ბავშვებისთვის

გრუმინგი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur

„გრუმინგი“ ონლაინ სივრცეში  ადამიანის სექსუალურ ურთიერთობაზე დაყოლიება ან ჩაბმაა. გრუმინგია, როდესაც  ზრდასრული პირი საიდუმლოდ  ონლაინ სივრცეში მეგობრობას ამყარებს მოზარდთან, მისი სექსუალურ ურთიერთობაში ჩაბმის მიზნით. ხშირად ასეთი ადამიანები თავს  თანატოლად ასაღებენ, თუმცა სინამდვილეში ბევრად უფროსები არიან.

მსგავსი მოძალადეები გარკვეული ტაქტიკით მოქმედებენ. თავიდან ძალიან თავაზიანები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი ნდობა მოიპოვონ. შემდეგ, მათ შეიძლება საუბარი წამოიწყონ თქვენს გარეგნობაზე, სხეულზე და ძალიან პირად თემებზე. შემოგთავაზონ საჩუქრები. ასევე, დაიწყონ სექსუალური შინაარსის საუბრები, სურათების ან ვიდეოების გამოგზავნა.

შემდეგ ისინი გთხოვენ თქვენი შიშველი ფოტოების გაგზავნას, ან  ვებ კამერის საშუალებით ინტიმური ურთიერთობის დამყარებას. მათ შეუძლიათ ჩაწერონ და გაუზიარონ ეს მასალა სხვა მოძალადეებს.

გრუმერები იყენებენ განსხვავებულ მეთოდებს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ყალბი ანგარიშები და ფოტოები, ან გითხრან, რომ მსგავსი ინტერესები გაქვთ. თუმცა, ყველა გრუმერი არ ირჩევს საკუთარი ვინაობის დამალვის გზას. ზოგმა შესაძლოა დაამყაროს თქვენთან პირდაპირი კავშირი და შეეცადოს „მენტორის“ ტიპის ურთიერთობა განავითაროს. 

ნებისმიერი ახალგაზრდა, ზოგიერთი ზრდასრული ადამიანიც კი, შეიძლება გახდეს გრუმინგის მსხვერპლი, განურჩევლად ასაკისა, სქესის, რასისა და ადგილმდებარეობისა. ონლაინ გრუმინგი დანაშაულია და ეს არასოდეს არის მსხვერპლის ბრალი.

 

გრუმინგზე ეჭვი  უნდა მიიტანოთ, თუ ვინმე, ვისაც არ იცნობთ, გთავაზობთ/გთხოვთ:

-          პირისპირ შეხვედრას

-          თქვენი ან თქვენი მეგობრის პირადი ინფორმაციის გაზიარებას

-          თქვენი ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას

-          ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვას და ამ ამბის მეგობრებისთვის და მშობლებისთვის არ გაზიარებას

-          ყოველთვის კავშირზე ყოფნას და მესიჯებზე პასუხის დაუყოვნებლივ გაცემას

 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ ონლიან გრუმინგზე გაქვთ ეჭვი?

  • არ აყვეთ პანიკას
  • არ გააგზავნოთ მეტი სურათი
  • შეაგროვეთ მტკიცებულებები
  • დაარეპორტეთ იმ სოციალურ პლატფორმაზე, სადაც თქვენს მიმართ  მუქარა ხდება
  • დაბლოკეთ
  • დახმარებისთვის მიმართეთ მეგობარს, მშობელს, მასწავლებელს ან  ნებისმიერ, თქვენთვის სანდო ადამიანს
  • შეატყობინეთ პოლიციას

გახსოვდეთ, ეს თქვენი ბრალი არ არის.

****

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ილუსტრატორი: გიორგი დოლიძე