მშობლებისთვის

ბულინგი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

რამდენად შეესაბამება თქვენი ეჭვი სინამდვილეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვმა არ გიპასუხოთ პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე ძალადობის შესახებ სკოლაში, გამოავლინოს შეშფოთება ან შიში. ასეთ შემთხვევაში საჭირო ინფორმაციის მიღება ირიბი გზით უნდა სცადოთ. შეეცადეთ გაიგოთ, არიან თუ არა სკოლაში ან მეზობელ ბავშვებს შორის ისეთები, რომლებიც სხვა ბავშვებს ჩაგრავენ. გაარკვიეთ, იცნობს თუ არა ბავშვი ასეთებს. ძალზე სასარგებლოა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან ბავშვები შესვენებებზე, გზად სკოლაში წასვლისას და სკოლიდან წამოსვლისას.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ურთიერთობს თუ არა ბავშვი თანატოლებთან შესვენებებზე, თუ განმარტოებას ამჯობინებს. თუ დაადგენთ, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია, თქვენ ინსტინქტურად მოინდომებთ დამნაშავის სასწრაფოდ დასჯას. ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ამგვარი საქციელი, როგორც წესი, პრობლემას არ წყვეტს. პირიქით, სავსებით მოსალოდნელია ბავშვის მიმართ აგრესიის ფორსირება.
საუკეთესო გამოსავალი არც ისაა, რომ ურჩიოთ ბავშვს “ხურდა დაუბრუნოს” გამნაწყენებელს, შური იძიოს. თუ ბავშვი ამგვარად მოიქცევა, გაიზრდება რისკი იმისა, რომ ბავშვი ისევ მსხვერპლად იქცეს. ეს კი სისასტიკის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. ასევე უშედეგოა იმის თქმა, რომ ბავშვმა ყურადღება მიაქციოს აგრესიას, რადგან ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.

 

ფსიქოლოგთა რჩევები მშობლებს:


1. დაეხმარეთ ბავშვს თავდაჯერებულობის გამომუშავებაში. ამისათვის ყოველმხრივ წაახალისეთ ბავშვის ნებისმიერი კლასგარეშე აქტივობა, მაგალითად, სპორტით, მუსიკით გატაცება, თეატრალურ წრეებში მონაწილეობა და სხვა საქმიანობები, რომლებიც მას მოსწონს. დადგენილია, რომ თავდაჯერებული ბავშვები იშვიათად იქცევიან თანატოლთა აგრესიის ობიექტებად.
2. ასწავლეთ ბავშვს საკუთარ თავში დარწმუნებულობის დემონსტრირება. მაგალითად, კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრისას მან თვალები კი არ უნდა დახაროს და მზერა აარიდოს, არამედ პირიქით, თვალის დაუხამხამებლად უნდა ჩახედოს აგრესორს თვალებში და წყნარად, მაგრამ დაბეჯითებით და გარკვევით უთხრას, ვთქვათ: “გაჩერდი! მე არ მომწონს, რასაც შენ აკეთებ”. შემდეგ კი ყურადღება არ მიაქციოს აგრესორის შესაძლო დაცინვებსა და უსიტყვოდ, ღირსეულად წავიდეს.
3. წაახალისეთ ბავშვის მიერ სხვა ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება. დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც განმარტოებას ამჯობინებენ, უფრო ხშირად ხდებიან აგრესიის მსხვერპლი. ურთიერთობის არეალის გაფართოების ყველაზე მარტივი გზაა ბავშვის ჩართვა სხვადასხვა წრეებში, სახლში სათამაშოდ ბავშვების სტუმრად მოწვევა. მეგობრული ურთიერთობები ამაღლებს საკუთარი ღირსების გრძნობას, საკუთარ თავსა და ქცევებში დარწმუნებულობას.
4. ურჩიეთ და ნება დართეთ ბავშვს მონაწილეობა მიიღოს ექსკურსიებში, ლაშქრობებში. ასეთი ღონისძიებების დროს აგრესიის საშიშროება მნიშვნელოვნად ნაკლებია, რადგან ბავშვები უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
5. ასწავლეთ ბავშვს სხეულის ენა. თანამოსაუბრისათვის თვალებში ცქერა, გამართული დგომა, მაღლა აწეული თავი, მოშვებული ხელები და მტკიცე ხმა – ძალზე ეფექტური იარაღია ბავშვი-აგრესორის წინააღმდეგ. მოახდინეთ ამ ხერხების დემონსტრირება და ასწავლეთ ისინი ბავშვს.
6. განიხილეთ ბულინგის პრობლემა სხვა მშობლებთან ერთად. სავსებით შესაძლებელია, რომ აგრესიის მსხვერპლი სხვა ბავშვებიც იყვნენ. თუ გაარკვევთ მათ ვინაობას, პრობლემა მათ მშობლებთან ერთად განიხილეთ.
7. აცნობეთ სკოლის ხელმძღვანელობას თქვენი შეშფოთება ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ ქმედებებს ფსიქოლოგები განიხილავენ, როგორც უკიდურესს, მაგრამ ძალზე ეფექტურებს. შესაძლებელია მოითხოვოთ მოზრდილთა მხრიდან ბავშვებზე კონტროლის გაძლიერება შესვენებების დროს, დერეფნებსა და სკოლის მთელ ტერიტორიაზე. სპეციალისტთა მტკიცებით, მსგავსი ღონისძიებები ამცირებს ბულინგის ალბათობას ბავშვის სკოლაში ყოფნის პერიოდში.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი შემჩნეულია აგრესიულ ქცევაში თანატოლების ან უმცროსი ასაკის ბავშვების მიმართ?


ამას ძალზე სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ამგვარი ქცევა არ უნდა აღიქვათ, როგორც ბავშვური სიცელქე, რადგან დროული კორექციის არარსებობის შემთხვევაში ეს შეიძლება ცხოვრების სტილად იქცეს, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. აგრესიული ქცევის შეცვლა სწორედ ბავშვობის ასაკში შეიძლება. გულახდილად დაელაპარაკეთ ბავშვს და შეეცადეთ გაარკვიოთ სიტუაცია, რომელმაც მოახდინა სხვა ბავშვების მიმართ აგრესიული ქცევის პროვოცირება. ზოგჯერ აგრესორებად მშობლისგან, სხვა ბავშვისგან, უფროსი და-ძმისგან ძალადობაგანცდილი ბავშვები გვევლინებიან, რომლებსაც თავიანთი წყენა სხვა ბავშვზე გადააქვთ.

 

რჩევები უფროსებს:


1. გააგებინეთ ბავშვს, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა, თუ ვისზეა ის მიმართული. დააწესეთ სავსებით კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.
2. ასწავლეთ ბავშვს დასახული მიზნების მიღწევის კონსტრუქციული მეთოდები, ამა თუ იმ პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის წესები და ხერხები. დაამუშავეთ ამგვარი ხერხები თქვენსა და ბავშვს შორის ურთიერთობის მაგალითზე.
3. იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი. თქვენზე დაკვირვებით, ბავშვი გარემომცველებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, გარემომცველთა პატივისცემას ისწავლის. შექმენით სიტუაციათა მოდელები, რომლებიც იმ სიტუაციათა მსგავსი იქნება, სადაც ბავშვმა აგრესია გამოავლინა. მოახდინეთ პრობლემის გადაჭრის და სასურველი მიზნის მიღწევის სხვა გზების დემონსტრირება, გარემომცველთა მიმართ მენტალური (მუქარა, შეურაცხყოფა) ან ფიზიკური ძალადობის გარეშე.
4. გააძლიერეთ კონტროლი ბავშვზე. იყავით მასთან ახლოს, როცა სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, სხვა კლასგარეშე საქმიანობებში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული და სოციალურად უსაფრთხო გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას.
5. რთულ შემთხვევებში მიმართეთ ფსიქოლოგს. არსებობს სპეციალური მეთოდიკები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს მისი აგრესიული ქცევის მიზეზების გარკვევაში, აგრეთვე ამ პრობლემების მართვისა და რეგულირების სხვადასხვა ხერხის ათვისებაში.

 



 

 

მომზადებულია ეკატერინე (ქეთევან) თავართქილაძის მიერ 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი