პროფესიონალებისთვის

ძალადობა ბავშვზე - ისტორიული რეტროსპექტივა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

პირველი სახელმწიფოების განვითარების უძველეს პერიოდში ბავშვის უფლებების მიმართ ფუნდამენტური პოზიცია იყო მოზრდილის (უმეტესად მამის) სრული ძალაუფლება პრაქტიკულად ნებისმიერი ასაკის შვილზე.

მაგალითად, რომის სახელმწიფოში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-I საუკუნეებიდან, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 235 წლამდე, აბსოლუტური იყო მხოლოდ მამის ძალაუფლება თავის შვილებზე, და არა ორივე მშობლის. მხოლოდ მამას შეეძლო განეკარგა შვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მას ჰქონდა უფლება, გადაეწყვიტა, შეენარჩუნებინა თუ არა სიცოცხლე ახალშობილი შვილისთვის. მამას უფლება ჰქონდა, მონად გაეყიდა ან სულაც გადაეგდო თავისი შვილი.

ძველი ბაბილონის კანონმდებლობა ითვალისწინებდა ძალიან მკაცრ სასჯელს „ურჩი შვილებისთვის“: „უკეთუ შვილმა მამას გაარტყა, ხელის მტევანი უნდა მოაჭრან”. ასევე, თუ შვილობილი ეტყოდა თავის მამას ან დედას, რომლებმაც ის გაზარდეს - „შენ არ ხარ ჩემი მამა“, „შენ არ ხარ ჩემი დედა“, - მას ენას მოაჭრიდნენ.

თუმცა, უძველესი დროიდანვე დაიწყო გარკვეული კატეგორიის ბავშვების განსაკუთრებული მოწყვლადობის გაცნობიერება და ბავშვებზე ძალადობის მიმართ შეუწყნარებლობის სახელმწიფო პოზიციის ჩამოყალიბება. მაგალითად, რომის იმპერიის შექმნის პერიოდში, მამის სრული ძალაუფლება შვილებზე მნიშვნელოვნად შეიზღუდა. IV საუკუნეში, იმპერატორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით, მამას წაერთვა „შვილის სიცოცხლის და სიკვდილის უფლება“. ასევე აიკრძალა შვილის გადაგდების უფლება, გარდა თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაბადებული ბავშვებისა. შვილის მოკვლისთვის დადგინდა სასჯელის ზომა - სიკვდილით დასჯა. ამავე დროს გამოიცა კანონი, რომლის თანახმად სახელმწიფოს შეეძლო გაეთავისუფლებინათ ვაჟი მამის ძალაუფლებისგან (პატრია პოტესტას). ამდენად, ბავშვის პიროვნებაზე მამის გავლენამ ამ პერიოდისთვის თითქმის მთელი პატრიარქალური სიმძაფრე დაკარგა.

ძვ. წელთაღრიცხვის XVIII საუკუნეში, ბაბილონის მეფე ხამურაბიმ _ „სიბრძნის მეცნიერმა” და „სამართლის მეფემ” - შექმნა კანონები, რომლებიც 1 500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდნენ მთელი იმპერიის ტერიტორიაზე, ამ კანონების მიხედვით, ქონებასა და სიმდიდრეზე მაღლა იდგა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ბავშვები. ადამიანის სიცოცხლე არასრულფასოვნად ითვლებოდა, თუ მას რამდენიმე შვილი არ ჰყავდა. მკაცრად ისჯებოდა ბავშვების მოტაცება და გაცვლა: „თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, მას მოკლავენ და დამარხავენ რიტუალის გარეშე“.

კანონების შექმნა ძალადობისგან ბავშვთა დასაცავად, დაკავშირებულია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფართოდ გავრცელებასთან და ძალადობის მძიმე შედეგებთან. თუმცა, ეს სამართლებრივი აქტები შეეხებოდა ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ან ბავშვთა ძირითადი საჭიროებების უგულებელყოფის ცალკეულ გავრცელებულ ფორმებს. მაგალითად, XIII საუკუნის პირველ ნახევარში, ინგლისის მეფის მიერ გამოცემული ვინჩესტერის სტატუსის მიხედვით, ქალებს ეკრძალებოდათ ერთ საწოლში წოლა ჩვილ ბავშვებთან. აკრძალვის დარღვევა ისჯებოდა დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმით. ამ ნორმის გაჩენა დაკავშირებული იყო ინგლისში მრავალი ჩვილი ბავშვის გარდაცვალებასთან, რომლებიც ძილში შემთხვევით გაგუდეს მათმა დედებმა.

1874 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა შვილად აყვანილი გოგონას, მერი ელენის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევის გამჟღავნებას. მშობლები, რომლებმაც მერი ელენი შვილად აიყვანეს, სასტიკად სცემდნენ მას, საწოლზე აბამდნენ, აშიმშილებდნენ. ნიუ იორკის პოლიციამ ვერაფრით შეძლო გოგონას დახმარება, რადგან არ არსებობდა კანონი ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ. სამაგიეროდ, არსებობდა კანონი შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ. ამდენად, გოგონას დახმარება და მოძალადე მშობლებისგან მისი დაცვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვის უფლებები გაუთანაბრეს ცხოველთა უფლებებს. ამ შემთხვევის გავლენით, სწორედ ცხოველთა დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელმა, ჰენრი ბერგმა დააარსა აშშ-ში ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პირველი საზოგადოება 1875 წელს.
უფრო მოგვიანებით, დიდ ბრიტანეთში შეიქმნა ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ნაციონალური საზოგადოება (NSPCC). დღეს ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციას მნიშვნელოვანი რაოდენობის სპეციალიზებული ცენტრები გააჩნია და ის ისეთივე დიდ როლს ასრულებს ბავშვებზე ძალადობის გამოვლენის და მათთვის დახმარების გაწევის მხრივ, როგორც სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურები.

მართალია, ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობის საკითხი ასწლეულების მანძილზე საზოგადოების შეშფოთებას და წუხილს იწვევდა, მაგრამ ამ პრობლემას ფართო გამოხმაურება არ ჰქონია. მნიშვნელოვანი პოზიტიური გარდატეხა ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაში მოახდინა პედიატრმა ჰენრი კემპემ (Henry Kempe). მან, 1961 წელს, ამერიკის პედიატრიის აკადემიის ყოველწლიურ სხდომაზე წარმოადგინა ფუნდამენტური კვლევის შედეგები, რომელშიც პირველად იყო ნახსენები ტერმინი „ნაცემი ბავშვის სინდრომი“ (The Battered-Child Syndrome). ამ ტერმინით კემპე აღწერდა და განსაზღვრავდა ბავშვებში ეგრეთ წოდებული აუხსნელი დაზიანებების ბუნებას.
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ დროიდან, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, ბავშვებთან მომუშავე მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა აღიარეს ბავშვთა მიმართ ძალადობის ფენომენი (Child Abuse and Neglect-ფენომენი, CAN-ფენომენი), როგორც სპეციალური პრობლემა, რომლის გადასაჭრელად საჭიროა სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების, მშობლებისა და მთელი საზოგადოების ძალისხმევათა გაერთიანება. თუმცა, დასამალი არაა, რომ ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს სრულფასოვანი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ბავშვთა ეფექტურ დაცვას ძალადობის ყველა ფორმისგან. ძალადობის შეჩერებას და მსხვერპლთა დახმარებისთვის საჭირო ადეკვატური ზომების მიღებას განსაკუთრებით უშლის ხელს ბავშვზე ძალადობის, როგორც გავრცელებული სოციალური მოვლენის აღიარებისგან თავის არიდება.

 

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ