პროფესიონალებისთვის

მშობელთან ურთიერთობა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

სასურველია, მშობელს გავესაუბროთ ბავშვის გარეშე. მნიშვნელოვანია, საუბარი დავიწყოთ იმ საკითხებით, რაც უფრო მეტად აღელვებს მშობელს _ ჩივილები ჯანმრთელობაზე და ქცევაზე. არ არის მიზანშეწონილი მშობელს ვკითხოთ _ “თქვენ შვილს უარყოფითად ახასიათებთ?”; “უყვირით მას?”. უკეთესია დავსვათ ზოგადი ხასიათის კითხვეაბი: “როგორ ცდილობთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომელზეც ვსაუბრობდით?”; “ბავშვის საქციელში რა უფრო მეტად გაღელვებთ?” და ა.შ. ასეთ დასმულ კითხვებზე ყოველთვის უფრო კონკრეტულ და ზუსტ პასუხებს მივიღებთ.

მოგვიანებით შეიძლება დავსვათ უფრო კონკრეტული კითხვები: “რას აკეთებთ, როდესაც ბავშვი არ გიჯერებთ?”. მშობლებთან საუბრისას პირდაპირ არ უნდა გავაკრიტიკოთ მათი საქციელი, რათა მშობელი არ განვაწყოთ ჩვენს წინააღმდეგ, რათა მან უარი არ თქვას ჩვენთან თანამშრომლობაზე და ოჯახი და ბავშვი არ დარჩნენ აუცილებელი დახმარების გარეშე.
მშობელს უნდა უთხრათ, რომ თქვენ გესმით მისი, რომ ის ცდილობს ბავშვის დახმარებას და მისი პრობლემების გადაჭრას და შევთავაზოთ დახმარება. 

 

მშობლის/მეურვის ქცევაზე, ბავშვისადმი დამოკიდებულებაზე დაკვირვება 

ძალადობის დიაგნოსტირებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის თანმხლებ მოზრდილზე (მშობელი, მეურვე) დაკვირვებას, განსაკუთრებით ოჯახში ბავშვზე ფიზიკური ძალადობისას.
ოჯახში ძალადობაზე შეიძლება მიუთითებდეს მოზრდილის ქცევის შემდეგი თავისებურებები:

• მშობელი/მეურვე არ თანამშრომლობს ექიმებთან;
• ბავშვის ტრავმის სიმძიმე არ შეესაბამება ტრავმის მიღების შესახებ მონათხრობს; მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება;
• ექიმთან მიმართვის გადადება (კვალის წაშლის მიზნით ხდება);
• არაადექვატური რეაქცია ბავშვის ტრავმაზე _ ტრავმა ფასდება უფრო მსუბუქად ვიდრე არის (“ეს - არაფერი, ბავშვია, ხან რას მიეჯახება და ხან -რას!”) ;
• ტრავმის მიზეზის ახსნა არ ხდება _ “ჯადოსნური ტრავმები” (უი, არ ვიცი, ეს საიდან აქვს”);
• მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვმა თვითონ დაიზიანა თავი ან დაზიანება მიაყენა დამ ან ძმამ, მაგრამ მიღებული ტრავმა არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ შესაძლებლობებს, მაგ. ბავშვმა ჯერ არ იცის სიარული;
• მკურნალი ექიმის და საავადმყოფოს ხშირი გამოცვლა;
• მშობლის მონაყოლი ტრავმის მიღების შესახებ ძალიან მოკლეა, არ ხდება დეტალების დაკონკრეტება, ტრავმის მიღების ადგილის და დროის აღნიშვნა.
• ბავშვისადმი მუდმივი ზეკრიტიკული დამოკიდებულება
• ბავშვის ნეგატიური დახასიათება (“საშინელი ბავშვია, შემარცხვენელი, დაუფიქრებელი”);
• ბავშვის გაიგივება არასაყვარელ ნათესავთან (“კოპიო ჩემი დედამთილია, რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა”, “ჩემს ძმას ჰგავს, რომელმაც მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა და რომელიც ჩვენი ოჯახისთვის სამარცხვინო ლაქაა” და ასე შემდე;.
• ბავშვის დადანაშაულება ან საჯარო დამცირება;
• საკუთარ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის ბავშვისთვის გადაბრალება (“ყველაფერს ჯინაზე მიკეთებს”, ”ეს რომ არ მყოლოდა, ოჯახი არ დამენგრეოდა”, “მუშაობა ამის გამო ვერ დავიწყე, თორემ ისეთი მომავალი მქონდა....” და სხვა).

 





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ