამის შესახებ, რადგან მან იცოდეს, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია მშობელითან მისვლა. საუბრის დაწყებამდე აჩვენეთ ოთახი, სადაც მისი მშობლები დაელოდებიან.

მზად იყავით იმისთვის, რომ საუბრის დასაწყისში ბავშვმა შეიძლება არაფერი გითხრათ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, რადგან ბავშვს უძნელდება თავისი „საიდუმლოს გამხელა“. ასეთ შემთხვევაში, უთხარით, რომ თქვენ იცით, რამდენად ძნელია მისთვის ამ თემაზე საუბარი.

ბავშვთან ურთიერთობისას გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
• ასაკი;
• მეხსიერება;
• ემოციური მდგომარეობა;
• ფიზიკური მდგომარეობა;
• საუბრისათვის მზაობა;
• განვითარების დონე (მათ შორის მეტყველების განვითარების);
• გამოცდილება, ცოდნა;
• ბავშვის კავშირი იმასთან, ვინც მის მიმართ სავარაუდო ძალადობა განახორციელა;
• მომხდარის ზეგავლენა ბავშვზე.

ასევე მნიშვნელოვანია:
ბავშვთან კონტაქტის ან იმ მოზრდილების მეშვეობით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ბავშვს, ინფორმაცია იმის შესახებ, შეინიშნება თუ არა:

- ცვლილებები ბავშვის ყოველდღიურ ქცევებსა და ჩვევებში სახლში, სახლს გარეთ, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობაში. ბავშვმა შეიძლება ინტერესი დაკარგოს იმის მიმართ, რაც ადრე აინტერესებდა, შეიცვალოს ჩაცმის მანერა. ის შეიძლება უფრო ნერვიული, გაღიზიანებული, მფრთხალი გახდეს, გაურბოდეს გარკვეულ ადამიანებთან კონტაქტს. სექსუალური ტრავმატიზაციის შემთხვევაში შეიძლება შეინიშნებოდეს ქცევის ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალიზაცია (სექსუალური აგრესია, სხვა ადამიანების საზღვრების დაუცველობა და სხვა).
- რეგრესი ქცევაში. ბავშვი ისე იქცევა, თითქოს უფრო პატარა ასაკის იყოს, უკვე ათვისებულ უნარ-ჩვევებს “ივიწყებს”. მაგალითად, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი თითის წოვას ან ენის “მოჩლექით” ლაპარაკს იწყებს.
- ზესიფხიზლე ან მომატებული აგზნებადობა. არამოტივირებული ზესიფხიზლე იმაში ვლინდება, რომ ბავშვი თითქოს საკუთარ თავს დარაჯობს, მუდმივად დაძაბულია, ერთგვარ “მზადყოფნაშია”, რათა ნებისმიერ მომენტში აირიდოს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მუქარა. მომატებული აგზნებადობის დროს ბავშვებს არ შეუძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, მოუსვენრობას ავლენენ.
- გარიდების მცდელობა ყველაფრისგან, რაც ტრავმას უკავშირდება. ბავშვს არ სურს იფიქროს, მოყვეს მომხდარის შესახებ, ეშინია იმ ადგილებში ყოფნა, რომლებიც გადატანილ ძალადობას უკავშირდება. მაგალითად, გოგონა, რომელზეც სექსუალური ძალადობა განხორციელდა ლიფტში, უარს ამბობს ლიფტით სარგებლობაზე.
- გარემომცველი ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვა. ბავშვებს მუდმივად აქვთ საფრთხის განცდა. მათ ეშინიათ მოზრდილების, ამასთან, არა მარტო მამაკაცების, რომელთაგან უფრო ხშირია ძალადობა, არამედ ქალებისაც, მათ აშინებთ ახალი ყოფითი სიტუაციები.
- შიშების არსებობა. შიში შეიძლება იყოს ბევრნაირი და ხშირად - ძალზე დიდი ინტენსივობით გამოხატული. ზოგიერთ ბავშვს ოთახში მარტო დარჩენის ეშინია, ზოგს _ სიბნელის, მოზრდილი ადამიანების, მათ შორის, _ ნაცნობებისაც, ქუჩაში სიარულის და მრავალი სხვა.
- დეპრესიული მდგომარეობები, სუიციდური აზრები და მცდელობები. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო დაფარულია მისი დეპრესიული განცდები. ბავშვმა შეიძლება არც თქვას, რომ ის ცუდ ხასიათზეა, მაგრამ დეპრესია ჩივილების სახით ვლინდება: “ჭამა არ მინდა”, “თამაში არ მაინტერესებს”. სანამ ბავშვს ფორმირებული არ აქვს წარმოდგენები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სუიციდის მცდელობა არ ჩნდება. ამიტომ 6-8 წლამდე ასაკის ბავშვებში სუიციდური ტენდენციები უკიდურესად იშვიათია. ხოლო მოზარდებში, რომლებმაც ძალადობა განიცადეს (განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა), ხშირად ჩნდება მდგრადი დეპრესიული განცდები, სიკვდილზე ფიქრი, სუიციდური მცდელობები.
- აგრესიულობა სხვებთან მიმართებაში. ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს გაღიზიანების “აფეთქებები”, ის ვერ აკონტროლებს თავს, ჩხუბობს, სასტიკად ეპყრობა ცხოველებს, ძლიერ ბრაზს ან რისხვას ავლენს. მაგალითად, თოჯინების დამტვრევისას ბავშვები აგლეჯენ სათამაშოს ხელებს, ფეხებს, თავს, უთხრიან თვალებს. აღსანიშნავია, რომ ბიჭებსა და გოგონებს განსხვავებული რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ: ბიჭები უფრო აგრესიულები არიან სხვების მიმართ, ხოლო მოზარდი გოგონები უმეტესად აგრესიას საკუთარი თავის წინააღმდეგ ავლენენ.
- თვითდესტრუქციული ქცევისკენ მიდრეკილება. ბავშვი ზიანს, ფიზიკურ ტკივილს აყენებს საკუთარ თავს. ის თითქოს ეხმარება საკუთარ თავს, რომ დაუბრუნდეს რეალურ ცხოვრებას, რადგან თავის აზრებსა და გრძნობებში ბავშვი მუდმივად იმყოფება მის მიერ გადატანილ, ფიზიკურად და ფსიქიკურად მატრავმირებელ სიტუაციაში. ფიზიკური ტკივილის გადატანა მისთვის უფრო იოლია, ვიდრე სულიერი ტკივილის. ამას გარდა, ბავშვი თვლის, რომ ის ცუდია და საკუთარ თავს ისჯის.
- დისოციაციები. ბავშვი თითქოს საკუთარ თავს გამოჰყოფს სხეულისაგან და ფიქრებში ეფლობა, სამყაროსადმი ემოციურ გულგრილობას ავლენს. ამგვარი მდგომარეობა ბავშვს შეიძლება უცებ გაუჩნდეს, თამაშის დროსაც კი, თუკი ვინმემ მას აწყენინა ან რაიმემ მატრავმირებელი მოვლენა გაახსენა. გამოთიშულობის მდგომარეობა ძალზე ხამოკლეა, მაგრამ თუ ბავშვი ვერ იპოვის ადაპტაციის სხვა, უფრო კონსტრუქციულ ხერხებს და ხშირად მოიშველიებს პრაქტიკაში ამგვარ დაცვით მექანიზმს, ამან შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების გაორება, რამდენიმე “მე”-ს განცდა, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათად ხდება.

ანამნეზის შეგროვების და დაფიქსირების თავისებურებები
ანამნეზის დაფიქსირება სამედიცინო დოკუმენტებში ხდება სრულად, რაც ხელს უწყობს ძალადობის ფაქტის იურიდიულად დადასტურებას. ექიმმა ასევე უნდა გადაწყვიტოს, გამართლებულია თუ არა ანამნეზის დეტალური შეგროვება.

ანამნეზის დეტალური შეგროვება გამართლებულია, თუ:
• ბავშვს თვითონ სურს ფიზიკურ ძალადობაზე საუბარი;
• ანამნეზური მონაცემების შეგროვება აუცილებელია ტრავმის ხასიათის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად;
• აუცილებელია სასწრაფო ქმედებები ბავშვის სიცოცხლის დასაცავად, შემდგომი ფიზიკური ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

გამართლებული არაა, ბავშვს ვკითხოთ ძალადობის შესახებ, თუ:
• ბავშვი ძალიან მოუსვენარია;
• დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის დასანიშნად დამატებითი მონაცემები არ გვჭირდება;
• სპეციალისტი არ არის მომზადებული ან არ აქვს ძალადობა განცდილ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
• ბავშვმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა განცდილ ძალადობაზე სხვა სპეციალისტთან. Y
ანამნეზის შეგროვებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი, შესაძლებელია, შეეცადოს ძალადობის ფაქტის დამალვას, რათა დაიცვას მშობელი ან იმის გამო, რომ ეშინია, მშობელმა კვლავ არ დასაჯოს ფიზიკურად.

თუ ბავშვს აღენიშნება ძალადობის ფიზიკური ნიშნები, უმჯობესია, თუ ამის შესახებ ბავშვს ღია კითხვით მიმართავთ, მაგალითად:
„ვხედავ,რომ შენ გაქვს [ნიშნები/სისხლჩაქცევები] შენს []-ზე“. „ყველაფერი მომიყევი ამის შესახებ“.

როდესაც ბავშვი განსაკუთრებით „ჩაკეტილია“
შენიშვნა: ეს მეთოდები მხოლოდ მაშინ უნდა იყოს გამოყენებული, როცა ძალადობის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებანი არსებობს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეს მიმართვები განზოგადებული სახით შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:
1. წუხილის გამოხატვა: შენზე ვწუხვარ/ვფიქრობ, რაღაც შეგემთხვა. [განზოგადებული ფორმა: ჩემი მოვალეობაა ბავშვებზე ზრუნვა და მე განვიცდი, როცა მათ რაღაც ემართებათ].
2. ახსნა: შეგიძლია მენდო და მომიყვე რაც მოხდა. . . [განზოგადებული ფორმა: მე ვუსმენ ბავშვებს/ბავშვებს შეუძლიათ მენდონ და მომიყვნენ, თუ რა შეემთხვათ].
3. ბავშვისგან პასუხისმგებლობის ტვირთის ჩამოხსნა: თუ რაიმე მოხდა, იცოდე, რომ ეს შენი ბრალი არ არის. [განზოგადებული ფორმა: როცა რაიმე ხდება, ეს ბავშვის ბრალი არ არის].

მოერიდეთ:
• ფიზიკურ კონტაქტს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან;
• შიშის, ზიზღის ან დაეჭვების გამომხატველ ემოციურ რეაქციებს ბავშვის მონათხრობზე;
• გრძნობების მძაფრად გამოხატვას, იმის მიუხედავად, რასაც არ უნდა ყვებოდეს ბავშვი;
• პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღებას;
• სხვა სპეციალისტების (მაგალითად, ფსიქოლოგის, გამომძიებლის) ფუნქციების საკუთარ თავზე აღების მცდელობას;
• ბავშვის მონათხრობის ინტერპრეტირებას.

დასრულება
საუბრის შემდეგ მადლობა გადაუხადეთ ბავშვს ნდობისა და გამბედაობისთვის. უთხარით, რის გაკეთებას აპირებთ. მაგალითად, „მე ვაპირებ შენს დედას დაველაპარაკო იმის შესახებ, რაც მოხდა, იმისთვის, რომ ერთად მოვიფიქროთ, როგორ დაგიცვათ შენ“.

 





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ