მშობლებისთვის

კონფლიქტი მშობელსა და შვილს შორის
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

“მე ჩემი შვილი ყველაფერს მიჯერებს”, – სიამაყით აცხადებს ზოგიერთი მშობელი. მშობელთა დიდი ნაწილი რატომღაც თვლის, რომ “კარგი შვილი” აუცილებლად დამჯერი, მორჩილი უნდა იყოს და თავი შეიკავოს საკუთარი მოთხოვნების წაყენებისაგან, მით უმეტეს, კონფლიქტებისაგან როგორც მშობლებთან, ისე თანატოლებთან.
ასეთი მშობლები ტრადიციული “მამათა და შვილთა ბრძოლის” არსებობასაც ივიწყებენ და შვილებსაც შეუძლებელს სთხოვენ – მათი ბუნებრივი აგრესიული გრძნობების უარყოფას; ნეგატიურ განცდათა შეკავებას კი ხშირად ნევროტულ დარღვევებამდე მივყავართ. ფსიქოსომატურ მედიცინაში არსებობს გამოთქმა: “როცა თვალები არ ტირიან, ტირიან შინაგანი ორგანოები.” უსასრულოდ არაფერი გრძელდება და ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს ხოლმე დესტრუქციული ჩხუბი – წვრილმანი კინკლაობით დაწყებული და შურისმაძიებლური, ურთიერთშეურაცხმყოფელი ორთაბრძოლით დამთავრებული, რომელშიც ვერც დიდი და მით უმეტეს, ვერც ბავშვი ვერ ახერხებს “ჩხუბზე მაღლა” დადგომას, წვრილმანებზე ამაღლებას და პირად შეურაცხყოფაზეც თვალის დაუხამხამებლად გადადის. ეს კი, ცხადია, პრობლემას კი არ წყვეტს, არამედ პირიქით, დაძაბულობას და უსამართლობის გრძნობას აძლიერებს.
ნორმალური ურთიერთობები წარმოუდგენელია კონფლიქტის გარეშე. კონფლიქტი ჩნდება ურთიერთობაში მყოფ განსხვავებულ ადამიანთა მოთხოვნილებებისა და მიზნების სხვადასხვაობის გამო. ადამიანთა შორის კონფლიქტი გამორიცხული რომ იყოს, ამისათვის ისინი წყლის წვეთებივით უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს. ნორმალური ადამიანი სხვა ადამიანებს იმის გამოც აფასებს, რომ ისინი მას არ ჰგვანან. განა მეცნიერიც ასევე არ ეძებს აშკარა ფაქტის უარმყოფელ საბუთებს? მშობელს კი ხშირად რატომღაც დაჟინებით სურს, რომ შვილი მისი “ზუსტი გამეორება” იყოს.
სიყვარული არ ნიშნავს დაპირისპირებულობის არარსებობას. მხედველობაში გვაქვს კონსტრუქციული დაპირისპირება, როგორც ორ უახლოეს ადამიანს შორის სიტუაციის გარკვევის ბუნებრივი, პატიოსანი, თუმცა რამდენადმე უხეში ხერხი. ასეთ “ბრძოლას” თავისი წესები და პრინციპები აქვს, რომელთა დაცვა ორივე მხარისათვის სასურველია, მაგრამ ცხადია, მსგავს სიტუაციებში პასუხისმგებლობის მეტი წილი მშობელზე მოდის.

 

კონსტრუქციული დაპირისპირების დროს მშობელთა ქცევის ძირითადი პრინციპებია:


• დააფასეთ განსხვავება თქვენსა და ბავშვს შორის – გაიხსენეთ, როგორ გრძნობდით თავს თქვენი შვილის ასაკში. გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალა თქვენს განსხვავებულობაშია, რადგანაც სწორედ ესაა თქვენი ბავშვის ზრდის საუკეთესო სტიმული;
• შეეცადეთ ბავშვის პოზიციაზე დადგეთ – საუბარი დაიწყეთ სიტყვებით: “მე მესმის, რომ შენ…”, შემდეგ მისი მოსალოდნელი შეხედულება და თქვენი პასუხი. შედეგად, ბავშვი საკუთარ შეხედულებას ერთადერთ შესაძლებელ ვარიანტად აღარ მიიჩნევს;
• სრული სერიოზულობით აღიქვით ბავშვის იდეები – პატივი ეცით მის გემოვნებებსა და ინტერესებს. ნუ გააუფასურებთ მათ განცდებსა და შეხედულებებს. გახსოვდეთ, ეს თქვენი ცოდნის გაფართოების და მოძველებულ განწყობათა შეცვლის შესანიშნავი საშუალებაა;
• პრობლემის განხილვისას არ გაამტყუნოთ – ხაზი არ გაუსვათ ბავშვის ხასიათსა და თვისებებს, ერიდეთ თავმოყვარეობის შემლახავ ფრაზებს, იყავით უკიდურესად კორექტული. თუ თქვენ გაპროტესტებას იწყებთ და იმეორებთ: “არა ხარ მართალი”, “შენი ბრალია” და სხვა, ამით ეუბნებით, რომ ის სულელი ან ცუდია, თქვენ კი უფრო საზრიანი და კარგი ხართ. ეს კი არც დიდს სიამოვნებს და არც პატარას. ბავშვისთვის ძნელდება თქვენი აზრის გაზიარება, თუნდაც ეს აზრი მართალი და ობიექტური იყოს. ისაუბრეთ თქვენს განცდებზე: რას გრძნობდით მისი ამა თუ იმ საქციელის გამო;
• მიეცით ბავშვს საშუალება გამოხატოს თავისი ემოციები – თუნდაც ყვირილით, ცრემლებით. ნებისმიერი კონფლიქტი ძირითადად უარყოფითი ემოციების დაგროვებითაა გამოწვეული. როცა ჭუჭყიანი წყალი გადაიღვრება, ადგილი თავისუფლდება სუფთა და ახალი წყლისთვის;
• დააკვირდით სხეულის ენას – ხშირად ჟესტები და მიმიკა უფრო მეტყველია, ვიდრე სიტყვები;
• ბოლომდე მოუსმინეთ ბავშვს და მასაც სთხოვეთ, არ გაგაწყვეტინოთ – ბავშვმა უნდა თქვას, რა უნდა და თქვენც მოგცეთ ამის საშუალება. სათქმელი ნათლად და მკაფიოდ თქვით. გამოიყენეთ იუმორი, მაგრამ ნუ იქ ნებით დამცინავი. საუბარი მანამ გააგრძელეთ, სანამ ყოველი თქვენგანი უკეთ არ იგრძნობს თავს;
• ბავშვის ყოველი არგუმენტი გაიმეორეთ თქვენი სიტყვებით – რათა თქვენ მისი პრობლემით განიმსჭვალოთ, ხოლო მან თავისი პრეტენზიები “გარედან” მოისმინოს;
• გამოხატეთ თქვენი კეთილგანწყობა – ნუ იქნებით ქედმაღალი. იფიქრეთ და იმსჯელეთ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ პრობლემის გადაწყვეტაში;
• შესთავაზეთ ალტერნატივა – თუ მოცემულ ეტაპზე ორივესთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე ვერ მიდიხართ, აუცილებლად შესთავაზეთ სხვა რამ, რაც თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც მისაღები და სასურველი იქნება.
აუცილებლად: აგრძნობინეთ და უთხარით, რომ გიყვართ და პატივს სცემთ მის პიროვნებას.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მშობლებისა და შვილების ჯანსაღ ურთიერთობებში კონფლიქტები უნდა იყოს. მათ ისე უნდა შეხვდეთ, როგორც ოჯახური ცხოვრების ნორმას. კონფლიქტის მოგვარების ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებისა და პრინციპების გათვალისწინებით თქვენი კონფლიქტი შემოქმედებით პროცესად იქცევა. შემოქმედებითი კონფლიქტი კი ყოველთვის შემოქმედებით გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანთ.

 

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ