პროფესიონალებისთვის

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

მნიშვნელოვანი მომენტები:

(a) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვზე ძალადობა, შესაძლოა, უფრო ხშირია, მაგრამ ამის თაობაზე კვლევები და მტკიცებულებები ძალიან მცირეა;
(b) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინების რაოდენობა გაცილებით დაბალია, ვიდრე მათზე ძალადობის შემთხვევები;
(c) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ სირთულეები, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ, რომ აცნობონ ვინმეს ძალადობის შესახებ;
(d) ძალადობა, შესაძლოა, არსებობდა შეზღუდულობამდე, ან იგი შეიძლება ძალადობის მიზეზით იყოს გამოწვეული;
(e) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები ძალადობის ყველა ფორმის მსხვერპლები ხდებიან, მათ შორის, სექსუალური ძალადობის;
(f) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებში ძალიან ხშირად ძალადობის ამოცნობა არ ხდება, რადგან არსებული ნიშნები, ხშირად ბავშვის ზოგადი მდგომარეობის მიზეზად ითვლება.

ამოცნობა
ხშირ შემთხვევაში, რთულია ძალადობის და შეზღუდული შესაძლებლობის სიმპტომების გამოყოფა, მაგ. ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში კრუნჩხვის შეტევების მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიკონვულსიური პრეპარატების მიღების შეჩერების გამო ან ძალადობის შედეგად მიღებული სტრესით. კიდევ უფრო რთულია გამოგონილი და გამოწვეული დაავადებების ამოცნობა. თუმცა ძალადობის შემთხვევების ამოცნობა და დიაგნოსტირება შესაძლებელია, ვინაიდან ძალადობის მსხვერპლი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები ავლენენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასითებელ იგივე ქცევით და ფიზიკურ ნიშნებს. ეს გამოვლინებები მოიცავს:

• პათოლოგიურ ან სექსუალურ ქცევას, რომელიც შეიძლება სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებდეს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვში;
• სისხლჩაქცევები და სხვა ფიზიკური დაზიანებები;
• შფოთვა და შეუძლოდ ყოფნა;
• თვითდაზიანება;
• ვაგინალური და რექტალური სისხლდენა;
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, ორსულობა;
• უგულებელყოფის ნიშნები, ასევე ზრდისა და განვითარების ჩამორჩენა არაორგანული მიზეზებით;
• და სხვა

ურთიერთობა
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებში, ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას, მნიშვნელოვანია სპეციალისტს გააჩნდეს ამგვარ ბავშვებთან ურთიერთობისთვის სპეციფიური უნარები. მაგალითად, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების სირთულის მქონე ბავშვთან ალტერნატიული საკომუნიკაციო უნარების სპეციალისტი არის ფასდაუდებელი.

მსუბუქი და საშუალო ინტელექტუალური ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს შეუძლიათ გაიხსენონ ძალადობის შემთხვევის იდენტიფიცირებისთვის გამოსადეგი ინფორმაცია. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მენტალური ასაკი ოპტიმალური სახელმძღვანელო ორიენტირია.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მეტწილად ენასთან, სიტყვიერ გადმოცემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მათ აგრეთვე სიძნელეები აღენიშნებათ ვერბალური მოკლევადიანი მეხსიერების მხრივ. ხშირად რთულია მათი გაგებაც, ექსპრესიული, გამომხატველობითი ენის გამო. თუმცა ვიზუალური და სივრცითი დეტალების გახსენება მათი შედარებით ძლიერი მხარეა.

აუტისტური სპექტრის ბავშვებს, ენასთან და სოციალურ აღქმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უჭირთ მომხდარის პირადი თუ სოციალური ასპექტების გახსენება და აზრის გამოხატვა. მათთვის გამომკითხველის შეცდომაში შეყვანაც რთულია. უილიამსის სინდრომის მქონე ბავშვებს შედარებით განვითარებული ენობრივი უნარები აქვთ, თუმცა ვიზუალური და სივრცითი დეტალებისა თუ ცნებების გაგებაც და გახსენებაც უჭირთ.

შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების და განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების გამოკითხვისას გამოყენებული უნდა იქნას უნდა მოხდეს ტიპური, ჩვეულებრივი ბავშვებისთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები. გარდა ამისა:
ა) შეგროვდეს ინფორმაცია ბავშვის სიძლიერეებსა და სისუსტეებზე და მოხდეს გამოკითხვის შესაბამისი დაგეგმვა;
ბ) გამოკითხვა შედგეს შეძლებისდაგვარად მარტივი, მოკლე ზომიერი სისწრაფით დასმული კითხვებით.
გ) მნიშვნელობა მიენიჭოს თავისუფალ გახსენებას, რომელიც მეტწილად სწორია;
დ) თავიდან იქნეს აცილებული კითხვების გამეორება;
ე) შესაბამისი მხარდაჭერა (მაგალითად შუამავლის) და ადაპტაციები (მაგალითად, უფრო ხშირი შესვენებები).