პროფესიონალებისთვის

მოზარდთა აგრესიული ქცევა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი, პირველ რიგში, სოციალიზაციას გულისხმობს. სოციალური გამოცდილების შეძენით, სხვა ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებით, საკუთარი პოზიციის გამოხატვით, სხვებთან დაპირისპირებით, დამოუკიდებლობის გამოვლენით, საკუთარი თავის “შემოწმებით”, შემდგომი საქმიანობის პერსპექტივების დასახვით ბავშვი ზრდასრულ პიროვნებად ყალიბდება.

ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის პროცესი, როგორც წესი, მძაფრად და ზოგჯერ დრამატულადაც მიმდინარეობს. მასში სოციალური განვითარების ურთიერთსაპირისპირო ტენდენციებია გადახლართული. ერთი მხრივ, ამ რთული პერიოდისათვის დამახასიათებელია ნეგატიური გამოვლინებები, – პიროვნების დისჰარმონია, უკვე ჩამოყალიბებული ინტერესების შეცვლა, მოზრდილებთან მიმართებაში პროტესტის გამომხატველი ქცევა და სხვა. მეორე მხრივ, აღსანიშნავია უამრავი დადებითი ფაქტორი – მზარდი დამოუკიდებლობა, ურთიერთობათა მრავალფეროვნება, საქმიანობის სფეროს შეცვლა და გაფართოება, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პასუხისმგებლობის განვითარება და სხვა.

ადამიანის მშვიდი, უცვლელად ჰარმონიული, “გაყინული”, გარემოსთან მუდმივად შეგუებული არსებობა, პრინციპში, შეუძლებელია. ადამიანი დინამიურ წონასწორობაშია გარემომცველ სამყაროსთან, რაც მასში მუდმივი ადაპტაციის აუცილებლობას ქმნის. თუ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, დროის მოცემულ კონკრეტულ მონაკვეთში ადამიანი ჯანმრთელად ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეზადაპტაციის სხვადასხვა ფორმები სომატური და ფსიქიკური ხასიათის დაავადებებს, აგრეთვე სოციალურ გადახრებს იწვევს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დევიავიური ქცევა, მიმართული სიხარულის, სიამოვნების ნებისმიერი გზით მიღებაზე (ნარკოტიკებით, ალკოჰოლით და სხვა), სასურველის ნებისმიერი გზით მოპოვებაზე (წართმევა, მოპარვა და სხვა), ნებისმიერი გზით თვითდამკვიდრებაზე (სხვათა დევნა, დამცირება, ძალადობა და სხვა). მოზარდის განვითარების სწორედ ეს პერიოდია მთელი მისი შემდგომი ცხოვრების განმსაზღვრელი. მოზარდის ხასიათი გარკვეული მიკროსოციალური პირობების გავლენით ყალიბდება. თუ საით მიმართავს მოზარდი თავის პოტენციალს, დამოკიდებულია გარემოცვაზე, მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობაზე.

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობის, დანაშაულის გზით წასვლისაკენ? ამ შეკითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მიზეზი მრავალია. მათ შორისაა სოციალური ფაქტორები – ძალადობა ოჯახში, აღზრდის დეფიციტი, სოციალური დიფერენციაცია, სიღარიბე, უმუშევრობა, მასობრივი კულტურა (მასმედია) თავისი “მხატვრული” თუ რეალური ძალადობითა და სისასტიკით, დაბალი განათლება, სასკოლო აღზრდის დეფექტები და სხვა. ამასთან, მნიშვნელობა აქვს მოზრდილად ქცევის ფსიქოსოციალური სიძნელეებს (სქესობრივი მომწიფების პერიოდში მომატებული შფოთვა, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვალებადობა, ფსიქიკის გაუწონასწორებლობა და ა.შ.).

მოზარდთა ქცევაში, რომლებსაც “ძნელ” მოზარდებად” თვლიან, ხშირად აღინიშნება თვითდამკვიდრებისაკენ სწრაფვა მასზე სუსტი თანატოლების ან თუნდაც მოზრდილების ხარჯზე, მათი დაშინების, ძალადობის, იარაღის გამოყენების გზით. ზოგიერთი მოზარდის შემთხვევაში გარემომცველთა დაშინება, შევიწროება, დატერორება ჩვეულებრივ კონკრეტული, ხშირად ღრმად ეგოისტური მიზნების მიღწევასთან არის დაკავშირებული. ასეთ მოზარდებს გააჩნიათ მოთხოვნილებები (მაგალითად, სოციალური აღიარების, დომინირების, მატერიალური, სექსუალური, კომუნიკაციური და ა.შ.), რომელთა დაკმაყოფილება მათთვის მისაწვდომი საშუალებებით არ შეუძლიათ.

ხშირად მშობელს ავიწყდება, რომ მისი შვილი გაიზარდა და მეგობრული რჩევა, ურთიერთდახმარება უფრო ესაჭიროება, ვიდრე კრიტიკული შენიშვნები და ლანძღვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქომატრავმირებელი გამოთქმები მარტო მშობლებისგან კი არა, არამედ მოზარდის გარემომცველი მასწავლებლებისგან, ექიმებისგან, მწვრთნელებისგან, ქორეოგრაფებისგან და სხვა უფროსებისგანაც მოდის.

ბავშვთან ურთიერთობაში მოზრდილისთვის მოსახერხებელია ამგვარი პოზიცია: “გითხარი – გააკეთე, არ გააკეთებ – აუცილებლად დაისჯები”. ხშირად მშობელს “დრო არ ჰყოფნის” იმისთვის, რომ შვილის განცდებით, მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესდეს. მასწავლებლები პასუხისმგებლობას იხსნიან: “სახლიდან ასეთი მოდის”. ასეთ მოზარდებს ზღვარს არავინ უწესებს. ხოლო როცა ბავშვი თავის ნებაზეა მიშვებული, ძალაუფლება “ფარული აღმზრდელების” – ტელევიზიის, აგრესიული კომპიუტერული თამაშების, ინტერნეტის ხელში გადადის.

აღზრდისადმი ასეთი მიდგომით ბავშვი “იკეტება”. ის გრძნობს, რომ სამყაროში, რომელიც მის მიმართ მტრულადაა განწყობილი, არ არის ნდობა, სიყვარული, ურთიერთგაგება. ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს. თავდაპირველად არაკეთილგანწყობას ბავშვი უახლოესი გარემოცვიდან გრძნობს. შემდეგ ხდება ამ განწყობის გადატანა, პროექცია ცხოვრების ყველა სფეროზე. ეს დაცვითი პროცესია, რომელიც უწყინარი კი აღარ არის, არამედ პათოლოგიური ხდება. დგება შინაგანი “გამოცარიელება”, საკუთარი თავის და მოზრდილებისადმი რწმენის დაკარგვა, სამომავლო პერსპექტივების ნგრევა. ეს მოზარდში ყოველდღიური ოჯახური და სასკოლო ცხოვრებიდან დამოუკიდებელ, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ცხოვრებაში გაქცევის სურვილს იწვევს; მაგრამ რა არის დამოუკიდებელი, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ცხოვრება დევიაციური მოზარდისათვის? ეს არის იმ საზოგადოების ნორმებისა და წესების უარყოფა, რომელიც არ იღებს მას და რომელსაც მისი არ ესმის.
ძალადობის ელემენტების შემცველი კომპიუტერული თამაშები, ტელევიზია და ა.შ. აგრესიული ქცევის, აზრების და რისხვის პროვოცირებას ახდენს. მოზარდებს შეიძლება ვირტუალური ძალადობის რეალობაში გაგრძელების სურვილი გაუჩნდეთ. მოზარდი, რომლის ფსიქიკა ჯერ მყიფეა, ვერ გრძნობს ზღვარს ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის. ის იწყებს ძალადობას რეალობაში.

მოზარდთა დანაშაულის ზრდას ხელს უწყობს ოჯახების არასტაბილურობა, ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება. აგრესიით ხშირად გამოირჩევიან ბავშვები ასოციალური ოჯახებიდან. ეს იმის გამოა, რომ ბავშვი მუდმივად განიცდის ძალადობას. მასში გროვდება რისხვა, აგრესია, რომელიც თანატოლებზე გადააქვს. ასეთი ბავშვისთვის ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, რომლის დახმარებით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. ამას ემატება ისიც, რომ ასეთი მშობლები არ ზრუნავენ თავიანთ შვილზე. ბავშვი იწყებს ფიქრს, რომ სამყაროში არავის არავინ აღელვებს. ბავშვი არ ფიქრობს ძალადობის შედეგებზე, რადგან მას ეს არ აღელვებს. მან იცის, რომ სხვებსაც არ აღელვებთ მისი ბედი.

დამნაშავეთა შორის ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებიც ნორმალურ ოჯახებში იზრდებიან. აქ გავლენას ახდენს გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, ვისთან მეგობრობს, სად ატარებს თავისუფალ დროს. ხშირად გაკვეთილების მერე უსაქმოდ მყოფმა ბავშვებმა არ იციან, რით დასაქმდნენ. ყველაფერი იწყება უხეშობით, სხვისი საკუთრების დაზიანებით, ხოლო მთავრდება ქურდობებით, სხეულებრივი დაზიანებების მიყენებით და მკვლელობით.

რა არის გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებით მოზარდთა შორის ძალადობა, დანაშაულთა რიცხვი შემცირდება. უცხოელ მკვლევართა აზრით, სადამსჯელო ზომების გამკაცრებას, ასაკობრივი ზღვრის შემცირებას, რომლის მიღწევისას პირი დანაშაულის სუბიექტი ხდება, მხოლოდ შეზღუდული ეფექტი აქვთ.

პრობლემის ყველაზე ეფექტური და ჰუმანური გადაწყვეტა მოზარდთა შორის ძალადობის პრევენციაა. მოზარდებთან მეტი კონტაქტია საჭირო, ვიდრე მათზე კონტროლის გაძლიერება. დაფიქრება იმაზე უფრო გვმართებს, თუ როგორ აღიქვამს სამყაროს მოზარდი, რომელმაც მისთვის რთულ პერიოდში პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად თანატოლზე ძალადობა აირჩია.
კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პრევენცია შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს:
პირველ რიგში, ესაა პედაგოგებთან, სკოლის ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან მუშაობა. მოზარდებთან მათი ურთიერთობა მოზარდობის ასაკის თავისებურებათა, აგრესიული ქცევის მიზეზთა ცოდნას უნდა ემყარებოდეს. სკოლებში სოციალურ-ფსიქოლოგიური მუშაობა გულისხმობს საინტერესო კონკურსების, ვიქტორინების ჩატარებასაც. ეს მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოზარდის თვითშეცნობაზე, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, ცხოვრების მიზნების სტრუქტურირებაზე, ჯანსაღი მიზნებისა და ინტერესების ჩამოყალიბებაზე. ასევე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ჩართვა პროფესიული სწავლების პროგრამებში, სხვადასხვა სპორტულ სექციებსა და წრეებში.
მუშაობის მეორე ძირითადი ბლოკი მიმართული უნდა იყოს თვითონ მოზარდისაკენ, მისი შინაგანი დაძაბულობის მოხსნისაკენ ყოველთვის, როცა უცხო გარემოში აღმოჩნდება. ეს დაძაბულობა შეიძლება გამოწვეული იყოს ურთიერთობის ელემენტარული უნარების არარსებობით, ახლის მიღების შიშით და ა. შ. გამოსავალი ამ სიტუაციიდან მისთვის იქნება სოციალური ნორმებისა და ქცევის წესების მიუღებლობა. გულახდილი საუბრით, შესაბამისი „ანტიაგრესიული ტრენინგებით“ მოზარდებმა უნდა ისწავლონ რელაქსაცია, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრა, საკუთარი აგრესიული იმპულსების მართვა, შიშის, შფოთვის მოხსნა, აითვისონ სხვადასხვა სიტუაციებში ადექვატური ქცევის უნარები. აქ იგულისხმება მუშაობა არა მხოლოდ აგრესორ ან ძალადობის მსხვერპლ მოზარდებთან, არამედ მათთან მეტად თუ ნაკლებად შეხებაში მყოფ ბავშვებთანაც.

მუშაობის მესამე ბლოკი აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მშობლებისკენ. ისინი უნდა გაერკვნენ შექმნილი პრობლემური სიტუაციის მიზეზებში. საჭიროების შემთხვევაში მუშაობა უნდა წარიმართოს საკუთარი შვილების მიმართ დამოკიდებულების შეცვლისაკენ. სწავლების სპეციალური პროგრამებით უნდა მოხდეს მშობლების კომპეტენციის გაუმჯობესება ბავშვის აღზრდის სფეროში.

დასკვნა: ბავშვთა და მოზარდთა დანაშაული არის ფენომენი, რომელიც ყველა ბავშვსა და მოზარდს ეხება. მოზარდის ანტიჰუმანურობა, დაუნდობლობა, ეთიკური, ზნეობრივი კრიტერიუმების არარსებობა, უპირველეს ყოვლისა, სოციალური სიმწიფის პრობლემაა, რომლის მოგვარება მთლიანად მოზრდილებზეა დამოკიდებული; და ეს არა მარტო პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების, არამედ მთელი საზოგადოების ამოცანაა.
ბავშვებსა და მოზარდებს შორის ძალადობა, საბოლოო ჯამში, არის რეაქცია იმაზე, რომ მათ ყურადღებას არ აქცევენ და არ აფასებენ. მოზრდილებმა უნდა ისწავლონ ბავშვების აღიარება. საჭიროა მოზარდებთან მეტი კონტაქტი და არა მათზე კონტროლის გაძლიერება.

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ