პროფესიონალებისთვის

დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

დაზარალებული ან მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა:
როგორ მივიღოთ სარწმუნო ინფორმაცია ბავშვის დამატებითი ტრავმირების გარეშე

რატომ არის მნიშვნელოვანი ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის დაკითხვის/გამოკითხვის სწორად ჩატარება?

  • ბავშვი ხშირად მომხდარის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ერთადერთი მისაწვდომი წყაროა.
  • ბავშვზე ძალადობაში ეჭვმიტანილთა უმრავლესობას ბრალი არ/ვერ დაუმტკიცდათ ხშირად იმიტომ, რომ გამოძიება იყო არაადეკვატური, ბავშვის გამოკითხვა არასწორად ჩატარდა. 


მართლმსაჯულების სისტემა დაზარალებული/მოწმე ბავშვისგან მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ, მკაფიო და თანმიმდევრულ გადმოცემას, “სანდო მოწმეობას” მოითხოვს.

ვინ შეიძლება ჩაითვალოს “სანდო მოწმედ”? 

  • ის, ვისაც შეუძლია ინფორმაციის მაქსიმალურად სრულად და ზუსტად გახსენება და გადმოცემა;
  • ის, ვისაც ესმის განსხვავება სიმართლესა და ტყუილს შორის;
  • ის, ვისაც შეუძლია დასმული კითხვების გაგება და ვერგაგების შემთხვევაში ამის აღნიშვნა;
  • ის, ვისაც შეუძლია ჩამაგონებელი კითხვებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

რეალურად ისე ხდება, რომ ძალადობის მსხვერპლი ან მოწმე ბავშვის დაკითხვის თუ გამოკითხვის პროცესში არაერთი იმგვარი სიძნელე იჩენს თავს, რომლებიც, შესაძლოა, დამკითხველს, გამომკითხველს მხედველობიდან გამორჩეს. ეს კი უარყოფითად აისახება როგორც ბავშვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სანდოობაზე, ისე თვითონ ბავშვის მდგომარეობაზე.

მაგალითად, უჩვეულო, უცხო გარემო უკვე ტრავმირებული ბავშვის ემოციურ მგრძნობელობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც გავლენას მოახდენს მის მიერ გადმოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე. ამას გარდა, მტკივნეულ თემაზე საუბრისას, არაკორექტულად დასმული კითხვები საფრთხეს შეუქმნის მიღებული ინფორმაციის სანდოობას. დაბოლოს, არასწორად ჩატარებული დაკითხვის შემთხვევაში, ბავშვს ტრავმული გამოცდილება განუახლდება და ის კიდევ ერთხელ იგრძნობს თავს მსხვერპლად.
აუცილებელია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ბავშვები, რომლებიც დაკითხვისას ნაკლებად ყვებიან გადატანილი ძალადობის შესახებ, საჭიროებენ დამატებით მხარდაჭერას და არა -იძულებას.

დაზარალებული/მოწმე ბავშვისგან მაქსიმალურად სრული და სარწმუნო ჩვენების მისაღებად გამოიყენება NICHD პროტოკოლი. ეს არის აშშ-ს ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის (NICHD) დაკითხვის/გამოკითხვის სტრუქტურირებული ინსტრუმენტი. ცხადია, ბავშვის დაკითხვის თუ გამოკითხვის არაერთი სხვა კარგი ინსტრუმენტი არსებობს. თუმცა, ამ პროტოკოლის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ იგი მრავალრიცხოვანი მეცნიერული კვლევების საფუძველზე არის შექმნილი. კვლევების მიზანი იყო ბავშვის მეხსიერების, კომუნიკაციური შესაძლებლობების და სოციალური უნარების დარგში არსებული ცოდნის პრაქტიკულ დირექტივებად ქცევა დაკითხვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. კვლევები ხორციელდებოდა თითქმის ათი წლის განმავლობაში, როგორც პრაქტიკაში, ისე ლაბორატორიულ პირობებში და კვლევის პროცესში თანაბრად იყვნენ ჩართულნი როგორც მეცნიერი ფსიქოლოგები, ისე გამოცდილი პრაქტიკოსი დეტექტივები.

კვლევებით რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი საკითხი დადგინდა, რომლებთან დაკავშირებითაც აღნიშნულ კვლევებამდე პროფესიონალებს შორის სათანადო კონსენსუსი არ არსებობდა. მაგალითად, დადგინდა, რომ:

  • ბავშვს შეუძლია განცდილი მოვლენების დამახსოვრება;
  • ბავშვისგან შესაძლებელია სარწმუნო ინფორმაციის მიღება, ოღონდ ამისთვის საჭიროა ფრთხილი საგამოძიებო პროცედურები და ბავშვის შესაძლებლობების გათვალისწინება;
  • ბავშვის მიერ გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა და სისრულე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დამკითხველის პროფესიონალიზმზე;
  • სარწმუნო ინფორმაციის მისაღებად, დამკითხველმა რაც შეიძლება ნაკლებად უნდა "წააშველოს" ბავშვს ინფორმაცია დაკითხვის პროცესში;
  • დამკითხველმა ღია მიმართვები (მაგალითად, "მომიყევი, რა მოხდა...") უნდა გამოიყენოს, რათა ბავშვმა შეძლოს, რომ მეტი ინფორმაცია გადმოსცეს თხრობით;
  • ბავშვებისგან მიღებული ინფორმაციის ნახევარზე მეტი თავისუფალი გახსენების გზით გამომჟღავნდა (მიუხედავად ასაკისა);
  • თავისუფალი თხრობის მეშვეობით მიღებული ჩვენებები 3-5-ჯერ უფრო ინფორმაციული და უფრო სარწმუნოა, ვიდრე პირდაპირი და დახურული კითხვებით მიღებული ჩვენებები; 
  • მცირეწლოვან ბავშვებს თავისუფალი გახსენების გზით შეუძლიათ პასუხი გასცენ გამოძიებისთვის საინტერესო თითქმის ყველა კითხვას;
  • მიმანიშნებელი კითხვები, რომელიც ისედაც არასასურველია, კიდევ უფრო სარისკო ხდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან. 


ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით, ძალიან მოკლე შეჯამების სახით შეიძლება ითქვას: NICHD სტრუქტურირებული პროტოკოლის დახმარებით, ბავშვის დაკითხვის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. მსგავსი შედეგი არცერთ სხვა მეთოდს არ მოუტანია. ჩატარებული კვლევების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენების მიცემასთან მიმართებაში, ბავშვის შესაძლებლობებსა და კომპეტენტურობაზე საკმაო კონსენსუსი არსებობს.

ამდენად, NICHD პროტოკოლი სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს, დაზარალებული/მოწმე ბავშვისგან ხარისხიანი ინფორმაცია მიიღონ. ეს კი იმის გარანტიაა, რომ სამართლიანი ზომები იქნება მიღებული. 


ბავშვისთვის დასმული შეკითხვების მნიშვნელობა
რატომ არის მნიშვნელოვანი შეკითხვების ტიპებზე ყურადღების გამახვილება?
დავიწყოთ იმით, რომ წარმატებული დაკითხვა/გამოკითხვა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა პასუხობდეს:
  • ბავშვის სტრესის მნიშვნელოვნად შემცირება;
  • ბავშვისგან მიღებული სარწმუნო ინფორმაციის რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდა;
  • იმ ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანა, რომელთა გამოც ბავშვისგან მიღებული ინფორმაცია შეიძლება „დაბინძურებული“ იყოს.

ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაცვა თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ბავშვისთვის დასმული კითხვების ტიპებზე, მათ ფორმულირებაზე, თანმიმდევრობაზე, გამოყენებულ სიტყვებზე.

შეკითხვების ტიპები და თანმიმდევრობა NICHD პროტოკოლის მიხედვით

1. ღია მიმართვები - თავისუფალი თხრობის ხელშეწყობა - „მომიყევი, რა მოხდა“, „შემდეგ რა მოხდა“ და სხვა;
• დამაზუსტებელი/შემავსებელი მიმართვები - „შენ ახსენე ... უფრო მეტი მომიყევი ამის შესახებ“ და სხვა;

2. პირდაპირი შეკითხვები
• რა? – მაგალითად, „რა ფერის მაისური ეცვა?“ (თუ ბავშვმა მაისური ახსენა).
• ვინ? – მაგალითად, „ვინ ახლდა?“
• სად? - მაგალითად, „სად შეგეხო?“ (თუ ბავშვმა ახსენა, რომ შეეხნენ).
• როდის? – მაგალითად, „როდის მოხდა ეს?“
• როგორ? – მაგალითად, „როგორ დააღწიე თავი?“
• რატომ? - მაგალითად, „რატომ დაგარტყა?“ (აქვე აღვნიშნავთ, რომ უმჯობესია, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან თავი შევიკავოთ შეკითხვისგან „რატომ“, ვინაიდან კითხვის ამგვარი ფორმულირება ფარულ დადანაშაულებას შეიცავს).

3. დახურული შეკითხვები
• „კი/არა“ - მაგალითად, „ის დაგემუქრა?“
• შეკითხვები პასუხების ვარიანტებით - მაგალითად, „ის იწვა, იჯდა თუ იდგა?“.

4. ჩამაგონებელი/მიმანიშნებელი შეკითხვები - მაგალითად, „მან გაკოცა, ხომ ასეა?“

NICHD-ის პროტოკოლის სტრუქტურა
შესავალი
წარდგენა, განმარტებები ვიდეო/აუდიო ჩაწერის, სამუშაოს, სიმართლის შესახებ; ქცევის წესები.

ურთიერთგაგების დამყარება
„მინდა, რომ უკეთესად გაგიცნო. მითხარი რისი კეთება გიყვარს“ .

ეპიზოდური მეხსიერების ვარჯიში
ღირშესანიშნავი მოვლენა; გუშინ; დღეს

გამოკითხვის არსებით ნაწილზე გადასვლა
• ღია კითხვები მოსვლის მიზეზის, სხვა სპეციალისტთან გასაუბრების, ძალადობის ფიზიკური ნიშნების, სხვისი ნათქვამის შესახებ, ზედმეტი დეტალიზების გარეშე).
• შემთხვევათა გამოძიება - ღია კითხვები: როგორ დაიწყო/კონკრეტულად რა მოხდა/როგორ დასრულდა;
• შემთხვევათა გამიჯვნა - ”ეს ერთხელ მოხდა თუ ერთზე მეტჯერ განმეორდა?”; რა მოხდა ბოლოს/პირველად/სხვა დროს, რომელიც კარგად ახსოვს.

შესვენება
განიხილება ბავშვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია; იგეგმება დაკითხვის დარჩენილი ნაწილი; დამაზუსტებელი კითხვები აუცილებლად წერილობითი ფორმით ყალიბდება.

გაუმხელელი ინფორმაციის მოპოვება
გამოიყენება რელევანტური მიმართვები, თუ:
• ცნობილია, რომ შედგა საუბარი, რომლის დროსაც ბავშვმა ინფორმაცია გააჟღერა, დეტალები ახსენა;
• ბავშვს აქვს/ჰქონდა ტრავმები და ძალადობის ფიზიკური ნიშნები;
• ინფორმაცია ვინმეს დაკვირვების საფუძველზეა მოპოვებული.

ინფორმაცია გამჟღავნების შესახებ
ვინ იცის მომხდარის შესახებ; როგორ გაიგეს; ვინ იყო პირველი; კიდევ ვინმემ თუ იცის;
მეორდება ბავშვის მიერ ნახსენები თითოეული შემთხვევისთვის.

დასრულება
დახმარებისთვის მადლობის გადახდა;
„არის კიდევ ისეთი რამ, რაც, შენ ფიქრობ, რომ უნდა ვიცოდე?“
„არის ისეთი რამ, რის თქმაც გინდა ჩემთვის?“
„არის რაიმე კითხვები, რომლებიც გინდა, რომ მკითხო?“
ბარათის გადაცემა სახელით, გვარით, ტელეფონის ნომრით.

ნეიტრალური სასაუბრო თემა
რამდენიმე წუთი ნეიტრალურ თემაზე სასაუბროდ;
„დღეს, აქედან წასვლის შემდეგ, რის გაკეთებას აპირებ?“

დაზარალებული/მოწმე ბავშვის დაკითხვისას “სარისკო” კითხვები რაც შეიძლება გვიან უნდა დაისვას.

რა არ უნდა მოხდეს:
• დაკითხვის/გამოკითხვის დაწყება ქცევის წესების განმარტების და ურთიერთობის დამყარების ფაზის გარეშე;
• კითხვის დასმა კითხვითი სახელის “რატომ” გამოყენებით;
• მიმანიშნებელი/ჩამაგონებელი კითხვების დასმა;
• ზეგავლენის მომხდენი ქცევა;
• ბავშვის დაჩქარება;
• ბუნდოვანი ან რთული კითხვების დასმა;
• ბავშვისთვის შეთავაზება, რომ წარმოიდგინოს ან გამოიცნოს.

რა უნდა მოხდეს:
• პროტოკოლის სტრუქტურის დაცვა;
• გამოკითხვის მიზნისა და მნიშვნელობის განმარტება
• ძირითადი წესების გაცნობა
• კონტაქტის დამყარება
• თავისუფალი თხრობის ხელშეწყობა
• ღია კითხვების მაქსიმალურად და ადეკვატურად გამოყენება
• დეტალების დასაზუსტებლად, შემთხვევის შესახებ ბავშვის მიერ ნახსენები კონკრეტული ინფორმაციის ხაზგასმა.

ბავშვები, რომლებიც დაკითხვისას ნაკლებად ყვებიან გადატანილი ძალადობის შესახებ, საჭიროებენ დამატებით მხარდაჭერას და არა იძულებას.

დამკითხველები/გამომკითხველები, როგორც წესი, ვერ ახდენენ თავიანთი “საუკეთესო პრაქტიკის” (Best Practices) რეალიზებას, მაშინაც კი, როცა მათ იციან დაკითხვის/გამოკითხვის წესები და მიაჩნიათ, რომ ამ წესებს იცავენ .
ბავშვის დაკითხვის/გამოკითხვის უნარების განვითარება და განმტკიცება ადვილი არაა.

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ