პროფესიონალებისთვის

სტრესული ფაქტორები დაკითხვის/გამოკითხვის დროს
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

პროფესიონალები, რომლებიც ბავშვის დაკითხვას/გამოკითხვას ატარებენ, რთული ამოცანების წინაშე დგანან. მათ, ერთი მხრივ, ბავშვისგან რაც შეიძლება სრული და სარწმუნო ინფორმაცია უნდა მოიპოვონ, ხოლო მეორე მხრივ, ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა „მეორე ჭრილობა“ არ მიაყენონ ბავშვს, რომელიც მის ცხოვრებაში მომხდარი, მისთვის ემოციურად მტკივნეული დეტალების შესახებ მოყოლას ცდილობს. ამ ამოცანების წარმატებით დასაძლევად საჭიროა, რომ დამკითხველები/გამომკითხველები ერკვეოდნენ, თუ რას შეიძლება განიცდიდეს ბავშვი დაკითხვის/გამოკითხვის პროცესში და აცნობიერებდნენ წარსულში მომხდარი ძალადობისა და უგულებელყოფის შესაძლო გავლენებს ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე. ამ განცდებისა და გავლენების გათვალისწინება უნდა ხდებოდეს ბავშვთან ურთიერთობის მთელი პროცესის განმავლობაში, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვების ეტაპებზე.

სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები

„ვინაიდან სიმორცხვე უცხო ადამიანების წინაშე და მოსალოდნელი შფოთვა, ნერვიულობა დაკითხვის/გამოკითხვის დროს არის ჩაგონებადობის საფუძველი, ნებისმიერმა ზომამ, რომლებიც ამ ფაქტორების შემცირებაზეა მიმართული, შეიძლება ხელი შეუწყოს ინფორმაციის სანდოობის გაზრდას“ . დრეიკი/2009

პროფესიონალები, რომლებიც ჩაგონებადობის ხელშემწყობი ფაქტორების შეფასებას ახდენენ, ზომებს იღებენ მათ შესაზღუდად ბავშვთან ურთიერთქმედების დროს. თუმცა, მრავალი დამკითხველი/გამომკითხველი ვერ აცნობიერებს, რომ რასაც ისინი აკეთებენ ან არ აკეთებენ ბავშვის დაკითხვისას/გამოკითხვისას, ზეგავლენას მოახდენს ბავშვის ჩაგონებადობის ხარისხზე. ამასთანავე, ხშირად ბავშვის წინასწარი დამოკიდებულება დაკითხვის/გამოკითხვის პროცესისადმი და ამ პროცესის მისეული აღქმა უკვე განაპირობებს მის მიდრეკილებას ჩაგონებადობისკენ, დამკითხველის/გამომკითხველის ქცევისგან დამოუკიდებლად. ამიტომ თუ ბავშვი დაკითხვაზე/გამოკითხვაზე უკვე უარყოფითი განწყობით მოდის და მთელი დაკითხვის/გამოკითხვის მანძილზე დაძაბული და აღელვებული რჩება, ეს მეტად უარყოფით გავლენას მოახდენს მოპოვებული ინფორმაციის ხარისხზე.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკითხველმა/გამომკითხველმა ბავშვის ადგილზე წარმოიდგინოს თავი. კვალიფიციური დამკითხველი/გამომკითხველი შეძლებს ააგოს და შეინარჩუნოს ხიდი მის საბინადრო მოზრდილთა სამყაროსა და დასაკითხი/გამოსაკითხი ბავშვის სამყაროს შორის. რას ნიშნავს ბავშვისთვის დაკითხვის/გამოკითხვის პროცესი? როგორ ესმის მას დაკითხვის/გამოკითხვის მიზანი? ვინ მოამზადა იგი დაკითხვისთვის/გამოკითხვისთვის? რა უთხრა ამ ადამიანმა მას? თუკი ბავშვს დაკითხვის/გამოკითხვის დასაწყისიდანვე განუმარტავენ, - რა პროცესია ეს, რა მიზანი აქვს და რა მოხდება - ეს გარკვეულწილად შეამცირებს ბავშვის დაძაბულობის ხარისხს და შესაბამისად, შეზღუდავს ჩაგონებადობას.

ქრონიკული ტრავმული გამოცდილების მქონე ბავშვებთან საჭიროა დაკითხვა/გამოკითხვა დაიწყოს ბავშვის დარწმუნებით, რომ დაკითხვის/გამოკითხვის განმავლობაში მოულოდნელი და სახიფათო არაფერი მოხდება. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება ბავშვის ჩაგონებადობის შესამცირებლად.
პროფესიონალმა ბავშვთან საუბრისას უნდა გაითვალისწინოს მისი ასაკი და განვითარების სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება ვერ გაიგოს, სათანადოდ ვერ გაიაზროს დამკითხველის/გამომკითხველის ნათქვამი, რაც მას გაურკვევლობის, გაუგებარი სიტუაციის განცდას გაუჩენს და დაძაბულობას, შებოჭილობას კიდევ უფრო გაზრდის.

ემოციური გარემო

დამკითხველი/გამომკითხველი ბავშვისგან ინფორმაციის მისაღებად რიგ შემთხვევებში მიმართავს მუქარას, დასაჩუქრებას ან მოსყიდვას. ბევრი დამკითხველი/გამომკითხველი ამას უარყოფს და აღშფოთებას გამოხატავს: „მე - არა! მე ასე არასოდეს ვიქცევი!“. პრობლემა ის არის, რომ უმრავლეს შემთხვევებში ეს სტრატეგიები მუშაობს შეგნებული გაცნობიერების ქვედა დონეებზე. დამკითხველის/გამომკითხველის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ის არის, რომ მუდმივად, უწყვეტად გააცნობიეროს თავისი ქცევებისა და მიმართვების ყველა ნიუანსი.

დაკითხვის/გამოკითხვის დროს, როდესაც ბავშვი „გაიხსნება“, ყოველთვის შეინიშნება დამკითხველების/გამომკითხველების კმაყოფილება (ან თუნდაც სიხარული!). ხშირად ასეთ შემთხვევებში ისინი ფაქტობრივად ღიად ულოცავენ და აქებენ ბავშვს: „ყოჩაღ, შენ ნამდვილად კარგად ყვები. ასე განაგრძე“. უმეტესწილად, ამ დროს დამკითხველის/გამომკითხველის მოტივაცია არის ბავშვის მხარდაჭერა, საუბრისთვის წახალისება, რომელსაც მომხდარის შესახებ მოყოლა უჭირს. თუმცა, უმჯობესია, რომ დამკითხველმა/გამომკითხველმა ამგვარი ვერბალური და არავერბალური შერჩევითი სოციალური წახალისებებისგან თავი შეიკავოს.

დამკითხველმა/გამომკითხველმა შესაძლოა არავერბალურად გამოხატოს უკმაყოფილება, როდესაც ბავშვი მისთვის სასურველ ინფორმაციას არ აწვდის, რაც ასევე შეიძლება ბავშვის სტრესული მდგომარეობის გამომწვევი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დამკითხველმა/გამომკითხველმა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია და თანმიმდევრული ემოციური ტონი მთელი დაკითხვის/გამოკითხვის მანძილზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი უნდა დისტანცირდეს ბავშვისგან და რეაგირება არ მოახდინოს ბავშვის საჭიროებებსა და საკომუნიკაციო ინიციატივებზე.

თუკი დამკითხველი/გამომკითხველი ხედავს, რომ ბავშვს შიშის, შფოთვის, დაძაბულობის ნიშნები აქვს , ცხადია, მან არ უნდა მოახდინოს ამ ნიშნების იგნორირება და არ უნდა შეეცადოს, „რადაც არ უნდა დაუჯდეს“ ბოლომდე მიიყვანოს დაკითხვა/გამოკითხვა. ამ ნიშნებზე სათანადო, ადეკვატური რეაგირების გარეშე, ბავშვს მზარდი ემოციური დისკომფორტი შეექმნება და ეს უარყოფითად იმოქმედებს დაკითხვის/გამოკითხვის შედეგზე.

გახსენება - მოყოლა

ჩვეულებრივ, ბევრი საშინელი რამ, რაც ბავშვებს შემთხვევიათ, მოუყოლელი რჩება. ბავშვი ნაკლებად საუბრობს პოლიციელთან, სოციალურ მუშაკთან ან ვინმე სხვასთან იმის შესახებ, თუ რა დაიმახსოვრეს და რა გაიხსენეს გადატანილ ძალადობასთან დაკავშირებით. ბევრმა ბავშვმა ისეთი რამ გადაიტანა, რომელზეც საუბარი არ სურს. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მათ რცხვენიათ ან გადატანილის გახსენება მათთვის ემოციურად მეტად დამთრგუნველია. ბავშვები აგრეთვე შიშობენ, რომ მომხდარის გამხელამ შეიძლება მომავალში გართულებები გამოიწვიოს.

ბავშვებმა შეიძლება უარყონ და თქვან, რომ არაფერი მომხდარა, ან რომ ვერ იხსენებენ. თუკი არსებობს სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომ რაღაც ნამდვილად მოხდა, ხოლო ბავშვი ამის შესახებ არაფერს ამბობს, დამკითხველმა/გამომკითხველმა უნდა განიხილოს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელი გარემოება იქნება მოცემულ შემთხვევაში რელევანტური:

1. ბავშვს არაფერი შემთხვევია, ამიტომაც არაფერი დაუმახსოვრებია;
2. ბავშვს რაღაც ნამდვილად შეემთხვა და მას ეს ახსოვს, მაგრამ დეტალებზე საუბარი უჭირს;
3. ბავშვმა რაღაც გადაიტანა, ეს აღბეჭდილია მის მეხსიერებაში და გახსენებაც შეუძლია, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს.

პროფესიონალმა უნდა განსაზღვროს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ გარემოებასთან აქვს საქმე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში. ამის მიღწევა შესაძლებელია ბავშვისთვის შეკითხვის დასმით: „შენ არ გახსოვს თუ არ გინდა ამაზე საუბარი?“


სტერეოტიპები
საკმაოდ ხშირად, როდესაც ბავშვი ასახელებს პირს, რომელმაც მის მიმართ ძალადობა განახორციელა, დამკითხველი/გამომკითხველი ქცევით ან სიტყვიერად გამოხატავს მოძალადისადმი თავის შეხედულებას. მან შეიძლება ბავშვს უთხრას: „ეს ცუდი ადამიანია“, „მას შენთვის ასეთი ცუდი რამ არ უნდა გაეკეთებინა“, ან რაიმე მსგავსი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მიერ მოძალადის დასახელების საპასუხოდ, დამკითხველმა/გამომკითხველმა ნეიტრალურობა შეინარჩუნოს და თავისი მოსაზრებები არ გამოთქვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სავარაუდო მოძალადეს, ეჭვმიტანილს ეხება, რომლის ბრალეულობა ჯერ დამტკიცებული არ არის.




მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ