პროფესიონალებისთვის

მიჯაჭვულობა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

 

«მიჯაჭვულობა არის ემოციური თოკი, რომელიც
ძლიერად აკავშირებს ორ ადამიანს დროსა და სივრცეში».
ჯონ ბოულბი



ჩვილობის ასაკიდან ადამიანი სოციალური და ემოციური განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. პირველ, ყველაზე ახლო და მნიშვნელოვან კავშირს ჩვილი ამყარებს დედასთან ან იმ ადამიანთან, ვინც მასზე ზრუნავს. ბრიტანელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, ჯონ ბოულბიმ შეიმუშავა ბავშვის განვითარების თანამედროვე თეორია - მიჯაჭვულობის თეორია და ამ პირველი, ყველაზე მჭიდრო და ძლიერი ემოციური კავშირის ასაღნიშნად გამოიყენა ტერმინი „მიჯაჭვულობა“.

მიჯაჭვულობა - ძლიერი ემოციური ურთიერთკავშირი ორ ადამიანს შორის, რომელიც განუსაზღვრელი დროით ნარჩუნდება, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები ერთმანეთს სცილდებიან.

ბრიტანელი ფსიქიატრისა და ფსიქოანალიტიკოსის, ჯონ ბოულბის მიჯაჭვულობის თეორიის ძირითადი პრინციპებია:
• მიჯაჭვულობას, როგორც ჰაერსა და საკვებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის. მის გარეშე ჩვილს არ შეუძლია იცოცხლოს და განვითარდეს.
• ბავშვს დაბადებიდანვე აქვს მაღალი მოტივაცია იმისთვის, რომ ჩამოიყალობოს და შეინარჩუნოს მიჯაჭვულობა მასზე მზრუნველ პირთან.
• ბავშვები ყველაფერს გააკეთებენ მიჯაჭვულობის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
• სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი სპეციფიკურ ემოციურ კავშირს ამყარებს მასზე მზრუნველ ადამიანთან.
• ჩვილი იყენებს მიჯაჭვულობას, როგორც “სანდო ბაზას”.
• მიჯაჭვულობის ობიექტები „ფსიქოლოგიური მშობლები“ ხდებიან.
• ყველა ბავშვი „ეჯაჭვება“, მაგრამ უსაფრთხო მიჯაჭვულობა დამოკიდებულია მზრუნველის პასუხებზე ბავშვის საჭიროებებისადმი.
• მიჯაჭვულობის სისტემა აქტიურდება შიშისა და განშორების სიტუაციებში.
• ემოციურად ახლობელ ადამიანთან ბავშვის ფიზიკურ კონტაქტს მიჯაჭვულობის სისტემა ხელახლა მოჰყავს გაწონასწორებულ მდგომარეობაში.
• აუცილებელი არაა, რომ «ძირითადი» ახლობელი ადამიანის როლი ბიოლოგიურ დედას/მამას ეკუთვნოდეს.
• ჩვილის ემოციური კავშირი მოზრდილ ადამიანთან არ არის გენეტიკურად განსაზღვრული. ჩატარებული მეცნიერული კვლევებით არ დადასტურდა მიჯაჭვულობის „სისხლით ნათესაობით“ განპირობებულობა.

მიჯაჭვულობის განვითარების ფაზები
• მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე.) - თანდაყოლილი სიგნალებით ჩვილი მშობლებს ურთიერთობისკენ უბიძგებს, მათთან სიახლოვე აწყნარებს. ჩვილი ცნობს დედის სუნს, ხმას, არჩევს დედის ნაკვთებს. ბავშვი ჯერ დედაზე მიჯაჭვული არაა, ამიტომ სხვა ადამიანებთან დარჩენას არ აპროტესტებს.
• მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან - 6-8 თვემდე) - ბავშვი დედაზე (მომვლელზე) და უცხო ადამიანზე განსხვავებულად რეაგირებს ბავშვი სწავლობს, რომ მისი ქმედებები ირგვლივ მყოფთა ქცევას განაპირობებს. იწყება ნდობის განვითარება.
• მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან - 18 თვემდე) - ამ დროს მომვლელის (დედის) მიმართ მიჯაჭვულობა აშკარაა. ბავშვში ჩნდება სეპარაციული (განშორება) შფოთვა, როცა მას მშობელი ტოვებს. ის მოუსვენარი ხდება და შფოთვას განიცდის („7 თვიანების შფოთვა“).
• ორმხრივი მიჯაჭვულობის ფაზა (18 თვიდან - 2 წლამდე) - წარმოსახვის და მეტყველების განვითარება ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, გარკვეულწილად გათვალონ მშობლის დაბრუნება. ამიტომ განშორების მიმართ პროტესტი კლებულობს. ბავშვები მშობლებთან მოლაპარაკებას, ”ვაჭრობას”იწყებენ.

მიჯაჭვულობის ტიპებია: სანდო მიჯაჭვულობა და არასანდო მიჯაჭვულობა, რომელიც, თავის მხრივ, სამი სახისაა - განრიდებული, ამბივალენტური და დეზორგანიზებული.

სანდო მიჯაჭვულობის ქცევითი გამოვლინებებია:
• ბავშვი დედისკენ მიილტვის, მისი მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან მას აქვს იმის გამოცდილება, რომ ის მშობელს ყოველთვის ახსოვს.
• სანდო მიჯაჭვულობის მქონეა ბავშვი, როცა დედა (ან ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) არის თბილი, მგრძნობიარე, თანმიმდევრული, როცა სწრაფად რეაგირებს ბავშვის ტირილზე.
• ბავშვი ცნობისმოყვარეა, სიამოვნებით შეიმეცნებს სამყაროს, დედას იყენებს, როგორც „სანდო ბაზას“, ადვილად პოულობს მეგობრებს, ადვილად უმკლავდება სტრესს, აქვს კარგი თვითშეფასება.

ჩვილი თანდაყოლილი სიგნალებით ცდილობს, დედასთან ან მასზე მზრუნველთან ემოციური კავშირი დაამყაროს. ეს სიგნალებია მიახლოება,გადევნება, ჩაჭიდება (მიკვრა), ღიმილი, თვალებით კონტაქტი, ტირილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, ძებნა და სხვა. ამ სიგნალებზე მშობელი პასუხობს „ჩვილიდან გამოწვეული სოციალური ქცევით“.
ჩამოყალიბდება თუ არა ჩვილსა და დედას/მზრუნველს შორის სანდო მიჯაჭვულობა, დიდწილად არის დამოკიდებული დედასთან/მზრუნველთან დაკავშირებულ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცა მგრძნობიარობა - ა) ჩვილისგან მიღებული სიგნალების აღქმა, მყისიერი გამოხმაურება, სწორი ინტერპრეტაცია და შესაბამისი რეაგირება ბავშვისგან წამოსულ სიგნალებზე; ბ) მეტყველება, ვერბალიზაცია, რომელიც შეეხება - ბავშვის ემოციურ მდგომარეობებს, «შინაგან სამყაროს, ბავშვის ქმედებების მნიშვნელობასა და აზრს; გ) მხედველობითი კონტაქტი - შესაბამისი ემოციური მდგომარეობის ვოკალიზაციით; დ) დამშვიდება - მოზრდილის მგრძნობიარე ქცევა, ფიზიკური კონტაქტი ბავშვთან, როცა ის დამშვიდებას საჭიროებს.
არასანდო - განრიდებული მიჯაჭვულობის დროს ბავშვი არ მიილტვის დედისკენ ფიზიკურ კონტაქტზე. ის დამოუკიდებელია, დედისგან არ იღებს თანაგრძნობას, გულგრილია და მოწყენილი, როცა რაღაც აწუხებს ან სტკივა არ ითხოვს დახმარებას, ყველას ერიდება. ასეთ შემთხვევებში დედა (ან ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) ხშირ შემთხვევაში ემოციურად მიუწვდომელია. დედას არ მოსწონს, რომ ბავშვი მასზეა დამოკიდებული და ყოველი დამოუკიდებელი ქმედების შემთხვევაში აქებს მას. შედეგად, ბავშვი შეიძლება იყოს აგრესიული, ბრაზიანი და დაუმორჩილებელი, რის გამოც შეიძლება არ უყვარდეთ ჯგუფში და აღმოჩნდეს იზოლაციაში.
არასანდო - ამბივალენტური მიჯაჭვულობის შემთხვევაში, ბავშვი არ არის დარწმუნებული, რომ მშობლის ნდობა შეიძლება, რომ საფრთხის შემთხვევაში ის დაცული იქნება და მიიღებს თანაგრძნობას მშობლისგან. ასეთი ბავშვი ბევრს ტირის, ებღაუჭება დედას და მომთხოვნია. დედა ან ის ადამიანი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, არის არათანმიმდევრული, ქაოტური და ძნელია მისი ქცევის განჭვრეტა. შედეგად, ბავშვი არის მოუსვენარი, დაძაბული და შფოთავს, ძალიან არის დამოკიდებული უფროსებზე, აღმზრდელები მას ან ათამამებენ, ან უბრაზდებიან. შეიძლება გახდეს ჯგუფში „განტევების ვაცი“.
რაც შეეხება არასანდო-დეზორგანიზებულ მიჯაჭვულობას, ბავშვი მშობლის მიმართ შიშს გამოხატავს. მას უჭირს გრძნობებისა და ქცევების კონტროლი, ემოციების გამოხატვა, არ იცის, ვის შეიძლება ენდოს და ვის – არა. მას ახასიათებს შენელებული მოძრაობები, დისოციაციები, გაშეშება, „გაყინული“ სახის გამომეტყველება, გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლილება. მშობელი ბავშვის მიმართ უყურადღებო და გულგრილია, თავს არიდებს მას. ხშირად მიმართავს ბავშვზე ძალადობას და უგულებელყოფას. შედეგად კი ბავშვი თავდაპირველად ,,აპროტესტებს“ მშობლის გულგრილობას. შემდგომში ის ,,წყდება“ მშობელს, იკეტება საკუთარ თავში, ავლენს შემდეგი სახის ქცევის ფორმებს: ტყუილი, ქურდობა, სხვისი საკურების განადგურება, საკუთარი თავის დაზიანება, ძალადობა სხვებზე.
დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის მიზეზებია:
• მშობლების/მზრუნველების გადაუმუშავებელი ტრავმა;
• მშობლის/მზრუნველის ფსიქოლოგიური თავისებურებები და მათი გამოვლენა ბავშვთან ურთიერთობისას. მაგალითად, მშობლის საფრთხის შემცველი (შემაშინებელი) ქცევა ან „შეშინებული“, ზედმეტად ფრთხილი ქცევა, ასევე - უმწეო ქცევა.
• მშობლის/მზრუნველის ბავშვობის ტრავმის გაცოცხლება/გადათამაშება. ხშირად ეს არის ბავშვობაში გადატანილი ძალადობა, რომელსაც მოზრდილობაში საკუთარ შვილზე იმეორებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვილობის ასაკში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის პატერნები შეიძლება შენარჩულებული იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას აქვს პიროვნული ზრდის პოტენციალი და ჩამოყალიბებული უარყოფითი გამოვლინებების შესაცვლელად მათ პროფესიული დახმარება დასჭირდებათ.
მიჯაჭვულობის ტიპებთან მიმართებაში, ჯონ ბოულბიმ შემოიტანა „შინაგანი სამუშაო მოდელის“ ცნება. ეს არის კოგნიტური სტრუქტურა, რომელიც გარემოსთან ბავშვის ადრეული ურთიერთობის პროცესში ყალიბდება და სოციალურ ურთიერთობებში გამოიყენება. შინაგანი სამუშაო მოდელები განსაზღვრავენ ადამიანის მიერ საკუთარი თავის, სხვა ადამიანების, სამყაროს, მომავლის ხედვას. იმის მიხედვით, თუ რა შინაგანი სამუშაო მოდელი ჩამოყალიბდება, ადამიანები განსხვავებულ პასუხებს სცემენ კითხვებზე: ვინ ვარ მე? როგორი ვარ? როგორია სხვა ადამიანები? როგორია სამყარო? აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს განსაზღვრავს ხედვა: „მე ისეთი ვარ, როგორც ზრუნავენ ჩემზე“.

ბავშვის „შინაგანი სამუშაო მოდელები“:


სანდო მიჯაჭვულობა:
• მე შემიძლია ჩემზე ზრუნვა ვანდო აღმზრდელს, ამიტომ ადამიანებს შეიძლება ენდო“.
• „მე ღირსი ვარ სიყვარულის, იმიტომ რომ მე ვუყვარვარ“.
• „სამყარო არის ადგილი, სადაც ჩემზე ზრუნავენ“.

განრიდებული მიჯაჭვულობა:
• „ჩემი აღმზრდელისგან არ არის მოსალოდნელი, რომ ის ჩემზე იზრუნებს, ამიტომ სხვების ნდობაც არ შეიძლება“.
• „მე არ ვარ სიყვარულის ღირსი, იმიტომ რომ მე არ ვუყვარვარ“.
• „მე არ ვთხოვ ჩემს აღმზრდელს იზრუნოს ჩემზე, იმიტომ რომ ახლო ურთიერთობები არ „მუშაობს
• „მე თავს დავიცავ და დავმალავ ჩემს გრძნობებს“.

ამბივალენტური მიჯაჭვულობა
• „ჩემს აღმზრდელს შეიძლება ხანდახან ენდო, ამიტომ როცა კი შევძლებ, მე „მოვიპოვებ“ მის ზრუნვას“.
• „მე არ ვარ სიყვარულის ღირსი, იმიტომ რომ მე არ ვუყვარვარ უპირობოდ“.
• „მე შევეცდები მოვიპოვო მშობლის ზრუნვა ყველა შესაძლო საშუალებით, თუმცა არ ველოდები, რომ ჩემზე ყოველთვის იზრუნებენ“.

დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა
• „ჩემზე არავინ იზრუნებს. ამიტომ მე ჩემი მოთხოვნილებებს დავმალავ.
• „მე არ ვარ სიყვარულის ღირსი, იმიტომ რომ არავის ვუყვარვარ“.
• „მე არ ვთხოვ ჩემს აღმზრდელს იზრუნოს ჩემზე, იმიტომ რომ ახლო ურთიერთობები არ „მუშაობს .
• სამყარო დაუნდობელია.

 

მიჯაჭვულობის განვითარების შედეგები

სანდო მიჯაჭვულობა
• დამცავი ფაქტორი სიძნელეებისა და დატვირთვისას;
• მეტი შესაძლებლობები სიძნელეების გადასალახად;
• დახმარების თხოვნისა და მიღების უნარი;
• გამოხატული კოოპერატიული ქცევა;
• ემპათია სხვა ადამიანების მიმართ ემოციურად მძაფრ სიტუაციებში;
• მეტი ახლო ურთიერთობები ადამიანებთან;
• გამოხატული შემოქმედებითი საწყისი;
• მეტი მოქნილობა და გამძლეობა;
• მაღალი ინტელექტი და დასწავლის კარგი უნარები.

არასანდო მიჯაჭვულობა
• რის-ფაქტორი სიძნელეებისა და დატვირთვისას;
• ნაკლები შესაძლებლობები სიძნელეების გადასალახად;
• როგორც წესი, ცდილობს, პრობლემები მარტომ მოაგვაროს;
• სოციუმისაგან გარიდება;
• ემპათია სხვა ადამიანების მიმართ ემოციურად მძაფრ სიტუაციებში;
• ნაკლები ახლო ურთიერთობები ადამიანებთან;
• გამოხატული შემოქმედებითი საწყისი;
• მეტი რიგიდულობა აზროვნებასა და ქცევაში;
• გამოხატული აგრესიული ქცევები კონფლიქტების დროს;
• ინტელექტი და დასწავლის უნარები შედარებით დაბალია.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მრავალჯერადი ტრავმატიზაციის შედეგად, გლობალურად ირღვევა მშობელი-შვილის ურთიერთდამოკიდებულების სისტემა. უფრო მეტიც, არსებობს კავშირი მშობლებისა და შვილის მიჯაჭვულობის ტიპს შორის: «სანდო» მშობლები «სანდო» შვილებით; «არასანდო» მშობლები «არასანდო» შვილებით; ტრავმირებული მშობლები «დეზორგანიზებული» შვილებით.

მიჯაჭვულობა შეიძლება დაირღვეს ბავშვისთვის ახლობელი ადამიანისგან ადრეულ ასაკში მიყენებული მრავალჯერადი გადაუმუშავებელი ტრავმების გამო, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორებმა: ძალადობა და უგულებელყოფა, ურთიერთობის სისტემათა ხშირი ცვლა, მნიშვნელოვანი დანაკარგები, ასევე - როცა ბავშვი მისთვის ახლობელ ადამიანებზე განხორციელებული ძალადობის მოწმეა, ხოლო მოძალადე ახლობელი ადამიანია. მიჯაჭვულობის დარღვევის რისკი იზრდება, როცა ჩამოთვლილ ფაქტორებს 1-2 წლის ასაკში აქვს ადგილი, ასევე - როცა რამდენიმე ფაქტორს ერთად აქვს ადგილი.

მიჯაჭვულობის დარღვევის შედეგები ბავშვის ჯანსაღ განვითარებას უდიდესი საფრთხის ქვეშ აყენებს. მისთვის დამახასიათებელია:

• ზე-აგზნება;
• დათრგუნულობა
• აგრესია, შემტევი ქცევა;
• სადიზმი/ძალადობა;
• თვითდაზიანება;
• კვებითი პრობლემები;
• გათამაშებული ემოციურობა;
• ქურდობა;
• კომპულსიური ტყუილები;
• უბედურ შემთხვევათა რისკი;
• სექსუალური აქცენტირებები;
• დანაშაულის გრძნობის არქონა;
• უსუფთაობა;
• ენურეზი/ენკოპრეზი;
• როლების აღრევა;
• მავნე დამოკიდებულებები.

მიჯაჭვულობის ობიექტისაგან სეპარაცია, განცალკევება დიდი გამოწვევაა პატარა ბავშვებისა და თითოეული ჩვენგანისათვის! ბავშვი განცალკევებას განიცდის, როგორც უსაფრთხოების წრიდან გამოსვლის საშიშროებას; გამოწვევის სიმწვავე დამოკიდებულია საფრთხის სიმწვავეზე; ამგვარი სეპარაცია ხშირად მოიცავს არა მხოლოდ მშობლისგან/მზრუნველისგან სეპარაციას, არამედ - ყველაფერი ნაცნობისაგან. საყურადღებოა, რომ ძლიერ რეაქციებს გამოიწვევს არა მხოლოდ მზრუნველი მშობლებისგან განცალკევება, არამედ მოძალადე მშობლებისგანაც! გარკვეულ პირობებში, სეპარაცია შეიძლება განსაკუთრებულად მატრავმირებელი იყოს და დამანგრეველი შედეგები გამოიწვიოს. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უარი ვთქვათ ბავშვის მოძალადე ან თუნდაც სავარაუდო მოძალადე მშობლის თუ მზრუნველისგან განცალკევებაზე. საჭიროა პროფესიონალთა ფრთხილი მოქმედებები და ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებათა ცოდნა-გათვალისწინება.

 

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ