პროფესიონალებისთვის

ბავშვზე ძალადობის პრევენცია
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon
 
 
ბავშვის მიმართ ძალადობა არ არის გარდაუვალი.
მისი პრევენცია შესაძლებელია.


დიდი ხნის განმავლობაში, ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ძირითადად ძალადობის უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით შემოიფარგლებოდა. დღეს, მეცნიერული კვლევების სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღკვეთა შესაძლებელია მანამ, სანამ ის მოხდება. ამასვე აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: „დადგა დრო, მეტი ყურადღება სწორედ ძალადობის თავიდან ასაცილებელ წინასწარ ღონისძიებებს დავუთმოთ“.

ვინაიდან ბავშვზე ძალადობის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, შესაბამისად, ძალადობის პრევენციული სტრატეგიებიც განსხვავდება. არსებობს ბავშვზე ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ზრუნვის უნივერსალური სტრატეგიები, რომელთა ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მრავალი მეცნიერული შრომა. ეს სტრატეგიები მოიცავს როგორც პირდაპირი ზეგავლენის მქონე ღონისძიებებს, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის მოვლისა და აღზრდის საკითხებზე მშობელთა განათლება, საზოგადოების ინფორმირება ბავშვზე ძალადობის საკითხებზე, ასევე არაპირდაპირი ზემოქმედების მომხდენ სტრატეგიებსაც, მაგალითად, ნაკლებად ხელმისაწვდომი ალკოჰოლი, და სხვა.

პრევენციის მრავალი არსებული სტრატეგია ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ადრეულ იდენტიფიცირებას და ინტერვენციას გულისხმობს, რაც მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ცალკეული ბავშვისა და ოჯახისათვის. თუმცა, მხოლოდ ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა რიცხვს. ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ დასახულ ღონისძიებათა მაქსიმალური ეფექტურობისთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერი სტრატეგია, განსაკუთრებით - პრევენციული სტრატეგიები, აუცილებლად ითვალისწინებდეს ბავშვზე ძალადობის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს და ძალადობის ხელისშემშლელ, დამცავ ფაქტორებს. პრევენციული სტრატეგიები მიმართული უნდა იყოს ძალადობის გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირებისა და დამცავი ფაქტორების გაძლიერებისკენ.

 

ბავშვზე ძალადობის რისკ-ფაქტორები და დამცავი ფაქტორები

ძალადობა ინდივიდუალური, ჯგუფური, სოციალური, კულტურული ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. ცალკე აღებული ვერც ერთი ფაქტორი ვერ ხსნის, რატომ იქცევა ერთი ადამიანი აგრესიულად, მეორე კი _ არა, რატომ ხდება ერთგან ძალადობის მეტი შემთხვევა, ვიდრე სხვაგან. ოჯახში, თემში, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სივრცეში მრავალი ფაქტორი არსებობს, რომელთა ურთიერთქმედებამ, შესაძლოა, ბავშვზე ძალადობის პროვოცირება მოახდინოს, ან პირიქით, - ძალადობის საფრთხე შეამციროს.

ფაქტორები, რომლებიც ბავშვზე ძალადობის ფაქტორები 2 ძირითად ჯგუფად იყოფა:
1) რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვზე ძალადობის გავრცელებას;
2) დამცავი ფაქტორები, რომლებიც იცავენ ბავშვს ძალადობისგან.


ძალადობის ხელშემწყობი რისკ-ფაქტორები

რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვზე ძალადობის გავრცელებას, შეიძლება დაიყოს ინდივიდუალურ/პიროვნულ ურთიერთობათა, საზოგადოებრივ/თემში არსებულ და სოციალურ რისკ-ფაქტორებად.

ა) ინდივიდუალური/პიროვნულ ურთიერთობათა რისკ-ფაქტორები

მშობლებთან და მზრუნველებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები
• მშობელი/მზრუნველი თვითონ არის წარსულში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი;
• რთული ორსულობა;
• ბავშვის განვითარების შესახებ წარმოდგენის უქონლობა ან არარეალური წარმოდგენები;
• მშობელს/მზრუნველს ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები აქვს, რომ ართმევს მას უნარს, იზრუნოს ბავშვზე;
• ბავშვის აღზრდის უნარის არქონა და შეუსაბამო საპასუხო რეაქცია ბავშვის ცუდ საქციელზე;
• მშობელი/მზრუნველი წყენის და ბრაზის დროს თვითკონტროლს ნაკლებად ახერხებს;
• სოციალური იზოლაცია;
• მშობელი/მზრუნველი დაავადებულია დეპრესიით, დაბალი თვითშეფასება აქვს ან არაადეკვატურ ქცევას ავლენს;
• ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება მშობლობის ან ორსულობის პერიოდში;
• ფიზიკური დასჯის გამოყენება ბავშვის აღსაზრდელად;
• კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვა, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვთან ურთიერთობაზე;
• ფინანსური გასაჭირი და სხვა.

ბავშვთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები
• „ვერ გაამართლა“ მშობელთა მოლოდინები (სქესი, გარეგნობა, თანდაყოლილი ანომალიები, ხასიათი);
• საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას (დღენაკლული ბავშვი, გონებრივ ან ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, ქრონიკული დაავადება);
• მცირეწლოვანი ასაკი (ხშირი ტირილი და მისი დამშვიდების სიძნელე);
• აქვს პრობლემური ხასიათი ან აქვს განსაკუთრებული ემოციური და ქცევითი მახასიათებლები (აგრესიულობა, იმპულსურობა და სხვა) ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
• მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი შვილია, რაც იწვევს მშობლების მხრიდან ზრუნვის შემცირებას;

ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები
• ნაკლები სიახლოვე ბავშვს და მშობელს შორის;
• ოჯახის წევრის ფიზიკური ან გონებრივი განვითარების პრობლემები;
• ოჯახის დანგრევა, რასაც შედეგად მოჰყვება ბავშვის და უფროსის ფსიქოლოგიური პრობლემები, სიმარტოვის და უმწეობის განცდები, მუდმივი დაძაბულობა, ბავშვის აღზრდაში ხელშეწყობის შეწყვეტა, დავა ბავშვზე მეურვეობა/მზრუნველობის თაობაზე;
• ძალადობა ოჯახში;
• სქესობრივი ნიშნით გამორჩევა;
• საზოგადოებისგან იზოლაცია; დამხმარე ქსელის არარსებობა;
• ოჯახის დისკრიმინაცია ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი, ასაკობრივი, სექსუალური ორიენტაციის, უძლურების ან ცხოვრების სტილის მიზეზით;
• კრიმინალურ ან ძალადობრივ ქმედებებში ჩართულობა და სხვა.

ბ) საზოგადოებრივი/თემში არსებული რისკ-ფაქტორები

• ბავშვზე ძალადობის მიმართ ტოლერანტული საზოგადოება;
• საცხოვრებელი ფართის დაკარგვა/არარსებობა ან შეუფერებელი საცხოვრებელი ფართი;
• ოჯახის მხარდამჭერი, განსაკუთრებული საჭიროებების უზრუნველმყოფი სამსახურების ნაკლებობა;
• უმუშევრობის მაღალი დონე, სიღატაკე;
• გარემოში ტყვიისა და სხვა ტოქსინების სახიფათო დონე;
• ალკოჰოლის ადვილად მისაწვდომობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა თემში.

გ) სოციალური რისკ-ფაქტორები
• დაბალი საცხოვრებელი სტანდარტები;
• სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც დასაშვებს ხდის ბავშვზე ძალადობას, ან, ზოგადად, ძალადობას სხვების მიმართ, ფიზიკური დასჯის ჩათვლით;
• სოციალური და კულტურული ნორმები, რაც მოითხოვს მკაცრ გენდერულ როლებს კაცებისა და ქალებისათვის;
• სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც მშობლის და შვილის ურთიერთობაში ბავშვის სტატუსს აკნინებს;
• ბავშვთა პორნოგრაფიის, ბავშვთა პროსტიტუციის და ბავშვთა ფიზიკური შრომის არსებობა.

 

ძალადობისგან დაცვის ფაქტორები – დამცავი ფაქტორები

ბავშვზე ძალადობის გამომწვევი რისკ-ფაქტორების გარდა, აღსანიშნავია დამცავი ფაქტორები, რომელთა არსებობა ან თანაარსებობა ხელს უწყობს ბავშვთა დაცვას ძალადობისგან. დამცავი ფაქტორები ასევე შეიძლება დაიყოს ინდივიდუალურ/ურთიერთობის, საზოგადოებრივ/თემში არსებულ და სოციალურ ფაქტორებად.

დამცავი ფაქტორები ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, უფრო დაცულნი არიან ძალადობისა და უგულებელყოფისაგან. ეს შეიძლება იყოს:

• ოჯახური ურთიერთობის სტაბილურობა, ბავშვის აღზრდა-განვითარების თავისებურებათა ცოდნა და მის აღზრდაზე გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, აღზრდის არაძალადობრივი მეთოდები;
• საზოგადოების კულტურული ნორმები, არადისკრიმინაციული და ჯანმრთელი გარემო;
• სოციალური კეთილდღეობა, ოჯახის და ბავშვის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა და პროგრამები;
• და სხვა.

ბავშვზე ძალადობის რისკ-ფაქტორების და დამცავი ფაქტორების ცხრილი


  რისკ ფაქტორები დამცავი ფაქტორები
ინდივიდუალური (ბავშვი)
  • საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას 
  • დაიბადა დღენაკლული
  • არასასურველიშვილი
  • ემოციური/ქცევითი  სირთულეები
  • დადებითი ემოციური ურუთიერთობები
  • მზრუნველი და ემოციურად მხარდამჭერი ოჯახი 
  • სამაგალითო უფროსები 
ინდივიდუალური (მშობელი)
  • მშობლობის მწირი უნარი
  • ბავშვის განვითარების არცოდნა 
  • ძალადობის გამოცდილება 
  • ტოქსიკომანი 
  • ფსიქიკური დაავადებები 
  • არარეალური წარმოდგენა ბავშვის ქცევაზე 
  • ახალგაზრდა მშობლები 
  • დეპრესია, დაბალი თვითშეფასება 
      
  • მშობლობის კარგი უნარი
  • დადებითი ემოციური ურთიერთობა 
  • ბავშვის გაჩენისთანავე გვერდში მდგომი ახლობელი 
  • განათლების მაღალი დონე 
  • ბავშვის განვითარების ცოდნა 
ოჯახი
  • ბავშვის/მშობლის ურთიერთობა
  • მშობლების სტრესი 
  • ოჯახური ძალადობა 
  • სოციალური იზოლაცია 
  • მარტოხელა მშობელი 
  • უცხო ადამიანი ოჯახში 
  • სიღარიბე 
  • მზრუნველი და ემოციურად მხარდამჭერი ოჯახი, დები და ძმები
  • სამაგალითო უფროსები 
  • ოჯახური ჰარმონია 
  • სოციალური მხარდაჭერა მნიმშვნელოვანი პირისგან 
თემი
  • უმუშევრობა/ფინანსური პრობლემები
  • სიღარიბე 
  • ძალადობიხ მიმართ ტოლერანტობა 
  • კრიმინალური გარემო 
  • მჭიდრო კავშირი, სამეზობლო ურუთიერთობა
  • ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, დასაქმების სერვისები 
  • მზრუნველი და ემოციურად მხარდამჭერი მეგობრები, მასწავლებლები, მეზობლები 
კულტურულ-სოციალური გარემო
  • ძალადობის მისაღები დონე
  • ფიზიკური ძალადობა მედიაში 
  • დასჯის გამოყენების პოლიტიკა
  • ეროვნული/სახელმწიფო/ადგილობრივ ოჯახის დონეზე 
  • მკაცრი გენდერული როლები 
  • მეგობრების და ახლობლების სოციალური ქსელი
  • ეროვნულ/სახელმწიფო/ადგილობრივ ოჯახის დონეზე მხარდამჭერი სოციალური პოლიტიკა 
  • ბავშვთა უფლებების პატივისცემა 

 


ბავშვზე ძალადობის პრევენციის სამი დონე

ბავშვზე ძალადობის პრევენციული ღონისძიებები 3 სხვადასხვა დონეზე ხორციელდება: საყოველთაო, მიზნობრივი და ინდივიდუალური.


პირველი დონე - საყოველთაო პრევენცია გათვლილია საზოგადოების ფართო სპექტრზე;
მეორე დონე - მიზნობრივი პრევენცია მიმართულია საზოგადოების იმ ჯგუფისკენ, რომელშიც არსებობს ბავშვზე ძალადობის ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორი;
მესამე დონე - ინდივიდუალური პრევენცია მიმართულია იმ ოჯახებისკენ ან სხვა ადგილებისკენ, სადაც ბავშვზე ძალადობა ხდება. მისი მიზანია ძალადობის განმეორებისგან ბავშვების დაცვა.


I დონე - საყოველთაო პრევენცია
საყოველთაო პრევენციის დოქტრინის თანახმად, მთელი საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას ბავშვი ძალადობისგან. შესაბამისად, მისი სტრატეგია ფოკუსირებულია მთლიანად საზოგადოებაზე. საყოველთაო პრევენციულ ღონისძიებათა გრძელვადიანი მიზანია საზოგადოების განათლება, სოციალური ცვლილებების მიღწევა, ძალადობის მიმართ ტოლერანტობის აღკვეთა და სხვა.

საყოველთაო პრევენციის ძირითადი მიზნებია:
• მშობელთა/მზრუნველთა ცოდნის გაფართოება, რათა მათ იცოდნენ, როგორ მიმდინარეობს ბავშვის განვითარების პროცესი, განვითარების ამა თუ იმ საფეხურს როგორი ქცევა თუ მდგომარეობა შეესაბამება;
• მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობის და კომუნიკაციის გაძლიერება;
• მშობლებისთვის, რომელთა ბავშვები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ, სტრესთან გამკლავების სწავლება;
• მშობლების ცოდნის ამაღლება ოჯახის მართვა-გაძღოლის საკითხებში;
• სოციალური და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისათვის.

ამ მიზანთა მისაღწევად სხვადასხვა სტრატეგიები გამოიყენება, როგორიცაა, მაგალითად, ღონისძიებები მომავალი მშობლებისათვის, რათა ისინი ადვილად გაუმკლავდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ სამომავლო სირთულეებს; პროგრამები მშობლებისთვის - ბავშვზე ზრუნვის და მისი განვითარების თავისებურებათა შესახებ; ასევე - პროგრამები, რომელთა მეშვეობით ბავშვები აითვისებენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების, ძალადობისგან თავის დაცვის, საზოგადოებაში ურთიერთობის უნარებს და სხვა. კრიზისულ სიტუაციებში მეტად მნიშვნელოვანია თვითდახმარების ჯგუფების და 24-საათიანი კრიზისული დაცვის პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშობლების სწრაფ დახმარებას. ამისთვის აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს სატელეფონო ცხელი ხაზი, კრიზისული ცენტრები, კრიზისულ სიტუაციებში დამხმარე საკონსულტაციო სამსახურები.

II დონე - მიზნობრივი პრევენცია
პრევენციის ეს დონე მოიცავს საზოგადოების იმ ჯგუფისკენ მიმართულ ღონისძიებებს, სადაც ბავშვზე ძალადობის ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს - ოჯახები სტრესულ სიტუაციებში, ახალგაზრდა მშობლები; ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებული მშობლები, ასევე ბავშვთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები (მაგალითად, უნარშეზღუდულობა).

მიზნობრივი პრევენციის ძირითადი მიზნებია:
• მშობელთა ცოდნის გაზრდა, რათა მათ გააცნობიერონ, როგორ გავლენას ახდენს მათი ბავშვობისდროინდელი გამოცდილება მათ ქცევაზე უკვე მშობლის როლში;
• მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობის მოწესრიგება;
• საჭიროების შემთხვევაში, მშობლების დაკავშირება თემში არსებულ იმ სამსახურებთან, რომელიც მიმართულია ოჯახის, მშობლის და ბავშვის სპეციფიკური პრობლემების მოგვარებაზე;
• უნარშეზღუდული ბავშვის მშობელთა დახმარება სტრესთან გასამკლავებლად;
• სოციალური და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისათვის.

ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული სტრატეგიები მოიცავს: ბავშვის აღზრდის სწავლების პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებისათვის; პროგრამებს, რომლებიც ასწავლიან მშობლებს თემის რესურსების გამოყენებას; პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდა მშობლებს მიაწვდიან ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის განვითარება და მოვლა, და სხვა. აუცილებელია, არსებობდეს სამსახურები, სადაც დახმარებას გაუწევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის, დეპრესიის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის პრობლემის მქონე მშობლებს და სხვა.

III დონე - ინდივიდუალური პრევენცია
ინდივიდუალური პრევენცია მოიცავს იმ ოჯახებთან მუშაობას, რომლებშიც შეინიშნა ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა. ის მიმართულია ძალადობის განმეორების თავიდან აცილებაზე.

ინდივიდუალური პრევენციის ძირითადი მიზნებია:
• ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის განმეორების შემცირება ბავშვისთვის საცხოვრებელი გარემოს შეცვლით ან მოძალადისათვის თავისუფლების აღკვეთით;
• მშობელთა ნარკო და ალკოჰოლ დამოკიდებულების შემცირება;
• ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
• ძალადობით მიღებული ზიანის შემცირება;
• ოჯახის დაკავშირება ოჯახის დამცავ ჯგუფებთან და სხვა დამცავ სისტემებთან;
• მშობლების კავშირის გაძლიერება თემში არსებულ დამხმარე სამსახურებთან.


ამ მიზანთა მისაღწევად, პრევენციის III დონეზე გამოყენებული ღონისძიებები შეიძლება იყოს: მოძალადის განრიდება, საჭირო შემთხვევაში ბავშვისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მოძალადე მშობლების რეაბილი¬ტაცია მათი მკურნალობის უზრუნველყოფით, ძალადობაგანცდილი ბავშვის მკურნალობა, მიმღები ოჯახების შექმნა და მომზადება, და სხვა.

 

პრევენციული ღონისძიებები

მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ზრუნვა და ოჯახის მონახულება
ბავშვზე ძალადობასთან და ბავშვის უგულებელყოფასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია დედის და ბავშვის ჯანმრთელობის (ბავშვების სიცოცხლის დასაწყისიდანვე) დაცვის პროგრამები. ამგვარი მომსახურება ხელს უწყობს მშობელს და ბავშვს შორის სიახლოვეს და მშობლების მხრიდან მცირეწლოვან ბავშვზე ძალადობის რისკის შემცირებას. ჯანდაცვის მუშაკების მიერ ახლად ნამშობიარევი დედების, ახალშობილთა ოჯახის მონახულების პროგრამების დახმარებით შესაძლებელია ადრევე განისაზღვროს, სჭირდება თუ არა მშობელს დახმარება.

ოჯახის მონახულება და მშობელთა განათლება
პრევენციის ერთ-ერთი წარმატებული და ფართოდ გავრცელებული სტრატეგიაა მშობლების განათლება ბავშვის აღზრდის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ ამგვარი განათლება უნდა ემსახურებოდეს როგორც დედების, ასევე მამების უნარ-ჩვევების განმტკიცებას. ყველაზე წარმატებული ღონისძიებები მიმართულია როგორც ოჯახის შიგნით ბავშვის განვითარებისკენ, ასევე ოჯახების შესაძლებლობის გაზრდისკენ, - გაუმკლავდნენ ოჯახის გარეთ არსებულ მოთხოვნებს. ბავშვის აღზრდის, მასზე ზრუნვის საკითხებში მშობლების და მზრუნველების განათლება ხელს შეუწყობს აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების აღიარებას და დამკვიდრებას.
ოჯახის მონახულება გულისხმობს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების, სოციალური მუშაკების მონაწილეობას ჩვილთა და მცირეწლოვან ბავშვთა საჭიროებების შეფასებაში, ასევე მშობლების უნარების შეფასებაში. ოჯახის ინდივიდუალური მონახულება მიზნად ისახავს ემოციური თანადგომის გაწევას, მშობლების განათლებას, პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების განვითარებას და გარკვეულწილად, ოჯახის შეფასებას. ოჯახის მონახულება იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ ოჯახი, საჭიროების მიხედვით, მათთვის აუცილებელ სხვადასხვა სამსახურებს დაუკავშირდეს.


მშობლების კონსულტირება

ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების საკითხებზე
ჯანდაცვის პირველადი რგოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ექიმის/ექთნის ბავშვთან ვიზიტის აუცილებელი კომპონენტია ბავშვის ჯანმრთელობის და განვითარების შესახებ მშობლების, მზრუნველების სისტემატური კონსულტირება. ბავშვზე მეთვალყურეობის ვიზიტების დროს, ძირითადი საკონსულტაციო საკითხები შეიძლება იყოს:
• ტირილი და მისი მართვა: ახალშობილი და ჩვილი ბავშვები თავიანთ მოთხოვნილებებს მხოლოდ ტირილით გამოხატავენ. ამიტომ პატარები ხშირად ტირიან. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვის ტირილს სხვადასხვა მიზეზი და განსხვავებული ხასიათი აქვს. დაკვირვებულ მშობელს ადვილად შეუძლია ბავშვის ტირილის მიზეზის დადგენა. სპეციალისტმა უნდა ურჩიოს მშობელს, როგორ მოიქცეს ბავშვის ტირილის დროს.
• უსაფრთხო გარემო და დაზიანებების არიდება: მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშის თუ მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.
• ბავშვის შენჯღრევის სინდრომი: აუხსენით მშობლებს, რომ ბავშვის შენჯღრევისას არსებობს სერიოზული საფრთხე, განვითარდეს თავის ქალას ტრავმა. ტრავმის მოგვიანებითი შედეგები შეიძლება იყოს თავის ტვინის ქერქის დაზიანების გამო განვითარებული სიბრმავე, კრუნჩხვები და სხვა მძიმე შედეგები. ცნობილია, რომ ბავშვის ძალადობრივ ნჯღრევას ყოველი მეოთხე მსხვერპლი ბავშვისთვის სასიკვდილო შედეგი მოაქვს. 4 თვემდე ასაკის ბავშვები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
• 3 წლის კრიზისი - „ჯიუტობის ხანა“: მშობლები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან 2-4 წლის ბავშვების ემოციურ-ქცევით გამოვლინებებთან დაკავშირებით. განუმარტეთ მშობელს, რომ ამ ასაკობრივ პერიოდში ბავშვის გამძაფრებული სიჯიუტე და ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთების სურვილი მისი განვითარების ბუნებრივი მახასიათებელია. ასევე აუხსენით, რომ წარმოქმნილი პრობლემების დაძლევა და ბავშვის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა მშობლების და მზრუნველების მხრიდან მოთმინების და ტაქტის გამოჩენით არის შესაძლებელი.
• კვების პრობლემა ბავშვებში: ბავშვის კვების პროცესში ბევრი მშობელი პრობლემებს აწყდება. მათი შვილები უარს ამბობენ მიირთვან შეთავაზებული საკვები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც. ზოგიერთი ბავშვი ძალიან ნელა ჭამს, ზოგი - ძალიან სწრაფად. უთხარით მშობლებს, რომ ეს ზრდის პროცესში ნორმალური მოვლენაა და შესაძლოა, რომ მათი შვილის მიერ დამოუკიდებლობის გამოხატვის საშუალებაც კი იყოს. განუმარტეთ მშობლებს, რომ ჭამის პროცესში არ გაუბრაზდნენ, ჭამა არ დააძალონ პატარას, მისცენ დამოუკიდებლად ჭამის ნება. დაარწმუნეთ მშობლები, რომ ბავშვის კვების პროცესში სიმშვიდის და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება ორივესთვის კარგი იქნება.
• ტუალეტის ჩვევა: ტუალეტის ჩვევის სწავლების ეტაპი მშობლებისთვის საფენებისგან გათავისუფლებას ნიშნავს, ხოლო პატარასთვის ეს არის ნაბიჯი თავდაჯერებულობისკენ და დამოუკიდებლობისკენ. ამ ჩვევის სწავლებისას სიძნელეები წარმოიქმნება, როგორიცაა ჩასველება, უარი ქოთნის გამოყენებაზე. მშობელმა/მზრუნველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი - ძნელად. აუხსენით მშობლებს, რომ იყონ მომთმენნი და ნუ გაუწყრებიან ბავშვს, თუ მან ჩაისველა ან ქოთანი არ გამოიყენა.

თუ მშობელი/მზრუნველი სრულფასოვან ინფორმაციას ფლობს ბავშვის საჭიროებების და მისი განვითარების თავისებურებათა შესახებ, ის შეძლებს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

იმ ოჯახების დახმარება, რომლებსაც უნარშეზღუდული ბავშვები ჰყავთ
თანდაყოლილი უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვების მიმართ ოჯახში ძალადობის შემცირების პროგრამების ეფექტიანობაზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული. თუმცა, განსაზღვრულია, რომ პერსპექტიული მიდგომა გულისხმობს საზოგადოებრივ საწყისებზე რეაბილიტაციისა და ადრეულ ასაკში მხარდაჭერის პროგრამებს, ცენტრებში ან ოჯახებში ვიზიტების საშუალებით. უნარშეზღუდული ბავშვების მშობლებისათვის მოწყობილმა ხანმოკლე დროებითმა შესვენებამ შეიძლება მთელ ოჯახს შეუმციროს სტრესი და თან შეასრულოს ძალადობის პრევენციისკენ მიმართული სტრატეგიის როლი. მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც მშობლებს ბავშვის მოვლისგან შესვენების საშუალებას აძლევს, შესაძლებელია, ორგანიზებული იყოს რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახელმწიფო უწყებების მიერ და მათ შეუძლიათ დახმარების გაწევა უნარშეზღუდულ ბავშვებზე ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

 





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ