პროფესიონალებისთვის

ფიზიკური ძალადობა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ფიზიკური ძალადობაა ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და/ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას: დარტყმა, ხელის კვრა, სილის გაწვნა, წამოთაქება, ან სხვა ფიზიკური ზემოქმედება, თუნდაც „აღმზრდელობითი“ მიზნით.

არსებითი კითხვა, რომელიც მოზრდილმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას, არის შემდეგი: შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს ტრავმა ბავშვს შემთხვევით გასჩენოდა, უნებლიეთ მოსვლოდა? ისეთმა აშკარა ფიზიკურმა ნიშნებმა, როგორიცაა სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, შეშუპებები, კოპები, ნაკაწრები, ჭრილობები, ჩალურჯებები და კანის სხვა დაზიანებები, მოტეხილობები, ნაჭრილობევები სხვადასხვა ხარისხის შეხორცებებით _ უნდა შეგვაშფოთოს და ვეცადოთ, გავარკვიოთ, თუ რა მოხდა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, შეესაბამება თუ არა ბავშვის განმარტებები დაზიანებების შინაარსს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის თუ არა მონათხრობი სანდო და ასახავს თუ არა რეალურ მოვლენებს.

ძალადობაზე, შესაძლოა, მიუთითებდეს მოცემული ან წარსულში არსებული დაზიანებები. აუცილებელია ამ ეჭვების გაფანტვა ან დადასტურება. არსებობს სიმპტომთა და ნიშანთა ჩამონათვალი, მაგრამ ეს არის საეჭვო მახასიათებლების ჩამონათვალი, რომლებიც, შესაძლოა, ბავშვის მიმართ ძალადობაზე მიუთითებდეს. (იხილეთ დანართი 4ბ- ტექსტი გადმოვიტანოთ 4ბ-დან ბულეტპოინტებით).
ჩვილის სხეულზე არსებული ჭრილობები და სისხლჩაქცევები ძალადობის სერიოზულ ფორმაზე მიუთითებს. ასეთ დროს მაღალია შინაგანი დაზიანებების ალბათობა და ამიტომ აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.

ფიზიკური ძალადობის დიაგნოსტირებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანამნეზში არსებული საეჭვო ნიშნების გაანალიზება, მაგალითად:

  • ტრავმის ისტორია ბუნდოვანია, არ შეესაბამება დაზიანებას;
  • სხვადასხვა ადამიანები (ბავშვი, მშობლები ან სხვა მზრუნველები) განსხვავებულად ყვებიან;
  • მონაყოლში არის დროითი წყვეტა ან არათანმიმდევრულობა;
  • ბავშვის რეაქცია შეუსაბამოა (მაგალითად, მონაყოლის თანახმად, ბავშვს არ უტირია, არ ტკენია);
  • ბავშვს აქვს სხვა დაზიანებები (მაგალითად, განვითარების სხვადასხვა სტადიში მყოფი დალურჯებები, ნაწიბურები, ნაკაწრები);
  • უჩვეულო დაზიანებების გამოცდილება;
  • სხვა დროსაც არსებობდა ძალადობაზე ეჭვი. 

არ მოგერიდოთ დამატებითი შეკითხვების დასმა. მაგალითად, თუ ორი თვის ბავშვს თავი აქვს გატეხილი, იქნებ ეს სხვა რამემ გამოიწვია და არა საწოლში კოტრიალმა.

ძალადობის შედეგად განვითარებული ფიზიკური დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი - მსუბუქი ნაკაწრი თუ ჩალურჯება, მოტეხილი ძვლები, ტვინის შერყევა, შინაგანი ორგანოების (თირკმლების, ღვიძლის, ფილტვების, ნაღვლის ბუშტის და სხვა) დაზიანება. ძალადობამ შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ბავშვზე ძალადობის ყველაზე ხშირი და ადვილად ამოსაცნობი გამოვლინებაა კანის დაზიანება. ძალადობაგანცდილი ბავშვების 90%-ს მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ: 

  • სისხლჩაქცევები;
  • ნაკბენები;
  • დამწვრობა;
  • მოხრჩობის ნიშნები. 

სისხლჩაქცევები
‘თუ არ ხოხავს, რატომ ლურჯდება?’


არაძალადობრივ სისხლჩაქცევებს პირდაპირი კავშირი აქვს 5 წლამდე ბავშვის განვითარების დონესთან. უმოძრაო ჩვილების სხეულზე არსებული სიხლჩაქცევები ძალიან იშვათადაა გამოწვეული არაძალადობრივი მიზეზებით. ამიტომაც ამგვარი შემთხვევები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოკვლეული. ბიჭებს და გოგონებს სისხლჩაქცევების არსებობის თანაბარი ალბათობა აქვთ. სხეულის გარკვეული ნაწილების დაზიანება ძალზედ იშვითადაა გამოწვეული შემთხვევითობებით (წაქცევით და სხვა):
(i) დუნდულები და წელი;
(ii) ლოყები (სახეში დარტყმის კვალი), სკალპი და ყურები;
(iii) კისერი, თვალები და პირი;
(iv) მკერდი, მუცლის არე;
(v) ქვედა ყბა და მასტოიდი;.
(vi) სექსუალურ ძალადობაზე, შესაძლოა, მიუთითებდეს ხელის მოჭერით გამოწვეული სიხლჩაქცევები: მაჯებზე, ბარძაყებზე, დუნდულებზე, მუხლებზე, გენიტალიებზე.

მნიშვნელოვანია დაზიანებების ბავშვის ასაკთან, განვითარების დონესთან და ისტორიასთან მიმართებაში განხილვა. შემთხვევითი დაზიანებები ძირითადად თავს იჩენენ სხეულის წინა და ძვლოვან ადგილებში. ყურადღება მიაქციეთ სპეციფიკურ დაზიანებებს, როგორიცაა დარტყმის, ცემის კვალი (ქამრით, წკეპლით, მათრახით, ჯოხით), რომელიც ძირითადად რბილ ქსოვილებზე გვხვდება.
მნიშვნელოვანია სისხლჩაქცევების ხანდაზმულობის დადგენა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია სისხლჩაქცევის ხანდაზმულობის ზუსტად განსაზღვრა. სიზუსტე დამკვირვებლისდა მიხედვით ვარირებს, როგორც დაზიანების უშუალო ნახვისას, აგრეთვე ფოტოსურათების დათვალიერების დროს.

სისხლჩაქცევების შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის ისტორიის ცოდნა ჰემატოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში, ხოლო დიფერენცირებული დიაგნოზი უნდა გატარდეს შემდეგ დაავადებებთან და მდგომარეობებთან:
a) მენინგოკოკური სეფსისი – იშვიათადაა ლოკალიზებული;
b) ჰემატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა ჰემოფილია, ჰემოფილია B, VIII / IX ფაქტორის დეფიციტი,ვილებრანტის დაავადება (რევმატიული დაავადებები) მაგალითად, ეილერ დანლოს სინდრომი;
c) ჰემორაგიული ვასკულიტი (შენლეინ-ჰენოხის დაავადება), იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა - ვერლჰოფის დაავადება);
d) სუბსტანციები – შემთხვევითი ან განძრახ მოწამლვა, მაგალითად, ამა თუ იმ მედიკამენტებით;
e) თანდაყოლილი ლაქები – მონღოლოიდური ლაქა, ჰემანგიომა;
f) ტრადიციები, მაგალითად, ქილებით მკურნალობა, წურბელებით მკურნალობა - თუმცა ზოგიერთი ტრადიცია შესაძლოა ძალადობაც იყოს;
g) ფოტოდერმატოზები და კონტაქტური დერმატიტი ( ნებისმიერ მათგანს შესაძლებელია ჰქონდეს ისეთი ფორმის გამონაყარი,რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც რაიმე იარაღით მიყენებული დაზიანება;
h) არტეფაქტი - მორთულობა – ტალახი, ჭუჭყი, საღებავი;
i) თვითდაზიანებები - ეს შემთხვევები საჭიროებენ დეტალურ ახსნას;
j) სტრიები – განსაკუთრებით, მოზარდებში.

მშობლებმა, შესაძლოა, თქვან, რომ ბავშვს ადვილად უჩნდება “ჩალურჯებები“, რასაც, თავისთავად, განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია. როცა ბავშვი და მშობელი სისხლჩაქცევას არაადეკვატურად ხსნის, საჭიროა მისი შემოწმება კოაგულოპათიურ დაავადებებზე. ასევე გასათვლისწინებელია, რომ კოაგულოპათიური დაავადებები არ გამორიცხავენ სხეულის განზრახ დაზიანებებს და პირიქით.

პაციენტის გამოკვლევის დროს ყურადსაღები ფაქტორებია:
(b) ოჯახის ისტორია – სისხლდენები მშობიარობის, ოპერაციები, კბილის ამოღების და სხვა.;
(c) წამლების მოხმარება (მაგ. ვარფარინი, ასპირინი);
(d) დეტალური აღწერა – არ იჩქაროთ. ზუსტად გაზომეთ და დეტალურად აღწერეთ თითოეული სისხლჩაქცევა.;
(e) 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ჩაატარეთ ჩონჩხის კვლევა. ნეკნის მოტეხილობის 80% შესაძლებელია გარეგანი დაზიანებების გარეშე (სისხლჩაქცევების) იყოს;
(f) სისხლის პირველადი რიგის გამოკვლევა აუცილებელია:
 სისხლის საერთო ანალიზი, ჰემოგლობინი, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობა;
 კოაგულოგრამა: სისხლის შედედების დრო (PT); აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დრო (APTT); პროთრომბინის დრო; ფიბრინოგენი.
ეს ტესტები არ გამორიცხავენ თრომბოციტების ფუნქციონირების დარღვევას. თუ არსებობს ეჭვი თრომბოციტების პათოლოგიაზე (ოჯახის ისტორია, მაგალითად), მაშინ შეუთანხმდით ჰემატოლოგს და გადადით მეორე რიგის კვლევაზე.


ნაკბენები

ნაკბენი ყოველთვის ცხოველის, ბავშვის თუ ზრდასრულის მიერ მიყენებული დაზიანებაა. მნიშვნელოვანია ნაკბენთა თავისებურებების ცოდნა.

ცხოველები: შინაურ ძაღლებს ოთხი გამოკვეთილი ეშვი აქვთ. ისინი სიგრძით საკბეჩ კბილებს მნიშვნელოვნად აღემატებიან. ამიტომაც ძაღლის ნაკბენი ძირითადად ეშვების მიერ გამოწვეულ მრგვალ ან სამკუთხა ნაჩხვლეტებს წარმოადგენს. ამას გარდა, კბილების მიერ შემოწერილი ფორმა V-ს მოგვაგონებს.

ადამიანები: ადამიანებს უფრო მრგვლოვანი თაღები აქვთ, ლათინური U-ს მსგავსი. ეშვებიც ნაკლებად გამოკვეთილია და შესაბამისად, ნაკბენზე თანაბრად ჩანს ეშვებისა და საკბეჩი კბილების კვალი.

ბავშვისა და ზრდასრულის ნაკბენები: ბავშვისა და ზრდასრული ადამიანის ნაკბენებს შორის არ არის დიდი და ადვილად შესამჩნევი განსნხვავებები. ამიტომ ხშირად მათი გარჩევა შეუძლებელიც კია. მთავარი განსხვავება ზომაა.


მოტეხილობები

ბავშვისათვის ძვლის გატეხვა დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ნებისმიერი მოტეხილობის შემთხვევა საგულდაგულოდ უნდა იქნეს შესწავლილი. ძალადობით გამოწვეული მოტეხილობა ხშირად ფარულია, განსაკუთრებით ხშირია ნეკნების დაზიანება.

რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. შემთხვევითი მოტეხილობების 85% ხუთ წელზე ზემოთ ბავშვებში გვხვდება, ძალადობით გამოწვეული მოტეხილობების 80%-ს კი 18 თვის ასაკამდე ბავშვებში ვაწყდებით. ოთხ თვემდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც მოტეხილობა აღენიშნებათ, განსაკუთრებით დიდი ალბათობით არიან ძალადობის მსხვერპლნი.

განსაკუთრებით საეჭვოა შემდეგი მოტეხილობები:

ბეჭის: ბეჭის სპირალური მოტეხილობები არ არის ხშირი და მეტწილად ძალადობასთანაა მჭიდროდ დაკავშირებული. მხრის ძვლის ნებისმიერი მოტეხილობა, მხრის სარტყლის გარდა, ბავშვზე განხორციელებულ ძალადობაზე ეჭვის საფუძველია.

მრავლობითი მოტეხილობები უფრო მეტად ძალადობის მსხვერპლებში გვხვდება.

ნეკნები: თუ პაციენტს არ აქვს ძვლის დაავადება ან არ აქვს გადატანილი ტრავმა (მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევა), მაშინ, დიდი ალბათობით, გატეხილი ნეკნები გადატანილ ძალადობაზე მიუთითებენ, განსაკუთრებით, პატარა ბავშვების შემთხვევაში, ის ყველაზე ხშირად ნჯღრევასთანაა დაკავშირებული. ნეკნების პოსტერიარული მოტეხილობა განსაკუთრებით ყურადსაღებია.

ბარძაყის მოტეხილობა, როგორიც არ უნდა იყოს ის; განსაკუთრებით ყურადსაღებია ბარძაყის მოტეხილობა ბავშვებში, რომლებიც დამოუკიდებლად არ გადაადგილდებიან. მას შემდეგ, რაც ბავშვს სიარული შეუძლია, მან სირბილის დროს დაცემით შეიძლება მიიღოს სპირალური მოტეხილობა. მეტად გავრცელებულია ბარძაყის ძვლის განივი მოტეხილობები, რომელიც როგორც შემთხვევითი, ისე ძალადობრივი გზით მიღებული ტრავმების დროს ვითარდება.

ხერხემლის დაზიანებები: განსაკუთრებით კისრისა ან თორაკო-აბდომინალური არის ქვედა მიდამოში. აუცილებელია მთლიანი ხერხემლის სურათის ნახვა. მას ხშირად ახლავს თავის დაზიანება. დაზიანებები კისრის არეში ბავშვის ძლიერი შენჯღრევის შედეგად ჩნდება.

მეტაფიზის მოტეხილობა: ეს შედარებით იშვიათი მოტეხილობაა. ახალშობილ ბავშვებში ის შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბადების დროს მიღებულ ტრავმასთან, ფიზიოთერაპიასთან ან დეფორმორებული ტერფების „კასტიგთან“, შედარებით მოზრდილ ბავშვებში კი ის დიდი ალბათობით ძალადობაზე მიუთითებს. მეტაფიზის მოტეხილობის აღმოჩენას საგულდაგულო შესწავლა სჭირდება, აუცილებელია რადიოლოგის რჩევა.

თავის ქალას მოტეხილობა: როგორც ნებისმიერი სხვა მოტეხილობა, ესეც მოითხოვს ძალას. თხემის ძვლის ხაზოვანი დაზიანება ყველაზე ხშირია. ის შეიძლება იყოს როგორც შემთხვევითი, ისე არა შემთხვევითი მოტეხილობა.

ხშირად მშობლები ექიმს სხვადასხვა პრობლემით მიმართავენ და მხოლოდ ბავშვის სრული გამოკვლევის შემდეგ დგინდება ძვლების მოტეხილობის ფაქტები. ძვლების შეზრდის სტადიების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, თუ როდის მიიღო ბავშვმა ტრავმა. შეხორცების სხვადასხვა სტადიაზე არსებული მოტეხილობები ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ნიშანია.


ლაბორატორიული გამოკვლევები მოტეხილობების დროს:
 ორ წლამდე ბავშვებში ერთი რენტგენის გადაღება შესაძლოა არაეფქტური იყოს და არ ასახოს რეალური სურათი;
 ჩვილებში ეფექტურია კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება. ეს უნდა ჩაუტარდეს ყოველ ჩვილს, მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა მას ნევროლოგიური სიმპტომები. გახსოვდეთ, კომპიუტერული ტომოგრაფიით არ გამოჩნდება თავის ქალის მოტეხილობა.
 მნიშვნელოვანია Ca, PO4, ტუტე ფოსფოტაზის, სისხლის საერთო ანალიზის, ვიტამინი D-ს კვლევა.


სხვა კვლევები:

 შეამოწმეთ ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენის საჭიროებები/ცნობიერების დონე;
 დააკვირდით გარეგანი დაზიანების ნიშნებს, პირის ჩათვლით;
 დააკვიდით, ხომ არ აღინიშნება უგულებლყოფის ნიშნები;
 გაზომეთ თავის გარშემოწერილობა, შეამოწმეთ ყიფლიბანდი;
 სისხლჩაქცევების არარსებობის შემთხვევაშიც კი, არ გამორიცხოთ მუცლის ღრუს დაზინება;
 საჭიროებისამებრ ისარგებლეთ სხვა სპეციალისტების დახმარებით, მაგალითად, ოფთალმოლოგის ან რადიოლოგის.

მნიშვნელოვანია ანამნეზის ყურადღებით შესწავლა და მასში არსებული ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა: ადრეულ და ბოლო პერიოდში მიღებული ტრავმები, დაბადების ისტორია, განვითარების დონე ,ვიტამინი K და სხვა. აუცილებელია შემდეგ კითხვებზე პასუხების პოვნა:

(a) ბოლოს როდის გრძნობდა ბავშვი თავს კარგად? რამ გამოიწვია მდგომარეობის გაუმჯობესება?
(b) როგორია წარსული სამედიცინო ისტორია?
(c) როგორია ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობა? რა აწუხებს?
(d) აქვს თუ არა ბავშვს წარსულში მიღებული დაზიანებები? რამ გამოიწვია? ვინ შეესწრო ყოველივეს? რა გავლენა იქონია ამან ბავშვზე? თუ დაეცა, საიდან და რა ზედაპირზე?
(e) რა მოიმოქმედა მშობელმა/მზურნველმა/მეურვემ?
(f) ვისგან შედგება ოჯახი? არიან თუ არა ოჯახში სხვა ბავშვებიც?
(g) აქამდე ხომ არ ყოფილა ეჭვი ძალადობაზე?
(h) ხომ არ ყოფილა აქამდე ბავშვის დაცვის პრობლემები,სოციალური სამსახურისა და პოლიციის ჩართვით?
(i) გაიგეთ ოჯახის ექიმის /პედიატრის და ექთნის სახელი/გვარი.



ინტრა-აბდომინალური დაზიანებები

ინტრა-აბდომინალური დაზიანებები საკმაოდ იშვიათია. ყველაზე ხშირად ის სამ წლამდე ბავშვებში გვხვდება. ინტრა-აბდომინალურ დაზიანებებს სიკვდილის მაღალი მაჩვნებელი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიაგნოზი დაგვიანებითაა დასმული. როგორც ირკვევა, ღვიძლი ყველაზე ხშირად დაზიანებადი ორგანოა. თუმცა ნებისმიერი სხვა ორგანოც შეიძლება დაზიანდეს, გავრცელებულია მუცლის ღრუს ორგანოებიდან წვრილი ნაწლავის დაზიანება. განსაკუთრებით ხშირია ისეთი ბავშვებში, რომლებზეც ძალადობდნენ, ან რომლებიც რაიმე უბედურ შემთხვევაში მოყვნენ (ავტოსაგზაო შემთხვევა, დაცემა)

ინტრა-აბდომინალური დაზინებების ნიშნები

(j) ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს აუხსნელი კოლაპსი/ მუცლის მწვავე ტკივილი/ სეფსისი;
(k) კლინიკური ნიშნების აღმოჩენა, შესაძლოა, სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახეზეა რეტროპერიტონეალური დაზიანება;
(l) შესაძლოა, არ იყოს შინაგანი დაზიანების გარეგანი ნიშნები. დაახლოებით 25%-ს არ აღენიშნება გარეგანი სისხლჩაქცევები;
(m) გაზების დაგროვება (მეტეორიზმი).


გამოკვლევა

კლინიკური გამოკვლევა

(i) აღინიშნება მუცლის შებერილობა? პერიოდულად გარშემოწერილობის გაზომვა სასარგებლოა, გაზრდილია მგრძნობელობა? პალპაციით ხომ არ ისინჯება რაიმე ?
(ii) ჩადგით ნაზოგასტრალური მილი, დაცალეთ კუჭი. რა ამოვიდა - ნაღველი, სისხლი ან საჭმელი? შებერილობა ისევ არ გამქრალა?
(iii) გამოიკვლიეთ რექტალური არე. არის დაზიანების კვალი (სექსუალურმა ძალადობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სწორი ნაწლავის გახევა)? არის სისხლი ან შესიება?
(iv) პეტექიები შეიძლება იყოს ინტრა- აბდომინალური წნევის გაზრდის შედეგი.

ლაბორატორიული გამოკვლევა

(v) სისხლის საერთო ანალიზი, ჰემატოკრიტი;
(vi) ამილაზა შრატში (ელენთის და პანკრეასის დაზიანება);
(vii) ღვიძლის ენზიმების დროებითი/გარდამავალი მომატება ერთადერთი მარკერი შეიძლება იყოს ფარულად მიმდინარე ღვიძლის დაზიანების დროს;
(viii) შარდის ანალიზი ჰემატურიის დროს.

რადიოლოგიური კვლევები
(ix) კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით ზუსტია მუცლის ღრუს დაზიანებების აღმოჩენისათვის;.
(x) შესაძლოა ულტრასონოგრაფიის გამოყენება;
(xi) გულმკერდის რენტგენი დაზიანებული ნეკნების, პნევმოთორაქსის და პლევრალური სითხის აღმოსაჩენად;
(xii) მუცლისა და გულმკერდის რენტგენი (ჰორიზონტალური და ვერტიკალური) სითხისა და აირების დონის განსაზღვრისათვის;
(xiii) არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად დაზიანების არსებობისა, რენტგენის სურათზე დაზიანებული კერები არ ჩანს.

შემდგომი ქმედება

(xiv) აუცილებელია რადიოლოგ და პედიატრ - ქირურგ კოლეგებთან გასაუბრება. ასევე მნიშვნელოვანია სხვა ტექნიკების გამოყენება: სცინტიოგრაფიისა და კუჭ-ნაწლავის კონტრასტული კვლევა;
(xv) მკურნალობა შესაძლოა იყოს კონსერვატიული, მაგრამ ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი ლაპარატომიის ჩატარება, თუ საქმე შოკს/სეფსისს ეხება.

 

სითბური დაზიანებები

დამწვრობები და ნაფუფქები საკმაოდ გავრცელებული დაზიანებებია. მათი უმრავლესობა განძრახ არაა მიყენებული და გამოწვეულია მშობლის უყურადღებობით, ხანდახან უგულებელყოფითაც კი. შედარებით იშვიათია ძალადობით გამოწვეული დამწვრობები. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის აუცილებელია რეკონსტრუქციული ქირურგიის გამოყენება. შემთხვევითი დამწვრობები და დაფუფქვები მეტწილად სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გვხვდება.

დაფუფქვები: სითბური დაზიანებების 70% ცხელი სითხეებითა გამოწვეული. რისკის ჯგუფში განსაკუთრებით პატარა ბავშვები არიან, - ისინი ხშირად მიილტვიან ცხელი სითხით სავსე ჭურჭლისაკენ, რაც ზოგჯერ კარგად არ სრულდება. ბავშვი შეიძლება დაიფუფქვოს ონკანის მდუღარე წყლითაც.

დამწვრობები: დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს შეხებამ გამათბობელთან, ცეცხლთან, ნაკვერჩხალთან, უთოსთან, ასანთთან, სიგარეტთან, სანთელთან ან ნებისმიერი სხვა ცხელი ზედაპირის მქონე საგანთან. შესაძლოა მზის დამწვრობაც.

ძალადობა და სითბური დაზიანებები
ძალადობისა და დამწვრობის დაკავშირება ხშირად საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ ბევრი შემთხვევა შეუტყობინებელი რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს სხვა ტიპის დაზიანებები არ აღენიშნება. ამ პრობლემის მარტივი გადაჭრის და მზამზარეული გზა არ არსებობს. გადამწყვეტი ფაქტორი ექიმის გამოცდილებაა.

სითბური დაზიანების ნიშნები:
ძალადობით მიყენებულ დამწვრობაზე შეიძლება მიუთითებდეს:
(i) დაზიანების ისტორიასთან შეუსაბამობა;
(ii) დაგვიანებული მიმართვა;
(iii) შეუსაბამობები მონაყოლში (ბავშვი რეაქცია და ასე შემდეგ);
(iv) მშობლის/მზრუნველის/მეურვის მხრიდან დაზიანების არსებობის უარყოფა;
(v) ოჯახის სხვა ბავშვებზე მსგავსი დაზიანების არსებობა;
(vi) ბავშვის მონაყოლის შეუსაბამობა;
დიფერენციალური დიაგნოზი მოიცავს:
(vii) კანის პათოლოგიებს, ინფექციურ დაავადებებს; Staphylococcus aureus -მა შესაძლოა გამოიწვიოს დამწვრობის მსგავსი გაღიზიანება;
(e) არსებობს დამოკიდებულება დამწვრობასა და სექსუალურ ძალადობას შორის;
(f) უგულებელყოფის ფორმაა განმეორებითი შემთხვევითი დამწვრობები.

არა შემთხვევითი დაზიანები, როგორც წესი, გვხვდება:
(b) ტერფებსა და მტევნებზე;.
(c) ფეხებსა და დუნდულებზე.
(d) სახეზე.

ნიშნები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებენ:
• დამწვრობა ყურისუკანა არეში, საჯდომის, შორისისა და ქვემო კიდურების არეებში;
• დამწვრობა კიდურებზე - ხელთათმნის ფორმის, წინდის ფორმის ან სიმეტრიული, მკვეთრი საზღვრებით;
• დამწვრობა რაიმე საგნის ფორმის (მაგ. უთოს, ჩანგლის).


სხვა არაშემთხვევითი დაზიანებები

ფიზიკური ძალადობისას ვაწყდებით შემდეგ დაზიანებებსაც:

(a) ნაკაწრების, დაბეჟილობების, ჭრილობების ერთობლიობა;
(b) პირის ღრუს დაზიანებები – ყოველთვის გამოიკვლიეთ პირი;
(i) კბილები - გატეხილი, ჩამოღებული ან მორყეული;
(ii) ჭრილობები და სიხლჩაქცევები ენასა და ტუჩებზე;
(iii) ჩახეული ტუჩის ლაგამი, თუმცა ლიტერატურაში არის ძალადობის ნიშანი;
(iv) სასა/ხახა - დამწვრობები ცხელი საჭმლისგან, ჩაგლეჯვა, დანა-ჩანგლის იძულებით გამოყენებით გამოწვეული დაზიანებები;
(v) უგულებელყოფაზე შესაძლოა მიუთითებდეს კარიესი, ნადები;
(c) ფრჩხილების დაზიანება - მორყეული ან მოტეხილი ფრჩხილები, ფრჩხილქვეშა სიხლჩაქცევები;
(d) თმები – ტრავმული ალოპეცია (განსხვავდება ბუდობრივი ალოპეციისგან, თვითდაზიანებით მიყენებული და ტრიქოფიტიით გამოწვეული თმის დაზიანებიგან)
(e) მოხრჩობის კვალი: პეტექიები სახეზე და ზოგჯერ ჰემატომები კისრის არეში;
(f) ნემსის ნაკვალევები, ნაჩხვლეტები – ქსოვილზე ან იშვიათ შემთხვევაში თავზეც (ჩანს რენტგენზე).
(g) განძრახ დახრჩობის კვალი რთული აღმოსაჩენია და დამოკიდებულია ისტორიასა და მშობელთა მონაყოლზე. როგორც წესი, შემთხვევით დახრჩობები გვხვდება 8 - დან 24 თვემდე ასაკის ბავშვებში. უფროს ბავშვებში ეს შეიძლება მიუთითებდეს ძალადობაზე ან ეპილეფსიაზე (მოზრდილ ბავშვებში).

გამოკვლევის მეთოდები იგივეა, რაც სხვა ტიპის დაზიანებების შემთხვევაში.

 





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ