პროფესიონალებისთვის

სექსუალური ძალადობა ბავშვზე
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

რა არის სექსუალური ძალადობა ბავშვზე? ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და/ან გამორჩენის მიზნით, რაც მოიცავს: სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, სექსუალურ გარყვნას, ეროტიულ ალერსს, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას, გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას, ღია საუბრებს სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, სისხლის აღრევას (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულებას და სხვა.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ქმედებათა ფართო სპექტრს მოიცავს. სექსუალური ძალადობის შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვის თანხმობით მოხდა ეს თუ არა. მოზრდილს, ჯერ ერთი, იოლად შეუძლია ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა, და მეორე, ბავშვს არ შეუძლია ამ ქმედებათა მნიშვნელობის გაგება, მათი შეფასება. გარდა ამისა, მოძალადე თავისი მიზნის მისაღწევად ხშირად მიმართავს მუქარას ან შანტაჟს. ბავშვისთვის ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაა.
სექსუალური ძალადობა შეიძლება მოხდეს ოჯახს გარეთ ან ოჯახში. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ხშირ შემთხვევებში ოჯახს გარეთ სექსუალური ძალადობა გაუპატიურების სახით ხდება, ფიზიკური თავდასხმითა და მუქარით. ამგვარი ძალადობის მსხვერპლი უმეტესად მოზარდები არიან. ოჯახში სექსუალურ ძალადობას ქრონიკული ხასიათი აქვს, ზოგჯერ წლების მანძილზე გრძელდება, ბავშვის ჩათრევა ამ ქმედებებში თანდათანობით ხდება, მსხვერპლი უფრო მცირე ასაკისაა, ვიდრე ოჯახს გარეთ ძალადობის შემთხვევაში.

მითები და რეალობა სექსუალური ძალადობის შესახებ
მითი: ბავშვები ტყუიან იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ხორციელდება სექსუალური ძალადობა.
რეალობა. ბავშვები იშვიათად ტყუიან იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ხორციელდება ძალადობა. უფრო პირიქით, მათ შეიძლება შეამცირონ ძალადობის ბუნება და ხარისხი, რადგან ეშინიათ მოძალადისა და აგრეთვე შიშობენ, რომ მათ ვერ გაუგებენ ან დაადანაშაულებენ.

მითი. ბავშვები თვითონ არიან მაცდუნებლები მოზრდილისა და ბავშვის სექსუალურ ურთიერთობებში.
რეალობა. ბავშვებს, ისევე როგორც ყველა სხვა ცოცხალ არსებას, ახასიათებთ სექსუალური განცდები, მაგრამ მათ ჯერ არ აქვთ ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ თანატოლთა წრის გარეთ სექსუალური გამოცდილების ინიცირება მოახდინონ. მოზრდილ ადამიანებს აქვთ ასეთი ცოდნა და გამოცდილება. ისინი აცნობიერებენ, რომ სექსუალური ქმედებებით ექსპლუატაციას უწევენ და ზიანს აყენებენ ბავშვს.

მითი. ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას უმეტესწილად ბავშვისთვის უცხო, უცნობი ადამიანები ახორციელებენ.
რეალობა. ხშირ შემთხვევაში (შემთხვევათა 75-90%) ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას ახორციელებენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვები კარგად იცნობენ და რომლებსაც ენდობიან.

მითი. სექსუალური ძალადობა მხოლოდ ერთხელ ხდება.
რეალობა. ხშირად ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ხანგრძლივად მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც მოძალადე სარგებლობს ბავშვთან დამყარებული ახლო ურთიერთობით, ბავშვის ნდობით. ხშირად უშუალოდ სექსუალურ ქმედებებში ბავშვის ჩართვას წინ უსწრებს სექსუალური ელფერის ხანგრძლივი “მოსამზადებელი” პერიოდი.

მითი. სექსუალური ძალადობა იწყება პუბერტატულ (მოზარდობის) ასაკში.
რეალობა. სექსუალური ძალადობა შეიძლება განხორციელდეს, როცა ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკშია. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ითვლებიან მაღალი რისკის ჯგუფად. .ყველაზე ხშირად ძალადობას განიცდიან 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები.

მითი. ბავშვს აზიანებს მხოლოდ სქესობრივი აქტი.
რეალობა. ბავშვისთვის მატრავმირებელია სექსუალური ძალადობის ნებისმიერი ფორმა. სექსუალური ძალადობით მიყენებული ზიანი ემოციური ბუნებისაა და მომდინარეობს იმედგაცრუების, ღალატის, იზოლაციის, სირცხვილის, შფოთვის და ბავშვობის დაკარგვის განცდებიდან, რომლებსაც ბავშვი გრძნობს და მას მოზრდილ ცხოვრებაშიც გაჰყვება.

ბავშვის ბუნებრივი და პრობლემური სექსუალური ქცევები
აუცილებელია, ცალკე განვიხილოთ ბავშვების სექსუალური თამაშების მნიშვნელობა შესაძლო სექსუალური ძალადობის შეფასებით. როდესაც პატარა ბავშვები სექსუალურად იქცევიან, ზოგჯერ ძნელია განვასხვავოთ ბუნებრივი და ჯანსაღი ქცევა ისეთი ქცევისაგან, რომელიც სახიფათო სიგნალს წარმოადგენს და ბავშვის მიერ განცდილი ქაოსის შესახებ გვამცნობს. ამიტომ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთისგან განასხვავონ ბავშვის ბუნებრივი და პრობლემური სექსუალური ქცევები.
ბუნებრივი და ჯანსაღი სექსუალური ქცევა _ ეს არის გამოკვლევაზე, ინფორმაციის შეგროვებაზე მიმართული ქცევა. ესაა ქცევა, როცა ბავშვები იკვლევენ ერთმანეთის სხეულებს, ათვალიერებენ, ეხებიან (მაგალითად, ექიმობანას თამაშისას), ან იკვლევენ, ეცნობიან სქესის როლებსა და ქცევებს (მაგ., სახლობანას თამაშისას).
• ბავშვების ბუნებრივი სექსუალური ქცევა ყოველთვის ნებაყოფლობითია და ამდენად, სასიხარულო, სასიამოვნო. ის არ არის დაკავშირებული მოსყიდვასთან, დაშინებასთან, შანტაჟთან.
• თამაშებსა და გამოკვლევებში მონაწილეობენ ერთი და იმავე ასაკის, განვითარების დონის მქონე ბავშვები.
• ბავშვები, რომლებიც სექსუალურ გამოკვლევებს მიმართავენ, ჩვეულებრივ დიდ დროს ატარებენ ერთად (ისინი შეიძლება იყვნენ მეგობრები, ძმები, დები), ერთად თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს და ახორციელებენ სხვადასხვა გამოკვლევებს, მათ შორის სქესისაც;
• ეს ორმხრივი, ერთობლივი გამოკვლევაა, რომლის დროსაც მონაწილეები როლებს ცვლიან;
• ბავშვები არ ფიქსირდებიან ერთ თამაშზე. სექსუალური თამაში თამაშების ერთ-ერთი და არა ერთადერთი ვარიანტია. ამასთან, შეზღუდულია დროში.
• თუ მოზრდილი შეუსწრებს ბავშვებს სექსუალური თამაშის დროს, ბავშვები გამოხატავენ სირცხვილსა და შეწუხებას.
• თუ მოზრდილი აუკრძალავს ბავშვებს ამგვარ თამაშს, ეს აკრძალვა მოქმედებს და ბავშვები სექსუალურ ქმედებებს წყვეტენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ბუნებრივი, ჯანსაღი სექსუალური ქცევისას ტრავმის გათამაშება არ ხდება.
• ბავშვის ბუნებრივ, ჯანსაღ სექსუალური ქცევაში არ შეინიშნება აგრესია.
• სექსუალურ თამაშებში მონაწილე ბავშვის განმარტებები ლოგიკურია. ბავშვი ცდილობს ახსნას, რას და რატომ აკეთებდა (მაგ., “ექიმობანას” ვთამაშობთ”).
ვინ შეიძლება იყოს მოძალადე? პირები, რომლებიც ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულს სჩადიან, საზოგადოების ყველა ფენაში არსებობენ. ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ ქვეყანაში. ისინი შეიძლება იყვნენ ჰეტერო- და ჰომოსექსუალები, და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა მამაკაცია, არიან ასევე ქალებიც, რომლებიც ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას სჩადიან.

მართალია, ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, „პედოფილებს“ უწოდებენ, ეს მთლად სწორი არაა: ტერმინი „პედოფილი“ ეხება ადამიანს, რომელიც სექსუალურ ლტოლვას განიცდის სქესობრივად მოუმწიფებელი ბავშვის მიმართ. თუმცა, ბევრი პედოფილი არ ახორციელებს თავისი ფანტაზიების რეალიზებას ბავშვთან სექსუალურ ურთიერთობებში. აუცილებელი არაა, რომ ადამიანი, რომელიც სექსუალურ ძალადობას ანხორციელებს ბავშვზე, პედოფილი იყოს. შესაძლებელია, მას ბავშვთან სექსი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. ამიტომ, ბავშვთან სექსუალურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანის ასაღწერად უფრო ზუსტი და შესატყვისი იქნება ტერმინი: „ბავშვის მიმართ სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირი“.

ბავშვთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობენ პედოფილები, ანუ სექსუალური გადახრების მქონე პირები. მოძალადეთა შორის არიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ შესწევთ სრულყოფილი სექსუალური კონტაქტის უნარი. არიან მოხუცებიც, იზოლირებული, მარტოხელა ადამიანები, რომლებსაც ნორმალური სქესობრივი აქტივობისთვის პირობები არ აქვთ. არიან ასოციალური პიროვნებებიც, რომლებსაც ზრდასრულ ადამიანებთან მათთვის დამაკმაყოფილებელი ურთიერთობების დამყარება არ შეუძლიათ. მოძალადეთა შორის ის ადამიანებიც არიან, რომლებიც ბავშვობაში თვითონ იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

მოძალადე შეიძლება იყოს (თუმცა, აუცილებელი არაა) ადამიანი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეესაბამება შემდეგ კრიტერიუმებს:
• არაბუნებრივი ლტოლვა აქვს, ბევრი დრო გაატაროს ბავშვებთან;
• წარსულში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რომლებიც, შესაძლოა, სექსუალურ ძალადობასთან იყოს დაკავშირებული;
• ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო;
• მოიხმარს პორნოგრაფიულ მასალას;
• ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მომხმარებელია;
• სხვა.

ბავშვის მიმართ სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: „შემთხვევითი“/სიტუაციური (situational) და „პრეფერენციული“/უპირატესობის მიმცემი (preferential). „შემთხვევით“ პირებს ბავშვების მიმართ ჩამოყალიბებული სექსუალური ინტერესი არ გააჩნიათ. ისინი ბავშვებთან სექსუალურ ურთიერთობებში იმიტომ შედიან, რომ ამის შესაძლებლობა ეძლევათ. ასეთი ადამიანები ბავშვებზე იმიტომ ძალადობენ, რომ ხვდებიან სიტუაციაში, როდესაც ბავშვი მათთვის ადვილად ხელმისაწვდომია.

„პრეფერენციულ“ (უპირატესობის მიმცემ) პირებს უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ სექსუალურ ურთიერთობებში ბავშვებისთვის უპირატესობის მინიჭების თვალსაზრისით. ისინი არც ისე მრავალრიცხოვანნი არიან, როგორც „შემთხვევითები“, მაგრამ პოტენციურად ბავშვების უფრო მეტი რაოდენობისთვის შეუძლიათ ზიანის მოტანა, რადგან ეს მათ სურვილს და განზრახვას წარმოადგენს. ასეთ „პრეფერენციულ“ (უპირატესობის მიმცემ) პირთა შორის შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი ქცევითი ჯგუფი:

• „მაცდუნებლები“ (Seducers) ბავშვის მისაზიდად იყენებენ მიჯაჭვულობის გამოხატვას, ყურადღებას ან საჩუქრებს. ძალადობისთვის სამზადისში, ხშირად ისინი ბევრ დროს ახარჯავენ თავიანთ მსხვერპლზე „ზრუნვას“. მათ შეიძლება გამოიყენონ მუქარა, შანტაჟი და ფიზიკური ძალადობა, რათა თავიდან აიცილონ გამჟღავნება, მხილება;
• „ჩაკეტილი“ (Introverted) პირები ასევე ბავშვებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ისინი მოკლებულნი არიან „მაცდუნებელთა“ უნარს, გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება ჩამოაყალიბონ ბავშვებთან. მათ მინიმუმამდე დაჰყავთ მსხვერპლებთან ვერბალური კონტაქტი და სექსუალური ურთიერთობების დამყარებას უცნობ ან ძალიან პატარა ბავშვებთან ცდილობენ;
• ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ჯგუფი - ეს არის „მოძალადე-სადისტები“ (sadistic offenders), რომლებსაც სექსუალურად აინტერესებთ ბავშვები, მაგრამ, ამავე დროს, სექსუალურ სიამოვნებას იღებენ მსხვერპლისთვის ტკივილის მიყენებით. მოძალადეთა სწორედ ამ ტიპისთვის არის დამახასიათებელი ძალის გამოყენება ბავშვის დაუფლების მიზნით, აგრეთვე მსხვერპლის გატაცება და მკვლელობაც კი.

ამდენად, მოძალადე ხშირად სხვათაგან არაფრით გამოირჩევა. ხშირად მოძალადე ისეთი ადამიანია, რომელიც გარემომცველთა წრეში კარგი რეპუტაციით სარგებლობს და არავითარ ეჭვს არ იწვევს. მოძალადე შეიძლება იყოს ქალიც და მამაკაციც, ბავშვიც და მოზრდილიც.
უმეტესად მოძალადე ბავშვისთვის კარგად ნაცნობი ადამიანია, რომელსაც ის ენდობა.

რას განიცდის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი?
ბავშვს მოზრდილის ფიზიკურ უპირატესობასთან გამკლავება, ძალადობისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მოვლენათა შეჩერება არ შეუძლია, რადგან ძალაუფლება მოძალადის ხელშია. ხშირად ბავშვი მაშინაც არ ეწინააღმდეგება მოძალადეს, როცა საამისოდ საჭირო პირობები არსებობს (მაგალითად, სხვა ადამიანების სიახლოვე, გაქცევის საშუალება).
ეს ხშირად მომდინარეობს ე.წ. ”კარგი აღზრდისგან” _ ბავშვებს ასწავლიან, რომ უფროსებს, განსაკუთრებით პატივსაცემ, ავტორიტეტის მქონე ადამიანებს (მასწავლებელი, ბიძია და სხვა) ”ყველაფერი დაუჯერონ”.
ბავშვი თავს იდანაშაულებს მომხდარის გამო და მკაცრი სასჯელის შიშით, იძულებულია დადუმდეს. ბავშვში დანაშაულის გრძნობის გამოწვევას ხშირად მოძალადე თავად ცდილობს. ის ჩააგონებს ბავშვს, რომ მომხდარის თანამონაწილეა. გოგონას, მაგალითად, შეიძლება უთხრან, რომ მან თვითონ “გამოიწვია” მთელი ეს სიტუაცია, ხოლო მომხდარი - “ჩვენი პატარა საიდუმლოა” და ა. შ.
სიტუაცია განსაკუთრებით დრამატულია, როცა მოძალადე არის მამა, რომელიც ბავშვს იმის წარმოდგენით აშინებს, თუ რა შეიძლება მოხდეს, “ეს რომ დედამ გაიგოს”.
დანაშაულის ძლიერი გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტის დროს განცდილმა სიამოვნებამ. ბავშვი, რომელსაც არ აქვს ცოდნა ფიზიოლოგიის ძირითადი პრინციპების შესახებ, ვერ აცნობიერებს, რომ მგრძნობიარე ზონების გაღიზიანებაზე სხეულის რეაქცია ძირითადად ავტომატურია, და ის თავს მომხდარის გამო მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, მათ შორის ყველაზე პატარებიც, სინამდვილეში ვერ ხვდებიან, რა ხდება რეალურად, რცხვენიათ ამის შესახებ მოყოლა. თანდათან, როცა ბავშვი იზრდება, ის ნათლად აცნობიერებს, - რაც მის მიმართ ხორციელდებოდა - დანაშაულია. ამასთან, ის ხვდება: მოძალადის ”მხილებამ” შეიძლება მთელ ოჯახს შეუქმნას საფრთხე და სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს.
არის სხვა მიზეზებიც, რაც ბავშვს მორჩილებას და სიმართლის დამალვას აიძულებს, მაგალითად, შიში, რომ არ დაუჯერებენ და თვითონ მას დასჯიან. ზოგჯერ ბავშვი ფიქრობს, რომ გარემომცველებმა ისედაც ყველაფერი იციან. ხშირად ბავშვი იცავს მოძალადეს, ეშინია, რომ მას დააპატიმრებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძალადე ბავშვის ახლობელი ადამიანია.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი!

სექსუალურ აქტივობაზე ბავშვის დაყოლიების სტადიები
მოძალადე, როგორც წესი, ბავშვს სექსუალურ ქმედებებში თანამონაწილეობისაკენ უბიძგებს საჩუქრების დახმარებით, განსაკუთრებით ალერსიანი და ყურადღებიანი ქცევით. შემდეგ ის მოტყუების, დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის გზით ბავშვისგან მათი “განსაკუთრებული ურთიერთობის” საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს.

• გასაიდუმლოება _ ბავშვისაგან მოტყუების, შანტაჟის, მოსყიდვის გზით მოძალადე ითხოვს მისგან “განსაკუთრებული” ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვას;
• უძლურება _ ბავშვს არ შეუძლია მოვლენათა შეჩერება, რადგან ძალაუფლება მოძალადის ხელშია;
• შეგუება - ბავშვი ვერ პოულობს გამოსავალს და ცდილობს ფსიქოლოგიურად შეეგუოს სიტუაციას;
• აღიარების მცდელობა _ ბავშვი ცდილობს ახლობელ უფროსს უთხრას მომხდარის შესახებ, მაგრამ მისი არ სჯერათ; ხშირად აღიარება შემთხვევით ხდება: ან მოძალადე მიდის და ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ან ინიციატორებად ბავშვის მეგობრის მშობლები გვევლინებიან;
• უკანდახევა _ აღიარების შემდეგ ბავშვი მოზრდილების ან სხვა გარემოებების გავლენით უარყოფს თავისივე ნათქვამს.

სექსუალური ძალადობის გავლენა ბავშვზე
ზოგადად, სექსუალური ძალადობა უშუალოდ არღვევს `სხეულის საზღვრებს~. ამიტომ მისი შედეგები `სხეულის ქცევაში~ ჩანს. ზოგიერთი ბავშვი საკუთარ სხეულს განსაკუთრებულად მალავს და ნებისმიერ კონტაქტს გაურბის. ზოგი პირიქით, საკუთარი სხეულის დემონსტრირებას ღიად ცდილობს და ყველას `სთავაზობს~ საკუთარ სხეულს, სხეულის ნორმალურ საზღვრებს კარგავს, ფიზიკური სიახლოვისა და დისტანციის სოციალურად მიღებული ნორმების ათვისება არ შეუძლია. ბავშვები და მოზარდები სექსუალურ ძალადობაზე რეაქციას სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარად ავლენენ.

ბავშვები 3 წლამდე: შიშები, გრძნობების ქაოსი, ძილის დარღვევა, მადის დაკარგვა, უცხო ადამიანების მიმართ შიში, სექსუალური თამაშები.

სკოლამდელები: შფოთვა, გრძნობების ქაოსი, ბრალეულობა, სირცხვილი, ზიზღი, უმწეობა, საკუთარი ”გაფუჭებულობის” განცდა; ქცევის დარღვევები - რეგრესი, აგრესია, მასტურბაცია, გაუცხოება, სექსუალური თამაშები.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები: უფროსების მიმართ წინააღმდეგობრივი გრძნობები, ოჯახური როლების განსაზღვრის სირთულეები, შიში, სირცხვილის, ზიზღის გრძნობები, საკუთარი ”გაფუჭებულობის” შეგრძნება, სამყაროს მიმართ უნდობლობა; ქცევაში შეინიშნება განმარტოება, აგრესია, დუმილი ან მოულოდნელი ალაპარაკება, ძილის დარღვევა, ”ბინძური სხეულის” შეგრძნება, სექსუალური ქცევები სხვა ბავშვებთან.

მოზარდები: დეპრესიული მდგომარეობა, დანაკარგის განცდა; ქცევაში - იზოლაცია, სხვა ბავშვებით მანიპულირება სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით, წინააღმდეგობრივი ქცევა.

გაითვალისწინეთ: ყველაფერი, რასაც ბავშვი მომხდართან დაკავშირებით განიცდის და გამოხატავს, _ მისი სულისა და სხეულის ნორმალური რეაქციაა განსაკუთრებულად მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის პასუხად.

როდის დავეჭვდეთ
ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციო ბავშვის ქცევაში საფრთხის ამ სიგნალებს და ვიზრუნოთ მის პროფესიონალურ დახმარებაზე, თუ ბავშვი:
• ხშირად ჰკიდებს ხელს თავის გენიტალიებს;
• აგრესიულად, გაღიზიანებულად ან ძალიან სევდიანად თამაშობს მამაკაცის/ქალის როლებს;
• სძულს თავისი ან საპირისპირო სქესი;
• თავისი სხეული არ უყვარს; ხშირად ამბობს, რომ მისი სხეული უშნოა ან ბინძურია;
• დაჟინებით ინტერესდება სექსუალური ქმედებებით, მალულად ცდილობს შეეხოს სასქესო ორგანოებს, ინტიმურ ადგილებს; მოითხოვს, რომ სხვები მას შეეხონ. `სექსუალურად უცნაურად~ იქცევა _ `აცდუნებს~ მოზრდილს;
• ითხოვს, რომ ადამიანებმა ტანსაცმელი მთლიანად გაიხადონ, ძალდატანებით ხდის სხვებს.
• ასაკისათვის შეუფერებელი სექსუალური ცოდნა აქვს; უცნობ ადამიანებს პირდაპირ უსვამს სხვადასხვა სექსუალური შინაარსის შეკითხვებს;
• ჩაცმაზე უარს ამბობს. ტანზე მალულად იხდის. უარს ამბობს, მარტო დატოვოს ადამიანები სააბაზანოში/ტუალეტში;
• სხვა ადამიანების თანდასწრებით გახდა (ექიმის, თანატოლების, ფიზკულტურის გაკვეთილზე და ა.შ.) ეშინია;
• საჯაროდ, გამომწვევად ეწევა მასტურბაციას, ითრევს ამაში სხვა ბავშვებს;
• სხვა ბავშვებთან, ცხოველებთან ან სათამაშოებთან სქესობრივი აქტის და/ან ორალური სექსის იმიტაციას ახდენს;
• ეშინია გარკვეული სპეციფიკური ადგილების, როგორიცაა სააბაზანო ან საწოლი;
• დარღვეულია ძილი _ ეშინია დაძინება, სიზმარში კოშმარებს ხედავს, ძალიან მოუსვენრად ძინავს, ძილში წრიალებს, ტირის;
• პასიურია, შებოჭილი. არ არის სპონტანური. მაგ., ფიზკულტურის გაკვეთილებზე ზის სწორად, გამართული, დაძაბული, ფეხებმიტყუპებული, მაშინ როცა სხვა ბავშვები სპონტანურად დარბიან, ყვირიან. უცნაურად მოძრაობს, თითქოს ცდილობს ფეხები ერთმანეთს არ დააშოროს;
• განსაკუთრებულ მოუსვენრობას გრძნობს და აშკარად ეშინია, როცა სთხოვენ დაწვეს ზურგზე;
• ეშინია, გაურბის შეხებას, განსაკუთრებით მოზრდილი ადამიანებისაგან, შეხებისას თითქოს ქვავდება. გადაადგილებისას მთელი ტანით მოჭიმულია, დაძაბული. კალთაში ჩაჯდომისას თავს უხერხულად გრძნობს; როცა ეძახიან, მოდის და ჯდება, თუმცა დაძაბულია.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთაგან ყველას როდი ახასიათებს ყველა მოცემული ნიშანი. ზოგიერთ ბავშვს ქცევის ჩამოთვლილი ნიშნებიდან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე შეიძლება შევამჩნიოთ. ერთი ცალკე აღებული ნიშანი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა სექსუალური ძალადობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სექსუალური საკითხებისადმი ბავშვების ინტერესი არაერთმნიშვნელოვანი მოვლენაა და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ როგორც ამგვარი ქცევის შეფასებისას, ისე ბავშვთან ამ საკითხზე საუბრისას. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთაგან ყველას როდი ახასიათებს ყველა მოცემული ნიშანი; ზოგიერთი ბავშვი ქცევის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ტიპის დემონსტრირებას ახდენს. ერთი ცალკე აღებული ნიშანი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა სექსუალური ძალადობის შესახებ.
თუ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
ზოგჯერ, როცა ბავშვი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ჰყვება, მოზრდილი ადამიანი არ უჯერებს მას და ეუბნება: “შენ ეს ყველაფერი მოიგონე”! გამოკვლევების თანახმად, ბავშვი იშვიათად “იგონებს” მსგავს ისტორიებს.
ბავშვის მიერ ტრავმასთან გამკლავების ეფექტურობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოზრდილის რეაქცია ბავშვის მონათხრობზე და მოზრდილის შემდგომი ქცევა ბავშვთან. ამიტომაც იმ მომენტში, როცა ბავშვი განხორციელებული ძალადობის შესახებ რაიმეს გვიყვება, ჩვენი მხრიდან დაუშვებელია პანიკა, ბავშვის ნათქვამში დაეჭვება, ბავშვის დასჯა.

• იყავით მგრძნობიარე და ამავე დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ თქვენ ძალზე ემოციურ რეაგირებას მოახდენთ _ შეშინდებით ან გაბრაზდებით, ბავშვი აღარაფერს მოგიყვებათ. დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ის კარგად მოიქცა, როცა ამის შესახებ გიამბოთ;

• ნუ ელოდებით, რომ ის ამას მალე დაივიწყებს, მაგრამ ნურც თქვენ შეახსენებთ დაუსრულებლად მომხდარის შესახებ;

• ყურადღებით მოისმინეთ, რის მოყოლა სურს ბავშვს, მაგრამ ნუ ჩაეძიებით. არ იჩქაროთ გამოკვლევის ჩატარება ან გამოკითხვა. იყავით კარგი და ყურადღებიანი მსმენელი იმის მიმართ, რისი მოყოლაც უნდა და შეუძლია ბავშვს მოცემული მომენტისათვის. ხშირად ეს ბავშვის დიდი ხნის საიდუმლოა, რომელსაც ის დღეების, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი მალავდა. მოძებნეთ მყუდრო ადგილი საუბრისათვის. ხელი შეუწყვეთ ბავშვს, გამოხატოს გრძნობები, მაგრამ არ მოუწყოთ დაკითხვა.

• არ გამოამჟღავნოთ დაეჭვება - ბავშვები ასეთ ისტორიებს არ იგონებენ. დაუჯერეთ ბავშვს. არ გამოთქვათ ეჭვები ბავშვის მონათხრობთან დაკავშირებით. ნუ უარყოფთ მოსმენილს, რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს ის. ბავშვები იშვიათად თხზავენ ისტორიებს ძალადობის შესახებ, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შესახებ. მათ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინახონ საიდუმლო, რადგან შესაძლოა, მათ ემუქრებოდნენ ან ეუბნებოდნენ, რომ მომხდარი მათი ბრალია.

• არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულოთ ბავშვი (ისეთი კითხვები, როგორიცაა ”რატომ არ გაუძალიანდი?”, ”რატომ გააკეთებინე ეს?”, - ბავშვს დამატებით ტკივილს აყენებს);

• არ უსაყვედუროთ ბავშვს იმის გამო, რომ აქამდე არავის უამბო მომხდარის შესახებ.

• დაარწმუნეთ ბავშვი, რომ მომხდარში ის არ არის დამნაშავე და ნათლად განუმარტეთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ მოზრდილი ადამიანია;

• გაიაზრეთ, რომ ბავშვი გრძნობების ქაოსს განიცდის. ხშირად მოძალადე ბავშვისთვის ახლობელი ადამიანია, ოჯახის წევრი, და მაშინაც კი, როცა ბავშვი ძლიერ ნეგატიურ გრძნობებს განიცდის, მას ასევე უყვარს ის ადამიანი და მისი წყენინების ეშინია.

• აუხსენით ბავშვს, რას მოიმოქმედებთ. შესაძლო გადატანილი ან მიმდინარე ძალადობის შესახებ ეჭვი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ აცნობოთ ამის შესახებ ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურს. უთხარით ბავშვს, რომ საჭირო იქნება დაელაპარაკოთ სხვა დეიდას ან ბიძიას, რომლებიც უკვე დაეხმარნენ სხვა ისეთ ბავშვებს, როგორიც ისაა.

• თუ ბავშვი მომხდარის შემდეგ მაშინვე გიყვებათ გადატანილი ძალადობის შესახებ, არ დაბანოთ ბავშვი და არ იჩქაროთ მისთვის ტანსაცმლის გამოცვლა _ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი სამხილი იყოს.

• პატივი ეცით ბავშვის კონფიდენციალობას. არ მოუყვეთ სხვა ადამიანებს, რომლებისთვისაც ამის ცოდნა აუცილებელი არაა. თუ ბავშვმა თქვენ ამოგირჩიათ თავის სანდო პირად, იყავით მასთან ერთად, როცა მას მოუხდება სხვა ადამიანებთან ამაზე საუბარი. მხარი დაუჭირეთ, დაეხმარეთ, რომ თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს.

• უთხარით ბავშვს, რომ ის მარტო არ არის და თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ ძალადობა აღარ განმეორდეს.

• მზად იყავით იმისათვის, რომ თქვენი დახმარება, მოთმინება და ყურადღება ბავშვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასჭირდება.

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ