პროფესიონალებისთვის

ფსიქოლოგიური ტრავმის გავლენა დაკითხვის/გამოკითხვის ეფექტურობაზე
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ფსიქოლოგიური ტრავმა და მეხსიერება

რა ფაქტორები მოქმედებენ ტრავმული გამოცდილების მქონე ბავშვის დაკითხვის/გამოკითხვის პროცესში? შესაძლებელია თუ არა, რომ მათ გავლენა მოახდინონ მეხსიერების პროცესებზე და ჩაგონებადობის ხარისხზე?

ეიზენი და გუდმენი/1998 განმარტავენ, რომ „ტრავმის“ ცნებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს; თუმცა, არსებობს ძირითადი საკითხები, რომელთა განმარტებისას უმრავლესობა თანხმდება:

„ტრავმა, როგორც წესი, არის გამოცდილება, რომელიც
(ა) საფრთხეს უქმნის ინდივიდის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას;
(ბ) უმწეოს ხდის ინდივიდს საშინელი საფრთხის წინაშე, მის ძლიერ შფოთვას და ინსტინქტურ აგზნებას იწვევს;
(გ) თრგუნავს ინდივიდის თავის გადარჩენის მექანიზმებს;
(დ) თავის გადარჩენასთან დაკავშირებულ ძირითად წარმოდგენებს არღვევს;
(ე) აჩვენებს, რომ სამყარო უმართავი და არაპროგნოზირებადია.

ზოგადად, როდესაც სტრესი (განცდის მომენტში) ზომიერია, შემდგომში მისი გახსენების უნარი შეიძლება რეალურად გააქტიურდეს. თუმცა, თუ სტრესი ძალიან ძლიერია ან მართლაც ძალიან მცირეა, მან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მეხსიერებაში აღდგენის უნარზე. ეს განზოგადება მისაღებია, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რამდენიმე სხვა ფაქტორი, რომლებიც მეხსიერებაზე გავლენას ახდენენ; მაგალითად, დეპრესია, სიძნელეთა დაძლევის ინდივიდუალური სტილი და მიჯაჭვულობის გრძნობა (გორდონი და სხ./2001).

ძლიერი აღგზნების მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია ტრავმატულ გამოცდილებასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყურადღების „შევიწროებას“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სენსორული ინფორმაციის აღქმა იზღუდება და აღიქმება მხოლოდ უშუალო საფრთხე. შესაბამისად, ბავშვი უფრო ადვილად გაიხსენებს მხოლოდ ერთ, ცენტრალურ ობიექტს ან მისთვის შიშისმომგვრელ დეტალს და მის მეხსიერებაში ნაკლებად იქნება ინფორმაცია სხვა, გარეშე დეტალებთან დაკავშირებით.
ბავშვის მეხსიერებაზე ტრავმის და სტრესის ზემოქმედების განხილვისას, ფსიქოლოგიური ფაქტორების გარდა, ფიზიოლოგიური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია. მაგალითად, ქრონიკულმა სტრესმა ბავშვებში შეიძლება გავლენა მოახდინოს თავის ტვინის განვითარებაზე და მისი სტრუქტურის შეცვლა გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ქრონიკული ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლ ბავშვებს.

შიში, როგორც საპასუხო რეაქცია
ევოლუციის საწყის ეტაპზე, საფრთხის აღქმისას, ნებისმიერი ადამიანი არჩევანის წინაშე იდგა: ან დაეცვა თავისი პოზიცია და შებრძოლებოდა საფრთხის წყაროს, ან ერთ ადგილზე გაშეშებულიყო იმედით, რომ საფრთხის წყარო თვითონ მოშორდებოდა. მოსალოდნელი საფრთხის საპასუხოდ მომზადება ორგანიზმის ფიზიოლოგიურ რეაქციებშიც ვლინდება. მაგალითად, არტერიული წნევა იმატებს, გულისცემის სიხშირე იზრდება; საჭირო კუნთების ჯგუფის გასააქტიურებლად, ხელებსა და ფეხებში სისხლის მიმოქცევა ძლიერდება. ასევე გამოიყოფა ჰორმონები, რათა ადამიანი „ზე-სიფხიზლის“ მდგომარეობაში იყოს ნებისმიერი მოსალოდნელი საფრთხის მიმართ.
განვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად, როდესაც ბავშვის მიმართ ადგილი აქვს ძალადობას ან ძალადობის მუქარას და როგორ რეაგირებს ბავშვის ტვინი ამგვარ სიტუაციებში.

მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში, თავის ტვინის ის სისტემები ირთვება და აქტიურდება, რომლებიც საფრთხის შემცველი სიტუაციის ან თუნდაც არაპროგნოზირებადი აურის მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას განაპირობებენ. ბავშვის ტვინი და სხეული ერთიანდება, რათა ბავშვი თვითგადარჩენისთვის მოემზადოს ნებისმიერი სხვა საფრთხის შემთხვევაში. მისი ტვინი სიგნალს უგზავნის სხეულს მეტი რაოდენობის ადრენალინის გამოსაყოფად, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვს, იყოს უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი და უფრო ფხიზელი. ძალადობის ხშირი შემთხვევების დროს, საფრთხის და არაპროგნოზირებადი სიტუაციის მიმართ ბავშვის მგრძნობელობა იმდენად მაღალია, რომ ის საშიშროებებს ელის იქაც, სადაც საფრთხე არ ემუქრება. ასეთ შემთხვევებში, მის სხეულში გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სისხლში უკვე ცირკულირებული ადრენალინის რაოდენობას ამცირებს.

როდესაც ბავშვი მუდმივი საფრთხის პირობებში ცხოვრობს, ეს პროცესი ხშირად მეორდება. შესაბამისად, ორგანიზმში კორტიზოლის დიდი რაოდენობა გროვდება, რაც ტოქსიურად მოქმედებს ტვინის გარკვეული კრიტიკული უბნების ნეორონებზე და მათ სიკვდილს იწვევს. ამ ნეირონების დაკარგვა პრობლემებს ქმნის ემოციების მართვის, იმპულსების კონტროლის, ლოგიკური აზროვნებისა და სოციალური ქცევის მხრივ.

არაერთი კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ადრეული ასაკის ბავშვებში კორტიზოლის დონე მატულობს, როცა მათი დედები ემოციურად უკიდურესად დაქანცულნი, გამოფიტულნი არიან ან დეპრესიაში იმყოფებიან. ეს კი, თავის მხრივ, განვითარების პროცესში მყოფ ბავშვზე უარყოფითად აისახება.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვის კიდევ ერთი ასპექტია ჰიპერაგზნებული მდგომარეობა. ბავშვის საპასუხო შიში არაერთგზის აქტიურდება იმ დონემდე, რომ თუნდაც მცირედ მიზეზს შეუძლია მისი გამოწვევა, ამასთან, ისეთ სიტუაციებში, სადაც სხვა ბავშვები ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ. ძალადობაგანცდილი ბავშვები იმდენად ზე-სიფხიზლის მდგომარეობაში არიან, რომ მუდმივად „იჭერენ“ სხვა ადამიანების ისეთ არავერბალურ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებდნენ. ეს ბავშვები იმდენად შეეჩვივნენ არაპროგნოზირებადობას, რომ კეთილგანწყობილ გარემოშიც კი, ვერ ახერხებენ თავიანთი ფსიქიკური დაცვითი მექანიზმების „გამორთვას“.
ეს მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ბავშვის დაკითხვის/გამოკითხვის დროს. პროფესიონალები, რომლებიც ბავშვის დაკითხვას/გამოკითხვას ატარებენ, ხშირად ახერხებენ შფოთვისა და სტრესის გამომწვევი სიტუაციების გარკვეული ხარისხით დაბალანსებას. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ისინი შეიძლება ძალიან კარგად ცდილობენ ბავშვს აჩვენონ, რომ არიან მშვიდნი, ყოველთვის არსებობს მათი შფოთვის არავერბალური ნიშნების „გაჟონვის“ შანსი. ძალადობაგანცდილმა ბავშვმა შეიძლება არასწორად მიიღოს ეს ნიშნები, როგორც რაიმე გარდაუვალი საფრთხის მომასწავებელი. შედეგად, ეს გავლენას მოახდენს დაკითხვის/გამოკითხვის პროცესში მოსმენის, აზრის გაგების, გახსენებისა და თანმიმდევრულად გადმოცემის უნარებზე.

ასეთ შემთხვევებში, დამკითხველის/გამომკითხველის საუკეთესო რეაგირება იქნება ბავშვის მიმართ მისი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის ხაზგასმა. თუმცა, ბავშვების ნაწილზე შეიძლება ამან არ იმოქმედოს და მათ კვლავინდებურად ზე-სიფხიზლის მდგომარეობა შეინარჩუნონ შესაძლო საფრთხეების მოლოდინში. დამკითხველმა/გამომკითხველმა (ქვეცნობიერ დონეზე) შეიძლება მიიჩნიოს, რომ ბავშვი არ რეაგირებს მის ძალისხმევაზე. შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ დამკითხველის/გამომკითხველის განცდების არავერბალურმა ნიშნებმა გარეთ იმ დოზით გაჟონონ, რომ ბავშვის შიში კიდევ უფრო გააძლიერონ.

ქცევის ამგვარმა ციკლმა შეიძლება ბავშვსა და დამკითხველს/გამომკითხველს შორის ინტერაქციის დარღვევა და ბავშვის სრული „ჩაკეტვა“ გამოიწვიოს. აღნიშნული ციკლის არიდების ერთ-ერთი გზაა დამკითხველის/გამომკითხველის მიერ იმის გაცნობიერება, რომ მას არ უნდა ჰქონდეს არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს ან როგორ რეაგირებას მოახდენს ბავშვი გამოხატულ მხარდაჭერასა და კეთილგანწყობაზე. ამგვარი გაცნობიერება ხელს შეუწყობს იმას, რომ დამკითხველის/გამომკითხველის იმედგაცრუება ბავშვის მიმართ ემპათიამ ჩაანაცვლოს და ბავშვთან კავშირი შენარჩუნდეს. შესაძლებელია ასევე, რომ დამკითხველმა/გამომკითხველმა ბავშვს შესთავაზოს, რომ თუ საუბრისას რაიმე საშიშროებას იგრძნობს ან დაიძაბება, ხელის აწევით ანიშნოს ამის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, დამკითხველს/გამომკითხველს შეუძლია აიღოს დაკითხვის/გამოკითხვის შეწყვეტის, გადადების ინიციატივა.

ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა, დაკითხვის/გამოკითხვის დაწყებამდე, დამკითხველმა/გამომკითხველმა რაც შეიძლება მეტი შეიტყოს სხვა სიტუაციებში ბავშვის ურთიერთობების შესახებ, მაგალითად, ოჯახში, სკოლაში, სკოლისგარეშე წრეებზე ან ექიმთან ვიზიტის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ წარსულში ბავშვზე განმეორებითი ძალადობები ხორციელდებოდა ან მან რამდენიმე ფსიქოლოგიური ტრავმა განიცადა.




მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ