პროფესიონალებისთვის

რა უნდა მოიმოქმედოთ, როცა ფიქრობთ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon
ექიმის მოვალეობა არ არის ძალადობის დადასტურება. ბავშვებთან მომუშავე ექიმებს შეიძლება გაუჩნდეთ ეჭვი, რომ ბავშვი ძალადობის ან უგულებელყოფის მსხვერპლია, მაგალითად როცა: 
  • ბავშვი ამბობს ამის შესახებ;
  • მშობელი ამბობს ამის შესახებ;
  • მშობელი უჩივის ძალადობასთან დაკავშირებულ სიმპტომებს;
  • ბავშვს აქვს შესაბამისი დაზიანება;
  • ბავშვის დაცვის სამსახურები ან პოლიცია გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია;
  • სხვა სპეციალისტი (ქირურგი, ექთანი) გამოთქვამს ეჭვს, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. 
ეფექტური რჩევები
  • გაიარეთ კონსულტაცია სხვა სპეციალისტებთან, რომელთაც ბავშვზე ძალადობის საკითხებში გამოცდილება აქვთ;
  • აღწერეთ თქვენი ეჭვები და შეადგინეთ სამედიცინო რეპორტი;
  • ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ბავშვის დაცვის სამსახურებს/პოლიციას 48 საათის განმავლობაში;
  • თუ თქვენ არავინ გამოგეხმაურათ, თქვენი მოვალეობაა, კიდევ და კიდევ გააკეთოთ მიმართვა. 
გახსოვდეთ
  • ბავშვის უსაფრთხოება მთავარია;
  • არავის დააბრალოთ ბავშვისათვის ზიანის მიყენება;
  • შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ობიექტურობა;
  • „ეჭვი“ არ არის „დასკვნა / დიაგნოზი“, ეს არის საწყისი წერტილი იმისთვის, რომ მეტი დაინახო;
  • გაუზიარეთ ინფორმაცია შესაბამის პირებს;
  • დიაგნოზის დასმა „ფაზლივითაა“ - სწორი დიაგნოზისათვის ბევრი სხვადასხვანაირი დეტალია საჭირო და შეიძლება შენ „ფაზლის“ მხოლოდ ერთი ფრაგმენტი გქონდეს ხელთ;
  • ბავშვს მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად გაესაუბრეთ. თქვენი ეჭვები და აზრები გაუზიარეთ მშობლებს, თუ, რა თქმა უნდა, ამგვარი ქმედება ბავშვს საფრთხეს არ შეუქმნის;
  • საავადმყოფოდან ბავშვის გაშვება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მას საფრთხეს არ შეუქმნის. 
მიმართვა
  • როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ბავშვი არის ძალადობის ან უგულებელყოფის მსხვერპლი, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, გააკეთოს მიმართვა ბავშვთა დაცვის (სოციალური მომსახურების სააგენტო) და/ან სამართალდამცავ ორგანოებში;
  • თუ მიმართვას ტელეფონით განახორციელებთ, მოახდინეთ მიმართვის წერილობითი დადასტურება უახლოესი 48 საათის განმავლობაში. წერილობითი მიმართვა უნდა დადასტურდეს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. თუ სამი სამუშაო დღის განმავლობაში მიმართვას რეაგირება არ მოჰყვა, მიმართვა კიდევ ერთხელ უნდა განმეორდეს;
  • როგორც წესი, უმჯობესია მიმართვის გაკეთებამდე ამის შესახებ მშობლებთან გასაუბრება, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის ბავშვს. 

სიტუაციები, რომლებიც დაუყონებლივ მიმართვას საჭიროებენ: 

(a) პოლიცია:
 (i) სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება;
 (ii) მკვდარი და სავარაუდოდ, ძალადობით მძიმედ დაზიანებული ბავშვები;
 (iii) სიცოცხლის ხელყოფის მუქარა.
(b) ბავშვის დაცვის სამსახური და/ან პოლიცია:
 (i) სავარაუდო ძალადობა ან უგულებელყოფა (როცა არსებობს ეჭვი, რომ ოჯახის სხვა ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან);
 (iv) ვინმე უშუალოდ შეესწრო ძალადობის სერიოზულ ფორმას.

ბავშვთა დაცვის სამსახურს და პოლიციას აქვს ძალაუფლება, რაც ბავშვის დასაცავად ხშირად აუცილებელია.


მდგომარეობის შეფასება
  • ბავშვზე ძალადობის პრობლემასთან გამკლავებისათვის აუცილებელია ყველანაირი ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა. ნებისმიერ სიტუციაში, ნებისმიერ დეტალს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან ზოგჯერ ამაზე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია დამოკიდებული.
ძირითადი პრინციპები
  • ბავშვს შეძლებისდაგვარად კარგად უნდა ესმოდეს, რა ხდება;
  • გამოკვლევა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის საჭიროებებს;
  • თუ საფრთხის ეჭვი არსებობს, უნდა მოხდეს სხვა ბავშვების მდგომარეობის შეფასებაც;
  • დარწმუნდით, რომ გაქვთ ცოდნა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშია საჭირო;
  • ყოველთვის ჩაიწერეთ საუბრები, მონაყოლი, გამოკვლევის შედეგები;
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ თარჯიმანი;
  • მოზრდილმა ბავშვებმა, შესაძლოა, ამჯობინონ ქალი ან კაცი ექიმი. მათი სურვილი შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული უნდა იყოს;
  • შეეცადეთ არ გამოიკვლიოთ ბავშვი მარტომ (მაშინაც კი, როცა მზრუნველი ესწრება). 
სიმწვავის ხარისხი 

ექიმმა, რომელსაც დაეკისრება გამოკვლევის ჩატარება, უნდა განსაზღვროს, რამდენად საჩქაროა ამის გაკეთება და როდის სჯობს:
  • ფიზიკური დაზიანება, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, უნდა ინახოს იმავე დღეს;
  • მწვავე (ახალმომხდარი) სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, გამოკვლევა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე. იმოქმედეთ კანონის მოთხოვნის გათვალისწინებით - სექსუალურ ძალადობაზე ეჭვის გაჩენისთანავე შეატყობინეთ პოლიციას.
  • სამედიცინო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმი გამოკვლევის დროს აღმოაჩენს არამწვავე (ადრე მომხდარი ძალადობა) სექსუალური ძალადობის ნიშნებს; ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. იმოქმედეთ კანონის მოთხოვნის გათვალისწინებით - სექსუალურ ძალადობაზე ეჭვის გაჩენისთანავე შეატყობინეთ პოლიციას. 

გამოკვლევის ადგილი და პროცესი
  • გამოკვლევის ადგილი შეძლებისდაგვარად ბავშვისთვის მეგობრული უნდა იყოს.
  • არ გამოიყენოთ ფიზიკური შემბოჭველები (ჩვილ ბავშვებს, შესაძლოა, დასჭირდეთ დამჭერი);
  • ესაუბრეთ ბავშვს ,როგორც გამოკვლევის დროს, ასევე დაწყებამდე;
  • ბავშვს აუხსენით, რას აკეთებთ. ეცადეთ, არ შეაშინოთ, პირიქით, საჭიროების შემთხვევაში გაამხნევეთ;
  • ბავშვმა, შესაძლოა, აირჩიოს, თუ ვინ სურს, რომ მის გვერდით იყოს (მშობელი, მზრუნველი, სოციალური მუშაკი, ექთანი, მეგობარი);
  • ჩანაწერები უნდა იყოს დეტალური, სწორად დათარიღებული, ორგანიზებული, ხელმოწერილი; რეპორტები და ჩვენებები უნდა შედგეს რაც შეიძლება მალე. 



სამედიცინო დასკვნის მომზადება

დასკვნის მომზადებისთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ ვისთვის არის ეს დასკვნა განკუთვნილი. თუ დასკვნა სამართალდამცავი ან ბავშვთა დაცვის სამსახურისთვისაა განკუთვნილი, მასში სპეციფიური ნიუანსების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი - გაითვალისწინეთ, რომ თქვენი დასკვნა, შესაძლოა, სასამართლო განხილვის საგანი გახდეს. სულ მცირე შეუსაბამობა სამედიცინო ისტორიაში არსებულ ჩანაწერსა და დასკვნით გადმოცემულ ინფორმაციას შორის, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას ეჭვმიტანილის/დამნაშავის ადვოკატის მიერ და ჩაითვალოს როგორც არარეალური, გამოგონილი ისტორია.

ძალზედ მნიშვნელოვანია სამედიცინო ისტორიაში დროულად და აკურატულად ჩაიწეროს ბავშვის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რომელიც იმავე სიზუსტით უნდა გადმოიცეს დასკვნაში.

დასკვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა). დასკვნის შემდგენლის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, პროფესია და კვალიფიკაცია;
ბ). დეტალური ისტორია, ჩატარებული გამოკვლევები და მისი შედეგები;
გ). დიფერენციალური დიაგნოზი და საბოლოო დიაგნოზის დასაბუთება;
დ). ნათლად დააფიქსირეთ, რომ ეს არის თქვენი პროფესიული მოსაზრება და რას ეყრდნობა ეს მოსაზრება.

დასკვნის მომზადებისთვის საჭირო პრაქტიკული რეკომენდაციები:
ა). რამდენადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ არასამედიცინო ენა, ან ამ ტიპის განმარტება ჩაწერეთ ფრჩხილებში;
ბ). სექციებად გამოყავით ავადმყოფობის/შემთხვევის ისტორია, ჩატარებული გამოკველევები და მიღებული შედეგები, შეჯამება, მოსაზრება და დასკვნა;
გ). ზუსტად და ქრონოლოგიურად დააფიქსირეთ მიღების და გამოკვლევების თარიღი და დრო - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს;
დ). ზუსტი ციტირებით დააფიქსირეთ მესამე პირისგან (მშობელი, მეურვე, ბავშვის თანმხლები პირი და სხვა) მიღებული ინფორმაცია;
ე) ზუსტი ციტირებით დააფიქსირეთ ბავშვისგან მიღებული ინფორმაცია;
ვ) ყოველთვის გამოყავით ფაქტები მოსაზრებებისგან.

სხვა საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:
ა). ჩვეულებრივმა გამოკვლევებმა, შესაძლოა, არ დაასაბუთოს ბავშვზე ძალადობა, მაგრამ თქვენ გქონდეთ ეჭვი, რომ ძალადობა განხორციელდა. მაგალითად, ბავშვი ამბობს, რომ ძალადობა განხორციელდა, მაგრამ მომხდარს და ჩატარებულ კვლევას შორის გასულ პერიოდში ძალადობის ნიშნები ალაგდა, ვერ ფიქსირდება;
ბ). შემოსაზღვრეთ თქვენი პასუხისმგებლობის და მოქმედების არეალი და ნუ შეიჭრებით სხვა პროფესიონალების როლში (მაგალითად, სოციალური მუშაკი, პოლიციის გამომძიებელი და სხვა).
გ). დასკვნა - ეს არის იურიდიული დოკუმენტი. ამიტომ, თუ თქვენ გამოცდილება გაკლიათ, რეპორტის გაგზავნამდე კონსულტაცია გაიარეთ სხვა გამოცდილ კოლეგასთან;
დ). გააცანით თქვენი დასკვნა მშობელს, მეურვეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი სავარაუდო მოძალადეები არ არიან.
ე). დაიმახსოვრეთ! ყველაზე მთავარი ბავშვის უსაფრთხოება და კეთილდღეობაა. სხვა საკითხები, თუნდაც კონფიდენციალურობა, მეორეხარისხოვანია მასთან შედარებით.

რეპორტის მომზადების დეტალური გაიდლაინი იხილეთ დანართში

დასკვნა, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მომზადდეს 24 საათის განმავლობაში, მოეწეროს ხელი და გადაეგზავნოს შესაბამის ორგანოებს - პოლიციას და/ან ბავშვთა დაცვის სამსახურს. დასკვნის გზავნილზე (რეფერალზე) აუცილებლად უნდა მიეთითოს „კონფიდენციალური“. არ შეიძლება დასკვნის გაზიარება სხვა პირებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია გამოძიების პროცესში ან სასამართლო განხილვისას მოთხოვნილი იქნას ხელახალი დასკვნის მომზადება - ხელახალ დასკვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ადრე გადაცემული ინფორმაციისგან. ზოგიერთ შემთხვევაში, გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება დაიკითხოთ, როგორც მოწმე; ასევე, დაგჭირდეთ დასკვნის დაცვა სასამართლოს წინაშე.

 






მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ