პროფესიონალებისთვის

სექსუალური ძალადობის გამხელა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

გამხელა და საიდუმლო

“გამხელა“ საინტერესო ცნებაა, რომელიც ხშირად განზოგადებული მნიშვნელობით გამოიყენება. როგორც წესი, როცა ამბობენ გამხელას, გულისხმობენ ძალადობის შესახებ მოყოლას, თუმცა ეს სიტყვა უფრო მეტია. გამხელა არ არის მხოლოდ ორ ადამიანს შორის ინფორმაციის გაცვლა. ის საიდუმლოსთან არის მჭიდროდ დაკავშირებული - გამხელა მხოლოდ საიდუმლოსი შეიძლება. მაშინაც კი, როცა ბავშვმა სხვა გამომკითხველს უთხრა ძალადობის შემთხვევების შესახებ, სავარაუდოდ, არსებობს დამატებითი დეტალებიც, რომლებიც მანამდე არ თქმულა.

სიტყვას „საიდუმლო“ დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გასაგებად, თუ რა პოზიცია აქვს ბავშვს და როგორ შეიძლება მას დავეხმაროთ. ხშირად ბავშვები დუმილს, მომხდარის საიდუმლოდ შენახვას ამჯობინებენ. მათი გადმოსახედიდან, ეს უფრო უსაფრთხო და სტაბილური გზაა, ვიდრე „საშინელი საიდუმლოს“ გამხელა. გამხელა და სხვა ადამიანების ჩარევა მათთვის დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ და საშიშ შედეგებთან. როცა საქმე ძალადობას ეხება, ბავშვებს არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეთ, რომელთა გამოც ისინი მომხდარს ასაიდუმლოებენ: ბავშვები განიცდიან სირცხვილის, დანაშაულის გრძნობებს, შიშობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ჩარევა ყველაფერს უფრო გაართულებს.

საიდუმლოსთან და ჩარევის ეფექტურობასთან მიმართებაში, მოზრდილებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ერთი მარტივი ტოლობა, თავისი შორსმიმავალი შედეგებით:


ცოდნა/ინფორმირებულობა = ძალას!

ცოდნა არის ძალა მოქმედებისთვის, ძალა ცვლილებისათვის. ვისაც ცოდნა აქვს, მას ამ ცოდნის საჭიროებისამებრ გამოყენება შეუძლია; ის, ვინც არაფერი იცის ფაქტების შესახებ, უძლურია ჩაერიოს ან რამე შეცვალოს. ასევე ფიქრობს ბავშვიც: „თუ ვინმეს ეცოდინება მომხდარის შესახებ, ის აუცილებლად ჩაერევა, სიტუაცია შეიცვლება და მე არ ვიცი, რა საფრთხეები, გართულებები მოჰყვება ამას“. ამიტომ ბავშვს უჭირს ძალადობის საიდუმლოს „დათმობა“.

ჩვენ, მოზრდილებს, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ბავშვი დიდი ენთუზიაზმით და საკუთარი ინიციატივით მოგვიყვება გადატანილი ძალადობის შესახებ. თუ ბავშვს არ სურს საუბარი ძალადობის შესახებ, მოზრდილი მის პოზიციას გაგებით უნდა მოეკიდოს. ძალდობაგანცდილ ბავშვებთან მუშაობისას, ხშირად იმდენად ვართ გადართული ძალადობის იდენტიფიცირებაზე, რომ გვავიწყდება ბავშვი, მისი განცდები, მისი მდგომარეობა.

როგორც წესი, „გამხელა“ არ ხდება უცებ და ერთბაშად, ბავშვთან პირველივე შეხვედრისთანავე. ის უფრო პროცესია, დროში გაწელილი მოგზაურობა, რომელიც დაკავშირებულია სტრესით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან, უამრავ ფსიქოლოგიურ, ემოციურ თუ ფიზიკურ ფაქტორებთან, აგრეთვე ბავშვსა და იმ ადამიანს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმასთან, ვისაც ბავშვი მომხდარის შესახებ უყვება.

შესაძლებელია, უშუალოდ თქვენთან მოხვედრამდე, ბავშვი იმგვარად იყო გამოკითხული, რომ მას დუმილის შენარჩუნება და საიდუმლოს შენახვა მტკიცედ ჰქონდეს გადაწყვეტილი. ასეთ შემთხვევაში, მის მიერ თქვენთვის საიდუმლოს გამხელა გაცილებით ძნელი იქნება. ამიტომ ნებისმიერი გამომკითხველისთვის სასარგებლო იქნება, თუკი ეცოდინება, კიდევ ვინ გაესაუბრა ბავშვს გადატანილი ძალადობის შესახებ.

ბოლო 40 წლის განმავლობაში, არაერთი კვლევა ჩატარდა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ბავშვის მიერ ძალადობის გამხელა. ბევრი მათგანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, თუმცა, ერთი რამ ცხადია: გამხელის მხრივ, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები იშვიათობას არ წარმოადგენს და ძალადობის გამხელა ხშირად ძალიან ხანგრძლივი პროცესია. მოზრდილებისთვის ხშირად გაუგებარია, რატომ მაშინვე არავის უყვება ბავშვი ძალადობის შესახებ და რატომ ამჯობინებს საზარელი საიდუმლოს შენახვას, როცა საქმე მის ან მისი ახლობლების კეთილდღეობას ეხება.


საიდუმლო და დამაჯერებლობა

ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ სიმართლის დადგენისას, პროფესიონალები რთული ამოცანის წინაშე დგანან. ამ მიზნის მიღწევას განსაკუთრებით ართულებს თემის სპეციფიკურობა, ხალხის აღშფოთება, მძაფრი ემოციები.

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა სექსუალური ძალადობის გამხელა მრავალი წლის, ზოგჯერ მოძალადის სიკვდილის შემდეგ ხდება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შეეხება BBC-ის საბავშვო პროგრამის ცნობილ ტელეწამყვანს, ჯიმი სევაილს (Jimmy Savile), რომელიც, უკვე ზრდასრულმა ადამიანებმა, ათეულობით წლის მერე, მისი გარდაცვალების შემდეგ (2011) ამხილეს ბავშვობისას მათზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში. საქმე შეეხებოდა 214 სექსუალურ დანაშაულს, მათ შორის - 34 გაუპატიურებას. სევაილის მსხვერპლები ძირითადად ხდებოდნენ დაუცველი ბავშვები: თავშესაფრებში, არასრულწლოვანთა ციხეებში, საეკლესიო სკოლებში მყოფი ბავშვები, ღარიბთა საავადმყოფოების პაციენტები. ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციას თავიანთი აღსაზრდელების და პაციენტების არ სჯეროდა, მათ მონათხრობს სიცრუედ, გამონაგონად თვლიდა. ხოლო თუკი პოლიციამდე მაინც აღწევდა ჩივილები სევაილზე, საქმე არასდროს აღიძვრებოდა ხოლმე, რადგან სევაილი დიდ ბრიტანეთში ცნობილ და „დამსახურებულ“ პერსონად იყო მიჩნეული. ის უყვარდათ, მრავალი წლის განმავლობაში იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ცნობილი იყო, როგორც ქველმოქმედი, რომელმაც დაახლოებით 40 მლნ ფუნტი-სტერლინგი გაიღო ქველმოქმედებაზე, მინიჭებული ჰქონდა რაინდის ტიტული.

საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია რთული დასაჯერებელი აღმოჩნდა. ხალხი არ იჯერებდა, რომ ესეთი ადამიანი შეიძლება იყოს მოძალადე და ძალადობის მსხვერპლებს გამომძალველობას აბრალებდნენ: „აქამდე რატომ არ ამოიღეს ხმა?“, „რატომ გამოჩნდნენ ახლა, სევაილის გარდაცვალებას ელოდნენ?“, „ამ ადამიანებს მხოლოდ ფულადი კომპენსაცია ამოძრავებთ და სევაილის სახელს შეურაცხყოფენ“.

დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოემატა გამბედაობა, მოეყოლა იმის შესახებ, რაც მოხდა. ხალხის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ისინი უკვე იმ ადამიანებს ადანაშაულებდნენ, რომლებმაც, შესაძლოა, იცოდნენ სევაილის შესახებ და არაფერს ამბობდნენ. ამგვარი მარტივი ლოგიკა არ შეიძლება იყოს გამოყენებული ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში.

რას ამბობენ კვლევები?

1983 წელს, ამერიკელმა ფსიქიატრმა როლანდ სამიტმა დაადგინა და შეისწავლა სექსუალური ძალადობისადმი ბავშვის შეგუების სინდრომი (CSAAS). ამ სინდრომის მოდელის გათვალისწინება ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებს ეხმარება უკეთ გაიგონ, თუ რა სირთულეებს აწყდებიან ბავშვები ოჯახური სექსუალური ძალადობის გამხელისას. მოდელი შედგება ხუთი ელემენტისაგან:
1. გასაიდუმლოება,
2. უსუსურობა,
3. შეგუება,
4. არათანმიმდევრული გამხელა,
5. უკან დახევა.

ბავშვებს ხშირად ეშინიათ გადატანილი სექსუალური ძალადობის შესახებ მოყოლა და ამ შიშის გამო მომხდარს საიდუმლოდ ინახავენ. სამიტის დასკვნით, ამგვარ პირობებში მცხოვრები ბავშვები თავს საშინლად გრძობდნენ. ისინი უნდა გადარჩენილიყვნენ ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად და რადგან ხშირად გასაქცევი არსად ჰქონდათ, უწევდათ გარემოებებთან შეგუება ნებისმიერ ფასად (ხშირად ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ძალადობრივი ქცევის, სოციალური რეგრესიის მეშვეობით). გარკვეული დროის შემდეგ ბავშვებს, შესაძლოა, მოეკრიბათ სათანადო გამბედაობა და გაემხილათ მომხდარი, თუმცა მათი მონაყოლი ხშირად არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო. უფროსების რეაქციის შემდეგ კი (რომელიც უმეტესწილად ბავშვისათვის არასასურველი იყო) ბავშვი უკან იხევდა. ამ ეტაპზე ბევრი სპეციალისტი უკვე ხელს იქნევს.

ეს დასკვნები კიდევ გამყარდა 1991 წელს, სორენსონ სნოუს ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, განსაკუთრებით არათანმიმდევრული გამხელის შესახებ. ამ ნაშრომის თანახმად, ოჯახური სექსუალური ძალადობის გამხელა ხშირად ხდება ერთი შეხედვით შემთხვევით.

ბოლო წლების განმავლობაში, ეს ორი ნაშრომი განხილვის საგანი გახდა. უნდა გვახსოვდეს, რომ სექსუალური ძალადობისადმი ბავშვის შეგუების სინდრომი არ შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დიაგნოზი. ის მნიშვნელოვანი დამატებითი ფაქტორია, რომელიც ზოგჯერ (არა ყოველთვის) ასახავს ქრონიკული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ქცევის დინამიკას.

მოგვიანებით, ლონდონისა და სხვების (2005) მიერ ჩატარებული კვლევებით ზოგიერთი სამიტისეული დასკვნა ეჭვქვეშ დადგა. 1992 წელს თავად სამიტიც წერდა, რომ ბავშვის სექსუალური ძალადობისადმი შეგუების სინდრომი არის სტატისტიკაზე დაფუძნებული მოსაზრება და არა მეცნიერული ხელსაწყო.

ერთ-ერთი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ეჭვის ქვეშ არ დაყენებულა, არის ის, რომ ბავშვები ხშირად ამჯობინებენ სექსუალური ძალადობის საიდუმლოდ შენახვას. არაერთი კვლევა ჩატარებულა ზრდასრულებზე, რომლებზეც ბავშვობაში სექსუალურად ძალადობდნენ, საერთო სტატისტიკა ამგვარია: 60-70% ამჯობინებს საიდუმლოდ დატოვოს გადატანილი სექსუალური ძალადობა, ხოლო საშუალო ვადა ძალადობიდან გამხელამდე 15 წელია. ამას გარდა, მომხდარის მხოლოდ 10-18% იყო შეტყობინებული სამართალდამცავებისათვის.

გამომკითხველთათვის ყველაზე მეტად საინტერესოა, უარყოფენ თუ დაადასტურებენ ბავშვები ძალადობას, თუ მათ ამის შესახებ პირდაპირ ჰკითხავენ. ჩატარებული კვლევების თანახმად, ეს იშვითად ხდება.

ის ბავშვები, რომლებიც ისედაც ყვებიან გადატანილი სექსუალური ძალადობის შესახებ, დიდი ალბათობით გააკეთებენ იმავეს გამოკითვისას. აღსანიშნავია, რომ არამოძალადე მშობლის მხარდაჭერა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის გამბედაობასა და გულახდილობაზე.

მიდგომა, რომელიც გამომკითხველებმა, სამართალდამცავებმა და სხვა პროფესიონალებმაა უნდა გამოიყენონ, არის ის, რომ წინასწარ არაფერი მიიჩნიონ სიმართლედ ან არასწორად, არამედ ყურადღებით მოუსმინონ ბავშვს და საფუძვლიანად გამოიკვლიონ მიღებული ინფორმაცია.

დასკვნა - მაშ რა უნდა ქნან გამომძიებლებმა, გამომკითხველებმა? ყველაფერი ბრმად უნდა დაიჯერონ? უნდობლობამ, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვს, მაგრამ სასარგებლო არც ბრმა რწმენაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოძალადე ხშირად ქმნის ისეთ გარემოებებს, რომ ბავშვის მონაყოლი არადამაჯერებელი გამოჩნდეს. გამომკითხველები უნდა ეცადონ, შეინარჩუნონ ობიექტურობა ისე, რომ ბავშვის ნდობას ზურგის შექცევით არ უპასუხონ.

არასწორად ჩატარებული დაკითხვები/გამოკითხვები, რომლებშიც ობიექტურობა სასურველზე ნაკლებია, კიდევ უფრო აძლიერებს „ბავშვზე სისტემურ ძალადობას“. მნივშენლოვანია, რომ გამომკითხველებმა იცოდნენ ბავშვზე ძალადობის თავისებურებები და შეეძლოთ სრულად გამოიყენონ წლების განმავლობაში გამომუშავებული უნარები, ამასთანავე შეინარჩუნონ სენსიტიურობა.



მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ